საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ გაუძლეს „სხეულში ეკალს“
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 თებერვალი
    • მათ გაუძლეს „სხეულში ეკალს“

      „ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს“ (2 კორინთელთა 12:7).

      1. რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები დღეს?

      ებრძვით თუ არა, ამა თუ იმ პრობლემას, რომელსაც დასასრული არა და არ უჩანს? თუ დიახ, თქვენ მარტო არა ხართ. ამ „საზარელ ჟამს“ ერთგულ ქრისტიანებს საშინელი წინააღმდეგობის, ოჯახური პრობლემების, ავადმყოფობის, ეკონომიური გაჭირვების, ემოციური ტკივილის, საყვარელი ადამიანის სიკვდილისა და სხვა სირთულეების ატანა უწევთ (2 ტიმოთე 3:1—5). ზოგ ქვეყანაში მრავალი ადამიანის სიცოცხლეს საკვების უკმარისობა და ომები უქმნის საფრთხეს.

      2, 3. როგორი პესიმისტური განწყობა შეიძლება დაეუფლოს ადამიანს, როდესაც პრობლემებს აწყდება და რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ეს?

      2 ასეთმა პრობლემებმა შეიძლება ადამიანს ძალა გამოაცალოს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ რამდენიმე სირთულე ერთბაშად ატყდება თავს. ყურადღება მიაქციეთ იგავნის 24:10-ში ჩაწერილ სიტყვებს: «თუ გაჭირვების დროს [„გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება“, აქ]» (იგავნი 24:10). დიახ, განსაცდელების დროს გულგატეხილობა ძალას გვაცლის, რაც ასე აუცილებელია მათ ასატანად; ამ დროს შეიძლება შესუსტდეს ჩვენი გადაწყვეტილება, ბოლომდე გავუძლოთ გასაჭირს. როგორ?

      3 გულგატეხილობას შეუძლია ობიექტურობა დაგვაკარგვინოს. მაგალითად, ძალიან ადვილია, გავაზვიადოთ ჩვენი დუხჭირი მდგომარეობა და შემდეგ საკუთარი თავი შევიბრალოთ. ზოგმა, შესაძლოა, ღმერთსაც კი შესტიროს: „ღმერთო, რატომ დაუშვი ეს, რატომ ჩავვარდი ამ მდგომარეობაში?“. თუ ასეთი პესიმისტური განწყობა ადამიანის გულში ფესვს გაიდგამს, ამან შეიძლება სიხარული და თვითრწმენა დააკარგვინოს. შედეგად კი, ღვთის მსახურს, შესაძლოა, გული იმდენად გაუტყდეს, რომ ‘რწმენისთვის ბრძოლაც’ კი შეწყვიტოს (1 ტიმოთე 6:12, აქ).

      4, 5. ზოგჯერ რა წვლილი შეაქვს სატანას ჩვენს პრობლემებში, მაგრამ რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ?

      4 ერთი რამ ცხადია, იეჰოვა ღმერთისგან არ მომდინარეობს ჩვენი განსაცდელები (იაკობი 1:13). ზოგი განსაცდელი მხოლოდ იმიტომ გვატყდება თავს, რომ ღვთისთვის ერთგულად მსახურებას ვცდილობთ. ფაქტობრივად, ყველა, ვინც იეჰოვას ემსახურება, ღვთის დაუძინებელი მტრის, სატანა ეშმაკის, სამიზნე ხდება. იმ მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც სატანას აქვს დარჩენილი, ეს ბოროტი არსება, „წუთისოფლის ღმერთი“, ცდილობს, იეჰოვას მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს მისი ნების შესრულება შეაწყვეტინოს (2 კორინთელთა 4:4). სატანა მაქსიმალურად ცდილობს, მთელ მსოფლიოში ჩვენს საძმოს სატანჯველი გაუჩინოს (1 პეტრე 5:9). მართალია, უშუალოდ ეშმაკი არ არის ყველა ჩვენი პრობლემის მიზეზი, მაგრამ შეუძლია პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებით, იმისათვის გამოიყენოს, რომ კიდევ უფრო დაგვასუსტოს.

      5 მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სატანა ან მისი იარაღები, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვძლიოთ მას! რატომ ვართ ამაში დარწმუნებული? იმიტომ, რომ იეჰოვა იბრძვის ჩვენთვის. ღმერთმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ჩვენთვის, თავისი მსახურებისთვის, უცნობი არ ყოფილიყო სატანის ტაქტიკა (2 კორინთელთა 2:11). ფაქტობრივად, ღვთის სიტყვა ბევრს გვიყვება იმ განსაცდელების შესახებ, რომლებსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები აწყდებიან. მოციქულ პავლეს შემთხვევაში ბიბლია იყენებს გამოთქმას „ეკალი სხეულში“. რატომ? მოდი განვიხილოთ, თუ როგორ განმარტავს ღვთის სიტყვა ამ ფრაზას. მაშინ დავინახავთ, რომ მარტო ჩვენ არ გვიჭირს და განსაცდელების დასაძლევად მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება იეჰოვას დახმარება.

      რატომ შეიძლება განსაცდელები ეკალს შევადაროთ?

      6. რას გულისხმობდა პავლე, როდესაც ამბობდა, რომ ‘ეკალი მიეცა სხეულში’ და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ეკალი?

      6 პავლე, რომელმაც მძიმე გამოცდები გადაიტანა, ღვთის შთაგონებით წერდა: «ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს [„ჩემდა საწამებლად“, სსგ], რათა არ გავმედიდურდე» (2 კორინთელთა 12:7). რა ეკალი ჰქონდა პავლეს სხეულში? დავიწყოთ იქიდან, რომ, თუ ეკალი ღრმად შეგვესო, ეს ნამდვილად ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ამ მეტაფორის გამოყენება გვიჩვენებს, რომ პავლეს რაღაც აყენებდა ტკივილს, იქნებოდა ეს ფიზიკური, ემოციური თუ ორივე ერთად. შესაძლოა, პავლეს მხედველობასთან დაკავშირებული ან რაიმე სხვა ფიზიკური უძლურებით გამოწვეული პრობლემები აწუხებდა. ან შეიძლება ეკალში იმ ადამიანთა მოქმედება იგულისხმებოდა, რომლებიც საკამათოს ხდიდნენ პავლეს, როგორც მოციქულის, უნარიანობას და ეჭვქვეშ აყენებდნენ მის ქადაგებასა თუ სწავლებას (2 კორინთელთა 10:10—12; 11:5, 6, 13). ასე იყო თუ ისე, ეკალი რჩებოდა პავლეს სხეულში და მისი მოცილება შეუძლებელი გახლდათ.

      7, 8. ა) რაზე მიუთითებს გამოთქმა ‘საწამებლად’? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი იმ ნებისმიერი „ეკლის“ ატანა, რომლებიც დღეს ტკივილს გვაყენებს?

      7 შენიშნეთ, ეკალი გამუდმებით ‘აწამებდა’ პავლეს. საინტერესოა, რომ ბერძნული ზმნა, რომელიც პავლემ აქ გამოიყენა, კასტეტით (თითებზე წამოსაცმელი ლითონის ფირფიტით) ცემის აღმნიშვნელი სიტყვიდან მომდინარეობს. ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით მათეს 26:67-სა და გადატანითი მნიშვნელობით 1 კორინთელთა 4:11-ში გამოიყენება. ამ მუხლებში ის მუშტებით ცემის მნიშვნელობით გამოიყენება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სატანას საშინლად სძულს იეჰოვა და მისი მსახურები, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას სიამოვნებდა, როდესაც პავლეს „ეკალი“ გამუდმებით ‘აწამებდა’. დღესაც ასეთსავე სიამოვნებას გვრის სატანას იმის დანახვა, რომ ‘სხეულში ეკლით’ ვართ შეწუხებული.

      8 ამიტომ პავლეს მსგავსად, საჭიროა, ჩვენც ვიცოდეთ, როგორ გავუძლოთ ასეთ „ეკალს“. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე! გახსოვდეთ, იეჰოვას სურვილია, ჩვენ მარადიულად ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ შეგვაწუხებს პრობლემები, რომლებიც ეკალს შეიძლება შევადაროთ. ამ შესანიშნავი ჯილდოსთვის ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად ღმერთმა თავის წმინდა სიტყვაში, ბიბლიაში, იმის მრავალი მაგალითი ჩაწერა, თუ როგორ გაუძლეს მისმა ერთგულმა მსახურებმა სხეულში „ეკალს“. ისინი ჩვენსავით ჩვეულებრივი, არასრულყოფილი ადამიანები იყვნენ. „მოწმეთა“ ამ დიდი ‘ღრუბლიდან’ ზოგიერთის მაგალითის განხილვა ‘ჩვენს წინ მდებარე სარბიელის მოთმინებით გარბენაში’ დაგვეხმარება (ებრაელთა 12:1). მათ ამტანობაზე დაფიქრება, დაგვარწმუნებს, რომ ჩვენც შევძლებთ ნებისმიერი „ეკლის“ ატანას, რომელსაც შესაძლოა სატანა ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.

      „ეკალი“, რომელიც მეფიბოშეთს აწუხებდა

      9, 10. ა) რა იქცა მეფიბოშეთისთვის „ეკლად“? ბ) რა სიკეთე გამოავლინა მეფე დავითმა მეფიბოშეთის მიმართ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს?

      9 განვიხილოთ მეფიბოშეთის, დავითის მეგობრის, იონათანის, ძის მაგალითი. ხუთი წლის იყო მეფიბოშეთი, როდესაც მამამისის, იონათანისა და ბაბუის, მეფე საულის, დახოცვის შესახებ ცნობა მიიღეს. ბავშვის ძიძა ძალზე აფორიაქდა. მან „ხელში აიყვანა იგი... გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა“ (მეორე მეფეთა 4:4). დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, ეს დეფექტი მეფიბოშეთისთვის „ეკლად“ ქცეულიყო.

      10 რამდენიმე წლის შემდეგ მეფე დავითმა იონათანისადმი დიდი სიყვარულის გამო მეფიბოშეთის მიმართ სიკეთე გამოავლინა. მეფემ საულის მთელი ქონება მას გადასცა და მიწის დასამუშავებლად საულის მორჩილი ციბა დაუნიშნა; ამასთანავე დავითმა მეფიბოშეთს უთხრა: „მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“ (მეორე მეფეთა 9:6—10). ეჭვგარეშეა, დავითის მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა და სიკეთემ მეფიბოშეთი ანუგეშა და თავისი ფიზიკური დეფექტით გამოწვეული ტკივილიც შეუმცირა. რა დიდებული გაკვეთილია! ჩვენც უნდა გამოვავლინოთ სიკეთე მათ მიმართ, ვისაც სხეულში „ეკალი“ აქვს.

      11. რა თქვა ციბამ მეფიბოშეთის შესახებ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ეს სიცრუე იყო (იხილეთ სქოლიო)?

      11 მოგვიანებით მეფიბოშეთს კიდევ სხვა „ეკალთან“ მოუწია ბრძოლა. როდესაც თავისი ძის, აბესალომის, ამბოხების გამო დავითი იერუსალიმიდან გარბოდა, მსახურმა ციბამ თავის ბატონს მეფესთან ცილი დასწამა და უთხრა, რომ მეფიბოშეთმა უღალატა და იერუსალიმში იმ იმედით დარჩა, რომ ტახტი დაებრუნებინაa. დავითმა დაუჯერა ციბას და მეფიბოშეთის მთელი ქონება ამ მატყუარას გადასცა! (მეორე მეფეთა 16:1—4).

      12. როგორი იყო შექმნილ მდგომარეობაზე მეფიბოშეთის რეაქცია და რა მხრივ არის ჩვენთვის ეს შესანიშნავი მაგალითი?

      12 მაგრამ ბოლოს, როდესაც მეფიბოშეთი დავითს შეხვდა, მოუყვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ის თურმე დავითთან ერთად წასვლას აპირებდა, როდესაც ციბამ შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, სახლში დარჩი და შენს მაგივრად მე წავალო. გამოასწორა დავითმა მდგომარეობა? ნაწილობრივ. მან ეს ქონება ამ ორ კაცს გაუყო. მაშინ მეფიბოშეთი იმის საშიშროების წინაშე დადგა, რომ სხეულში კიდევ ერთი „ეკალი“ გასჩენოდა. ძალიან დასწყდა მას გული? უკმაყოფილო დარჩა დავითის გადაწყვეტილების გამო და აწუწუნდა, რომ ეს უსამართლობა იყო? არა, ის თავმდაბლად შეხვდა მეფის ნება-სურვილს. მეფიბოშეთის ყურადღება დადებითზე იყო მიმართული და ხარობდა, რომ ისრაელის კანონიერი მეფე ტახტს უვნებელი დაუბრუნდა. მეფიბოშეთმა ჭეშმარიტად დაგვიტოვა ფიზიკური დეფექტის, ცილისწამებისა და გულგატეხილობის ატანის შესანიშნავი მაგალითი (მეორე მეფეთა 19:24—30).

      ნეემიამ გაუძლო განსაცდელებს

      13, 14. რა „ეკლის“ ატანა მოუწია ნეემიას, როდესაც იერუსალიმის კედლების აღსადგენად დაბრუნდა?

      13 დაფიქრდით იმ ფიგურალურ „ეკალზე“, რომლის ატანაც ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში უგალავნო იერუსალიმში დაბრუნებულ ნეემიას მოუწია. წინასწარმეტყველს ქალაქი სრულიად დაუცველი დახვდა და სამშობლოში დაბრუნებული იუდაელებიც არაორგანიზებულნი, გულგატეხილნი და იეჰოვას თვალში სიწმინდედაკარგულნი იყვნენ. თუმცა მეფე არტაქსერქსესგან იერუსალიმის კედლების აღდგენის უფლება მიღებული ჰქონდა, ნეემიამ მალევე დაინახა, რომ მისი მისია მეზობელი ქვეყნების მმართველთათვის საძულველი იყო. მათ „დიდად ეწყინათ, რომ ისრაელიანთათვის სიკეთისმყოფელი კაცი მოვიდა“ (ნეემია 2:10).

      14 ის უცხოელი მოწინააღმდეგენი ყოველ ღონეს ხმარობდნენ ნეემიას საქმის შესაჩერებლად. მათი მუქარა, სიცრუე, ცილისწამება, დაშინება, აგრეთვე გულის გასატეხად მსტოვრების მიგზავნა, ალბათ, წინასწარმეტყველისთვის ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც სხეულში გამუდმებით ეკლების შესობა. გახდა ნეემია მათი ხრიკების მსხვერპლი? არა! ის კი არ დასუსტებულა, არამედ მთლიანად იეჰოვას მიენდო. ამგვარად, იერუსალიმის კედლები საბოლოოდ აღადგინეს, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იეჰოვას მიერ ნეემიასთვის სიყვარულით გაწეული მხარდაჭერის დადასტურება იყო (ნეემია 4:1—12; 6:1—19).

      15. იუდაელთა შორის არსებული რომელი პრობლემების გამო წუხდა ნეემია?

      15 როგორც მმართველი, ნეემია ღვთის ხალხს შორის არსებულ მრავალ პრობლემასაც უნდა გამკლავებოდა. ეს სირთულეები „სხეულში ეკალივით“ იყო, რომლებიც ძალიან აწუხებდა ნეემიას, რადგან ისინი იეჰოვასთან მისი ხალხის ურთიერთობაზე ახდენდა გავლენას. მდიდრები დიდ ვახშს იღებდნენ თავიანთი ღარიბი ძმებისგან, რომლებიც ვალებისა და სპარსელთათვის ხარკის გადასახდელად იძულებული იყვნენ, საკუთარი მიწის ნაკვეთები დაეთმოთ და შვილებიც კი მონებად გაეყიდათ (ნეემია 5:1—10). მრავალი იუდაელი შაბათს არ იცავდა და ლევიანებსა და ტაძარს არაფრით ეხმარებოდა. ზოგიც ‘აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებზე’ ქორწინდებოდა. ო, რა დიდ ტკივილს აყენებდა ეს ნეემიას! მაგრამ არც ერთი ამ სირთულის ანუ „ეკლის“ გულისთვის ნეემიას ფარ-ხმალი არ დაუყრია. ისევ და ისევ, როგორც ღვთის სამართლიანი კანონების მთელი გულით დამცველი, მთელი შემართებით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას. ნეემიას მსგავსად, სხვების ორგულობის მაგალითმა დაე ჩვენც არ ჩამოგვაშოროს იეჰოვასთვის ერთგულად მსახურებას (ნეემია 13:10—13, 23—27).

      მრავალი სხვა ერთგული მსახურიც გაუმკლავდა „სხეულში ეკალს“

      16-18. რა ოჯახური პრობლემები ჰქონდათ ისააკსა და რებეკას, ხანას, დავითსა და ოსიას?

      16 ბიბლიაში მრავალი სხვა ერთგული მსახურის მაგალითებიცაა მოცემული, რომლებიც არაერთ „ეკალს“, არასასიამოვნო შემთხვევებს გაუმკლავდნენ; მათი გამომწვევი ერთ-ერთი საყოველთაო მიზეზი ოჯახური პრობლემები იყო. ესავის ორმა ცოლმა „სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას“, ესავის მშობლებს. რებეკამ ისიც კი თქვა ხეთელმა ქალებმა სიცოცხლე შემაძულესო (დაბადება 26:34, 35; 27:46). დაფიქრდით ხანაზეც და იმაზეც, თუ როგორ „აჭირვებდა მას“ უშვილობის გამო თავისი მეტოქე, ელკანას მეორე ცოლი, ფენინა. შესაძლოა, ხანა ამ დაცინვას სახლში ხშირად იტანდა, მაგრამ ფენინა არც მაშინ ერიდებოდა მის დამცირებას, როდესაც მთელი ოჯახი — მათ შორის მეგობრები და ნათესავები — სილოამში დღესასწაულს ესწრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხანას კიდევ უფრო უმწვავებდა ტკივილს, რომელსაც მას „ეკალი“ აყენებდა (პირველი მეფეთა 1:4—7).

      17 დაფიქრდით, თუ რა აიტანა დავითმა შურით დაავადებული თავისი სიმამრის, მეფე საულისგან. სიცოცხლის შესანარჩუნებლად დავითი იძულებული იყო ყენ-გადის უდაბნოს გამოქვაბულში ეცხოვრა და მთების ციცაბო კალთებსა და კლდოვან უღელტეხილებზე ევლო. ამ უსამართლობას დავითი უნდა გაეღიზიანებინა, რადგან საულისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. დიახ, წლების განმავლობაში საულის შურიანობის გამო დავითს ისე უნდა ეცხოვრა, როგორც ნადირს, რომელსაც მონადირე მისდევს (პირველი მეფეთა 24:15, 16; იგავნი 27:4).

      18 წარმოიდგინეთ ოჯახური უსიამოვნება, რომელთან გამკლავებაც წინასწარმეტყველ ოსიას უწევდა. მისმა ცოლმა მრუშობა დაიწყო. ცოლის უზნეობა, ალბათ, გულში ეკალივით ესობოდა წინასწარმეტყველს. ოსიამ, ალბათ, კიდევ უფრო დიდი ტკივილი განიცადა მაშინ, როდესაც ამ ქალმა უკანონოდ ორი შვილი უშვა! (ოსია 1:2—9).

      19. როგორი დევნის მსხვერპლი გახდა წინასწარმეტყველი მიქა?

      19 სხვა სირთულე, რომელიც ეკალს შეიძლება შევადაროთ, არის დევნა. განვიხილოთ წინასწარმეტყველ მიქას შემთხვევა. იმის დანახვა, რომ ბოროტმა მეფე აქაბმა ირგვლივ ცრუ წინასწარმეტყველები შემოიკრიბა და მეფეს სჯეროდა მათ მიერ ნათქვამი მტკნარი სიცრუე, მიქას მართალ სულს უშფოთებდა. როდესაც მიქამ აქაბს უთხრა „სიცრუის სულმა“ ალაპარაკა ყველა წინასწარმეტყველიო, რა გააკეთა ამ თაღლითთა თავკაცმა? მან „ლოყაში გაარტყა მიქას“! უარესი იყო აქაბის რეაქცია იეჰოვას გაფრხთილებაზე იმის შესახებ, რომ გალაადის რამოთის დასაბრუნებლად გალაშქრება მარცხით დამთავრდებოდა. მეფემ ბრძანა, რომ მიქა დილეგში ჩაეგდოთ და საჭმელად მწირი ულუფა მიეცათ (მესამე მეფეთა 22:6, 9, 15—17, 23—28). გაიხსენეთ იერემიაც და ისიც, თუ როგორ ეპყრობოდნენ მას პირსისხლიანი მდევნელები (იერემია 20:1—9).

      20. რა „ეკლის“ ატანა მოუწია ნაყომის და როგორ დაჯილდოვდა ის?

      20 საყვარელი ადამიანების დაკარგვა კიდევ ერთი მძიმე მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს ეკალივით ესობა. ნაყომის ქმრისა და ორი შვილის სიკვდილით გამოწვეული მტკივნეული დანაკლისის ატანა მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ სული ჰქონდა გამწარებული, ის ბეთლემში დაბრუნდა. ქალმა მეგობრებს სთხოვა, მისთვის ნაყომი კი არ დაეძახათ, არამედ მარა; ამ სახელში ისახებოდა ის მწარე უბედურება, რომელიც მას თავს გადახდა. მაგრამ ბოლოს, მისი მოთმინება დაჯილდოვდა და იეჰოვამ შვილიშვილით დაასაჩუქრა. ეს შვილიშვილი კი მესიის წინაპარი გახდა (რუთი 1:3—5, 19—21; 4:13—17; მათე 1:1, 5).

      21, 22. რა უბედურებები დაატყდა იობს თავს, მაგრამ როგორი იყო მისი რეაქცია?

      21 წარმოიდგინეთ, რამდენად თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო იობისთვის მხოლოდ იმის მოსმენაც კი, რომ მოულოდნელად მისი ათი საყვარელი შვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რომ არაფერი ვთქვათ მთელი თავისი შინაური პირუტყვისა და მსახურთა დაკარგვაზე. უცებ მისთვის ქვეყანა დაიქცა! ასეთი დარტყმებისგან წაბარბაცებულ იობს სატანამ კიდევ დაჰკრა და ავადმყოფობა შეჰყარა. იობს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, რომ ეს საშინელი დაავადება მოკლავდა. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ სიკვდილს შვებად მიიჩნევდა (იობი 1:13—20; 2:7, 8).

      22 თითქოს თავისი გასაჭირი არ ყოფნიდა, ცოლმაც, რომელიც თავის მხრივ გამწარებული და გაწამებული იყო, უთხრა: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ რა მტკივნეული იქნებოდა ეს „ეკალი“ტკივილებისგან ისედაც დატანჯული იობისთვის! შემდეგ იობის სამი მეგობარი მივიდა და ნუგეშისცემის ნაცვლად, ლიტონი სიტყვებით მსჯელობა დაიწყეს, იობს ფარულ ცოდვებში დასდეს ბრალი და თავდაჯერებით ამბობდნენ, რომ ეს ცოდვები იყო მისი უბედურების მიზეზი. მათი მცდარი არგუმენტები ეკლით მიყენებულ ჭრილობაზე დარტყმას გავდა. გაიხსენეთ ისიც, რომ იობმა არ იცოდა, რატომ დაატყდა თავს ეს საშინელებები; არც ის იცოდა, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მაგრამ „მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია“ (იობი 1:22; 2:9, 10; 3:3; 14:13; 30:17). მიუხედავად იმისა, რომ ერთბაშად ბევრი უბედურება დაატყდა თავს, იობს თავისი უმწიკვლობა არ შეუბღალავს. რამდენად გამამხნევებელი მაგალითია!

      23. რამ აატანინა სხეულში „ეკალი“ამ სტატიაში მოხსენიებულ ერთგულ ადამიანებს?

      23 აქ ჩამოთვლილი მაგალითების სია, რა თქმა უნდა, სრული არ არის. ბიბლიაში გაცილებით მეტ მაგალითს ვხვდებით. ყველა ერთგული მსახური საკუთარ, გადატანითი მნიშვნელობით, „ეკალს“ ებრძოდა. ო, რამდენ სხვადასხვაგვარ პრობლემებს აწყდებოდნენ ისინი! მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო ჰქონდათ, — იეჰოვასთვის მსახურება არც ერთ მათგანს არ მიუტოვებია. განსაცდელების მიუხედავად, იეჰოვას მიერ განმტკიცებულებმა სძლიეს სატანას. როგორ? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს და დაგვანახვებს, როგორ შეგვიძლია ჩვენც გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რომელიც სხეულში ეკლად გვესობა.

      [სქოლიოები]

      a მსგავსი ამბიციურობა არ იქნებოდა ისეთი მადლიერი და თავმდაბალი კაცის თვისება, როგორიც მეფიბოშეთი იყო. ეჭვგარეშეა, მას კარგად ეცოდინებოდა თავისი მამის, იონათანის, მიერ გამოვლენილი ერთგულების შესახებ. თუმცა მეფე საულის ძე იყო, იოანათანი თავმდაბლად სცნობდა დავითს იეჰოვას მიერ ისრაელზე მეფობისთვის არჩეულ პიროვნებად (პირველი მეფეთა 20:12—17). ღვთისმოშიში მშობელი და დავითის ერთგული მეგობარი, იოანათანი თავის პატარა ბიჭს სამეფო ძალაუფლებისკენ ლტოლვას არ ჩაუნერგავდა.

  • „სხეულში ეკალთან“ გამკლავება
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 თებერვალი
    • „სხეულში ეკალთან“ გამკლავება

      „გეყოფა ჩემი მადლი“ (2 კორინთელთა 12:9).

      1, 2. ა) რატომ არ უნდა აგვიბნიოს თავგზა იმ ფაქტმა, რომ განსაცდელებსა და პრობლემებს ვაწყდებით? ბ) რატომ შეგვიძლია განსაცდელების დროს გულდაჯერებული ვიყოთ?

      „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). რატომ? მიზეზი ის გახლავთ, რომ სატანის სიტყვების თანახმად, ადამიანები ღმერთს მხოლოდ ეგოისტური მიზნებიდან გამომდინარე ემსახურებიან. ამიტომაც არის, რომ ის სასოწარკვეთილი ცდილობს თავისი ნათქვამის დამტკიცებას. ერთხელ იესომ მოციქულები გააფრთხილა: «სატანამ ითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს [„გაგცხრილოთ“, აქ]» (ლუკა 22:31). იესომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ღმერთმა მისცა სატანას უფლება, მტკივნეული პრობლემებით გამოვეცადეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სირთულე, რასაც ცხოვრების გზაზე ვაწყდებით, სატანის ან მისი დემონებისგან მომდინარეობს (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ სატანას მთელი გულით სურს, ჩვენი უმწიკვლობის შესალახად თავის არსენალში არსებული ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს.

      2 ბიბლია გვეუბნება, რომ განსაცდელებმა თავგზა არ უნდა აგვიბნიოს. რაც უნდა შეგვემთხვეს, ეს არც უჩვეულოა და არც მოულოდნელი (1 პეტრე 4:12). ფაქტობრივად, ‘მსგავსი სატანჯველი ჩვენს საძმოსაც ხვდება წუთისოფელში’ (1 პეტრე 5:9). დღეს სატანა უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ღვთის ნებისმიერ მსახურზე. მას სიამოვნებას ანიჭებს ჩვენთვის, რაც შეიძლება მეტი პრობლემის შექმნა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ამ წუთისოფელს იმგვარად იყენებს, რომ ჩვენს „სხეულში ეკალი“ გაამრავლოს ან ამ „ეკლით“ მიყენებული ტკივილი გაამწვავოს (2 კორინთელთა 12:7). მიუხედავად ამისა, სატანა ვერ შეძლებს ჩვენი უმწიკვლობის შელახვას, რადგან როგორც განსაცდელისას გვაძლევს იეჰოვა ‘გამოსავალს’, ისევე გვეხმარება მაშინაც, როდესაც ისეთ სირთულეებს ვაწყდებით, რომლებიც სხეულში „ეკალს“ შეიძლება შევადაროთ (1 კორინთელთა 10:13).

      როგორ გავუმკლავდეთ „ეკალს“?

      3. როგორ უპასუხა იეჰოვამ პავლეს, როდესაც მან სხეულიდან „ეკლის“ მოშორება სთხოვა?

      3 მოციქული პავლე ღმერთს ევედრებოდა, მოეშორებინა მისი სხეულიდან „ეკალი“. „სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი“. როგორი იყო პავლეს მუდარაზე იეჰოვას პასუხი? „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:8, 9). მოდი გავაანალიზოთ ეს პასუხი და ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ის დაგვეხმაროს ნებისმიერ მტკივნეულ პრობლემასთან, „ეკალთან“ გამკლავებაში.

      4. რა სხვადასხვაგვარი სარგებლობა მოუტანა პავლეს იეჰოვას მადლმა?

      4 ყურადღება მიაქციეთ, თუ რისკენ აღძრა ღმერთმა პავლე — დაეფასებინა მადლი, რომელიც ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით მის მიმართაც გამოავლინა. მართლაც, პავლე მრავალმხრივ იყო კურთხეული. იეჰოვამ სიყვარული გამოავლინა მის მიმართ, პატივი დასდო და იესოს მოწაფედ გახდომის შესაძლებლობა უბოძა, თუმცა ადრე იესოს მიმდევრების ფანატიკური მდევნელი გახლდათ, (საქმეები 7:58; 8:3; 9:1—4). შემდეგ კი გულმოწყალედ მისცა მრავალი აღმაფრთოვანებელი დანიშნულება. გაკვეთილი დღესავით ნათელია: ყველაზე საშინელ განსაცდელში ყოფნის დროსაც კი მრავალი კურთხევა გვაქვს, რომლისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, განსაცდელებმა არასოდეს უნდა დაგვავიწყოს იეჰოვას მიერ გამოვლენილი მრავალი სიკეთე (ფსალმუნი 30:20).

      5, 6. ა) როგორ ასწავლა იეჰოვამ პავლეს, რომ ღვთის ძალა „უძლურებაში ხდება სრულყოფილი“? ბ) როგორ დაადასტურა პავლეს მაგალითმა, რომ სატანა მატყუარაა?

      5 იეჰოვას მადლი ‘სამყოფია’ სხვა სახითაც. ღვთის ძალა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ განსაცდელები აგვატანინოს (ეფესელთა 3:20). იეჰოვამ პავლეს ასწავლა, რომ ღვთიური ძალა „უძლურებაში ხდება სრულყოფილი“. როგორ? მან სიყვარულით მისცა მოციქულს იმდენი ძალა, რამდენიც განსაცდელთან გასამკლავებლად სჭირდებოდა. თავის მხრივ, პავლეს მოთმინებამ და იეჰოვასადმი მთელი გულით მინდობამ ყველასთვის ნათელი გახადა, რომ ღვთის ძალა იმარჯვებდა ამ სუსტი და ცოდვილი კაცის შემთხვევაში. ახლა წარმოიდგინეთ, რა გავლენა იქონია ამან ეშმაკზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები ღმერთს მხოლოდ მაშინ ემსახურებიან, როდესაც მშვიდად და წყნარად ცხოვრობენ. პავლეს მიერ უმწიკვლობის შენარჩუნება ამ მატყუარასთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო.

      6 საქმე ეხებოდა პავლეს, ღვთის წინააღმდეგ სატანის ყოფილ მოკავშირეს, ქრისტიანების დაუძინებელ მდევნელს, თავგამოდებულ ფარისეველს, რომელიც ეჭვგარეშეა, ერთ დროს უზრუნველად ცხოვრობდა, რამეთუ წარჩინებული ოჯახის შვილი გახლდათ. ახლა კი ეს კაცი იეჰოვასა და ქრისტეს ემსახურებოდა როგორც „უმცირესი... მოციქულებს შორის“ (1 კორინთელთა 15:9). ერთი სიტყვით, ის თავმდაბლად ემორჩილებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს და, სხეულში ეკლის არსებობის მიუხედავად, ბოლომდე ითმენდა. სატანისდა სამწუხაროდ, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა პავლეს ენთუზიაზმი ვერ ჩაახშო. მოციქულს არასოდეს დავიწყებია ის, რომ ქრისტესთან ერთად იმეფებდა ზეციერ სამეფოში (2 ტიმოთე 2:12; 4:18). ვერავითარი „ეკალი“, რამდენად მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ვერ შეამცირებდა მოციქულის ენთუზიაზმს. დაე ჩვენც ასევე მტკიცედ ვიდგეთ და შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი! განსაცდელების დროს იეჰოვა ძალას გვაძლევს და შესანიშნავ შესაძლებლობას გვიქმნის, ჩვენც დავეხმაროთ იმის დამტკიცებაში, რომ სატანა მატყუარაა (იგავნი 27:11).

      იეჰოვას ღონისძიებები მნიშვნელოვანია

      7, 8. ა) რა საშუალებებით აძლიერებს დღეს იეჰოვა თავის მსახურებს? ბ) რატომ არის ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და შესწავლა ასე მნიშვნელოვანი სხეულში „ეკალთან“გამკლავებაში?

      7 დღეს იეჰოვა ერთგულ ქრისტიანებს თავისი სულიწმიდის, ბიბლიისა და ჩვენი ქრისტიანული საძმოს მეშვეობით აძლევს ძალას. მოციქულ პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ტვირთი იეჰოვას მივანდოთ ლოცვაში (ფსალმუნი 54:23). ღმერთმა შეიძლება არ ჩამოგვაშოროს განსაცდელები, მაგრამ საიმისო სიბრძნე მოგვცეს, რომ არა მარტო ამ განსაცდელებს გავუმკლავდეთ, არამედ ისეთებსაც კი, რომლებიც განსაკუთრებით რთული ასატანია. იეჰოვას შეუძლია სულის სიმტკიცეც — „აღმატებული ძლიერებაც“ — მოგვცეს, რათა სირთულეების ატანაში დაგვეხმაროს (2 კორინთელთა 4:7).

      8 როგორ ვიღებთ ასეთ დახმარებას? გულმოდგინედ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, რადგან მხოლოდ მასში შევძლებთ ნამდვილი ნუგეშის პოვნას (ფსალმუნი 93:19). ბიბლიაში ვკითხულობთ გულში ჩამწვდომ სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორ ევედრებოდნენ ღმერთს თავისი მსახურები, რომ დახმარებოდა მათ. იეჰოვას პასუხები, რომლებშიც ხშირად მანუგეშებელი სიტყვებია ჩართული, კარგი საზრდოა ჩვენი გონებისთვის. ღვთის სიტყვის შესწავლა განგვამტკიცებს, რათა „აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“. როგორც ფიზიკურ საზრდოს მივირთმევთ ყოველდღიურად ჩვენი ორგანიზმის გამოსაკვებად და გასაძლიერებლად, ისევე უნდა ვისაზრდოოთ რეგულარულად ღვთის სიტყვით. ვაკეთებთ თუ არა ამას? თუ დიახ, მაშინ დავინახავთ, რომ „აღმატებული ძლიერება“დაგვეხმარება, ავიტანოთ ნებისმიერი „ეკალი“, რომელიც დღეს გვხვდება.

      9. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ იმ თანაქრისტიანებს, რომლებიც პრობლემებს უმკლავდებიან?

      9 ღვთისმოშიშ ქრისტიან უხუცესებს შეუძლიათ, იყვნენ „როგორც საფარი“ უბედურებებით გამოწვეულ „ქარში“და „თავშესაფარი“ პრობლემებით გამოწვეულ „ავდარში“. უხუცესები, რომლებსაც სურთ, ამ აღწერილობას შეესაბამებოდნენ, თავმდაბლად და გულწრფელად სთხოვენ იეჰოვას, მისცეს მათ „სწავლულთა ენა“, რათა იცოდნენ, თუ როგორ ანუგეშონ სათანადოდ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანები. მათი სიტყვები შეიძლება მოალერსე წვიმის წვეთების მსგავსი იყოს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას აცხრობს ჩვენს გრძნობებს და გვანუგეშებს. უხუცესები ‘სულმოკლეთ [„გულდამძიმებულთ“, აქ] ანუგეშებენ’ და, ამგვარად, ნამდვილად მხარში უდგანან თავიანთ სულიერ ძმებსა და დებს, რომლებიც შეიძლება სხეულში „ეკლის“ გამო ქანცგაწყვეტილები ან გულგატეხილები არიან (ესაია 32:2; 50:4; 1 თესალონიკელთა 5:14).

      10, 11. როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს იმ თანაქრისტიანთა გამხნევება, რომლებიც მძიმე განსაცდელებს იტანენ?

      10 იეჰოვას ყველა მსახური ერთიანი ქრისტიანული ოჯახის წევრია. დიახ, თითოეული ჩვენგანი „ერთიმეორისთვის... ასონი“ ვართ და „გვმართებს ერთმანეთის სიყვარული“ (რომაელთა 12:5; 1 იოანე 4:11). როგორ ვასრულებთ ამ ვალდებულებას? 1 პეტრეს 3:8-ის თანახმად, ამისათვის საჭიროა „ყველა [თანამორწმუნე] ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, [და] შემწყნარებელნი“ ვიყოთ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია განსაკუთრებული ყურადღება გამოვავლინოთ ყველას მიმართ, ვისაც სხეულში ესა თუ ის „ეკალი“ აქვს და მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდები იქნებიან ისინი თუ ხანდაზმულები. როგორ?

      11 უნდა ვეცადოთ, ჩავწვდეთ მათ საწუხარს. თუ ასეთი და-ძმებისადმი არავითარი თანაგრძნობა არ გაგვაჩნია, თუ მათ მიმართ ცივები ან გულგრილნი ვართ, შეიძლება ჩვენდაუნებურად კიდევ უფრო გავუძლიეროთ ტკივილი. იმ ფაქტმა, რომ ვიცით ძმისა თუ დის გასაჭირი, უნდა აღგვძრას, დავფიქრდეთ, რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ და როგორ ვიქცევით მათთან. ჩვენმა ოპტიმისტურმა განწყობილებამ და გამხნევებამ შეიძლება გარკვეულწილად შეუმსუბუქოთ ამა თუ იმ „ეკლით“ მიყენებული ძლიერი ტკივილი. ამგვარად შევძლებთ მათ გაძლიერებას (კოლასელთა 4:11, აქ).

      როგორ გაუმკლავდა ზოგი ერთგული ქრისტიანი ტკივილს?

      12—14. ა) რა გააკეთა ერთმა კიბოთი დაავადებულმა ქრისტიანმა თავის მდგომარეობასთან გასამკლავებლად? ბ) როგორ ამოუდგნენ მხარში ამ დას და როგორ გაამხნევეს ის სულიერმა და-ძმებმა?

      12 ახლა, როდესაც უკანასკნელი დღეები იწურება, ‘მშობიარობის ტკივილები’ უფრო და უფრო მწვავდება (მათე 24:8). ამიტომ მთელ დედამიწაზე, ალბათ, ყველას აქვს რაღაც სატკივარი. განსაკუთრებით კი ის იეჰოვას ერთგულ მსახურებს აწუხებს, რადგან ისინი ღვთის ნების შესრულებას ცდილობენ. მაგალითად, განვიხილოთ ერთი ქრისტიანის შემთხვევა, რომელიც სრული დროით მსახურობდა. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და აუცილებელი იყო სანერწყვე და ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთა. როდესაც ამის შესახებ გაიგეს, მან და მისმა ქმარმა მაშინვე იეჰოვას მიმართეს ლოცვით და დიდხანს ევედრებოდნენ. მოგვიანებით ამ დამ თქვა, რომ ლოცვის შემდეგ საოცარი შინაგანი სიმშვიდე იგრძნეს. მიუხედავად ამისა, მან ბევრჯერ გამოსცადა განწყობილების რადიკალური ცვლილება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტების ატანა უწევდა.

      13 მდგომარეობასთან გასამკლავებლად ეს და შეეცადა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ. დაელაპარაკა თავის ექიმებს. „საგუშაგო კოშკში“, „გამოიღვიძეთ!“-სა და სხვა ქრისტიანულ პუბლიკაციებში იპოვა ბიოგრაფიები, სადაც მოთხრობილი იყო, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ავადმყოფობით დაავადებულები უარყოფით ემოციებს. აგრეთვე წაიკითხა ბიბლიური მუხლები, რომლებიდანაც ნათლად ჩანდა, რომ იეჰოვას შეეძლო დახმარებოდა თავის ხალხს რთულ პერიოდებში; ამ პუბლიკაციებში სხვა სასარგებლო ინფორმაციაც იყო მოცემული.

      14 ერთ სტატიაში, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში გამოსავლის ძიებას ეხებოდა, შემდეგი გონივრული რჩევა იპოვა, რომ „კაცი მნებებელი განშორებად“ თავის გულისთქმას არის აყოლილი (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). შემდეგ სტატიაში მოცემული იყო რჩევა: „ნუ განმარტოვდებით“a. ეს და ყვება: „ბევრი მეუბნებოდა, რომ ლოცვებში მიხსენიებდნენ; სხვები მირეკავდნენ. ორი უხუცესი რეგულარულად ინტერესდებოდა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. ძალიან ბევრ ყვავილსა და ბარათს ვღებულობდი. ზოგი საჭმელსაც კი მიმზადებდა. ბევრიც მზად იყო, სამედიცინო პროცედურებზე წავეყვანე“.

      15—17. ა) როგორ გაუმკლავდა ერთი ქრისტიანი ავტოკატასტროფაში მოყოლის შედეგად განვითარებულ სირთულეებს? ბ) როგორ დაეხმარნენ ერთ ქრისტიანს კრების წევრები?

      15 იეჰოვას ერთი ნიუ-მექსიკოელი (აშშ) მოწმე, რომელიც მრავალი წელი ღმერთს ემსახურება, ორჯერ მოყვა ავტოკატასტროფაში. დაუზიანდა კისერი და მხრები, რამაც ართრიტით გამოწვეული ისედაც რთული მდგომარეობა, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდა, კიდევ უფრო გაურთულა. ის ყვება: „ძალიან მიჭირდა თავის სწორად დაჭერა და 2 კილოგრამზე მძიმე ტვირთის ტარება. მაგრამ იეჰოვასადმი მხურვალე ლოცვები და „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები დიდად დამეხმარა. ერთხელ ერთ-ერთმა თანაქრისტიანმა მიქას 6:8-ის კომენტირებისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ღვთის წინაშე მოწიწებით, ანუ მოკრძალებით, სიარული საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლების ცოდნას ნიშნავს. ამ სიტყვებმა გამაგებინა, რომ ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, გული არ უნდა გავიტეხო, თუნდაც იმაზე ნაკლები ვიმსახურო, ვიდრე ვისურვებდი. სინამდვილეში ხომ მთავარია ის, თუ რა მოტივით ვემსახურებით ღმერთს“.

      16 მან აგრეთვე აღნიშნა: „უხუცესები ყოველთვის მაქებდნენ იმისათვის, რომ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი კრების შეხვედრებზე დასასწრებად და სამქადაგებლო მსახურებაში სასიარულოდ. ახალგაზრდები მოსალმებისას გადამეხვეოდნენ ხოლმე. პიონერები მოთმინებას ავლენდნენ და ხშირად, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, თავიანთ გეგმებს ცვლიდნენ;. თუ ცუდი ამინდი იყო, განმეორებით მონახულებებზე მივყავდი ან ბიბლიის შესწავლებზე მპატიჟებდნენ. რადგან ჩანთის ტარება არ შემეძლო, სამქადაგებლო მსახურებაში გასვლის წინ თანაქრისტიანები ჩემს ლიტერატურას თავიანთ ჩანთებში ილაგებდნენ“.

      17 ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ დაეხმარნენ უხუცესები და თანამორწმუნეები ამ ორ დას უძლურებებთან გამკლავებაში. ისინი პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობდნენ, რომელიც კონკრეტულად სულიერი, ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული. განა ეს იმისკენ არ აღგძრავთ, რომ თქვენც დაეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ძმებსა და დებს? ახალგაზრდებო, თქვენც შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ თქვენს კრებაში იმ და-ძმებს, ვისაც სხეულში „ეკალი“ აქვს (იგავნი 20:29).

      18. როგორ შეიძლება გაგვამხნევოს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემულმა ბიოგრაფიებმა?

      18 „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში ქვეყნდება მრავალი ბიოგრაფია და ისეთი შემთხვევები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ გაუძლეს და უძლებენ მოწმეები ცხოვრებისეულ პრობლემებს. ასეთი სტატიების რეგულარულად კითხვისას დაინახავთ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ძმები და დები ეკონომიურ სირთულეებს, უბედური შემთხვევების შედეგად საყვარელი ადამიანების დაღუპვით გამოწვეულ ტკივილსა და ომის საშინელებებს უძლებენ. სხვები ამა თუ იმ დაავადების შედეგად ინვალიდდებიან და დარჩენილ ცხოვრებას დაუძლურებულები ატარებენ. მრავალს ისეთი უბრალო რამეების კეთებაც კი არ შეუძლია, რაც ჯანმრთელი ადამიანისთვის ჩვეულებრივია. ასეთი დაავადებები მათთვის საშინელი გამოცდაა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანულ მსახურებაში იმდენის გაკეთება არ ძალუძთ, რამდენსაც ისურვებდნენ. რამდენად მადლიერნი არიან ისინი ძმებისა თუ დების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების, მიერ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის!

      მოთმინებას ბედნიერება მოაქვს

      19. როგორ შეძლო პავლემ განსაცდელებისა და უძლურების მიუხედავად, რომლებიც „ეკალს“ შეიძლება შევადაროთ, სიხარულის შენარჩუნება?

      19 პავლეს უხაროდა, როდესაც გრძნობდა ღვთისგან მხარდაჭერას. მან თქვა: „უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:9, 10). პირადი გამოცდილების საფუძველზე, პავლეს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა: „გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს. ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“ (ფილიპელთა 4:11—13).

      20, 21. ა) რატომ შეიძლება სიხარული მოგვგვაროს ‘უხილავზე’ ფიქრმა? ბ) რა არის ის ზოგი ‘უხილავი’ რამ, რის ნახვასაც დედამიწაზე სამოთხეში იმედოვნებთ?

      20 ამგვარად, რა „ეკალიც“ უნდა გვქონდეს სხეულში, შეიძლება დიდი კმაყოფილება მოგვგვაროს ყველასთვის იმის დანახვებამ, რომ ჩვენს უძლურებაში ხდება სრულყოფილი იეჰოვას ძალა. პავლე წერდა: „არ ვეცემით სულით; რადგანაც... შინაგანი [კაცი ჩვენში] დღითი დღე ახლდება. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა... მივაპყრობთ მზერას... უხილავს; ვინაიდან... უხილავი... წარუვალი[ა]“ (2 კორინთელთა 4:16—18, სსგ).

      21 დღეს იეჰოვას ხალხის უმრავლესობას დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებისა და ღვთის მიერ დანაპირები კურთხევების მიღების იმედი აქვს. ეს კურთხევები შეიძლება დღეს ჩვენთვის „უხილავად“ ჩაითვალოს, მაგრამ ძალიან სწრაფად გვიახლოვდება დრო, როდესაც საკუთარი თვალით ვიხილავთ ამ კურთხევებს და მარადიულადაც დავტკბებით მათით. ერთ-ერთი ასეთი კურთხევათაგანი იქნება შვება, რომელსაც ყოველგვარი „ეკლის“ გარეშე ცხოვრება მოგვიტანს; დიახ, პრობლემები სამუდამოდ გაქრება! ღვთის ძე ‘დაარღვევს ეშმაკის საქმეებს’ და ‘სიკვდილით გააქარწყლებს მას, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს’ (1 იოანე 3:8; ებრაელთა 2:14).

      22. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და რა გადაწყვეტილება უნდა გვქონდეს მიღებული?

      22 ამიტომ, დღეს სხეულში როგორი „ეკალიც“ არ უნდა გვაყენებდეს ტკივილს, მოდი განვაგრძოთ ამ ტკივილთან ბრძოლა. პავლეს მსგავსად, იეჰოვას წყალობით ჩვენც მოგვეცემა ძალა; ამ ძალას ხომ იეჰოვა უხვად აძლევს ყველას. შემდეგ კი, როდესაც დედამიწაზე სამოთხეში ვიცხოვრებთ, ყოველდღიურად განვადიდებთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, ყველა იმ შესანიშნავი საქმისთვის, რომელსაც ის ჩვენდა სასიკეთოთ აკეთებს (ფსალმუნი 102:2).

      [სქოლიოები]

      a იხილეთ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში რუბრიკა «ბიბლიის თვალსაზრისი: „როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთილებას“».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება