საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
    • რას ნიშნავს იეჰოვაზე იმედის დამყარება?

      18, 19. როგორ მოგვიწოდებს ბიბლია, მივენდოთ იეჰოვას და ამასთან დაკავშირებით, რა მცდარი შეხედულებები აქვს ზოგიერთს?

      18 ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6). რა სასიამოვნო და იმედის განმამტკიცებელი სიტყვებია. მთელ სამყაროში ნამდვილად არავინ არის ჩვენს საყვარელ ზეციერ მამაზე უფრო სანდო. მიუხედავად ამისა, იგავების წიგნში მოცემული ამ სიტყვების წაკითხვა ბევრად ადვილია, ვიდრე პრაქტიკაში გამოყენება.

      19 ბევრს არასწორი თვალსაზრისი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ გრძნობაა — სასიამოვნო ემოცია, რითაც გული თავისთავად უნდა გევსებოდეს. სხვების აზრით კი, იეჰოვას მაშინ ენდობი, თუ იმედი გაქვს, რომ ყველაფრისგან დაგიცავს, ნებისმიერ პრობლემას გადაგიჭრის და ცხოვრებისეულ უსიამოვნებებს, როგორც შენ გინდა, ზუსტად ისე მოგიგვარებს, თანაც ამას დაუყოვნებლივ გააკეთებს! მაგრამ ასეთი შეხედულებები უსაფუძვლოა. ნდობა ემოციაზე მეტია და არარეალური არ არის. ზრდასრული ადამიანისთვის ღვთისადმი ნდობაში იგულისხმება შეგნებული, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.

      20, 21. რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა? მოიყვანეთ მაგალითი.

      20 კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ, რა არის ნათქვამი იგავების 3:5–ში. ამ მუხლში ერთმანეთთანაა დაპირისპირებული იეჰოვაზე დანდობა და საკუთარ გონებაზე დაყრდნობა, რაც იმას გვეუბნება, რომ ერთდროულად ორივეს გაკეთება შეუძლებელია. ნიშნავს ეს იმას, რომ გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება არ გვეძლევა? არა, რადგან იეჰოვა, რომელმაც გონება მოგვცა, მოელის, რომ მისდამი მსახურებაში გამოვიყენებთ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს (რომაელთა 12:1, აქ). მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებისას რას ვეყრდნობით ანუ რაზე ვართ დანდობილნი? როცა ჩვენი თვალსაზრისი იეჰოვას თვალსაზრისისგან განსხვავებულია, ვართ თუ არა მზად, ვაღიაროთ ის, რაც ფაქტია — რომ მისი სიბრძნე ჩვენსას წარმოუდგენლად აღემატება? (ესაია 55:8, 9). იეჰოვაზე მინდობა ნიშნავს, მზად ვიყოთ, რომ ღვთის თვალსაზრისმა სწორი მიმართულება მისცეს ჩვენს აზროვნებას.

      21 წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მანქანაში უკან ბავშვი ზის, წინ კი მშობლები სხედან. მამა მანქანას მართავს. როგორ მოიქცევა დამჯერი ბავშვი, რომელიც მშობლებს ენდობა, თუ სირთულეები წამოიჭრება — მაგალითად, გზის გაკვლევა დასჭირდებათ, ამინდი შეუქმნით პრობლემებს ან ცუდ გზებზე მოუწევთ მგზავრობა? ყურში ჩასძახებს მამამის, როგორ უნდა მოიქცეს და მისცემს მითითებებს, როგორ უნდა მართოს მანქანა? შეეპარება ეჭვი მშობლების გადაწყვეტილებების სისწორეში? ან გაუწევს მათ წინააღმდეგობას, თუ შეახსენებენ, რომ უსაფრთხოების ქამარი არ მოიხსნას? არა, ის ენდობა მშობლებს და დარწმუნებულია, რომ თავს გაართმევენ სირთულეს, თუმცა ისინი არასრულყოფილები არიან. ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, კი სრულყოფილია. განა ბოლომდე არ უნდა მივენდოთ მას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რთულ მდგომარეობაში ვართ? (ესაია 30:21).

      22, 23. ა) რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას, როდესაც პრობლემები გვექმნება და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      22 იგავების 3:6–ში ნათქვამია, რომ ‘ყველა ჩვენს გზაზე უნდა შევიცნოთ’ იეჰოვა და არა მხოლოდ მაშინ, როცა რთულ მდგომარეობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, მისდამი ნდობა უნდა ირეკლებოდეს. როცა პრობლემები წამოიჭრება, სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ და წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელიც გვკარნახობს, როგორ შეიძლება პრობლემისთვის საუკეთესოდ თავის გართმევა. თითოეული განსაცდელი იმის შესაძლებლობად უნდა ჩავთვალოთ, რომ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას, დავამტკიცოთ სატანის სიცრუე, აგრეთვე ვისწავლოთ მორჩილება და ღვთისმოსაწონი სხვა თვისებებიც განვივითაროთ (ებრაელთა 5:7, 8).

      23 რა პრობლემების წინაშეც უნდა აღმოვჩნდეთ, ყოველთვის შეგვიძლია მივენდოთ იეჰოვას. ნდობის მაჩვენებელი ის იქნება, თუ ვილოცებთ და ხელმძღვანელობისთვის მის სიტყვასა და ორგანიზაციას მივმართავთ. მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა მივენდოთ იეჰოვას, როდესაც ამ წუთისოფელში პრობლემები გვექმნება? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

  • გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
    • გასაჭირში ბოლომდე მიენდეთ იეჰოვას

      „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“ (ფსალმუნები 45:2).

      1, 2. ა) რა მაგალითი გვეხმარება იმის დანახვაში, რომ საკმარისი არ არის ღვთისადმი ნდობის სიტყვიერად გამოხატვა? ბ) რატომ მოგვეთხოვება უფრო მეტი, ვიდრე იმის თქმა, რომ იეჰოვაზე ვართ მინდობილი?

      ადვილია იმის თქმა, რომ ღმერთზე ვამყარებთ იმედს, მაგრამ სულ სხვაა ნდობის საქმით დამტკიცება. მაგალითად, ფრაზა „ღმერთზე ვართ მინდობილნი“ დიდი ხანია, რაც აშშ-ის ქაღალდის ფულსა და მონეტებზე გამოჩნდაa. 1956 წელს აშშ-ის კონგრესმა გამოსცა კანონი, რომლითაც ეს ფრაზა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დევიზად გამოცხადდა. მაგრამ საინტერესოა, რომ უმრავლესობა — არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში — ფულსა და მატერიალურ ქონებაზე უფრო მეტად ამყარებს იმედს, ვიდრე ღმერთზე (ლუკა 12:16—21).

      2 ჭეშმარიტ ქრისტიანებს უფრო მეტი მოგვეთხოვება — საკმარისი არ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ ღმერთზე ვართ მინდობილნი. ისევე როგორც ‘რწმენაა მკვდარი საქმეთა გარეშე’, ფუჭია ნებისმიერი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ღმერთზე ვამყარებთ იმედს, თუ ღვთისადმი ნდობას საქმით არ დავამტკიცებთ (იაკობი 2:26). როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, იეჰოვაზე იმედს მაშინ ვამყარებთ, როდესაც ლოცვით მივმართავთ მას, რჩევებს ვიღებთ მისი სიტყვიდან და მივყვებით მისი ორგანიზაციის მითითებებს. ვნახოთ, როგორ უნდა გადავდგათ ეს სამი ნაბიჯი გასაჭირში ყოფნის დროს.

      როცა სამუშაოს ვკარგავთ ან მცირე შემოსავალი გვაქვს

      3. რა სახის ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ იეჰოვას მსახურებს ამ „საზარელ ჟამს“ და საიდან ვიცით, რომ ღმერთი მზად არის დასახმარებლად?

      3 ამ „საზარელ ჟამს“, სხვების მსგავსად, ქრისტიანებსაც გვექმნება ეკონომიკური პრობლემები (2 ტიმოთე 3:1). შესაძლოა მოულოდნელად სამსახური დავკარგოთ ან მცირე ანაზღაურებისთვისაც კი დღისა და ღამის გასწორება მოგვიწიოს. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ‘სახლეულებზე ზრუნვაც’ გაგვიჭირდეს (1 ტიმოთე 5:8). დაგვეხმარება ამ დროს უზენაესი ღმერთი? რა თქმა უნდა! ცხადია, იეჰოვა თვიდან არ გვარიდებს ნებისმიერ სირთულეს ამ სისტემაში, მაგრამ, თუ მას მივენდობით, ჩვენს შემთხვევაშიც გამართლდება ფსალმუნების 45:2-ში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“. რა არის იმის მაჩვენებელი, რომ ეკონომიკური პრობლემების წინაშე ყოფნისას ბოლომდე იეჰოვაზე ვართ მინდობილნი?

      4. რაზე შეგვიძლია ვილოცოთ ფინანსური პრობლემების დროს და როგორ პასუხობს იეჰოვა ასეთ ლოცვებს?

      4 იეჰოვასადმი ჩვენი ნდობის ერთ–ერთი მაჩვენებელი ლოცვაა. კონკრეტულად რაზე შეგვიძლია ვილოცოთ? როცა ფინანსური პრობლემები გვექმნება, განსაკუთრებით გვჭირდება სიბრძნე. ამიტომაც ვილოცოთ ამაზე. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). დიახ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე — ცოდნისა და ჭკუა-გონების სწორად გამოყენების უნარი, რათა, საჭიროების შემთხვევაში, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ და სწორი არჩევანი გააკეთოთ. ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა გვარწმუნებს, რომ მოისმენს ასეთ ლოცვებს. ის ყოველთვის მზად არის, ბილიკები გაუსწოროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი (ფსალმუნები 64:3; იგავები 3:5, 6).

      5, 6. ა) რატომ უნდა მივმართოდ ღვთის სიტყვას იმისათვის, რომ ეკონომიკურ პრობლემებს გავუმკლავდეთ? ბ) რის გაკეთება შეგვიძლია სტრესის შესამცირებლად, როდესაც სამუშაოს ვკარგავთ?

      5 ღვთის სიტყვის რჩევების გათვალისწინება იეჰოვაზე მინდობის კიდევ ერთი საშუალებაა. ბიბლიაში მოცემული ბრძნული „მცნებები“ მართლაც რომ „მტკიცე“ და უტყუარია (ფსალმუნები 92:5). მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის წერა 1 900–ზე მეტი წლის წინათ დამთავრდა, ამ ღვთივსულიერ წიგნში დიდი სიბრძნე და უტყუარი რჩევებია მოცემულია. ისინი კი ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმარება. განვიხილოთ ბიბლიაში მოცემული რამდენიმე ბრძნული რჩევა.

      6 ბრძენმა მეფე სოლომონმა დიდი ხნის წინათ დაწერა: „ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს, მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს“ (ეკლესიასტე 5:12). საკმაო დრო და თანხები სჭირდება უძრავ–მოძრავი ქონების შეკეთებას, დასუფთავებას, შენახვასა და დაცვას. ამიტომაც თუ სამუშაო დავკარგეთ, შეიძლება დროული იყოს, შევამოწმოთ საკუთარი ცხოვრების წესი და შევეცადოთ განვსაზღვროთ, რა გვჭირდება სინამდვილეში და რა მხოლოდ გვსურს, რომ გვქონდეს. სტრესის შესამცირებლად, ალბათ, გონივრული იქნება გარკვეული ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, ხომ არ შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას ცხოვრების გამარტივება და საცხოვრებლად ნაკლები ფართის მქონე სახლში გადასვლა ან არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლება? (მათე 6:22).

      7, 8. ა) რომელი სიტყვებით ცხადყო იესომ, რომ ესმოდა, თუ რამდენად დამახასიათებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის მატერიალურზე წუხილი? (იხილეთ სქოლიოც). ბ) რა ბრძნული რჩევა მოგვცა იესომ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვერიდოთ მეტისმეტ წუხილს?

      7 მთაზე ქადაგებისას იესომ შემდეგი რჩევა მოგვცა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულებისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულებისთვის, რა ჩაიცვათ“b (მათე 6:25, აქ). იესომ იცოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელია პირველი საჭიროების საგნებზე წუხილი. მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ‘აღარ ვწუხდეთ’ ამაზე? „უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი“, — თქვა იესომ. რა პრობლემებსაც უნდა ვხვდებოდეთ, ცხოვრებაში უპირატესობას ყოველთვის იეჰოვას თაყვანისცემას უნდა ვანიჭებდეთ. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს, რაც გვჭირდება, ჩვენი ზეციერი მამა ‘შეგვმატებს’. იეჰოვამ იცის როგორ მოგვცეს ის, რაც ჩვენთვის აუცილებელია (მათე 6:33).

      8 იესომ სხვა რჩევაც მოგვცა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34, აქ). არაგონივრულია მეტისმეტი ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ. ერთმა სწავლულმა აღნიშნა: „მომავალი თითქმის არასდროს აღმოჩნდება ხოლმე ისეთი საშინელი, როგორადაც გვესახებოდა“. თუ თავმდაბლურად გავითვალისწინებთ ბიბლიის რჩევას — ყურადღებას იმისკენ მივმართავთ, რაც უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და დღეს დღევანდელ პრობლემებზე ვიზრუნებთ, თავს ავარიდებთ მეტისმეტ წუხილს (1 პეტრე 5:6, 7).

      9. როგორ დაგვეხმარება „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციები, როდესაც ეკონომიკური პრობლემები გვექმნება?

      9 როდესაც ფინანსური პრობლემები გვექმნება, იეჰოვასადმი ნდობას იმითაც გამოვხატავთ, თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებიდან ვიღებთ დახმარებას (მათე 24:45). დროდადრო ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“–ში იბეჭდება სტატიები, რომლებშიც მოცემულია პრაქტიკული რჩევები ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად. 1991 წლის 8 სექტემბრის ნომერში (რუს.) დაიბეჭდა სტატია „უმუშევრობა — რა გამოსავალი არსებობს?“ მასში მოცემული იყო რვა პრაქტიკული რჩევა, რომლებიც უმუშევრობის პერიოდში ბევრს დაეხმარა, როგორც ფინანსურ, ისე ემოციურ პრობლემებთან მეტ–ნაკლებად გამკლავებაშიc. ცხადია, ასეთი რჩევების გამოყენებასთან ერთად აუცილებელია გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს ფულზე. ეს საკითხი განხილული იყო ამავე ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში: „ის, რაც ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია“ (ეკლესიასტე 7:12).

      როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს

      10. როგორ გვეხმარება დავითის მაგალითი იმის დანახვაში, რომ რეალურია იეჰოვაზე მინდობა, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გვაწუხებს?

      10 არის თუ არა რეალური მძიმედ ავადმყოფისთვის იეჰოვაზე მინდობა? დიახ! იეჰოვა თანაუგრძნობს თავის მსახურებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უფრო მეტიც, იეჰოვას სურს, დაეხმაროს მათ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეფე დავითის შემთხვევა. შესაძლოა, ის სერიოზულად ავადმყოფობდა, როდესაც დაწერა, თუ როგორ ეპყრობა ღმერთი თავის ერთგულ მსახურს, რომელიც ავადმყოფობს. დავითმა თქვა: „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“ (ფსალმუნები 40:2, 4, 8, 9). დავითი მთლიანად იეჰოვას მიენდო და, საბოლოოდ, გამოჯანმრთელდა. ჩვენ როგორ უნდა მივენდოთ ღმერთს, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს?

      11. რა შეგვიძლია ვთხოვოთ ჩვენს ზეციერ მამას ავადმყოფობისას?

      11 ავადმყოფობისას იეჰოვაზე იმედის დამყარების მაჩვენებელი იქნება ის, თუ ლოცვაში ვთხოვთ მას, რომ გაგვაძლებინოს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ „გონიერება“, რათა ჩვენს მდგომარეობაში ჯანმრთელობის შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ (იგავები 3:21). აგრეთვე უნდა შევევედროთ, რომ ავადმყოფობის გასაძლებად მოთმინებისა და ამტანობის გამოვლენაში დაგვეხმაროს. რაც ყველაზე მთავარია, უნდა ვილოცოთ იმაზე, რომ მხარი დაგვიჭიროს და ძალა მოგვცეს, რათა ბოლომდე შევინარჩუნოთ მისდამი ერთგულება და, რაც უნდა მოხდეს, არ დავკარგოთ წონასწორობა (ფილიპელთა 4:13). ღვთისადმი ბოლომდე ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ წუთისოფელში სიცოცხლის შენარჩუნება. მისდამი ერთგულები თუ დავრჩებით, ჩვენი დიდებული ღმერთი მარადიულად გვაკურთხებს სრულყოფილი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით (ებრაელთა 11:6).

      12. რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება მკურნალობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?

      12 აგრეთვე, იმედს თუ იეჰოვაზე ვამყარებთ, ხელმძღვანელობისთვის მის სიტყვას, ბიბლიას, მივმართავთ. საღვთო წერილში მოცემული პრინციპები მკურნალობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მაგალითად, ვიცით, რომ ბიბლია გმობს «მისნობას [„სპირიტიზმს“, აქ]», ამიტომაც ვერიდებით სპირიტიზმთან დაკავშირებული მეთოდებით დიაგნოზის დასმასა და მკურნალობას (გალატელთა 5:19—21; მეორე რჯული 18:10—12). ბიბლიაში სხვა ბრძნული რჩევაც არის მოცემული. მაგალითად, მასში ნათქვამია: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“ (იგავები 14:15). ამ სიტყვებიდან გამომდინარე, მკურნალობის მეთოდის არჩევამდე, გონივრული იქნება სანდო ინფორმაციის მიღება, ნაცვლად იმისა, რომ „ყოველი სიტყვის“ გვწამდეს. ასეთი ‘აზრიანობა’ დაგვეხმარება, ყველაფერი ყურადღებით ავწონ–დავწონოთ და არსებული ინფორმაციის საფუძველზე გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ (ტიტე 2:12).

      13, 14. ა) რა სტატიები დაიბეჭდა ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“–ში? (იხილეთ ჩარჩო მე–17 გვერდზე). ბ) რა რჩევები იყო მოცემული 2001 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“–ში ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავების თაობაზე?

      13 იეჰოვასადმი ნდობას იმითაც გამოვავლენთ, თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში ინფორმაციის მოძებნას შევეცდებით. „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში პერიოდულად ქვეყნდება საინტერესო სტატიები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ პრობლემასა და სხვადასხვა დაავადებაზეd. ზოგჯერ ამ ჟურნალებში იბეჭდება სტატიები მათზე, ვინც წარმატებით გაართვა თავი ავადმყოფობით თუ ფიზიკური ნაკლით გამოწვეულ პრობლემებს. გარდა ამისა, ზოგ სტატიაში მოცემულია ბიბლიური პრინციპები და პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დამხმარეა მათთვის, ვინც ქრონიკულად არის დაავადებული.

      14 მაგალითად, „გამოიღვიძეთ!“–ის 2001 წლის 8 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატიების სერია, სათაურით „ნუგეში დაავადებულთათვის“. ამ სტატიებში მოცემული იყო პრაქტიკული ბიბლიური პრინციპები, ასევე ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებული იყო იმ დაინვალიდებულ ადამიანთა პირად გამოცდილებაზე, რომლებიც წლების განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში არიან. სტატიაში „როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?“ შემოთავაზებული იყო შემდეგი რჩევები: რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი დაავადების შესახებ (იგავები 24:5). დაისახეთ მიზნები, მათ შორის სხვების დახმარება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეიძლება თქვენს ძალებს აღემატებოდეს იმ მიზნების მიღწევა, რომელთაც სხვები აღწევენ (საქმეები 20:35; გალატელთა 6:4). მოერიდეთ საზოგადოებისგან იზოლირებას (იგავები 18:1, აქ). სასიამოვნო გახადეთ მომსვლელებისთვის თქვენი მონახულება (იგავები 17:22). რაც ყველაზე მთავარია, ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეთ იეჰოვასთან და კრების წევრებთან (ნაუმი 1:7; რომაელთა 1:11, 12). განა მადლიერი არა ხართ საიმედო ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიწევს?

      როცა საკუთარ სისუსტეებთან გვიწევს ხანგრძლივად ბრძოლა

      15. როგორ შეეძლო პავლე მოციქულს არასრულყოფილი სხეულის სისუსტეებთან ბრძოლაში გამარჯვება და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

      15 „ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი“, — დაწერა პავლე მოციქულმა (რომაელთა 7:18). მან საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რამდენად რთულია არასრულყოფილი სხეულის მიდრეკილებებთან და სისუსტეებთან ბრძოლა, მაგრამ დარწმუნებული იყო იმაში, რომ გაიმარჯვებდა (1 კორინთელთა 9:26, 27). როგორ? მთლიანად იეჰოვაზე მინდობით. მან სწორედ ამიტომაც თქვა: „უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 7:24, 25). რის თქმა შეიძლება ჩვენზე? ჩვენც გვიწევს ხორციელ სისუსტეებთან ბრძოლა. ასეთ სისუსტეებთან ბრძოლისას ადვილად შეიძლება დავკარგოთ იმედი, რომ ოდესმე შევძლებთ მათზე გამარჯვებას. მაგრამ იეჰოვა დაგვეხმარება, თუ პავლეს მსგავსად, ნამდვილად მასზე დავამყარებთ იმედს და არა საკუთარ ძალებზე.

      16. რაზე უნდა უნდა ვილოცოთ, როდესაც ხანგრძლივად გვიწევს ხორციელ სისუსტესთან ბრძოლა და რა უნდა გავაკეთოთ, თუ სისუსტემ გვძლია?

      16 როდესაც ხანგრძლივად გვიწევს ხორციელი სისუსტის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ლოცვები იმის მაჩვენებელი იქნება, რომ იეჰოვაზე ვართ მინდობილნი. ღმერთს უნდა ვევედროთ, რომ სულიწმიდით დაგვეხმაროს (ლუკა 11:9—13). მას უნდა ვთხოვოთ თავშეკავება, რაც ღვთის სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია (გალატელთა 5:22, 23). რა უნდა გავაკეთოთ, თუ ერთხელაც ვერ შევძლებთ ხორციელი სისუსტის დაძლევას? არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა. განვაგრძოთ ჩვენი მწყალობელი ღმერთისადმი თავმდაბლურად ლოცვა და პატიებასთან ერთად კვლავაც ვთხოვოთ დახმარება. იეჰოვა არასდროს უგულებელყოფს სინდისის ქენჯნით „მოდრეკილისა და მორჩილის“ გულს (ფსალმუნები 50:19). ის დაგვეხმარება ცდუნებების დაძლევაში, თუ მოვინანიებთ და სუფთა გულით განვაგრძობთ მისდამი ვედრებას (ფილიპელთა 4:6, 7).

      17. ა) რატომ არის დამხმარე იმაზე დაფიქრება, თუ როგორ უყურებს იეჰოვა სისუსტეს, რომელსაც პირადად ვებრძვით? ბ) რომელი ბიბლიური მუხლების დამახსოვრება იქნებოდა დამხმარე, თუ გვსურს დავძლიოთ სიფიცხე? ავლაგმოთ საკუთარი ენა? გადავეჩვიოთ არაჯანსაღ გართობას?

      17 იეჰოვაზე რომ ვართ მინდობილნი, იმითაც ცხადვყოფთ, თუ დახმარების მისაღებად მის სიტყვას ვიკვლევთ. ბიბლიის სიმფონიის ან «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» დახმარებით შეგვიძლია მეტი გავიგოთ იმაზე, თუ როგორ უყურებს იეჰოვა სისუსტეს, რომელსაც პირადად ვებრძვით. იეჰოვას თვალსაზრისზე დაფიქრება კი მისთვის მოსაწონად მოქცევის მეტ სტიმულს მოგვცემს. საბოლოოდ, შესაძლოა, სისუსტისადმი ჩვენც ისეთივე დამოკიდებულება განვივითაროთ, როგორიც იეჰოვას აქვს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს (ფსალმუნები 96:10). ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა იმ კონკრეტული ბიბლიური მუხლების დამახსოვრება, რომლებიც მათ პირად პრობლემას ეხება. თუ ფიცხ ხასიათს ვებრძვით, კარგი იქნება ისეთი ბიბლიური მუხლების დამახსოვრება, როგორიცაა იგავების 14:17 და ეფესელთა 4:31. თუ ენის ალაგმვა გვიჭირს, დამხმარე იქნება იგავების 12:18–ისა და ეფესელთა 4:29–ის დამახსოვრება. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენი პრობლემა არაჯანსაღი გართობის სიყვარულია, შეგვეძლო დაგვემახსოვრებინა რჩევები, რომლებიც ეფესელთა 5:3–სა და კოლასელთა 3:5–შია მოცემული.

      18. უხერხულობის გამო რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ სისუსტის დაძლევაში დასახმარებლად უხუცესებს მივმართოთ?

      18 იეჰოვაზე მინდობას იმითაც გამოვავლენთ, თუ დახმარებისთვის კრებაში სულიწმიდით დანიშნულ უხუცესებს მივმართავთ (საქმეები 20:28). ისინი ხომ იეჰოვამ გვიბოძა ქრისტეს შუამავლობით როგორც „ძღვენი ადამიანთა სახით“, რათა დაიცვან ღვთის სამწყსო და იზრუნონ მასზე (ეფესელთა 4:7, 8, აქ; 11—14). მართალია, ადვილი არ არის სისუსტის დასაძლევად დახმარებისთვის მათ მივმართოთ. შეიძლება თავი უხერხულად ვიგრძნოთ და შეგვეშინდეს, რომ უხუცესებს ჩვენზე წარმოდგენა დაეკარგებათ. მაგრამ ეს სულიერად მოწიფული მამაკაცები უეჭველად დაგვაფასებენ იმის გამო, რომ გამბედაობა გვეყო, დასახმარებლად მათთვის მიგვემართა. გარდა ამისა, უხუცესები ცდილობენ, ღვთის სამწყსოს წევრებთან ურთიერთობისას იეჰოვას მიჰბაძონ და მისთვის დამახასიათებელი თვისებები გამოავლინონ. ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული მანუგეშებელი და პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ისინი მოგვცემენ, შესაძლოა, სწორედ ის იყოს, რაც გვჭირდება, რომ ძალა შეგვმატოს სისუსტის დასაძლევად (იაკობი 5:14—16).

      19. ა) როგორ ცდილობს სატანა ამ ცხოვრების ამაოების გამოყენებას? ბ) რას მოიცავს ნდობა და რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?

      19 არ დაგავიწყდეთ: სატანამ იცის, რომ მცირე დროღა დარჩა (გამოცხადება 12:12). ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ წუთისოფლის ცხოვრების ამაოებამ გული გაგვიტეხოს და დავნებდეთ. დაე, ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რაც რომაელთა 8:35—39–შია ნათქვამი: „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? . . მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“. იეჰოვასადმი რამდენად დიდი ნდობაა გამოხატული ამ სიტყვებში! მაგრამ ეს ნდობა ჩვეულებრივ გრძნობასა და ემოციაზე მეტია. ნდობა მოიცავს გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ. მაშ, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ მთლიანად იეჰოვას მივენდოთ გასაჭირში.

      [სქოლიოები]

      a 1861 წლის 20 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ფულის მომჭრელი საწარმოსთვის მიწერილ წერილში ფინანსთა მინისტრმა სალმონ ჩეისმა დაწერა: „ვერც ერთი ერი ვერ იქნება ძლიერი, თუ ღმერთმა არ გააძლიერა, და დაცული, თუ ღმერთმა არ დაიცვა. ღვთისადმი ჩვენი ხალხის ნდობა ჩვენს ეროვნულ მონეტებზეც უნდა გამოიხატოს“. შედეგად, აშშ-ში 1864 წლიდან მიმოქცევაში შევიდა მონეტები წარწერით „ღმერთზე ვართ მინდობილი“.

      b აქ მოხსენიებულ წუხილში იგულისხმება „შიში, რომელიც მოსვენებასა და სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს“. ზოგ თარგმანში ეს ფრაზა მოცემულია როგორც „ნუ წუხხართ“ ან „ნუ ზრუნავთ“. მაგრამ ასეთ თარგმანებში ის აზრი ჩანს, რომ არ უნდა დავიწყოთ წუხილი ან ზრუნვა. ერთი ნაშრომის თანახმად კი „აქ გამოყენებული ბერძნული ზმნა, რომელიც აწმყო დროშია, გამოხატავს ბრძანებას, შეწყვიტო უკვე დაწყებული მოქმედება“.

      c ეს რვა რჩევა იყო: 1) პანიკაში ნუ ჩავარდებით; 2) შეინარჩუნეთ დადებითი განწყობილება; 3) ეძებეთ სხვადასხვაგვარი სამსახური; 4) იმყოფინეთ შემოსავალი და საკუთარი ცხოვრების დონეს სხვებისას ნუ შეადარებთ; 5) ფრთხილად იყავით კრედიტის აღებასთან დაკავშირებით; 6) იზრუნეთ იმაზე, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები შეინარჩუნოთ; 7) არ დაკარგოთ პირადი ღირსების გრძნობა; 8) სწორად გაანაწილეთ სახსრები.

      d „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომლებიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, მხარს არ უჭერს მკურნალობის განსაზღვრულ მეთოდებს, რადგან ეს პირადი არჩევნის საკითხია. სტატიები, რომლებშიც გაშუქებულია ესა თუ ის ავადმყოფობა ან მოშლილობა, გამიზნულია იმისათვის, რომ მკითხველს მათ შესახებ დღესდღეობით არსებული ინფორმაცია მიაწოდოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება