რა ემართებათ ახალგაზრდებს?
კითხვაზე — თავდაპირველად კარგი ინფორმაციის მოსმენას ამჯობინებდი თუ ცუდის, მრავალი პასუხობს, ცუდის, რადგან იმედოვნებენ, რომ ამგვარად კარგი ინფორმაცია უფრო დიდხანს დარჩება გონებაში.
იმის გასაგებად, თუ რა ემართებათ ახალგაზრდებს, თავდაპირველად განვიხილოთ დღევანდელი მდგომარეობა. უფროსი ასაკის ადამიანები, ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ დღევანდელი თაობა სულ სხვანაირია. მეორე მხრივ, ახალგაზრდები ვერ იტანენ შენიშვნას იმის შესახებ, რომ ისინი არ შეესაბამებიან წარსულის ნორმებს. და მაინც, ადამიანის ბუნების გამოცდილი მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა განსხვავდება წინა თაობისაგან.
რით განსხვავდება?
საერთოდ, ადამიანთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს კარგი მანერები, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვებისადმი პატივისცემა უნდა ჰქონდეთ, სინამდვილე ხშირად ამ იდეალებისგან საკმაოდ შორსაა. ლონდონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები «ავითარებენ „აჯანყების ახალ სულს“ წუთისოფლის წინააღმდეგ, რადგან ხშირ შემთხვევაში ის მათ იმედებს გაუცრუებს» (The Independent). ეს „აჯანყების ახალი სული“ ირეკლება გამოკვლევის შედეგებში, რომ თანამედროვე ახალგაზრდობიდან მცირეს თუ აქვს სურვილი, „გონიერი და პასუხისმგებლობის მქონის“ სახელი ჰქონდეს. მათ ურჩევნიათ „ველურ და წინასწარგანუჭვრეტელი საქციელის პიროვნებად“ იცნობდნენ.
მაგალითად, ბრიტანეთში რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდების მიერ იყო ჩადენილი, 1950—1993 წლებში ათჯერ გაიზარდა. ასეთივე ზრდა აღინიშნება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაში. ამავე დროს, აღნიშნავს ლონდონის გაზეთი „ტაიმზ“-ი (The Times), თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაში „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალგაზრდებს შორის აღინიშნება ფსიქოლოგიური მოშლილობების მნიშვნელოვანი ზრდა“. დეივიდ ჯ. სმითი, პროფესორი კრიმინოლოგიის საკითხში, აღნიშნავს, რომ ეს მოშლილობები „დაკავშირებული არ არის სიმდიდრის დაკარგვასთან ან მის მომატებასთან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება“. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დღეს ძველ და ახალ თაობებს შორის სხვაობა უფრო შესამჩნევია.
დღეს ბავშვები და მოზარდები მზარდ სტრესულ სიტუაციებს ხვდებიან. თვითმკვლელობის მცდელობის ან განხორციელების შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გლაზგოს (შოტლანდია) გაზეთში ნათქვამია, რომ ათ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ თვითმკვლელობის მცდელობები გაორმაგდა (Herald). გამოუვალი მდგომარეობის გამო იმავენაირად იქცევიან უფროსი ასაკის ბავშვებიც. „ახალგაზრდებს შორის მზარდი ფსიქიატრიული პრობლემების უკიდურესი შედეგია თვითმკვლელობის მცდელობები, რაც აშკარად ჯაბნის იმ ადამიანთა მცდელობებს, რომლებიც მათ დახმარებას სთავაზობენ“, — აღნიშნავს გაზეთი.
ვინ არის დამნაშავე?
უფროსები ადვილად ადანაშაულებენ ახალგაზრდებს მათი „განსხვავებული“ შეხედულებების გამო. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, განა უფროსები არ არიან იმაში დამნაშავე, რაც დღეს ახალგაზრდების ცხოვრებაში ხდება? შეურაცხყოფა, მშობლების უყურადღებობა, მიბაძვისა და ნდობის ღირსი პიროვნებების არარსებობა ხშირად მათი მოქმედების გამართლებას იწვევს. „საერთოდ მოსახლეობაში დეპრესია არ არის იმაზე მეტად გავრცელებული, როგორც 30 წლის წინათ იყო, — ამბობს ბრიტანეთის ბავშვთა ფსიქიატრიული გაერთიანების სამედიცინო კვლევითი საბჭოს ხელმძღვანელი, პროფესორი სერ მაიკლ რიუტერი. — მაგრამ, — ამატებს ის, — მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის მისი გავრცელების სფერო ძალიან გაიზარდა. . . ეჭვგარეშეა, რომ თავისი წვლილი შეაქვს ოჯახების სიმტკიცის შერყევას; და ამაში შედის არა მარტო განქორწინებები, არამედ უსიამოვნებების საერთო დონე და უფროსებს შორის კონფლიქტი“.
ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები „უარყოფენ ტრადიციებს“. რატომ? „იმიტომ, რომ ტრადიციები მათთვის არ არსებობს“. მაგალითად, ყურადღება მიაქციე სქესების როლის შესახებ შეცვლილ თვალსაზრისს. მრავალმა ახალგაზრდა ქალმა მამაკაცისთვის დამახასიათებელი აგრესიისა და ძალადობის გამომხატველი თვისებები შეიძინა, მაშინ როცა ახალგაზრდა მამაკაცები ქალურები გახდნენ. რამდენად განსხვავდება ყოველივე ეს წარსულის ნორმებისგან!
მაგრამ რატომ ხდება დღეს ასეთი რადიკალური ცვლილებები? და რა კარგი ინფორმაცია არსებობს დღეს ახალგაზრდებისთვის? როგორ შეიძლება მათ საიმედო მომავალი ჰქონდეთ? ამ კითხვებზე პასუხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.