-
ცრურწმენა — რამდენად არის დღეს გავრცელებული?გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
-
-
ცრურწმენა — რამდენად არის დღეს გავრცელებული?
მას ყველგან შეხვდებით — სამსახურში, სკოლაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ქუჩაში. დააცემინებთ და გამვლელები, სრულიად უცხო ადამიანები, გეუბნებიან: „სიცოცხლე“ ან „ხეირი“. მსგავსი გამოთქმები მრავალ ენაში არსებობს. გერმანელები გეტყოდნენ „გეზუნდჰაიტ“, არაბები — „იერჰამაკ ალაჰ“, ხოლო წყნარი ოკეანის სამხრეთით მცხოვრები პოლინეზიელები — „ტიჰეი მაური ონას“.
თუ ეს თქვენთვის არ არის უბრალოდ საზოგადოებრივ ეთიკაში დამკვიდრებული თავაზიანობის ფორმა, შეიძლება დაფიქრებულხართ იმაზე, რატომ აკეთებს ხალხი ამას. სინამდვილეში, ამ გამოთქმებს ფესვები ცრურწმენაში აქვს გადგმული. მოირა სმითი, ბლუმინგტონში (ინდიანა, აშშ) არსებული ინდიანას უნივერსიტეტში ფოლკლორის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე, ამის შესახებ ამბობს: „ეს დაკავშირებულია აზრთან, რომ დაცემინებისას ადამიანისგან სული გამოდის“. სიტყვით „სიცოცხლე“ კი, ფაქტობრივად, ამ სულის დაბრუნებას სთხოვ ღმერთს.
უმრავლესობა, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ იმის დაჯერება, თითქოსდა დაცემინებისას ადამიანისგან სული გამოდის, არაგონივრულია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ „უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემაში“ ცრურწმენა განიმარტება, როგორც „უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება“.
გასაკვირი არ არის, რომ XVII საუკუნეში მცხოვრები ერთი ექიმი ცრურწმენას გაუნათლებლების „მდაბიურ გადახრას“ უწოდებდა. ამიტომ, როგორც კი კაცობრიობამ თავისი მეცნიერული მიღწევებით მეოცე საუკუნეში შეაბიჯა, ენციკლოპედია „ბრიტანიკამ“ (1910) ოპტიმისტურად აღნიშნა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც „კაცობრიობა გათავისუფლდებ[ოდ]ა უკანასკნელი სენისგან — ცრურწმენისგან“.
გავრცელებული ისე, როგორც არასდროს
ოთხმოციოდე წლის წინათ ასეთი ოპტიმიზმი უსაფუძვლო იყო, რადგან დღეს ცრურწმენა ისეა ფესვგადგმული, როგორც არასდროს. ის უძლებს მისი აღმოფხვრის ნებისმიერ მცდელობას. სიტყვა „ცრურწმენა“ ლათინურში ორი სიტყვისგან შედგება: „სუპერ“ („მაღლა“ ან „ზე“) და „სტარე“ („დგომა“). მეომარს, რომელიც ომს გადაურჩებოდა, „სუპერსტიტს“ უწოდებდნენ, იმიტომ რომ თანამებრძოლთა შორის ის ცოცხალი რჩებოდა და პირდაპირი გაგებით მათზე „ზემდგომი“ იყო. წიგნში „ცრურწმენა“, რომელშიც ამ სიტყვათწარმოებაზეა საუბარი, ნათქვამია: „ცრურწმენა თაობების განმავლოაბაში მისი აღმოფხვრის მცდელობას გადაურჩა“. განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ რამდენად ფესვგადგმულია ცრურწმენა.
◻ აზიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის მმართველის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მის რეზიდენციაში თავგზააბნეულმა მომუშავეებმა ახალ მმართველს ურჩიეს, რჩევა ეთხოვა ცნობილი მედიუმისთვის, რომელიც, როგორც რეზიდენციაში, ისე მის გარეთ მრავალი ცვლილების მოხდენას ურჩევდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ცვლილებები მათ უბედურებისგან დაიცავდა.
◻ შეერთებულ შტატებში ერთი უდიდესი კომპანიის მფლობელი ყოველთვის ერთ ქვას დაატარებს. მისი პირველი წარმატებული სავაჭრო გამოფენის შემდეგ ის სახლიდან არ გადის მის გარეშე.
◻ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებამდე აზიის ბიზნესმენები ხშირად მკითხავს სთხოვენ რჩევას.
◻ სპორტსმენი, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს, გამარჯვებას ტანისამოსს აწერს. ამიტომ მას ყოველი შეჯიბრისას იცვამს და არ რეცხავს.
◻ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტი იმ დღეს გამოყენებულ კალამს „იღბლიანად“ თვლის.
◻ პატარძალი თავისი ქორწილის დღეს ცდილობს, რომ მის მორთულობაში შედიოდეს „რაღაც ძველი, ახალი, სხვისგან ნათხოვი და რაღაც ლურჯი ფერის“.
◻ ზოგი შლის ბიბლიას და ფიქრობს, რომ სწორედ იმ მუხლს ამოიკითხავს, რომელიც მას ამ წუთში სჭირდება.
◻ ლაინერის აფრენისას ზოგი მგზავრი პირჯვარს იწერს. ზოგი კი ხელს არ უშვებს „წმინდა“ ქრისტოფორეს მედალიონს.
ნათელია, ცრურწმენა დღესაც ძალზე გავრცელებულია. კონექტიკუტის კოლეჯის ფილოსოფიის ადიუნქტ-პროფესორი სტიუარტ ე. ვაიზი თავის წიგნში აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ცრურწმენა ისეა გავრცელებული, როგორც არასდროს“ (Believing in Magic—The Psychology of Supers- tition).
დღეს ცრურწმენა იმდენად არის ფესვგადგმული, რომ მისი აღმოფხვრის ყოველი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. რატომ?
-
-
ცრურწმენა — რატომ არის მისი აღმოფხვრა ასე რთული?გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
-
-
ცრურწმენა — რატომ არის მისი აღმოფხვრა ასე რთული?
ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ დღემდე ბევრი ფიქრობს, თითქოსდა, თუ შავმა კატამ გადაგირბინა, რამე ცუდი დაგემართება. ბევრს კი კიბის ქვეშ გავლის ეშინია. სხვებს სჯერათ, რომ პარასკევი, რომელიც 13 რიცხვს დაემთხვევა, უიღბლო დღეა, და რომ მეცამეტე სართულზე ცხოვრება საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცრურწმენა არაგონივრულია, ის დღემდე არსებობს.
აბა დაფიქრდით. რატომ ატარებს ზოგი თილისმას ან რატომ აკაკუნებენ ხეზე, როდესაც ისეთ რამეზე საუბრობენ, რაც ძალიან უნდათ? განა ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ სჯერათ, თუმცა უსაფუძვლოდ, რომ ეს მათს წარმატებას გარდაუვალს გახდის? „ცრურწმენის ლექსიკონში“ ნათქვამია: „ცრუმორწმუნეებს სწამთ, რომ გარკვეული საგნები, ადგილები, ცხოველები ან მოქმედებები შეიძლება იღბლიანი ან უიღბლო (კარგის ან ცუდის ნიშანი) იყოს (შეადარეთ გალატელთა 5:19, 20).
მისი აღმოფხვრის მცდელობები ჩინეთში
ნათელია, რომ ჩვენს დღეებში ცრურწმენის აღმოფხვრის ყველანირი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. 1995 წელს შანხაიში გამართულ სახალხო ყრილობაზე განიხილეს ოფიციალური სახელმწიფო დადგენილება, რომელიც კრძალავდა ცრურწმენას, როგორც ძველად მცხოვრები ადამიანებისგან მომდინარე მოძველებულ გადმონაშთს. ამ დადგენილების მიზანი იყო „ფეოდალური ცრურწმენის აღმოფხვრა, დაკრძალვის ადათ-წესებში ცვლილებების შეტანა და ის, რომ დედაქალაქი უფრო ცივილიზებული გაეხადათ“. მაგრამ რა შედეგებს მიაღწიეს?
ერთ-ერთი ცნობის თანახმად შანხაის მოსახლეობა არ თმობს ცრურწმენას. წინაპრების საფლავზე ყალბი ფულის დაწვის რიტუალის ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მამაკაცმა, რომელიც სასაფლაოზე იყო მისული, თქვა: „ჩვენ 19 მილიარდი იუანი (დაახლოებით სამი მილიარდი ამერიკული დოლარი) დავწვით. ეს ტრადიცია ღმერთებს სიამოვნებთ“.
ერთ საკმაოდ ცნობილ ჩინურ გაზეთში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ეს აკრძალვა არ აღმოჩნდა ქმედითი, და რომ „ჩინეთში მკითხავების რიცხვი 5 მილიონს აღწევს, მაშინ როცა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში მომსახურეთა რიცხვი მხოლოდ 10 მილიონია“. ამავე გაზეთში ნათქვამი იყო: „ხალხი, როგორც ჩანს, მკითხავებისკენ უფრო იწევს“ (Guangming Daily).
ენციკლოპედია „ამერიკანას“ სერთაშორისო გამოცემაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ცრურწმენა აღმოფხვრის ნებისმიერ მცდელობას უძლებს, ნათქვამია: „ნებისმიერ ქვეყანაში ზოგი ძველი ადათ-წესი არა მარტო შემორჩა, არამედ ისინი ახლებურადაც ახსნეს და ახალი მნიშვნელობაც მიანიჭეს“. სხვა ენციკლოპედიის, „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“, ახალ გამოცემაში კი აღნიშნულია: „ეგრეთ წოდებულ ობიექტური შეხედულებების საუკუნეშიც კი უმრავლესობა, თუ ჩააჟინდი, აღიარებს, რომ სადღაც მაინც აქვთ კავშირი ცრურწმენასთან“.
გაორებული ნორმები
როგორც ჩანს, ბევრს გაორებული ნორმები აქვს, რადგან სახალხოდ არასოდეს აღიარებენ იმას, რასაც საიდუმლოდ აკეთებენ. ერთ-ერთი მწერლის აზრით მათ ამაზე საუბარი იმიტომ არ სურთ, რომ ეშინიათ, უგუნურებად არ ჩათვალონ. ამიტომ ასეთებს შეიძლება ურჩევნიათ, თავიანთ ცრურწმენას ფორმალობა, წესი ან ჩვევა უწოდონ. მაგალითად, სპორტსმენმა შეიძლება თავის გარკვეულ მოქმედებას შეჯიბრის წინ მიღებული წეს-ჩვეულება უწოდოს.
ერთმა ჟურნალისტმა ახლახან ირონიით მოიხსენია წერილი, რომელსაც ერთს უგზავნიან და სთხოვენ, მან კიდევ სხვებს დაუგზავნოს. ხშირად, მას, ვინც ამ წერილს სხვებსაც უგზავნის, კარგ ბედს ჰპირდებიან, მაგრამ იმას, ვინც ამ ჯაჭვს გაწყვეტს — უბედურებას. ამიტომ, როცა ამ ჟურნალისტმაც მიიღო ასეთი წერილი და, ფაქტიურად, ამ პროცესის მონაწილე გახდა, თქვა: „ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ცრუმორწმუნე ვარ; უბრალოდ, არ მინდა, უბედურება შემემთხვეს“.
ანთროპოლოგები და ფოლკლორისტები ფიქრობენ, რომ თვითონ სიტყვა „ცრურწმენა“ მეტად სუბიექტურ ხასიათს ატარებს; მათ არ სურთ გარკვეული მოქმედებების აღსაწერად ამ სიტყვის გამოყენება. ისინი ამჯობინებენ უფრო „ყოვლისმომცველ“ და, ამავე დროს, შერბილებულ სიტყვებს, მაგალითად „ხალხურ ადათ-წესებსა და მრწამსს“, „ფოლკლორს“ ან „იდეათა ერთობლიობას“. დიკ ჰაიმენი თავის წიგნში „უბედურება დაგატყდეს — მდიდრებისა და ღარიბების ცრურწმენა“ გულწრფელად აღნიშნავს: „როგორც ცოდვას ცოტა ემხრობა და სურდო ცოტას სიამოვნებს, მაგრამ ერთსაც ბევრი სჩადის და მეორეც ბევრს ემართება, ასევე ცრურწმენას ცოტა მომხრე ჰყავს, მაგრამ — ბევრი მიმდევარი“.
ამას დავარქმევთ თუ იმას, ცრურწმენა მაინც არსებობს. რატომ არსებობს ის დღეს, საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგია და მეცნიერება ასე განვითარებულია?
რატომ არის ასე რთული მისი აღმოფხვრა
ზოგი ამტკიცებს, რომ ცრურწმენა ნორმალური რამეა. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ მისადმი მიდრეკილება ადამიანს გენებში აქვს. მაგრამ გამოკითხვებმა საპირისპირო რამ აჩვენა. ფაქტია, რომ ადამიანები ცრუმორწმუნეები იმის საფუძველზე ხდებიან, რაც ასწავლეს.
პროფესორი სტიუარტ ე. ვაიზი ამბობს: „ადამიანი ცრურწმენას, ისევე როგორც სხვა დანარჩენს, ცხოვრების განმავლობაში იძენს. ჩვენ არ ვიბადებით ხეზე კაკუნის ჩვევით; ამას მოგვიანებით ვსწავლობთ“. ამბობენ, რომ ზებუნებრივისადმი რწმენას ბავშვობაში იძენენ, მოგვიანებით კი „ზრდასრულობისას ცრურწმენისადმი მიდრეკილები არიან“. საიდან იძენენ ისინი ცრურწმენასთან დაკავშირებულ ჩვევებს?
ცრურწმენის ბევრი ჩვევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის რელიგიურ მრწამსთან. მაგალითად, ისრაელების მიერ ქანაანის მიწის დამკვიდრებამდე ცრურწმენა იქ მცხოვრები ხალხის რელიგიის ნაწილი იყო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქანაანელებს ჩვევად ჰქონდათ მონუსხვა, ჯადოსნობა, მარჩიელობა, მსახვრალობა, გრძნებით შეკვრა, მესულთნეობა, მჩხიბაობა, მკვდართა გამოკითხვა (მეორე რჯული 18:9—12).
ძველი დროის ბერძნებიც ცნობილი იყნენ რელიგიასთან დაკავშირებული ცრურწმენით. ქანაანელების მსგავსად, მათაც სწამდათ ორაკულების, მკითხაობის, ჯადოსნობის. ბაბილონელებს სწამდათ, რომ ცხოველის ღვიძლი დაანახვებდა, როგორ ემოქმედათ (ეზეკიელი 21:26). გარდა ამისა, ისინი ცნობილი იყნენ ფულზე თამაშითა და იმით, რომ, როგორც ბიბლია გვატყობიანებს, თაყვანს სცემდნენ ღვთაებას, რომელსაც „გადი“ (ბედ-იღბლის ღმერთი) ერქვა (ესაია 65:11). ფულზე მოთამაშეები დღემდე თავიანთი ცრურწმენით არიან ცნობილი.
საინტერესოა, რომ ზოგი ეკლესია უწონებს კიდეც თავის მრევლს ფულზე თამაშს. ამის ერთი მაგალითია კათოლიკური ეკლესია, რომელიც, ფაქტობრივად, მხარს უჭერს ბინგოსა და სხვა ამგვარ თამაშებს. ერთმა მოთამაშემ მსგავსი აზრი გამოთქვა: „კათოლიკურ ეკლესიას კარგად ესმის [რომ მოთამაშეები ცრუმორწმუნეები არიან], ამიტომ მონაზვნები თავიანთი შესაწირავების ყუთებით ყოველთვის იპოდრომზე იყვნენ. რომელი კათოლიკე (იქ კი უმეტესობა კათოლიკეები ვიყავით) ჩაუვლიდა „დას“ ისე, რომ ფული არ ჩაეგდო, თუ დოღზე მოგება უნდოდა? ასე რომ, ვწირავდით. მოგების შემთხვევაში იმ დღეს განსაკუთრებულად გულუხვები ვიყავით, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს შემდგომ წარმატებებს მოგვიტანდა“.
რელიგიასა და ცრურწმენას შორის არსებული მჭიდრო კავშირის ცნობილ მაგალითებს ცრურწმენის ის ჩვევები წარმოადგენს, რომლებიც ქრისტეს შობასთან არის დაკავშირებული — დღესასწაულთან, რომლის აღსანიშნავადაც ხალხს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ახალისებენ. მათში შედის ფითრის ქვეშ ქალ-ვაჟის კოცნაც, რადგან ფიქრობენ, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება დაქორწინება, და თოვლის პაპის შესახებ სხვა მრავალი, ცრურწმენასთან დაკავშირებული, წარმოდგენა.
ერთ ზემოხსენებულ ნაშრომში ნათქვამია, რომ ცრურწმენის განვითარების მიზანი „მომავლის დანახვა“ იყო. ასე რომ, დღეს, ისევე როგორც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, უბრალო ადამიანებიცა და მსოფლიო ლიდერებიც მკითხავებსა და ჯადოქრებს აკითხავენ რჩევისთვის. წიგნში „ნუ იმღერებ საუზმემდე, ნუ დაწვები მთვარის შუქზე“ ახსნილია: „ადამიანებს სჭირდებოდათ იმისადმი რწმენა, თითქოსდა ამულეტები და შელოცვები მოუხსნიდა მათ როგორც ნაცნობის, ისე უცნობის მიმართ შიშს“.
ამგვარად, ცრურწმენით ადამიანები ცდილობდნენ, გადაელახათ შიშის გრძნობა. წიგნში „გადააჯვარედინე თითები, ჩააფურთხე ქუდში“ ნათქვამია: «[ხალხს] ყველა დროში ერთი და იგივე მიზეზის გამო სჯეროდათ ცრურწმენის. კერძოდ: როდესაც ისეთ სიტუაციაში ცვივდებიან, რომლის მართვაც აღარ შეუძლიათ — რომელშიც „ბედზე“ ან „შემთხვევაზე“ არიან დამოკიდებული — ცრურწმენა მათ ეხმარება, უფრო დაცულად იგრძნონ თავი».
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ ადამიანის ცხოვრება მრავალმხრივ გააუმჯობესა, ისინი მაინც ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ფაქტობრივად, ეს გრძნობა უფრო ძლიერდება მეცნიერების მიერ წარმოქმნილი პრობლემების გამო. პროფესორი ვაიზი ამბობს: „ცრურწმენა და ზებუნებრივისადმი რწმენა ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა . . . რადგან თანამედროვე მსოფლიომ გაგვიძლიერა დაუცველობის გრძნობა“. „მსოფლიო ენციკლოპედიაში“ კი ნათქვამია: „ცრურწმენა, ალბათ, მანამ იქნება ადამიანის ცხოვრების ნაწილი, სანამ მისთვის გაურკვეველი იქნება მომავალი“.
მოკლედ რომ ვთქვათ, ცრურწმენის აღმოფხვრა იმიტომ არის ასე რთული, რომ მას ფესვები ხალხში არსებულ შიშში აქვს გადგმული და მას მრავალი რელიგიური წარმოდგენა უჭერს მხარს. მაგრამ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცრურწმენა სასარგებლო მიზანს ემსახურება, რადგან ადამიანებს გაურკვევლობის გადალახვაში ეხმარება? უვნებელია ის? თუ საშიშია და უნდა მოვერიდოთ?
[სურათი 5 გვერდზე]
მხოლოდ ჩინეთში დაახლოებით ხუთი მილიონი მკითხავია.
[სურათი 6 გვერდზე]
ბინგოს საშუალებით მრავალი ეკლესია ხალხში ცრურწმენას ავითარებს.
[სურათი 7 გვერდზე]
ისეთი საშობაო ტრადიციები, როგორიცაა ფითრის ქვეშ ქალ-ვაჟის კოცნა, ცრურწმენაზეა დაფუძნებული.
-
-
ცრურწმენა — რატომ არის ასე საშიში?გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
-
-
ცრურწმენა — რატომ არის ასე საშიში?
შეუძლია ცრურწმენას, ზიანი მოგაყენოთ? ზოგმა შეიძლება გამორიცხოს ასეთი აზრი, ან კიდევ შეამციროს საშიშროება. თავის წიგნში: „ჯადოქრობა — ცრურწმენის ფსიქოლოგია“, პროფესორი სტიუარტ ე. ვაიზი გვაფრთხილებს: „ცრურწმენამ შეიძლება ცხოვრება გაუფუჭოს ადამიანს, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავს ჯადოქრებზე და სხვადასხვა სახის მკითხავებზე ან რომლის წრუმორწმუნეობრივი რიტუალები ხელს უწყობს მას აზარტულ თამაშებში“. თუ ნებას დავრთავთ ცრურწმენას, ჩვენს ცხოვრებას უხელმძღვანელოს, ამას შეიძლება უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
როგორც დავინახეთ, ხალხს ცრურწმენა მომავლისადმი შიშის გადალახვის საშუალებად მიაჩნია. მაგრამ მნიშვნელოვანია, ცრურწმენა მომავლის შესახებ საიმედო ინფორმაციისგან განვასხვავოთ. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.
შემთხვევა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საკითხს
1503 წელს, თვეების განმავლობაში ცენტრალური ამერიკის სანაპიროს გასწვრივ ცურვის შემდეგ, ქრისტეფორე კოლუმბი თავისი ორი გადარჩენილი ხომალდით დღევანდელ კუნძულ იამაიკას მიადგა. თავიდან კუნძულის მაცხოვრებლები რთულ მდგომარეობაში ჩაცვენილ მკვლევარებს გულუხვად აწვდიდნენ საკვებს. მაგრამ დროთა განმავლობაში მეზღვაურების ცუდი საქციელის გამო შეწყვიტეს ამის კეთება. მეზღვაურები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან არ იცოდნენ, რამდენ ხანში მიადგებოდა სხვა გემი კუნძულს მათ სახსნელად.
ცნობილია, რომ კოლუმბმა თავისი ასტრონომიული ცხრილიდან გაიგო, რომ 1504 წლის 29 თებერვალს მთვარის სრული დაბნელება მოხდებოდა. მან იცოდა, რომ კუნძულის მკვიდრები ცრუმორწმუნეები იყვნენ და გამოუცხადა, რომ, თუ მის ხალხს საკვებით არ უზრუნველყოფდნენ, სიბნელე მოიცავდა მთვარეს. მათ ყურადღება არ მიაქციეს მის გაფრთხილებას. მაგრამ, როდესაც დაბნელება დაიწყო, „დიდი მოთქმითა და ტირილით ყოველი მხრიდან გამორბოდნენ გემებისკენ საკვებით დატვირთული“. მას შემდეგ მკვლევარები მთელი იქ ყოფნის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყვნენ საკვებით.
კუნძულის მკვიდრნი ფიქრობდნენ, რომ კოლუმბმა სასწაული მოახდინა, მაგრამ ასეთი დასკვნა მათი ცრურწმენის შედეგი იყო. სინამდვილეში ეს „წინასწარმეტყველება“ დედამიწის, მთვარისა და მზის კანონზომიერი მოძრაობით აიხსნებოდა. ასტრონომებს შეუძლიათ ზუსტად და კარგა ხნით ადრე გამოთვალონ ასეთი მოვლენები, როგორიცაა ციური სხეულების დაბნელება; მსგავსი გამოთვლები ხშირად კალენდრებშია ჩაწერილი. გარდა ამისა, ციური სხეულების მოძრაობის სიზუსტე საშუალებას აძლევს ასტრონომებს, ზუსტად განსაზღვრონ მათი მდებარეობა ნებისმიერი დროისთვის. ამიტომ არ გიკვირთ, როდესაც გაზეთში მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს გვატყობინებენ.
სინამდვილეში ამ ციური სხეულების დაბნელებისა თუ მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროის შესახებ ინფორმაციის წყარო მათი დიდებული შემოქმედია. ჯადოქრების, ბროლის ბურთულაზე დამკვირვებლების, კარტით თუ სხვა რამით მკითხავთა წინასწარმეტყველებების წყარო კი სხვა ვინმეა — ის, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთის მოწინააღმდეგეა. ვისზეა აქ საუბარი?
საშიში წყარო
საღვთო წერილი საქმეების 16:16—19-ში გვატყობინებს, რომ ძველ ქალაქ ფილიპეში „ერთ მხევალს“ დიდი მოგება მოჰქონდა ბატონებისთვის „თავისი მისნობით“. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ წინასწარმეტყველების უნარს მას ყოვლისშემძლე ღმერთი კი არა, „პითონის სული“ აძლევდა. ამიტომ, როდესაც მოციქულმა პავლემ განდევნა მისგან დემონი, მხევალმა წინასწარმეტყველების უნარი დაკარგა.
როდესაც ვიცით, რომ ასეთი წინასწარმეტყველებები დემონური წყაროდან მომდინარეობს, ვხვდებით, რატომ შეიცავდა ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული რჯული შემდეგ სიტყვებს: „ნუ იქნება შენს შორის . . . ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი . . . რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი“ (მეორე რჯული 18:10—12). რჯულის თანახმად, ასეთი საქმეების მოქმედნი მკაცრად ისჯებოდნენ (ლევიანნი 19:31; 20:6).
შეიძლება გაგაკვირვოთ იმან, რომ ბევრი ცრურწმენასთან დაკავშირებული, თითქოსდა უვნებელი ჩვევა ბოროტი ძალებისგან მომდინარეობს. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ სატანა „ნათლის ანგელოზად გარდაისახება“ (2 კორინთელთა 11:14). სატანას და მის დემონებს შეუძლიათ, საშიში წეს-ჩვეულებები უვნებლად და სასარგებლოდაც კი მოგვაჩვენონ. ზოგჯერ ისინი ცრუ ნიშნებს წინასწარმეტყველებენ, შემდეგ კი ასრულებენ, რათა ამით ხალხი დაარწმუნონ, რომ ეს ნიშნები ღვთისგან მომდინარეობს (შეადარეთ მათე 7:21—23; 2 თესალონიკელთა 2:9—12). აი, რატომ სრულდება ზოგჯერ იმათი წინასწარმეტყველება, რომლებიც აცხადებენ, თითქოსდა ზებუნებრივ ძალებს ფლობენ.
რა თქმა უნდა, მრავალი თუ არა, მათი უმრავლესობა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზებუნებრივ ძალებს ფლობენ, თვითმარქვიები და თაღლითები არიან და ცდილობენ, გულუბრყვილო ხალხს ფული გამოსტყუონ. მაგრამ თაღლითები არიან ისინი თუ — არა, სატანა წარმატებით იყენებს მათ იმისათვის, რომ ადამიანები ღმერთს დაუპირისპიროს და გონება დაუბრმავოს, რათა მათთვის დაფარული იყოს „სახარებისეული ნათელი“ (2 კორინთელთა 4:3, 4).
ამულეტები და კერპთაყვანისმცემლობა
რა შეიძლება ითქვას „იღბლიან“ ამულეტებსა და ცრურწმენასთან დაკავშირებულ ჩვევებზე, რომელთაც ხალხი იმისათვის მიმართავს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და უბედური შემთხვევები აირიდონ? ისინი ადამიანს არაერთ საშიშროებას უქმნიან, რომელთა დანახვაც ერთი შეხედვით რთულია. ჯერ ერთი, ცრუმორწმუნემ თავისი ცხოვრება შეიძლება უხილავ ძალებს მიანდოს. ამ დროს ის ვეღარ მსჯელობს, საღად ვეღარ აზროვნებს და უსაფუძვლო შიშს ეძლევა.
ერთ მწერალს სხვა შესაძლო საფრთხე მოჰყავს: „როდესაც ადამიანი თავს ამულეტის მფარველობას ანდობს, ის კი უმტყუნებს, მიდრეკილია, თავისი უბედურება სხვებს დააბრალოს, იმის ნაცვლად, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“ (შეადარეთ გალატელთა 6:7). საინტერესოა, რაც ერთხელ ესეისტმა რალფ უოლდოუ ემერსონმა აღნიშნა: „სუსტ კაცს ბედის სწამს. . . ძლიერს კი მიზეზისა და შედეგის“.
„მიზეზი და შედეგი“ ხშირად იგივეა, რაც შემთხვევა — „დრო და შემთხვევა“ — რომელსაც შეიძლება ნებისმიერი დავექვემდებაროთ (ეკლესიასტე 9:11). შემთხვევების მიზეზი არ არის „უიღბლობა“. ქრისტიანებს ესმით, რომ ცრურწმენასთან დაკავშირებული ჩვევები და ამულეტები არ მოქმედებს მათს ცხოვრებაზე. ეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას გვახსენებს: „არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება“ (იაკობი 4:14).
გარდა ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ ადამიანები მოწიწებით ეკიდებიან იღბლიან ამულეტებს, ცრურწმენასთან დაკავშირებულ რიტუალებსა და ჩვევებს, მაგრამ ისინი მსგავს რამეებს კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევენ, რასაც ღვთის სიტყვა აშკარად გმობს (გამოსვლა 20:4, 5; 1 იოანე 5:21).
როგორ გავიგოთ ჩვენი მომავალი
ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანებს არ აინტერესებთ თავიანთი მომავალი. პირიქით, საღი აზროვნება გვკარნახობს, რომ მომავლის ცოდნა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თუ ვიცით, რა გველის, სათანადოდ ვიმოქმედებთ, როგორც ჩვენ სასარგებლოდ, ისე ჩვენი საყვარელი ადამიანების სასარგებლოდაც.
მაგრამ ასეთი ინფორმაცია სათანადო წყაროებში უნდა ვეძებოთ. წინასწარმეტყველი ესაია გვაფრთხილებს: «გეტყვიან, დაეკითხეო შემლოცველებსა და მკითხავებს . . . ასე უპასუხე: „ისმინეთ, რას გასწავლით უფალი! ნუ უსმენთ მკითხავებს — მათი ნათქვამი სიკეთეს არ მოგიტანთ“ » (ესაია 8:19, 20, Today’s English Version).
სათანადო წყარო, საიდანაც მომავლის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღება შეგვიძლია, ბიბლიის ავტორია (2 პეტრე 1:19—21). ეს ინსპირირებული წიგნი შეიცავს იმის უამრავ მტკიცებას, რომ ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, წინასწარმეტყველებები ისევე სანდოა, როგორც უამრავ ასტრონომიულ კალენდრებში ციური სხეულების მოძრაობასთან დაკავშირებული „წინასწარმეტყველებები“. ბიბლიური წინასწარმეტყველების სიზუსტის დასანახავად, განვიხილოთ ერთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ, რომ ვინმე სახელგანთქმული ადამიანი სახალხოდ გამოდის და წინასწარმეტყველებს იმას, რაც 200 წლის შემდეგ, 2 199 წელს უნდა მოხდეს. მისი წინასწარმეტყელება შემდეგი დეტალებისგან შედგება:
◻ უდიდესი ომი იფეთქებს ორ ხალხს შორის, რომლებიც მოწინააღმდეგე მსოფლიო მპყრობელები გახდებიან, და ამას ისტორიული შედეგები მოჰყვება.
◻ საომარ სტრატეგიაში შევა ძლიერი მდინარის მიმართულების შეცვლა.
◻ დამპყრობლის სახელი მის დაბადებამდე უამრავი წლით ადრე იქნება ცნობილი.
◻ დამარცხებული სახელმწიფოს ხვედრი მრავალი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები.
არ მიაქცევდა ხალხი ყურადღებას მომავლის შესახებ ამ ადამიანის შემდგომ წინასწარმეტყველებებსაც, მის მიერ ნათქვამი ყველაფერი რომ შესრულებულიყო?
რაც ზემოთ იყო ნახსენები, ყველაფერი შესრულდა. დაახლოებით 200 წლით ადრე, სანამ მიდიელები და სპარსელები ბაბილონს დაამხობდნენ, იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, ესაიას, საშუალებით შემდეგი რამ იწინასწარმეტყველა:
◻ მიდია-სპარსეთსა და ბაბილონს შორის დიდი ომი მოხდება (ესაია 13:17, 19).
◻ მათს სტრატეგიაში იმ მდინარის კალაპოტის დაწრეტა შევა, რომელიც ქალაქის დაცვის ერთ-ერთი საშუალება იქნება. გარდა ამისა, ამ გამაგრებული ქალაქის კარიბჭეები ღია დარჩება (ესაია 44:27—45:2).
◻ დამპყრობლის სახელი კიროსია, რაც მის დაბადებამდე დაახლოებით 150 წლით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 45:1).
◻ ერთ დღეს ბაბილონი ნანგრევებად იქცევა (ესაია 13:17—22).
ყველა ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. აქედან გამომდინარე, ნუთუ არ ღირს ძალისხმევად იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი სხვა წინასწარმეტყველებების განხილვაც?
ღვთის მიერ დაპირებული დიდებული მომავალი
რას გვეუბნება მომავლის შესახებ ბიბლია? ის გვპირდება, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღარავის შეაწუხებს მომავლისადმი შიში. ნახეთ, რას ჰპირდება ღმერთი მათ, ვინც იქ იცხოვრებს: „არავინ იქნება [ჩემი ხალხის] დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).
გარდა ამისა, ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი ‘აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნი 144:16). დიდი დრო დარჩა ამ წინასწარმეტყველების შესრულებამდე? არა! დიდი ხნით ადრე ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ მდგომარეობა, რომელიც დღეს დედამიწაზე არსებობს, ამ ბოროტი სისტემის ‘უკანასკნელ დღეების’ ნიშანი იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1—5).
მალე მოსიყვარულე შემოქმედი ბოლოს მოუღებს ბოროტებას. ის შეწყვეტს ომებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ხალხის შიშსა და ტანჯვას იწვევს. გარდა ამისა, სიძულვილი, ეგოიზმი, ბოროტმოქმედება და ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება. ბიბლია გვპირდება: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11).
ახალ ქვეყნიერებაში ადამიანებს მრავალ კურთხევასთან ერთად კარგი ჯანმრთელობაც ექნებათ. სიკვდილი და გლოვაც კი აღარ იქნება. თავად ღმერთი გვპირდება: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).
იმ დროს ადამიანებს აღარ შეეშინდებათ უბედური შემთხვევების, რომლებიც ხშირად ცვლის მათს ცხოვრებას ან სიცოცხლეს ასალმებს მათ. გარდა ამისა, აღარ იარსებებენ დემონები და სატანა, რომელთაგანაც მომდინარეობს ცრურწმენით გამოწვეული შიში და ბოროტი ტყუილი. ამ სასიხარულო ჭეშმარიტებას ბიბლია გვამცნობს.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
ცრურწმენასა და სპირიტიზმს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
[საავტორო უფლება]
Except woman inside crystal ball: Les Wies/Tony Stone Images
[სურათი 10 გვერდზე]
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცრურწმენა აღარ იარსებებს.
-