დედამიწა მარადიულად მეყვარება
მოგვითხრო დოროტი კონელიმ
ბავშვობაში მითხრეს, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი, რადგან აბორიგენი ვიყავი. მოგვიანებით, 1936 წელს, ბიბლიური ლექციის ჩანაწერი მოვისმინე, რომელმაც ჩააქრო ჯოჯოხეთის ცეცხლი და გულში იმედი ჩამისახა. დღეს კი ეს იმედი უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. სანამ აგიხსნიდეთ, თუ რატომ, ცოტას ჩემ შესახებ მოგითხრობთ.
დავიბადე დაახლოებით 1911 წელს. დაახლოებით, რადგანაც იმ დროს აბორიგენებს არ აღელვებდათ თარიღები და დაბადების მოწმობები. მშობლები მშრომელი და ღვთისმოშიში მყავდა. ცენტრალურ კუინზლენდში (ავსტრალია), კარნარვონის მშვენიერ მთებთან მდებარე პატარა ქალაქ სპრინგშურში, ვცხოვრობდით.
მამაჩემი კათოლიკურ რწმენაზე აღზარდა თეთრკანიანმა ოჯახმა. მიუხედავად ამისა, აბორიგენმა მშობლებმა თავიანთი ეროვნული წეს-ჩვეულებები გადმომცეს და დედამიწის სიყვარული ჩამინერგეს. ვნადირობდით კენგურუებზე, ემუებზე, ვიჭერდით ზღვის კუებს, გველებს, თევზებსა და საჭმელად ვარგის დიდ ჭიებს. მაგრამ არასდროს მიჭამია ემუ. ოჯახში მხოლოდ მე მეკრძალებოდა ემუს ჭამა, რადგანაც ის ჩემი პირადი ტოტემი იყო. აბორიგენული ტრადიციის მიხედვით, ტომის თითოეულ წევრს თავისი ტოტემი ჰყავს, რის ჭამასაც ოჯახი და ტომი უკრძალავს.
თუმცა ტოტემიზმს ფესვები ცრურწმენაში აქვს გადგმული, ეს აკრძალვა ხალხს სიცოცხლის სიწმინდეს შეახსენებდა. აბორიგენები გასართობად არაფერს კლავდნენ. მახსოვს, როგორ გამიწყრა მამა, როდესაც ბავშვობაში ცოცხალი კალიები შუაზე გავხლიჩე. „რას სჩადიხარ, — დამიყვირა მან. — არ იცი, რომ ღმერთს გულქვაობა სძულს? კარგი იქნებოდა, რომ ვინმე ასე მოგქცეოდა?“
მრავალმხრივ ვავლენდით ცრუმორწმუნეობას. მაგალითად, თუ ბოლოქანქარა (პატარა ჩიტი) ჩვენს სახლთან ახლოს დახტოდა, ცუდ ამბავს მოასწავებდა; ან თუ ბუ დღისით სადმე ახლოს კუნძზე დაჯდებოდა, გვჯეროდა, რომ ვინმე უნდა მომკვდარიყო. ზოგიერთი სიზმარიც რაღაცის მომასწავებლად ითვლებოდა. მაგალითად, ჭუჭყიანი წყლის ნახვა ოჯახში ვიღაცის ავადმყოფობას ნიშნავდა. მაგრამ თუ წყალს ტალახი ერეოდა, ვინმეს სიკვდილს მოასწავებდა. კათოლიკეები ვიყავით, მაგრამ კვლავაც ჩვენს ტომობრივ ცრურწმენას მივყვებოდით.
ჩემს ოჯახს ასევე აბორიგენული ენა ჰქონდა შენარჩუნებული. თუმცა ის ახლა იმ ენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც თანდათანობით ივიწყებენ. მაგრამ ქადაგებისას დროდადრო მაინც ვსაუბრობ ამ ენაზე. თუმცა მეტწილად ინგლისურს ან ადგილობრივ პიჯინს ვიყენებ.
კარგი საფუძველი
დაახლოებით ათი წლის რომ ვიყავი, სპრინგშურიდან სადღაც 30 კილომეტრით დაშორებულ რანჩოზე ვცხოვრობდით. ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გავდიოდი, რომ ფერმისთვის მიმეხედა. მთელი დღე პატარა ქილა რძე და პური მერგებოდა. ჩვენ ხის ქოხებში, ტრადიციულ აბორიგენულ სახლებში, ვცხოვრობდით. წვიმის დროს ღამეს ახლომდებარე გამოქვაბულებში ვათევდით. ვიყავი უკმაყოფილო ასეთი პრიმიტიული ცხოვრებით? არა. აბორიგენები საუკუნეების განმავლობაში ასე ცხოვრობდნენ და ჩვენი ოჯახიც სჯერდებოდა ამას.
ნამდვილად ბედნიერიც კი ვარ, რომ უზრუნველი ცხოვრება არ მქონია და მოსიყვარულე მშობლებმა აღმზარდეს, რომლებმაც შრომას მიმაჩვიეს და მასწავლეს, თუ როგორ მეცხოვრა მიწით. 1934 წელს, მცირე ხანში, რაც ვურაბინდას (კუინზლენდი) მახლობლად, რეზერვაციაში, გადავედით საცხოვრებლად, პირველად დავტოვე სახლი და დასავლეთისკენ წავედი, რომ საქონლისა და ცხვრის ფერმებში მოსამსახურედ და მუშად დამეწყო მუშაობა. სამსახურმა, ბოლოს, აღმოსავლეთით, სანაპირო ქალაქ როკჰემპტონის გარეუბანში, წამიყვანა. იქ გავიცანი ირლანდიელი მარტინ კონელი, რომელსაც 1939 წელს, ცოლად გავყევი.
როგორ შევიცანი ბიბლიური ჭეშმარიტება
ყოველთვის ვაფასებდი ბიბლიას. პატარაობისას, ფერმის დიასახლისი გვკრებდა ბავშვებს — აბორიგენებსაც და თეთრკანიანებსაც — და იესო ქრისტეს შესახებ გვიამბობდა. ერთხელ მან აგვიხსნა, თუ რას ნიშნავდა იესოს სიტყვები: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად“ (მათე 19:14). მაშინ პირველად გამიჩნდა გულში იმედის ნაპერწკალი, რადგანაც მანამდე მეუბნებოდნენ, რომ ჯოჯოხეთისთვის ვიყავი განწირული.
მოგვიანებით, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მოვისმინე მოხსენების ჩანაწერი, სადაც უარყოფილი იყო ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ამან დამაფიქრა, იეჰოვას მოწმეებთან 1949 წლამდე აღარ მქონია კავშირი. მაშინ ჩვენ როკჰემპტონიდან დასავლეთით დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე ქალაქ ემერალდში ვცხოვრობდით. ერთხელ სახლში რ. ბენეტ ბრიკელმაa მოგვაკითხა და ბიბლიის შესახებ დაგვიწყო საუბარი. მას შემდეგ ჩვენი სახლი ბენის სახლიც იყო, როცა კი ჩვენს მხარეში ჩერდებოდა. ყველა, მარტინიც და ჩვენი ოთხი შვილიც, ვაფასებდით მას. მარტინს ბიბლიური ცნობისადმი ინტერესი არ გამოუჩენია, მაგრამ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი და სტუმართმოყვარეობას ამჟღავნებდა მოწმეების, განსაკუთრებით კი ბენის, მიმართ.
ბენმა ბიბლიის შესასწავლად ბევრი დამხმარე სახელმძღვანელო მომცა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი — კითხვა არ ვიცოდი. ამიტომაც ის მოთმინებით გვიკითხავდა მე და ბავშვებს ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას და გზადაგზა წაკითხულის მნიშვნელობას გვიხსნიდა. როგორ განსხვავდებოდა ის იმ მღვდლისგან, რომელიც რელიგიური რიტუალების შემდეგ ხუთ წუთსაც არ გვითმობდა, რომ ჩვენთვის კითხვა ესწავლებინა. ბენმა ბიბლიის დახმარებით აგვიხსნა, რომ სატანისგან და მისი დემონებისგან მოდიოდა მრავალი ცრურწმენა, რომლებშიც გაბმული ჰყავდა მთელი კაცობრიობა, მათ შორის ჩვენი ხალხი. თანდათანობით უფრო მეტად ვაფასებდი იესოს სიტყვებს: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32).
აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ღმერთი თავის მორჩილებს დედამიწაზე სამოთხეში დაასახლებს. გარდა ამისა, მკვდრების აღდგომასაც ვნატრობდი; დედა 1939 წელს დამეღუპა, მამა კი — 1951 წელს. ველოდები იმ დღეს, როდესაც მოვეხვევი მათ და შევეგებები დედამიწაზე, რომელიც მათ ძლიერ უყვარდათ. რა სასიხარულო იქნება, რომ მათაც ვასწავლი იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ.
წერა-კითხვის უცოდინარი მქადაგებელი
თანდათანობით უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიის შესახებ და მსურდა სხვებისთვისაც მომეთხრო მასზე. ნათესავებთან და მეგობრებთან ვსაუბრობდი, მაგრამ სურვილი გამიჩნდა, მსახურება გამეფართოებინა. ასე რომ, როდესაც ბენი ისევ ჩამოვიდა ემერალდში, ბავშვები სწრაფად გავამზადე და ყველა მასთან ერთად საქადაგებლად წავედით. ბენმა მიჩვენა მარტივი შეთავაზებები და მასწავლა, რომ მივნდობოდი იეჰოვას. უნდა ვაღიარო, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ ვიწყებდი საუბარს, მაგრამ სიტყვები გულიდან მომდიოდა“.
პირველად ოჯახის პატრონს ვეუბნებოდი, რომ კითხვა არ ვიცოდი; მერე კი ვთავაზობდი, თვითონ წაეკითხა ადგილები ბიბლიიდან, რომლებსაც ვუთითებდი. ეს ადგილები დამახსოვრებული მქონდა. ზოგჯერ გაკვირვებულ სახეებს ვაწყდებოდი ამ დაბაში, სადაც ძირითადად თეთრკანიანები ცხოვრობენ, მაგრამ იშვიათად მხვდებოდა უხეში ხალხი. დროთა განმავლობაში კითხვა ვისწავლე. ამან რწმენა კიდევ უფრო გამიძლიერა და სულიერად გამზარდა.
ჩემი პირველი კონგრესი
1951 წლის მარტი, როდესაც უკვე თავი იეჰოვასთვის მქონდა მიძღვნილი, ორი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო ჩემთვის განსაკუთრებული — მიძღვნის ნიშნად წყალში უნდა მოვნათლულიყავი და პირველად უნდა დავსწრებოდი იეჰოვას მოწმეთა კონგრესს. მაგრამ ამისთვის დიდ ქალაქში, სიდნეიში, უნდა წავსულიყავი, რაც ამაღელვებელი იყო სოფლელი გოგოსთვის. მთავარი პრობლემა კი ის იყო, რომ ფული არ მქონდა მატარებლისთვის. რა უნდა მეღონა?
გადავწყვიტე, მგზავრობისთვის ფულზე მეთამაშა. „ამას იეჰოვასთვის ვაკეთებ, — ვფიქრობდი მე, — ამიტომაც ის აუცილებლად დამეხმარება, რომ მოვიგო“. კარტის რამდენიმე პარტიის შემდეგ მჯეროდა, რომ იეჰოვა მეხმარებოდა, რადგანაც საკმარისი თანხა მქონდა შეგროვებული, რომ მთელი გზის ხარჯები დამეფარა.
ბენმა იცოდა, რომ სიდნეიში წასვლას ვაპირებდი და სტუმრობისას მკითხა, მყოფნიდა თუ არა ფული მგზავრობისთვის. „როგორ არა, — ვუპასუხე მე. — მატარებლის ფული თამაშში მოვიგე“. ბენი მთლიანად აჭარხლდა და უცბად მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ვთქვი. თავის გასამართლებლად მაშინვე დავუმატე: „რა დაგემართა? კი არ მომიპარავს!“
როდესაც ბენი დამშვიდდა, თავაზიანად ამიხსნა, თუ რატომ არ თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს ქრისტიანები, და დამაწყნარა: „შენი ბრალი არაა, მე შენთვის არასდროს მითქვამს ეს“.
გულთბილი შეხვედრა
1951 წლის 22—25 მარტის ოთხდღიან კონგრესზე პირველად ვნახე მრავალი მოწმე ერთად. მხოლოდ ბენსა და სხვა რამდენიმე კაცს ვიცნობდი და არ მოველოდი, თუ იქ მყოფები ასე კარგად შემხვდებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა სასიხარულო იყო ჩემთვის, რომ ჩემმა მომავალმა სულიერმა და-ძმებმა გულთბილად მიმიღეს და ოდნავი მიკერძოებულობაც არ გამოუმჟღავნებიათ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საკუთარ ოჯახში ვიყავი და თავს თავისუფლად ვგრძნობდი.
დღესაც კარგად მახსოვს ის კონგრესი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ 160 პიროვნებას შორის ვიყავი, რომლებიც მაშინ ბოტანიში მოვინათლეთ. ავსტრალიელ აბორიგენებს შორის ერთ-ერთი პირველი გავხდი იეჰოვას მოწმე. ჩემი სურათი კვირის გაზეთსა და კინოთეატრების კინოქრონიკაში გამოჩნდა.
ერთადერთი მოწმე ქალაქში
სიდნეიდან დაბრუნების შემდეგ ერთ თვეში კუინზლენდის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მთაგორიან ქალაქ მაუნტ-აიზაში გადავედით საცხოვრებლად. ექვსი წელი ფარდულში ვცხოვრობდით და ქალაქგარეთ მიწის დიდ ნაკვეთს ვუვლიდით. კედლები იქვე, ბუჩქნარში, მოჭრილი ტოტებისგან გვქონდა აშენებული. სახურავი კი ძველი კონტეინერისგან გავაკეთეთ, რომელიც გავჭერით და გავაბრტყელეთ. მარტინმა რკინიგზაში იშოვა სამუშაო, მაგრამ ბოლოს სმის გამო ჯანმრთელობა შეერყა. მას შემდეგ მხოლოდ მე ვინახავდი ოჯახს. 1971 წელს მარტინი გარდაიცვალა.
მაუნტ-აიზაში ერთადერთი მოწმე ვიყავი. დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ ბენი ჩამოდიოდა, რადგან მაუნტ-აიზა მის დიდ სამქადაგებლო ტერიტორიაში შედიოდა. თუ ბენი იესო ქრისტეს გახსენების საღამოს — მისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, რადგანაც მას ზეციერი ცხოვრების იმედი ჰქონდა — ჩვენს ქალაქში ხვდებოდა, ჩემს ოჯახთან ერთად ზოგჯერ ხის ქვეშ აღნიშნავდა.
ჩვეულებრივ, ბენი დიდხანს არ რჩებოდა ქალაქში, ასე რომ, მე და ჩემი შვილები, ძირითადად, დამოუკიდებლად ვქადაგებდით. მართალია, მარტო ვიყავით, მაგრამ იეჰოვას სული და მისი მოსიყვარულე ორგანიზაცია გვეხმარებოდა. ერთგული მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი ცოლები საშინელ სიცხეში ბუზებით სავსე მტვრიან უსწორმასწორო გზებს გადიოდნენ, რომ მაუნტ-აიზაში ჩვენ გასამხნევებლად ჩამოსულიყვნენ, თუმცა წლების განმავლობაში ჩვენი ჯგუფი მცირერიცხოვანი იყო. 1 200-ზე მეტ კილომეტრში მდებარე ქალაქ დარვინის ახალი კრებიდანაც ჩამოდიოდნენ ხოლმე მოწმეები.
ჩამოყალიბდა კრება
1953 წლის დეკემბერში მაუნტ-აიზაში კრება ჩამოყალიბდა. ზედამხედველად ბენი დაინიშნა, ხოლო მაუწყებლები მის გარდა მხოლოდ მე და ჩემი ქალიშვილი ენი ვიყავით. მაგრამ მალე სხვა მოწმეებიც ჩამოვიდნენ ქალაქში. ჩვენს ტერიტორიაზეც დაიწყეს გამოჩენა მოწაფეებმა, რომელთა შორის ზოგი აბორიგენი იყო.
კრება თანდათანობით იზრდებოდა და მალე შეხვედრების ჩასატარებლად სამეფო დარბაზი დაგვჭირდა. დიდი შრომის შემდეგ 1960 წლის მაისში ჩვენი საკუთარი დარბაზის მშენებლობა დავამთავრეთ. მომდევნო 15 წლის განმავლობაში ორჯერ მოგვიწია გაფართოება. მაგრამ 70-იან წლებში მაუწყებლების რიცხვმა დაახლოებით 120-ს მიაღწია და დარბაზი ისევ აღარ გვყოფნიდა. ამიტომაც 250-ადგილიანი მშვენიერი სამეფო დარბაზი აშენდა, რომლის მიძღვნაც 1981 წელს მოხდა. რადგანაც დარბაზი საკმაოდ დიდია, მას დიდი შეკრებების, სარაიონო კონგრესებისთვისაც, ვიყენებთ.
აბორიგენებს შორის ზრდა
ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო 1996 წელს აბორიგენებისა და კუნძულების მკვიდრთაგან შემდგარი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც მაუნტ-აიზას კრებას ეკუთვნის. კუნძულების მკვიდრნი ავსტრალიის კონტინენტის მეზობელი კუნძულების აბორიგენები არიან. ამ ჯგუფის ძირითადი მიზანია, უქადაგოს აბორიგენებს, რომელთაგან ზოგი თავს თავისუფლად ვერ გრძნობს თეთრკანიანებს შორის.
მთელ ავსტრალიაში დაახლოებით 20 ასეთი აბორიგენული ჯგუფია. გარდა ამისა, ადელაიდაში, კერნზში, იფსუიჩში, პერთში და ტაუნზვილში აბორიგენული კრებები ჩამოყალიბდა. დაახლოებით 500 კაცი, მათ შორის ჩემი ოჯახის ზოგი წევრი, ესწრება ამ ჯგუფებისა და კრებების შეხვედრებს. აბორიგენი მაუწყებლების თითქმის 10 პროცენტი პიონერი ანუ სრული დროით მსახურია!
1975 წელს დიაბეტით დაავვადდი და ეს ავადმყოფობა, რომელიც მრავალ აბორიგენს აწუხებს, წლების განმავლობაში თავის კვალს ტოვებს. თანდათანობით კითხვა მიძნელდება. მიუხედავად ამისა, იეჰოვა კვლავაც ჩემი ძალისა და სიხარულის წყაროა.
იმ გაბედული მოწმეების მადლობელი ვარ, რომლებიც მე და ჩემს ოჯახს დაგვეხმარნენ. მათი მონდომება, სიყვარული და ის სულიერი საუნჯე, რომელიც თითქმის დაუსახლებელი კუინზლენდის მტვრიანი, უკაცრიელი გზებისა და ბილიკების გავლით ველოსიპედებით ჩამოგვიტანეს, ბიბლიური ჭეშმარიტების შეცნობაში დაგვეხმარა. ახლა მე მტკიცე იმედით ველოდები იმ დროს, როდესაც მარადიულად შევძლებ დედამიწის სიყვარულს.
[სქოლიო]
a ბენ ბრიკელის საინტერესო ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1972 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 533—536 (ინგლ.).
[რუკა⁄სურათი 23 გვერდზე]
პერთი
დარვინი
კერნზი
ტაუნზვილი
მაუნტ-აიზა
როკჰემპტონი
ემერალდი
სპრინგშური
ვურაბინდა
იფსუიჩი
სიდნეი
ადელაიდა
დოროტი დღეს.
[სურათი 21 გვერდზე]
ქადაგება ბენთან ერთად 50-იან წლებში.