ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მეთოდი
ტუბერკულოზი (ტბ) ადამიანის მკვლელი უძველესი ინფექციური დაავადებაა. ის ჯანმრთელობას ჯერაც იმხელა საფრთხეს უქმნის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯმო) მას შენელებული მოქმედების ბომბს ადარებს. „დრო ცოტა გვაქვს“, — გვაფრთხილებს ჯმო ტბ-თან დაკავშირებით. თუ კაცობრიობა ამ ბომბს არ განმუხტავს, შეიძლება წამლებისადმი რეზისტენტული ისეთი დაავადების წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც „ჰაერით ვრცელდება და პრაქტიკულად ისეთივე უკურნებელია, როგორც შიდს-ი“. დროა, მოგვიწოდებს ჯმო, თვალებში შევხედოთ ტბ-ის გამანადგურებელ პოტენციალს. „საჭიროა უოლ სტრიტიდან ჩინეთის დიდ კედლამდე ყველამ, ვინც ატმოსფეროს ჰაერით სუნთქავს . . . იფიქროს ამ საფრთხეზე“.
აზვიადებენ? სულაც არა. წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე დაემუქრება მსოფლიოს, თუ დაავადება კონტროლს აღარ დაექვემდებარება. ათ წელიწადში ის დაახლოებით იმდენსავე ადამიანს მოსპობს, რამდენსაც მთელი კანადის მოსახლეობა შეადგენს! შეიძლება ეს არარეალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ საფრთხე ნამდვილად არსებობს. მთელ მსოფლიოში ტბ უფრო მეტს ხოცავს, ვიდრე შიდს-ი, მალარია და ტროპიკული დაავადებები ერთად; ტუბერკულოზით ყოველდღიურად 8 000 ადამიანი კვდება. ამჟამად დაახლოებით 20 მილიონს აქვს ტბ-ის აქტიური ფორმა. ათი წლის შემდეგ კი ამ დაავადებით დაახლოებით 30 მილიონი მოკვდება. ეს ციფრი კანადის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება (იხილეთ ჩარჩო „ტბ-ის მარწუხებში“, გვერდი 22).
სასიხარულო ცნობა
მაგრამ დღეს მდგომარეობა უიმედო არ არის. ათი წლის კვლევა-ძიების შემდეგ სპეციალისტებმა შეიმუშავეს სტრატეგია, რომლის გამოყენებითაც შეუძლიათ ტბ, ეს თავაწყვეტილი მკვლელი, შეპყრობილი ბოროტმოქმედის მდგომარეობაში გადაიყვანონ. დ-რ ჰიროში ნაკაიმამ, ჯმო-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ამ ახალ სტრატეგიას „მიმდინარე ათწლეულში ჯანდაცვის ორგანოების უმნიშვნელოვანესი მიღწევა“ უწოდა. დ-რ არატა კოჩი, ჯმო-ს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო პროგრამის დირექტორი, კი ამბობს, რომ ამან პირველად შექმნა „ტუბრეკულოზის ეპიდემიის შეჩერების“ შესაძლებლობა. რა იყო ასეთი აღფრთოვანების მიზეზი? მეთოდი, რომელსაც DOTS-ი ეწოდება.
DOTS-ი არის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის მოკლევადიანი კურსი. ის ჯანდაცვის მიერ შემუშავებული სისტემაა, რომელიც ტბ-ით დაავადებულთა უმეტესობას ექვსიდან რვა თვის განმავლობაში კურნავს, ისე, რომ პაციენტს ერთი დღითაც არ მოუწიოს საავადმყოფოში ყოფნა. DOTS-ის წარმატებით მოქმედებისთვის ხუთი ნაბიჯია აუცილებელი. როგორც ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ ხუთიდან რომელიმეს გამოტოვებისას ტბ-ის მსხვერპლთა განკურნების შანსი „თვალსა და ხელს შუა გაქრება“. განვიხილოთ ეს ხუთი ნაბიჯი:
● 1) უშუალო: ტბ ყველაზე საშიში მაშინ არის, როდესაც ის დაუდგენელია. ამიტომ ჯმო პირველ რიგში ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ჯანდაცვის მუშაკებმა მთელი ძალისხმევა, უშუალოდ, თავიანთ უბანზე გადამდები ტბ-ის მქონეების გამოვლენას მოახმარონ.
● 2) მეთვალყურეობის ქვეშ: DOTS-ის მეთოდის მეორე ნაბიჯის თანახმად, განკურნებაზე პასუხისმგებელია სამედიცინო სისტემა და არა პაციენტი. ჯანდაცვის მუშაკები ან სპეციალურად მომზადებული მოხალისეები — მაღაზიის მესაკუთრეები, მასწავლებლები ან ვინც ადრე ტუბერკულოზით იყო დაავადებული — მეთვალყურეობას უწევენ, რომ პაციენტმა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების არც ერთი დოზა არ გამოტოვოს. „პაციენტის მეთვალყურეები“ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქმის წარმატებით დასრულებაში, რადგან დღემდე ტბ-ის შემორჩენის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ავადმყოფები ძალიან ადრე წყვეტენ მედიკამენტების მიღებას (იხილეთ ჩარჩო „კვლავ რატომ იფეთქა?“, გვერდი 22) მედიკამენტების მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ ისინი თავს უკეთესად გრძნობენ და წყვეტენ წამლების მიღებას. წამლების დალევა კი აუცილებელია ექვსიდან რვა თვის განმავლობაში, რათა ორგანიზმში არსებული ტბ-ის ყველა ბაცილა იქნას განადგურებული.
● 3) მკურნალობის მთელი ამ თვეების განმავლობაში ჯანდაცვის მუშაკები ამოწმებენ მკურნალობის შედეგებს და აღწერენ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამგვარად, ისინი რწმუნდებიან, რომ პაციენტი ბოლომდე განიკურნა და ინფექციის წყარო აღარ არის.
● 4) მოკლევადიანი კურსი: DOTS-ის სტრატეგიის მეოთხე ნაწილია ანტიტუბერკულოზური პრეპარატების სწორი კომბინაციითა და სწორი რაოდენობით გამოყენება, რაც მოკლევადიანი ქიმიოთერაპიის სახელწოდებით არის ცნობილი, და რომელიც გარკვეული დროის მონაკვეთში ტარდება. ეს კომბინირებული პრეპარატები ტუბერკულოზის ბაცილებს სასიკვდილო დარტყმას აყენებსa. ავადმყოფს ყოველთვის უნდა ჰქონდეს წამლები, რათა მკურნალობა არ გაწყვიტოს.
● 5) !: ჯმო DOTS-ის სტრატეგიის მეხუთე ნაწილს DOTS-ის დასასრულს დასმული ძახილის ნიშნით გამოხატავს! მისთვის საჭიროა დაფინანსება და ამ ფინანსების გონივრული გამოყენება. ჯმო ჯანმრთელობის დაცვის სისტემებს მოუწოდებს, ფინანსური მხარდაჭერა მოითხოვონ მთავრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციისგან და ტბ-ს მკურნალობა ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სისტემის ნაწილად აქციონ.
DOTS-ის მეთოდის დაფინანსებისთვის საჭიროა იმ ოფიციალური პირებისადმი მიმართვა, ვის ხელშიც არის თანხების გაცემა-არგაცემის საკითხი. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ DOTS-ი „ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია, რომელიც დაავადებასთან ბრძოლის საშუალებას იძლევა, და ამავე დროს მასზე გაწეულ ხარჯებს ამართლებს“. ამ მეთოდისთვის ღარიბ ქვეყნებში, ჯმო-ს გამოთვლით, ერთი ავადმყოფისთვის სულ 100 დოლარია საჭირო. „ამისათვის განვითარებად ქვეყნებში თითოეულ მოსახლეს იშვითად თუ მოუწევს 10 ცენტზე მეტის გადახდა, ეს კი ყველაზე უარეს ეკონომიკურ პირობებშიც კი ხელმისაწვდომია“. მაგრამ დაბალი საფასური ამ მეთოდის საშუალებით დიდი სარგებლობის მიღების შესაძლებლობას სულაც არ გამორიცხავს.
რამდენად ეფექტურია?
„DOTS-ის არც ისე ფართოდ გამოყენების შედეგად, — აღნიშნა 1997 წლის მარტში ჯმო-ს წარმომადგენელმა, — უკანასკნელ ათწლეულში მსოფლიო მასშტაბით პირველად მოხდა ტბ-ის ეპიდემიის შეჩერება. იქ კი, სადაც DOTS-ს ფართოდ იყენებენ, განკურნების სისწრაფე დაახლოებით გაორმაგდა“. იმ ადგილებში, სადაც ადრე ტბ იყო გავრცელებული, ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ DOTS-ის მეთოდი ეფექტურია. განვიხილოთ რამდენიმე წარმატებით დასრულებული შემთხვევა, რომლებიც ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოგვაწოდა.
ინდოეთში, ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, გამოიყენეს DOTS-ი . . . რის შედეგადაც ტუბერკულოზით დაავადებული ყოველი 5 ავადმყოფიდან 4 განიკურნა“. ბანგლადეშში ექსპერიმენტი დაახლოებით მილიონს ჩაუტარდა, რომელთაგან „[ტუბერკულოზით დაავადებულთა] 87 პროცენტი განიკურნა“. ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე DOTS-ის მეთოდით „10 დაინფიცირებული პაციენტიდან 9 განიკურნა“. ჩინეთში ექსპერიმენტმა „შესანიშნავი წარმატებით“ ჩაიარა — ძალიან სწრაფად განიკურნა დაავადებულთა 94 პროცენტი. სამხრეთ აფრიკის ერთ ქალაქში „[ტუბერკულოზით დაავადებულთა] 80 პროცენტზე მეტის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს“. არც ისე დიდი ხნის წინათ DOTS-ი წარმატებით იქნა დანერგილი ნიუ-იორკში, რასაც შთამბეჭდავი შედეგები მოჰყვა.
რამდენიმე ათეულ ქვეყანაში არალაბორატორიულ პირობებში ჩატარებული გამოკვლევები, — ასკვნის დ-რ კოჩი, — ცხადყოფს, რომ ამ მეთოდის „გამოყენება ყველგან შეიძლება და მოსალოდნელია დაავადებულთა 85 ან მეტი პროცენტის განკურნება“.
პროგრესი, მაგრამ არა ბუმი
ალბათ მოელოდით, რომ მკურნალობის მეთოდს, რომელიც ადამიანს სასიკვდილო ინფექციური დაავადებისგან ადვილად და იაფად კურნავს, დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, „მაგრამ, — აღნიშნავს ჯმო-ს წარმომადგენელი, — ჩვენდა გასაკვირად, არცთუ ისე ბევრი ქვეყანა იყენებს ჯმო-ს მიერ ტბ-თან საბრძოლველად ნაცად და რენტაბელურ მეთოდს“. 1996 წლის დასაწყისიდან მხოლოდ 34 ქვეყანაში დაინერგა მკურნალობის ეს მეთოდი.
ყველაფრის მიუხედვად, წინსვლა აღინიშნება. 1993 წლამდე, როდესაც ჯმო-მ ტბ-ის გლობალური ეპიდემიის შესახებ გამოაცხადა, ტუბერკულოზით დაავადებული 50 პაციენტიდან მხოლოდ ერთი მკურნალობდა DOTS-ის მეთოდით. დღეს ეს შეფარდება 10-დან ერთია. არსებული ცნობის თანახმად, 1998 წელს DOTS-ის მეთოდს დაახლოებით 96 ქვეყანაში იყენებდნენ. თუ უფრო მეტ ქვეყანაში დაიწყებენ ამ მეთოდის გამოყენებას, ტუბერკულოზის ყოველწლიური შემთხვევები „მხოლოდ ათი წლის განმავლობაშიც კი განახევრდება“. დ-რ კოჩი ამბობს: „ჯანმრთელობის დასაცავად ჩვენ გვაქვს ნაცადი საშუალება, მაგრამ საჭიროა მისი უფრო ფართოდ გამოყენება“.
ადამიანებს ტბ-ის წინააღმდეგ წარმატებით საბრძოლველად ცოდნაცა აქვთ და საშუალებებიც. ახლა კი ისღა დარჩენიათ, რომ ვიღაცამ „ზედამხედველობა გაუწიოს ამ წამლების მთელ დედამიწაზე გამოყენებას“. გასაკვირი არ არის, რომ თავის გამოცემებში ჯმო ექიმებსა და ჯანდაცვის სხვა თანამშრომლებს უსვამს კითხვას: „რაღას ველოდებით?“
[სქოლიოები]
a პრეპარატებში შედის იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, სტრეპტომიცინი და ეტამბუტოლი.
[ჩანართი 21 გვერდზე]
ყოველ წამში დედამიწაზე ტუბერკულოზით ინფიცირდება ერთი ადამიანი.
[ჩანართი 21 გვერდზე]
„მილიონები იხოცებიან, მაშინ, როდესაც თაროებზე სიცოცხლის მხსნელი წამლები ალაგია“, — დ-რ არატა კოჩი.
[ჩანართი 23 გვერდზე]
„მიმდინარე ათწლეულში DOTS-ის მეთოდი ჯანდაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწევს“, — ჯმო-ს პრესრელიზი
[ჩარჩო 22 გვერდზე]
კვლავ რატომ იფეთქა?
ტუბერკულოზის (ტბ) სამკურნალო პრეპარატები ორმოციოდე წლის წინათ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ტბ-ისგან 120 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. წელს კი ეს დაავადება, ალბათ, 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. მაშ, რატომ კვდება ტუბერკულოზით დღეს ამდენი ადამიანი, როცა მისი მკურნალობა შესაძლებელია? სამი ძირითადი მიზეზის: იგნორირების, აივ/შიდს-ისა და ტბ-ის წამლებისადმი რეზისტენტობის გამო.
იგნორირება. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ისეთი ინფექციური დაავადებებისკენ, როგორიც არის შიდს-ი და ებოლა. მაგრამ 1995 წელს ებოლით გარდაცვლილ ყოველ ერთ ადამიანზე ტუბერკულოზით დაღუპული 12 000 ადამიანი მოდიოდა. ფაქტობრივად, ტბ განვითარებად ქვეყნებში ისეა გავრცელებული, რომ ამ დაავადების არსებობას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. ტბ მდიდარ ქვეყნებშიც ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ უხვად არის წამლები, რომლებიც ამ დაავადებას განკურნავდა, ისინი თაროებზე უსარგებლოდ ყრია. ასეთი საყოველთაო იგნორირება დამღუპველი შეცდომა აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ტბ-ს მთელი მსოფლიო ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მისი ბაცილები უფრო ძლიერდებოდნენ. დღეს კი ისინი უფრო მეტ ადამიანს უტევენ და უფრო მეტ ქვეყანაში, ვიდრე ეს ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა.
აივ/შიდს-ი. ტბ აივ-ისა და შიდს-ის თანამგზავრია. როცა ადამიანი ინფიცირდება აივ-ით, რომელიც იმუნურ სისტემას აქვეითებს, მისი ტბ-ით დაავადების რისკი 30-ჯერ იზრდება. გასაკვირი არ არის, რომ დღეს მსოფლიოში აივ-ის ეპიდემიამ პარალელურად ტბ-ით დაავადებულთა რიცხვის ზრდაც გამოიწვია. 1997 წლის მონაცემებით ტუბერკულოზით 266 000 აივ-ით დაინფიცირებული გარდაიცვალა. „ესენი არიან კაცები და ქალები, რომლებმაც არ გამოიყენეს არცთუ ისე ძვირი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები, რომლებიც მათთვის აუცილებელი იყო“, — ამბობს პიტერ პიო, გაეროს აივ/შიდს-თან დაკავშირებული ერთობლივი პროგრამის ხელმძღვანელი.
წამლებისადმი რეზისტენტული ტბ. საერთოდ ადამიანის მიერ შექმნილი ანტიბიოტიკური არსენალისადმი მდგრადი „სუპერმიკრობები“ სამეცნიერო ფანტასტიკის საგანია, მაგრამ ტბ-ის შემთხვევაში ეს რეალობაა. შესაძლებელია, დღეს უკვე 50 მილიონზე მეტი ადამიანი იყოს წამლებისადმი რეზისტენტული ტბ-ით დაინფიცირებული. ტბ-ით დაავადებულები რამდენიმე კვირაში მედიკამენტების მიღებას წყვეტენ, რადგან თავს უკეთესად გრძნობენ, ან წამლები უმთავრდებათ, ან რცხვენიათ, რომ ეს დაავადება სჭირთ, ამის გამო მათ სხეულში არ ხდება ყველა არსებული ბაცილის დახოცვა. მაგალითად, ერთ აზიურ ქვეყანაში ტბ-ით დაავადებული ყოველი 3 პაციენტიდან 2 დროზე ადრე წყვეტს მკურნალობას. როცა დაავადება კვლავ შეუბრუნდება ავადმყოფს, მისი მკურნალობა შედარებით რთულია, რადგან გადარჩენილი ბაქტერიები, რომლებიც შეტევაზე გადმოდიან, ყველა არსებულ ანტიტუბერკულოზურ საშუალებას იგერიებენ. შედეგად, პაციენტს უვითარდება ტბ-ის ისეთი ფორმა, რომლისგანაც ვერც თვითონ განიკურნება და ვერც მისგან დაინფიცირებულები. რადგან ეს წამლებისადმი რეზისტენტული სასიკვდილო დაავადება ჯერ კიდევ მძვინვარებს, ჩვენ კვლავ სერიოზული კითხვის წინაშე ვდგავართ: შეძლებს ადამიანი ამ სენის „მოთოკვას“?
[ჩარჩო 22 გვერდზე]
ტუბერკულოზის მარწუხებში
წლითი-წლობით ტუბერკულოზის (ტბ) ეპიდემია უფრო და უფრო იზრდება; მისი განკურნებაც უფრო ძვირი ჯდება და დაავადებაც უფრო მომაკვდინებელი ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეკრებილი ცნობები ამ ჩუმი მკვლელის გავრცელების ფაქტს ცხადყოფს. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: „პაკისტანში ტუბერკულოზს ვერ სძლიეს“. „ტუბერკულოზი უფრო დიდი მძვინვარებით დაბრუნდა ტაილანდში“. „დღეს ბრაზილიაში ტუბერკულოზი დაავადებისა და სიკვდილის უმთავრესი მიზეზია“. „ტუბერკულოზს მექსიკა კვლავ მძლავრ მარწუხებში ჰყავს მოქცეული“. რუსეთში „ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“. ეთიოპიაში „ტუბერკულოზი მძვინვარებს“. „სამხრეთ აფრიკაში ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს წერტილს აღწევს“.
თუმცა ტუბერკულოზით დაავადებული ყოველი 100 პაციენტიდან 95 ღარიბი ქვეყნებიდან არის, მის მარწუხებს ვერც მდიდარი ქვეყნები აღწევენ თავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში იქ მკვეთრად გაიზარდა ტბ-ით დაავადების შემთხვევები. ამერიკელი ჟურნალისტი ვალერი გარტსეფი აღნიშნავს, რომ ტბ „კიდევ ერთხელ დაბრუნდა ამერიკელებზე სანადიროდ“. ნიდერლანდების ტბ-ის სამეფო ასოციაციის დირექტორმა, დ-რ იაპ ბრუკმანსმა ახლახან მსგავსი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ტბ-ს ეპიდემია „აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთ ევროპის ნაწილებსაც მოედო“. გასაკვირი არ არის, რომ 1997 წლის 22 აგვისტოს ჟურნალ „საიენსში“ (Science) აღნიშნული იყო: „ტუბერკულოზი კვლავ სერიოზულად ემუქრება კაცობრიობას“.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
ტბ-ის გენეტიკური კოდი აღმოჩენილია
მეცნიერებმა ახლახან მიზანს მიაღწიეს და ტუბერკულოზის ბაქტერიის სრული გენეტიკური კოდი გაშიფრეს. ეს კი „ახალი ფაზაა კაცობრიობის ყველაზე დიდი მტაცებლის წინააღმდეგ ბრძოლაში“, — აღნიშნავს ლონდონის საიმპერიო სამედიცინო კოლეჯის დ-რი დუგლას იანგი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვამცნობს, რომ ამ აღმოჩენის შემდეგ „შეიძლება საჭირო აღარ იყოს ანტიტუბერკულოზური წამლებისა და ვაქცინების ძიება“ (The TB Treatment Observer, September 15, 1998).
[სურათები 23 გვერდზე]
კომპლექსურ თერაპიას ტბ-ს ბაცილების დახოცვა შეუძლია.
[საავტორო უფლებები]
Photo supplied by WHO, Geneva
Photo: WHO/Thierry Falise
[სურათები 24 გვერდზე]
ერთი პაციენტის განკურნებას მხოლოდ 100 ამერიკული დოლარი სჭირდება.
[საავტორო უფლებები]
Photo: WHO/Thierry Falise
Photo supplied by WHO, Geneva
[საავტორო უფლებები 21 გვერდზე]
Photo: WHO/Thierry Falise
Photo supplied by WHO, Geneva
Photo: WHO/Thierry Falise