საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 4/8 გვ. 16-17
  • დელფინი ჩვენს წყლებში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დელფინი ჩვენს წყლებში
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • იშვიათად გამოჩენის მიზეზი
  • არის ის დელფინი?
  • მწირი მონაცემები, რაც ჩვენს ხელთაა
  • აქვს მას მომავალი?
  • დელფინის ექოლოკაციის უნარი
    ვინ შექმნა?
  • შარკის ყურე ზღვის საოცრება
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროში
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ოკეანის დიდი „ურჩხულები“
    გამოიღვიძეთ! — 2009
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 4/8 გვ. 16-17

დელფინი ჩვენს წყლებში

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

მას თბილი წყალმარჩხი ტროპიკული წყლები უყვარს, მნიშვნელობა არა აქვს ეს წყლები მლაშეა თუ მტკნარი, მღვრიე თუ სუფთა. მისი გავრცელების არე ბენგალის ყურიდან მალაის არქიპელაგის გავლით ჩრდილოეთ ავსტრალიამდე ვრცელდება.

მაგრამ ცოტას თუ უნახავს ირავადიული დელფინი ან სმენია მის შესახებ, განსაკუთრებით კი ავსტრალიელებს, რომელთა ჩრდილოეთ წყლებში, მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით, ამ ცხოველთა უდიდესი რაოდენობა ბინადრობს. საოცარია? ერთი მხრივ ჰო და მეორე მხრივ არა.

მე-19 საუკუნეში ზოოლოგმა ჯონ ანდერსონმა მიანმაში (ყოფილი ბირმა), მდინარე ირავადიში შენიშნა მოცისფრო-მონაცრისფრო დელფინების ჯოგი, რომლებსაც მომრგვალო უნისკარტო თავები ჰქონდათ. მან ამ დელფინს ირავადიული დელფინი უწოდა.

იშვიათად გამოჩენის მიზეზი

ირავადიული დელფინები ბინადრობენ ცხელ და ნოტიო სანაპირო ზოლებში, დელტებსა და მდინარეებში. ისინი ხშირად გვხვდებიან მღვრიე წყლებში, რომლის ნაპირებზეც იზრდება მანგოს ხეები, ხშირი მცენარეული საფარი, სადაც მწერების გუნდი ირევა და, სადაც ზოგჯერ ნიანგებიც არიან, ე. ი. ბინადრობენ გარემოში, რომელიც ადამიანებს მაინცდამაინც არ იზიდავს.

ასეთი წყლები, ჩვეულებრივ, ამღვრეულიცაა და ამიტომ დელფინის დანახვა მხოლოდ იმ დროს შეიძლება, როდესაც ჰაერის ჩასასუნთქად წამით წყლის ზედაპირზე ამოდის. მაშინაც კი მისი სხეულის უმეტესი ნაწილი არ ჩანს. ჩანს მხოლოდ მისი ზურგის გარკვეული ნაწილი და ზურგის ფარფლი, რომელიც სხვა დელფინების ფარფლებთან შედარებით პატარაა.

მაგრამ ზოგ ადგილებში ირავადიული დელფინები ასე იშვიათ სანახაობას როდი წარმოადგენენ. მდინარე ირავადზე მეთევზეებსა და ნავის ორპერატორებს, რომლებიც მოგზაურობენ სხვა მდინარეებშიც, სადაც აზიური დელფინები ბინადრობენ, ხშირად უნახავთ, თუ როგორ ნადირობს ეს ცხოველი, როგორ ამოხტება ხოლმე წყლის ნაკადიდან და ზოგჯერ ისიც უნახავთ, თუ როგორ ასხურებს ის წყალს პირიდან შადრევანივით.

ავსტრალიის წყლებში ირავადიული დელფინები იპოვეს დასავლეთ სანაპიროზე, კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილის ზოლში და მათი გავრცელების არე აღმოსავლეთ სანაპირომდე აღწევს. მათ ჩვეულებრივ ჯოგებად ხედავენ, რომელშიც მათი რაოდენობა 6-მდე, ხოლო ზოგჯერ 15-მდე აღწევს. თავიანთი აზიური ნათესავებისგან განსხვავებით, ავსტრალიის წყლებში მობინადრე დელფინები არასოდეს არ უშვებენ შადრევანს.

არის ის დელფინი?

ირავადიული დელფინები ხმელეთის სიახლოვეს ბინადრობენ და სუფთა წყლებში ბინადარ თავიანთ მკვირცხლ ბიძაშვილებთან შედარებით ნელა მოძრაობენ. მიუხედავად ამისა, მეცნიერებისთვის მაინც სირთულეს წარმოადგენდა მათი შესწავლა. ამის ძირითადი მიზეზი მათი არცთუ ისე მიმზიდველი საარსებო გარემო იყო. მაგრამ ირავადიულ დელფინებს ახლა სწავლობენ ჯაკარტას (ინდონეზია) „ჯაია ანკოლის“ ოკეანარიუმში.

რადგან ირავადიუსების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, ახლო წარსულამდე ბიოლოგები დარწმუნებულები არ იყვნენ, მიეკუთვნებოდა თუ არა ეს ცხოველი ვეშაპისნაირთა საგვარტომო ხეს. ირავადიულ დელფინებს აშკარად ბევრი საერთო აქვთ დელფინებთან. თუმცა ფორმით, და არა ფერით (მკრთალიდან მუქ მოცისფრო-მონაცრისფრომდე), ისინი თითქმის თეთრ ვეშაპს ჰგვანან, ოღონდ შედარებით პატარები არიან. თავიანთი უჩვეულო, მოქნილი კისრითაც ისინი ძალიან ჰგვანან თეთრ ვეშაპს. ამგვარად, რანი არიან ისინი — თეთრი ვეშაპის ეკვატორული ეკვივალენტები თუ ნამდვილი დელფინები?

ამის გამოკვლევის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, სასწორის თეფშებზე მოვათავსოთ მათი ანატომიური აგებულებისა და გენეტიკური თავისებურებების ვრცელი მონაცემები და ვნახოთ, რომელი გადასწონის, თეთრი ვეშაპის თუ დელფინის მხარე. სასწორის თეფში დელფინის ნიშნების მხარეს იხრება.

მწირი მონაცემები, რაც ჩვენს ხელთაა

ირავადიუსის ნაშიერი დაბადებისას დაახლოებით 1 მეტრზე ოდნავ პატარაა და 12 კილოგრამს იწონის. მოზრდილი მამრის სიგრძე დაახლოებით 2,75 მეტრია, ხოლო მდედრის — ცოტა ნაკლები. ისინი 28 წელს ცოცხლობენ.

მკვდარი ირავადიული დელფინის კუჭიდან აღებულმა სინჯებმა ცხადყო, რომ ისინი იკვებებიან თავფეხიანი მოლუსკებით, კიბოსნაირებით, კრევეტებითა და თევზებით, — განსაკუთრებით კი ზღვების ან მდინარეების ფსკერზე ბინადარი თევზებით. ზოგი მეცნიერის აზრით, აზიური დელფინების მიერ წყლის შადრევანივით ამოფრქვევის საოცარი ჩვეულება მათ მღვრიე წყალში თევზებზე ნადირობაში ეხმარება.

სხვა დელფინების მსგავსად ირავადიული დელფინიც გამოსცემს ბგერით სიგნალებს. დოქტორ პიტერ არნოლდმა, ტროპიკული ქვინსლენდის მუზეუმის თანამშრომელმა, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ «„ჯაია ანკოლის“ ოკეანარიუმში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ირავადიული დელფინი, სხვა დელფინების მსგავსად, ბგერით სიგნალებს შესაძლებელია ექოლოკაციისთვის გამოსცემდეს».

აქვს მას მომავალი?

მეცნიერებმა არ იციან, მსოფლიოში თუ რამდენი ირავადიული დელფინი არსებობს. მაგრამ დღეს მათ გადაშენების მზარდი საშიშროება ემუქრებათ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარკვეულ ტერიტორიებში მათი რაოდენობა კლებულობს, სხვა ადგილებში კი საერთოდ გადაშენდნენ.

ხშირად მათი გადაშენება განპირობებულია ხის დამუშავებითა და მასთან დაკავშირებული დაბინძურებით, ასევე მდინარეების შლამით დაბინძურებით. ავსტრალიაში ირავადიული დელფინები ისეთ ადგილებში ბინადრობენ, რომლებიც შედარებით დაუსახლებელია. მაგრამ აღმოსავლეთ სანაპიროს შედარებით მიმზიდველ ზოლში, ურბანიზაციამ და ტურიზმმა იმსხვერპლა ისინი. ზოგი ირავადიული დელფინი მეთევზეების მიერ დაგებულ ბადეში, ხოლო ზოგი ნაპირის მახლობლად მოცურავე ადამიანების ზვიგენებისგან დასაცავად დაგებულ ბადეებში გაება. ირავადიული დელფინების რაოდენობაზე იმ თევზების გადაჭარბებული ჭერაც მოქმედებს, რომლებსაც ეს დელფინები ჭამენ.

მათ გადაშენებას უდიდეს საშიშროებას უქმნის დამაბინძურებელი ნივთიერებების მზარდი რაოდენობა, რომელიც მდინარეებსა და დელტებში ჩაედინება. ყველაზე უარესი ნივთიერებებია ისეთი სინთეზური ორგანული ნაერთები, როგორიცაა: პოლიქლორიდული დიფენილები, რომლებიც ნივთიერებათა წრებრუნვაში არ ებმება. პოლიქლორიდულ დიფენილებს იყენებენ ელექტრონული ნაწარმების, საღებავების, საპოხი ნივთიერებების, ხისა და ლითონის ზედაპირების დასაფარავი ნივთიერებების დასამზადებლად და სხვა პროდუქტების წარმოებაში.

დადებითი ინფორმაცია — ავსტრალიის ბუნების დაცვის სააგენტო თავის ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნავს: „ქვინსლენდში მობინადრე ირავადიული დელფინების უმეტესობას იცავს დიდი ბარიერული რიფის ზღვის პარკი; ამიტომ ქვინსლენდის წყლებში დაცვის კარგი საშუალებები არსებობს“ (The Action Plan for Australian Cetaceans).

დაცვის გაუმჯობესების მიზნით სააგენტო გვირჩევს, კუზა ვეშაპთან, სამხრეთულ ვეშაპსა და აფალინასთან ერთად საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ირავადიულ დელფინსაც. ეს კარგი იქნება როგორც ირავადიული დელფინისთვის, — ისე ჩვენთვისაც.

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

Photos: Courtesy Dr. Tony Preen

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება