მითითებები სკოლის ზედამხედველებისთვის
თითოეულ კრებაში ერთ-ერთი უხუცესი ინიშნება თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველად. თუ ეს პასუხისმგებლობა მოგანდეს, შენს ენთუზიაზმსა და სკოლაში ჩაწერილების წინსვლით დაინტერესებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ დაეხმარება სკოლა თქვენს კრებას.
შენი მოვალეობა, ძირითადად, თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრის ყოველკვირეულად ჩატარებაა. გახსოვდეს, რომ დამსწრეთა შორის მხოლოდ გამომსვლელები არ არიან. ამიტომაც ისე ჩაატარე შეხვედრა, რომ მთელმა კრებამ მიიღოს გამამხნევებელი და პრაქტიკული რჩევები სკოლის ერთ-ერთ მიზანთან დაკავშირებით მაინც. სკოლის მიზნები ამ სახელმძღვანელოს მე-5—8 გვერდებზეა მოხსენიებული.
ინტერესი გამოავლინე სკოლაში ჩაწერილი ნებისმიერი პიროვნების მიმართ იმისდა მიუხედავად, თუ რა დავალებას ამზადებს — კრების წინაშე კითხულობს, ინსცენირება აქვს თუ მოხსენებით გამოდის. დაეხმარე მათ, რომ სკოლაში მიცემულ თითოეულ დავალებას ისე შეხედონ, როგორც იეჰოვას მსახურებაში გაუმჯობესების შესაძლებლობას. ცხადია, წინ წასაწევად მათი პირადი ძალისხმევაა მთავარი, მაგრამ, შენი მხრივ, მნიშვნელოვანია იზრუნო მათზე, დაეხმარო მათ თითოეული გაკვეთილის მნიშვნელობის დანახვაში და აუხსნა, როგორ უნდა გამოიყენონ გაკვეთილში მოცემული რჩევები. ამიტომ ყურადღებით მოუსმინე გამომსვლელებს, რათა საჭიროებისდა მიხედვით დაეხმარო.
თავის დროზე დაიწყე და დაამთავრე სკოლის შეხვედრები. მაგალითი მიეცი კრებას — ჩაეტიე შენი კომენტარებისთვის გამოყოფილ დროში. მოსწავლე თუ დროს გადააცილებს, შენ ან შენმა დამხმარემ უნდა ანიშნოთ. ამ დროს მან წინადადება უნდა დაამთავროს და სცენიდან ჩამოვიდეს. თუ პროგრამის სხვა ნაწილი გადასცდა დროს, შეამცირე შენი კომენტარები, ხოლო გამომსვლელ ძმას ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ მიეცი რჩევა.
სკოლა შენ უნდა ჩაატარო, მაგრამ როდესაც შეხვედრაზე დასწრებას ვერ შეძლებ, სკოლის შეხვედრას უხუცესთა საბჭოს მიერ წინასწარ დანიშნული ერთ-ერთი უხუცესი უნდა გაუძღვეს. თუ დახმარება დაგჭირდება განრიგის შედგენაში, ბლანკების შევსებასა და დარიგებაში, ან მონაწილეთა შემცვლელების მოძებნაში, შესაძლებელია, უხუცესთა საბჭოს მიერ დანიშნული მომსახურე დაგეხმაროს.
სკოლაში ჩაწერა. ყველა მაუწყებელს მოუწოდე, ჩაეწერონ სკოლაში. ჩაწერა შეუძლიათ სხვებსაც — ყველას, ვინც რეგულარულად ესწრება შეხვედრებს — თუ ეთანხმებიან ბიბლიურ სწავლებებს და ქრისტიანული პრინციპებით ცხოვრობენ. შეაქე ის, ვინც სკოლაში ჩაწერის სურვილს გამოთქვამს. თუ მსურველი ჯერ არ არის მაუწყებელი, განიხილე მასთან, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლაში ჩასაწერად. მიზანშეწონილია, რომ ამ საუბარს ესწრებოდეს მაუწყებელი, რომელიც მას ბიბლიას ასწავლის (ან მორწმუნე მშობელი). მოთხოვნები იგივეა, რაც მოუნათლავ მაუწყებლად გახდომის მსურველთათვის. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილე 79—81-ე გვერდები წიგნში „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“. სკოლაში ჩაწერილ მაუწყებელთა სია სისტემატურად განაახლე.
რჩევების ბლანკის გამოყენება. ბლანკი ყველას თავის სახელმძღვანელოში აქვს 79—81-ე გვერდებზე. როგორც ფერადი გრაფები გვიჩვენებს, 1—17 გაკვეთილებიდან ნებისმიერის გამოყენება შეიძლება, როდესაც გამომსვლელს კრების წინაშე ხმამაღლა კითხვა აქვს დავალებული. ინსცენირებებს მე-7, 52-ე და 53-ე გაკვეთილების გარდა ყველა გაკვეთილი ეხება. მოხსენებებისთვის მე-7, მე-18 და 30-ეს გარდა ყველა გაკვეთილის გამოყენება შეიძლება.
როდესაც გამომსვლელს ახალი გაკვეთილი ეძლევა, მის სახელმძღვანელოში დაბეჭდილ ბლანკზე ფანქრით უნდა აღინიშნოს თარიღი. ეს უნდა გაკეთდეს შესაბამისი გაკვეთილის სათაურის გასწვრივ, გრაფაში „დაწყების თარიღი“. დავალებით გამოსვლის შემდეგ ცალკე ჰკითხე მას, გააკეთა თუ არა გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშო(ები). თუ გაკეთებული აქვს, ფანქრით აღნიშნე იქვე მოცემულ კვადრატში. თუ გამომსვლელს ურჩევ, რომ იმავე გაკვეთილზე მუშაობა განაგრძოს, არაფრის აღნიშვნა არ არის საჭირო — უბრალოდ, არ შეავსო გრაფა „დამთავრების თარიღი“. ეს გრაფა მხოლოდ მაშინ უნდა შეივსოს, როდესაც გამომსვლელი ახალ გაკვეთილზე გადადის. გარდა ამისა, ყოველი გამოსვლის შემდეგ სახელმძღვანელოს 82-ე გვერდზე უნდა აღინიშნოს პირობითი სიტუაციის გამოყენების თარიღი. რჩევების ბლანკი და პირობითი სიტუაციების სია შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეს ორჯერ დაევალოს ერთი და იგივე გაკვეთილი და ორჯერ გამოიყენოს ერთი და იგივე პირობითი სიტუაცია. სახელმძღვანელოები ყველამ უნდა ატაროს სკოლის შეხვედრებზე.
გაკვეთილები თითო-თითოდ მიეცი გამომსვლელს. უკეთესია, იმ თანამიმდევრობით მისცე, როგორითაც ბლანკზეა მოცემული. მაგრამ, თუ გამომსვლელი განსაკუთრებით უნარიანია, შეგიძლია ურჩიო, დამოუკიდებლად შეისწავლოს ზოგი გაკვეთილი და გამოიყენოს მოცემული რჩევები. სკოლაში კი იმ გაკვეთილებზე მუშაობაში დაეხმარე, რომლებიც, შენი აზრით, ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს კარგ ორატორად და მასწავლებლად ჩამოყალიბებაში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაუწყებელი წლების განმავლობაშია ჩაწერილი სკოლაში, მას მნიშვნელოვან სარგებლობას მოუტანს თითოეული გაკვეთილის მომზადება და მასში მოცემული რჩევების გამოყენება. თუ ვინმეს განსაკუთრებული დახმარება სჭირდება, უმჯობესია, თავად განსაზღვრო, რომელ გაკვეთილზე იმუშაოს, ნაცვლად იმისა, რომ ბლანკზე მოცემული თანამიმდევრობით მისცე გაკვეთილები.
რჩევის მიცემა. რჩევის მიცემისას მოიყვანე ბიბლიური მაგალითები და ყურადღება გაამახვილე ბიბლიურ პრინციპებზე. გამომსვლელებმა უნდა დაინახონ, რომ ღვთის სიტყვის მაღალი პრინციპებიდან გამომდინარეობს ის, თუ რას ურჩევ და როგორ აძლევ რჩევებს.
გახსოვდეს, რომ შენი და-ძმების „თანამშრომელი“ ხარ (2 კორ. 8:23). მათ მსგავსად, შენც გჭირდება მონდომება, რათა გაუმჯობესდე, როგორც მომხსენებელი და მასწავლებელი. შეისწავლე წიგნი „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გამოიყენე მასში მოცემული რჩევები და ამით მაგალითი მიეცი კრებას.
მიზნად დაისახე, მაუწყებლებს დაეხმარო კითხვის უნარის გაუმჯობესებაში, აგრეთვე კარგ მომხსენებლად და მასწავლებლად ჩამოყალიბებაში. ამისათვის შეეცადე დაანახვო მათ, რა დანიშნულება აქვს თითოეულ გაკვეთილს, რამდენად მნიშვნელოვანია ის და როგორ უნდა იმუშაონ მასზე. ეს სახელმძღვანელო ისეა შედგენილი, რომ გაგიადვილდეს ამ მიზნის მიღწევა. მაგრამ ხშირად საკმარისი არ იქნება მათთვის წიგნიდან წინადადებების წაკითხვა. საჭიროა განიხილო მოცემული აზრები და ის, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება.
შეაქე გამომსვლელი, თუ გაკვეთილში მოცემული რჩევები გამოიყენა. მოკლედ აღნიშნე, რა გააკეთა კარგად და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. თუ უმჯობესი იქნება, რომ მან იმავე გაკვეთილზე მუშაობა განაგრძოს, დაანახვე, რატომ არის ეს საჭირო და რა უნდა გააკეთოს ამისათვის. ილაპარაკე კონკრეტულად და, ამავე დროს, რბილად.
გახსოვდეს, რომ ბევრისთვის ძალიან რთულია სცენაზე გამოსვლა. თუ გამომსვლელი იფიქრებს, რომ დავალებას თავი ვერ გაართვა, შესაძლოა, დაეჭვდეს, ღირს თუ არა კიდევ ცდა. მიჰბაძე იესოს, რომელსაც „გადატეხილი ლერწამი“ არ მოუტეხავს და „მბჟუტავი პატრუქი“ არ ჩაუქრია (მათ. 12:20). გაითვალისწინე თითოეული გამომსვლელის ემოციური მდგომარეობა. რჩევის მიცემისას მხედველობაში მიიღე, სკოლაში ახალი ჩაწერილია ის თუ გამოცდილი მაუწყებელია. თბილი მოპყრობითა და გულწრფელი შექებით ადამიანს აღძრავ, თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.
პატივისცემით მოეპყარი სკოლაში ჩაწერილ თითოეულ პიროვნებას. რომაელების 12:10 მოგვიწოდებს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. ეს მოწოდება აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ძმებმა, რომლებიც თეოკრატიული მსახურების სკოლაში გამომსვლელებს რჩევებს აძლევენ. თუ შენზე ასაკით უფროსს აძლევ რჩევას, გახსოვდეს, რა არის ნათქვამი 1 ტიმოთეს 5:1, 2-ში. ნებისმიერი ასაკის ადამიანი უფრო ადვილად მიიღებს რბილად მიცემულ რჩევას (იგავ. 25:11).
რჩევების მიცემის დროს ხაზი გაუსვი დავალებით გამოსვლის მიზანს. მიზანი ის არ არის, რომ კარგად მომზადებული დავალებისთვის შეგვაქონ და შემდეგ გაკვეთილზე გადავიდეთ; არც ის, რომ ორატორული ნიჭითა და სწავლების უნარით სხვებზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ (იგავ. 25:27). ჩვენ იმისკენ უნდა ვისწრაფოთ, რომ მეტყველების უნარით იეჰოვა განვადიდოთ და ადამიანებს დავეხმაროთ, გაიცნონ და შეიყვარონ ის. სკოლა მათეს 24:14-სა და 28:19, 20-ში მოხსენიებული საქმის ეფექტურად შესრულებისთვის გვამზადებს. გარდა ამისა, მონათლულ ძმებს, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს შეესაბამებიან, დროთა განმავლობაში „ღვთის სამწყსოზე“ ზრუნვაში მონაწილეობის მიღების — მოხსენებებით გამოსვლისა და დამოძღვრის — შესაძლებლობა მიეცემათ (1 პეტ. 5:2, 3).
გამომსვლელებს ურჩიე, რომ ახალი გაკვეთილის მიცემიდან რამდენიმე დღის განმავლობაში წაიკითხონ სკოლის სახელმძღვანელოში შესაბამისი თავი. აღნიშნე, რომ ნასწავლის გამოყენება საჭიროა არა მხოლოდ დავალებების მომზადებისას, არამედ ყოველდღიურ საუბრებში, კრების შეხვედრებზე კომენტარებში მონაწილეობისას და სამქადაგებლო მსახურებისას.
დავალებების მიცემა. დავალებები, ჩვეულებრივ, სამი კვირით ადრე მაინც უნდა გაანაწილო. თუ შესაძლებელია, თითოეულ გამომსვლელს დავალება წერილობითი ფორმით მიეცი.
დამმოძღვრავი მოხსენებები უნდა მიეცეს უხუცესს (სასურველია მას, ვინც კონკრეტულ თემას ეფექტურად განიხილავს) ან მომსახურეს, რომელმაც სწავლების უნარი განივითარა.
იმ მითითებების მიხედვით, რომლებიც სკოლის პროგრამას აქვთ თანდართული, განსაზღვრე, მოსწავლეთათვის განკუთვნილი რომელი დავალება უნდა მისცე ძმას და რომელი — დას. თუ დები რიცხობრივად საკმაოდ აღემატებიან ძმებს, ყურადღება მიაქციე, რომ ძმებს ყოველთვის მსმენელის წინაშე კითხვას არ ავალებდე.
დავალებების განაწილებისას მხედველობაში მიიღე და-ძმების მდგომარეობა. არის კი ნამდვილად აუცილებელი, რომ უხუცესი ან მომსახურე იმ დღეს გამოვიდეს, როდესაც სამსახურებრივ შეხვედრაზე აქვს გამოსვლა, ან იმ კვირაში, როდესაც საჯარო მოხსენება უნდა წარმოთქვას? ნამდვილად აუცილებელია, რომ დას დავალება იმ დღისთვის მიეცეს, რა დღესაც გამოდის მისი შვილი, რომელსაც, ალბათ, დახმარება დასჭირდება? დაუკვირდი, ვის რა თემას აძლევ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ გამომსვლელი მოზარდია ან მოუნათლავია. შეამოწმე, შეესაბამება თუ არა დავალება გაკვეთილს, რომელზეც გამომსვლელი მუშაობს.
ინსცენირებისთვის დები, ჩვეულებრივ, თვითონ არჩევენ პირობით სიტუაციებს, როგორც ეს 78-ე და 82-ე გვერდებზეა ახსნილი. დას ერთი დამხმარე ენიშნება, მაგრამ დასაშვებია მეორე დამხმარის მონაწილეობაც. თუ დას პირობითი სიტუაციიდან გამომდინარე რომელიმე კონკრეტულ დამხმარესთან ერთად გამოსვლა ურჩევნია და მის დანიშვნას გთხოვს, მხედველობაში მიიღე მისი თხოვნა.
დამატებითი კლასები. სკოლაში ჩაწერილთა რიცხვი თუ 50-ს აღემატება, შეიძლება დამატებითი კლასების ორგანიზება. კლასებად დაყოფა დასაშვებია როგორც ყველა დავალებისთვის, ისე მხოლოდ ბოლო ორი გამოსვლისთვის.
თითოეულ დამატებით კლასში შესაფერისი ძმა (სასურველია უხუცესი) უნდა დაინიშნოს რჩევების მიმცემად. საჭიროების შემთხვევაში, იგივე მოვალეობა შეიძლება შესაფერისმა მომსახურემაც შეასრულოს. ეს ძმები უხუცესთა საბჭომ უნდა დანიშნოს. ითანამშრომლე ამ ძმებთან, რათა გამომსვლელებმა საჭირო რჩევები და დახმარება მიიღონ იმისდა მიუხედავად, მთავარ დარბაზში გამოვლენ თუ რომელიმე კლასში.
სპეციალური კლასი კითხვის შესასწავლად. თუ უხუცესთა საბჭო გადაწყვეტს, რომ კრების წევრებისთვის აუცილებელია დახმარება იმ ენაზე კითხვის სწავლაში, რომელზეც შეხვედრები ტარდება, შესაძლებელია, თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრების გარდა ჩატარდეს სპეციალური გაკვეთილები. მეცადინეობის მიზანი ზოგ შემთხვევაში წერა-კითხვის სწავლაა, ზოგჯერ კი — კითხვის უნარის გაუმჯობესება.
აუცილებელი არ არის ასეთი გაკვეთილები თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრებთან ერთად ჩატარდეს. კრების წევრების დასახმარებლად შესაძლო, იმაზე მეტი დრო იყოს საჭირო, ვიდრე ერთ შეხვედრას ეთმობა. კრების უხუცესებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის და როგორ ჩატარდება გაკვეთილები. მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჯგუფი შედგეს ან გაკვეთილები თითოეულს ინდივიდუალურად დაენიშნოს.
კითხვის გაკვეთილების ჩასატარებლად საჭიროა კარგი მასწავლებელი. სასურველია, მასწავლებლად დაინიშნოს ძმა, რომელმაც კარგად იცის ენა და კარგად კითხულობს. თუ ძმის დანიშვნა შეუძლებელია, უხუცესები უნარიან და, ამავე დროს, სამაგალითო დას სთხოვენ დახმარებას. გაკვეთილების ჩატარების დროს დამ თავზე უნდა დაიფაროს (1 კორ. 11:3—10; 1 ტიმ. 2:11, 12).
ბევრ ენაზე გამოიცა ბროშურა „ისწავლეთ წერა-კითხვა“, რომელიც წერა-კითხვის გაკვეთილებზე გამოიყენება. გაკვეთილებზე დამსწრეთა დონიდან და უნარიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვა პუბლიკაციების გამოყენებაც. გარკვეული შედეგების მიღწევის შემდეგ წერა-კითხვის შემსწავლელები თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერისკენ წაახალისე.
შენ, როგორც თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველს, კრებისთვის დიდი დახმარების გაწევა შეგიძლია. კარგად მოემზადე და რომაელების 12:6—8-ში მოცემული რჩევის გათვალისწინებით, დააფასე შენი პასუხისმგებლობა — მას უყურე, როგორც ღვთისგან ბოძებულ ძვირფას ძღვენს.