თავი მესამე
მტკიცედ ჩაეჭიდე ღვთის სიტყვას
1. ა) როგორ დარწმუნდნენ ძველად მცხოვრები ისრაელები ღვთის სიტყვის უტყუარობაში? ბ) რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს?
„მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14—16). ამ სიტყვებით მიმართა იესომ ისრაელის უხუცესებს მას შემდეგ, რაც აღთქმულ მიწაზე დასახლდნენ. დიახ, იეჰოვას დანაპირები სარწმუნო აღმოჩნდა. ეს სიტყვები და ბიბლიის დანარჩენი ნაწილიც იმ მიზნით შემოინახა ჩვენთვის, რომ ‘იმედი გვქონოდა’ (რომაელთა 15:4).
2. ა) რა გაგებით არის ბიბლია „შთაგონებული ღვთისგან“? ბ) რა მოვალეობას გვაკისრებს იმის ცოდნა, რომ ბიბლია ღვთისგანაა შთაგონებული?
2 თუმცა ბიბლია დაახლოებით 40 მამაკაცის მეშვეობით დაიწერა, მისი ავტორი თავად იეჰოვაა. ნიშნავს ეს, რომ ყველაფერი უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ჩაიწერა მასში? დიახ. მან თავისი სულიწმიდის, ძლიერი მოქმედი ძალის, საშუალებით განახორციელა ეს. მოციქულმა პავლემ სწორად აღნიშნა: «მთელი წერილი ღვთივსულიერია [„შთაგონებულია ღვთისგან“, აქ]... რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული». მთელ მსოფლიოში ისინი, ვინც დარწმუნებული არიან ამაში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიბლიას და მისი სწავლებების თანახმად ცხოვრობენ (2 ტიმოთე 3:16, 17; 1 თესალონიკელთა 2:13).
დაეხმარე სხვებს ბიბლიის გაგებასა და დაფასებაში
3. საუკეთესოდ რით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც არ სწამს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა?
3 ბევრი, ვისაც ვესაუბრებით, არ იზიარებს ჩვენს რწმენას, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ? ხშირ შემთხვევაში საუკეთესოა, გადავუშალოთ ბიბლია და ვაჩვენოთ, თუ რა არის მასში ჩაწერილი. „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი... და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). „ღვთის სიტყვა“ მკვდარი ისტორია როდია, ის დღესაც მოქმედია! არაფერი უშლის ხელს მასში მოცემული დანაპირებების შესრულებას. ბიბლია ჩვენ მიერ ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაზე უფრო მეტად ეხება ადამიანის გულს და მოქმედებისკენ აღძრავს მას.
4. ბიბლიიდან რომელი საკითხების ახსნის შედეგად შეეცვალა ზოგს თვალსაზრისი ბიბლიაზე და რატომ?
4 ბიბლიაში ღვთის სახელის ნახვამ უბიძგა ბევრს, რომ ღრმად გამოეკვლია საღვთო წერილი. სხვებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს მისი შესწავლა, როცა გაიგეს, თუ რა არის ბიბლიაში ნათქვამი სიცოცხლის აზრსა და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და რატომ არის დღევანდელი მოვლენები ასე მნიშვნელოვანი. ზოგს ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბიბლიაში მოცემული ახსნა მოისმინა იმის თაობაზე, თუ რა იწვევს გარკვეულ ქვეყნებში არსებული რელიგიური წეს-ჩვეულებების გამო ადამიანებზე ბოროტი სულების თავდასხმას და როგორაა შესაძლებელი მათგან გათავისუფლება. რატომ ეხება გულწრფელი ადამიანების გულს ამ კითხვებზე ბიბლიაში მოცემული პასუხები? მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ ბიბლია გვაწვდის უტყუარ ინფორმაციას ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე (ფსალმუნი 118:130).
5. ა) რა შეიძლება იყოს მიზეზი, როდესაც ვინმე ამბობს, რომ არ სწამს ბიბლიის? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს?
5 მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმე გვეუბნება, რომ არ სწამს ბიბლიის? უნდა შევწყვიტოთ ასეთ ხალხთან საუბარი? არა, თუ მათთან შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა. შესაძლოა, ისინი ბიბლიას ქრისტიანული სამყაროს წიგნად მიიჩნევენ და მისადმი მათი უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ ქრისტიანული სამყაროს ფარისევლობით, პოლიტიკურ საქმეებში ჩარევითა და ხალხისგან გამუდმებით ფულის გამოძალვით აიხსნება. ხომ არ ჯობდა, გეკითხა მათთვის, ეს ხომ არაა მიზეზი? შეიძლება იმის გაგებამ, რომ ბიბლია განსჯის ქრისტიანული სამყაროს ცხოვრების წესს და, ამასთანავე, იმანაც, თუ რამდენად დიდი სხვაობაა ქრისტიანულ სამყაროსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის, გაუღვიძოს მათ ინტერესი (მიქა 3:11, 12; მათე 15:7—9; იაკობი 4:4).
6. ა) პირადად შენ რამ დაგარწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა? ბ) კიდევ რა დამამტკიცებელი საბუთების მოყვანა შეგვიძლია ადამიანების დასარწმუნებლად, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის მიერ არის შთაგონებული?
6 შეიძლება სხვებისთვის დამხმარე იყოს პირდაპირ იმის განხილვა, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული. პირადად შენ რამ დაგარწმუნა, რომ ბიბლია იეჰოვა ღმერთის შთაგონებით დაიწერა? იმან ხომ არა, რაც თავად ბიბლიაშია ნათქვამი, თუ რომელი წყაროდან იღებს დასაბამს? ან იმ ფაქტმა ხომ არა, რომ ბიბლიაში მომავლის დაწვრილებით ამსახველი უამრავი ისეთი წინასწარმეტყველებაა, რომელიც ზეადამიანური წყაროდან უნდა მომდინარეობდეს? (2 პეტრე 1:20, 21). იქნებ იმან დაგარწმუნა, რომ თუმცა ბიბლიას 40 მამაკაცი წერდა 1600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მისი წიგნები სავსებით ეთანხმება ერთმანეთს? ან მისმა მეცნიერულმა სიზუსტემ ხომ არ განაპირობა ეს, რასაც ვერ ვიტყოდით იმ დროს დაწერილ სხვა წიგნებზე? ან მისი დამწერების პატიოსნებამ? ან იმან ხომ არა, რომ მისი განადგურების მცდელობის მიუხედავად, დღემდე შემოინახა? რამაც პირადად შენ დაგარწმუნა, შეიძლება სხვებისთვისაც აღმოჩნდეს დამხმარეa.
ვიკითხოთ ბიბლია
7, 8. ა) როგორ უნდა მოვეკიდოთ ბიბლიას? ბ) კიდევ რა უნდა ვაკეთოთ ბიბლიის დამოუკიდებლად კითხვის გარდა? გ) პირადად შენ როგორ ჩასწვდი იეჰოვას განზრახვების არსს?
7 იმის გარდა, რომ სხვებს ბიბლიისადმი რწმენა ჩავუნერგოთ, თავადაც უნდა გამოვყოთ დრო მისი რეგულარულად კითხვისთვის. იქცევი ასე? ბიბლია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიის კითხვის გარდა მეტი აღარაფერი გვჭირდება. საღვთო წერილი გვაფრთხილებს, რომ არ განვცალკევდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დამოუკიდებელი გამოკვლევით თავად შევძლებთ ყველაფერზე პასუხის მოძებნას. იმისათვის, რომ გაწონასწორებული ქრისტიანები ვიყოთ, საჭიროა როგორც პირადი შესწავლა, ისე ღვთის ხალხის შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება (იგავნი 18:1, აქ; ებრაელთა 10:24, 25).
8 ბიბლიაში მოთხრობილია ეთიოპელ დიდებულზე, რომელიც ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა. ანგელოზმა ქრისტიანი მქადაგებელი, ფილიპე, გააგზავნა მასთან. ფილიპემ ჰკითხა ამ მამაკაცს: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“. ეთიოპელმა თავმდაბლად მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“. მან სთხოვა ფილიპეს, აეხსნა საღვთო წერილის ეს მონაკვეთი. ფილიპე არ იყო ბიბლიის დამოუკიდებელი მკვლევარი და არ გამოთქვამდა, უბრალოდ, თავის თვალსაზრისს. ის ღვთის ხილულ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდა, რის გამოც შეძლო დახმარებოდა ეთიოპელს იეჰოვას მითითებების გაგებაში, რომლებსაც ღმერთი თავისი ორგანიზაციის მეშვეობით იძლეოდა (საქმეები 6:5, 6; 8:5, 26—35). მსგავსადვე, დღეს არავის შეუძლია დამოუკიდებლად ჩასწვდეს იეჰოვას განზრახვების ნამდვილ არსს. ჩვენ ყველას გვესაჭიროება დახმარება, რომელსაც სიყვარულით ვიღებთ იეჰოვასგან მისი ხილული ორგანიზაციის საშუალებით.
9. ბიბლიის კითხვის როგორი განრიგის მიყოლა იქნება სასარგებლო ყველა ჩვენგანისთვის?
9 ბიბლია რომ კარგად გავიგოთ, იეჰოვას ორგანიზაცია სხვადასხვაგვარ პუბლიკაციებს აქვეყნებს, რომლებშიც შესანიშნავი ბიბლიური მასალაა განხილული. გარდა ამისა, თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამაში, რომელიც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებაში ტარდება, ჩართულია ბიბლიის რეგულარულად კითხვის განრიგი. საღვთო წერილის პირადი გამოკვლევა ძალიან სასარგებლოა (ფსალმუნი 1:1—3; 18:8, 9). ამიტომ მთელი ძალ-ღონე მოახმარე ბიბლიის რეგულარულად კითხვას. მაშინაც კი, თუ ყველაფერი ბოლომდე არ გესმის, წმინდა წერილებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა უდიდეს სარგებლობას მოგიტანს. მაგალითად, თუ დღეში მხოლოდ ოთხ ან ხუთ გვერდს კითხულობ, დაახლოებით ერთ წელიწადში დაასრულებ ბიბლიის კითხვას.
10. ა) როდის კითხულობ ბიბლიას? ბ) ვისთან ერთად უნდა იკითხო ბიბლია და რატომ არის რეგულარულობა მნიშვნელოვანი?
10 როდის ვიკითხოთ ბიბლია? თუ მის კითხვას ყოველდღიურად თუნდაც 10-15 წუთს გამოუყოფ, ეს მრავალმხრივ დაგეხმარება. თუ ყოველდღიურად არ გამოგდის, ყოველი კვირის განმავლობაში მაინც დაგეგმე მისი რეგულარულად კითხვა და მიჰყევი ამ განრიგს. თუ დაქორწინებული ხარ, შენ და შენს მეუღლეს შეგიძლიათ ხმამაღლა წაუკითხოთ ერთმანეთს ღვთის სიტყვა. თუ შვილები უკვე წამოიზარდნენ, მათაც შეუძლიათ რიგრიგობით წაიკითხონ ხმამაღლა ბიბლია. მისი კითხვა მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვევად უნდა გავიხადოთ, ისევე როგორც საკვებს ვიღებთ. როგორც ცნობილია, თუ ადამიანი ცუდად იკვებება, მისი ჯანმრთელობა შეირყევა. მსგავსადვე, ჩვენი სულიერობა და, საბოლოო ჯამში, მარადიული ცხოვრებაც იმაზეა დამოკიდებული, ვიკვებებით თუ არა რეგულარულად „ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).
ჩვენი მიზანი
11. რა მიზნით უნდა ვკითხულობდეთ ბიბლიას?
11 რა მიზანი უნდა გვამოძრავებდეს ბიბლიის კითხვისას? ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, უბრალოდ, რამდენიმე გვერდის გადაკითხვა. ჩვენ ბიბლიას იეჰოვას უკეთ გაცნობის მიზნით უნდა ვკითხულობდეთ, რათა გაგვიძლიერდეს მისდამი სიყვარული და სწორად ვცეთ მას თაყვანი (იოანე 5:39—42). ჩვენ ისეთივე განწყობილება უნდა გვქონდეს, როგორიც ბიბლიის ერთ-ერთ დამწერს ჰქონდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნი 24:4).
12. ა) რატომაა „საფუძვლიანი ცოდნის“ მიღება აუცილებელი და რას უნდა ვეცადოთ კითხვის დროს ასეთი ცოდნის მისაღებად? ბ) რომელი ოთხი აზრის მხედველობაში მიღება დაგვეხმარება ბიბლიიდან წაკითხულის ნაყოფიერად გაანალიზებაში? (იხილე 30-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო). გ) ამ აბზაცში მოყვანილ კითხვებზე პასუხის გაცემისას გაითვალისწინე ეს ოთხი აზრი. წაიკითხე ის მუხლებიც, რომლებიც მითითებულია, მაგრამ არ არის ციტირებული.
12 როდესაც იეჰოვა გვასწავლის, „საფუძვლიანი ცოდნის“ მიღების ძლიერი სურვილი უნდა გვქონდეს. ამის გარეშე როგორ შევძლებთ ღვთის სიტყვის ცხოვრებაში სათანადოდ გამოყენებას ან სხვებისთვის სწორად ახსნას? (კოლასელთა 3:10, აქ; 2 ტიმოთე 2:15). საფუძვლიანი ცოდნის მოსაპოვებლად დიდი ყურადღებით უნდა ვიკითხოთ ბიბლია და, თუ რომელიმე მონაკვეთი რთულია, შესაძლოა აზრის ბოლომდე გასაგებად რამდენჯერმე დაგვჭირდეს მისი წაკითხვა. ძალიან კარგი იქნება, თუ დროს გამოვყოფთ წაკითხულ მასალაზე დასაფიქრებლად და სხვადასხვა კუთხით გავაანალიზებთ. 30-ე გვერდზე მოცემულია ოთხი მნიშვნელოვანი აზრი, რომლებიც წაკითხულზე დაფიქრების დროს შეგვიძლია გავითვალისწინოთ. ბიბლიის ბევრი ადგილის ნაყოფიერად გაანალიზება შესაძლებელია ამ აზრებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს მხედველობაში მიღებით. როდესაც ქვემოთ მოცემულ კითხვებს უპასუხებ, თავად დაინახავ ამას.
1) ხშირად საღვთო წერილის ესა თუ ის მონაკვეთი გვიჩვენებს, როგორი პიროვნებაა იეჰოვა. მაგალითად, ფსალმუნის 138:13, 14-დან ვგებულობთ, რომ ღმერთი იმათზეც კი ძალიან ზრუნავს, ვინც ჯერ არ დაბადებულა: „გამომძერწე დედაჩემის საშოში. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“. რა სასწაულებრივია იეჰოვას შემოქმედებითი საქმეები! ის, თუ როგორ არსებებად შეგვქმნა ღმერთმა, ჩვენდამი მის უსაზღვრო სიყვარულს ადასტურებს.
იოანეს 14:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვების მხედველობაში მიღებით, როდესაც იესოს სხვებისადმი დამოკიდებულების შესახებ ვკითხულობთ, სინამდვილეში ვხედავთ, თავად იეჰოვა როგორ მოიქცეოდა. აქედან გამომდინარე, რას ვიგებთ იეჰოვაზე, როდესაც ლუკას 5:12, 13-სა და 7:11—15-ში ჩაწერილ შემთხვევებს ვკითხულობთ?
2) დაფიქრდი, როგორ უკავშირდება ბიბლიის გარკვეული მონაკვეთი ბიბლიის მთავარ თემას — იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებასა და მისი სახელის განწმენდას სამეფოს საშუალებით, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, აღთქმული თესლი.
როგორ ამახვილებენ ყურადღებას ეზეკიელი და დანიელი ბიბლიის მთავარ თემაზე? (ეზეკიელი 38:21—23; დანიელი 2:44; 4:14; 7:9—14).
როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იესო აღთქმული თესლია? (გალატელთა 3:16).
როგორ აღწერს გამოცხადება სამეფოსთან დაკავშირებულ კულმინაციურ მოვლენებს? (გამოცხადება 11:15; 12:7—10; 17:16—18; 19:11—16; 20:1—3; 21:1—5).
3) შეეკითხე საკუთარ თავს, თუ როგორ შეგიძლია პირადად გამოიყენო წაკითხული. მაგალითად, „გამოსვლიდან“ „მეორე რჯულის“ ჩათვლით ვკითხულობთ ისრაელების ზნედაცემულობასა და ურჩობაზე. აგრეთვე ვგებულობთ, რომ მათ განწყობილებასა და მოქმედებებს ცუდი შედეგები მოჰყვა. ამან სურვილი უნდა გაგვიჩინოს, ვასიამოვნოთ იეჰოვას იმით, რომ არ მივყვეთ ისრაელების ცუდ მაგალითს. „ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11).
რა შეგვიძლია ვისწავლოთ კაენის მიერ აბელის მოკვლის შემთხვევიდან? (დაბადება 4:3—12; ებრაელთა 11:4; 1 იოანე 3:10—15; 4:20, 21).
ეხებათ თუ არა ზეციური იმედის მქონე ქრისტიანებისთვის მიცემული ბიბლიური რჩევები მათაც, ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ? (რიცხვნი 15:16; იოანე 10:16).
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ კრებაში კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ, რატომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ვცდილობთ, უფრო უკეთ გამოვიყენოთ ჩვენთვის უკვე ცნობილი ბიბლიური რჩევები (2 კორინთელთა 13:5; 1 თესალონიკელთა 4:1).
4) დაფიქრდი, როგორ შეგიძლია გამოიყენო წაკითხული სხვების დასახმარებლად. დღესდღეობით ბევრი წუხს საკუთარ ჯანმრთელობაზე; ასეთებს შეგვიძლია ბიბლიიდან ამოვუკითხოთ, რას აკეთებდა იესო, რომ დავანახვოთ, თუ რას გააკეთებს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, როდესაც სამეფო ძალაუფლებით მოვა: „მივიდა მასთან დიდძალი ხალხი; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა... და მან განკურნა ისინი“ (მათე 15:30).
ვის დასახმარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ იაირის ქალიშვილის აღდგომის შემთხვევა? (ლუკა 8:41, 42, 49—56).
13 რამდენად დიდ სარგებლობას მოგვიტანს ბიბლიის კითხვა, თუ ზემოთ მოყვანილ ოთხ აზრს გავითვალისწინებთ! რასაკვირველია, ბიბლიის კითხვა ადვილი არ არის, მაგრამ მას შეუძლია სასიკეთოდ იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე, რადგან საღვთო წერილის კითხვა სულიერად გაგვზრდის. ბიბლიის რეგულარულად კითხვა უფრო დაგვაახლოებს ჩვენს მოსიყვარულე მამასთან და თანაქრისტიანებთან. ეს კი დაგვეხმარება, „მტკიცედ ჩავეჭიდოთ სიცოცხლის სიტყვას“ (ფილიპელთა 2:16, აქ).
[სქოლიოები]
a თუ რატომ ღირს ბიბლიისთვის ყურადღების მიპყრობა, განხილულია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ბროშურაში „წიგნი ყველასთვის“.
გამეორება
• რატომ დაიწერა და დღემდე შემოინახა ბიბლია?
• როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს ბიბლიის გაგებასა და დაფასებაში?
• რატომ არის სასარგებლო ბიბლიის პირადად და რეგულარულად კითხვა? რომელი ოთხი აზრის გამოყენება დაგვეხმარება წაკითხულის ნაყოფიერად გაანალიზებაში?
13. რა შედეგებს უნდა ველოდოთ, თუ ბიბლიის კითხვის პროგრამას მივყვებით და იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად ვიძენთ ცოდნას?
[სურათი 30 გვერდზე]
როდესაც ბიბლიას კითხულობ, დაფიქრდი:
რას გებულობ იეჰოვას პიროვნების შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს მონაკვეთი ბიბლიის საერთო თემას?
როგორ უნდა იმოქმედოს შენს ცხოვრებაზე?
როგორ შეგიძლია ამის გამოყენება სხვების დასახმარებლად?