-
„ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე“საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 მარტი
-
-
„უკუნითიდან დამადგინა“
„იგავნის“ მე-8 თავში სიბრძნე მხოლოდ იმიტომ კი არ არის გასულიერებული, რომ აბსტრაქტული თვისების დამახასიათებელი თავისებურებები აღგვიწეროს, არამედ იმიტომაც, რომ სიმბოლურად იეჰოვას ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებაზე მიგვანიშნოს. სიბრძნე განაგრძობს: „უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:22—26).
რა ზუსტად შეესაბამება ზემოთ აღწერილი გაპიროვნებული სიბრძნე იმას, რაც საღვთო წერილში ‘სიტყვის’ შესახებ არის ნათქვამი. „თავდაპირველად იყო სიტყვა, — დაწერა მოციქულმა იოანემ. — და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანე 1:1). გაპიროვნებული სიბრძნე სიმბოლურად განკაცებამდელ ღვთის ძეს, იესო ქრისტეს, წარმოადგენსb.
იესო ქრისტე არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი“ (კოლასელთა 1:15, 16). „როდესაც იგი [იეჰოვა] ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, — განაგრძობს გაპიროვნებული სიბრძნე. — როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული“ (იგავნი 8:27—31). იეჰოვას პირმშო, რომელიც მამის გვერდით იყო, აქტიურად მოღვაწეობდა მასთან, ცისა და დედამიწის უბადლო შემოქმედთან, ერთად. როდესაც იეჰოვა ღმერთმა პირველი ადამიანი შექმნა, მისი ძე, როგორც ოსტატი, მასთან ერთად ქმნიდა (დაბადება 1:26). გასაკვირი არ არის, რომ ღვთის ძე ძალიან არის დაინტერესებული კაცობრიობით და უყვარს კიდეც ის.
„ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს“
ღვთის ძე, როგორც გაპიროვნებული სიბრძნე, ამბობს: „ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს“ (იგავნი 8:32—36).
იესო ქრისტე ღვთის სიბრძნის სრულყოფილი განსახიერებაა. მასში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი“ (კოლასელთა 2:3). მოდი მთელი გულისყურით ვუსმინოთ მის ხმას და საგულდაგულოდ მივყვეთ მის ნაბიჯებს (1 პეტრე 2:21). მისი უარყოფა საკუთარი თავის დაზარალებისა და სიკვდილის შეყვარების ტოლფასია, რადგან „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა“ (საქმეები 4:12). მოდი მივიღოთ იესო იმ პიროვნებად, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა ჩვენს ხსნაზე იზრუნა (მათე 20:28; იოანე 3:16). ამგვარად, ჩვენ ‘სიცოცხლეს ვპოვებთ და უფლის მადლს მოვიხვეჭთ’ — ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს.
-
-
„ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე“საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 მარტი
-
-
b თუმცა „სიბრძნედ“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ყოველთვის მდედრობითი სქესისაა, არასწორი არ იქნებოდა მისი გამოყენება ღვთის ძის წარმოსადგენად. გამოთქმაში „ღმერთი სიყვარულია“ გამოყენებული ბერძნული სიტყვა „სიყვარულიც“ მდედრობითი სქესისაა (1 იოანე 4:8). მაგრამ ის გამოიყენება ღმერთთან მიმართებაში.
-