ორმოცდაათი წლის შემდეგ ბომბებს გავექეცით!
„მალე აქ აფეთქება მოხდება. ყველანი თავშესაფარში!“
ამ სიტყვებით გაგვაფრთხილა მე და ჩემი ქმარი პოლიციელმა, რათა სახლში არ დავრჩენილიყავით და თავი მახლობლად მდებარე ბეტონის ბუნკერისთვის შეგვეფარებინა. ეს ცნობა საკმაოდ თავზარდამცემი იყო. ჩვენ ხომ მსოფლიოს ცხელ წერტილში არ ვიმყოფებოდით, არამედ გილბერტის (კირიბატი) კუნძულებიდან ერთ-ერთ ნაპირა, საუცხოო ატოლზე მეგობრებთან სტუმრად ჩამოვედით.
იმ მიზნით ჩამოვედით, რომ ერთი კვირა ჩვენს მეგობართან და მის ქმართან გაგვეტარებინა პატარა კუნძულ ტარავაზე. მასპინძელი ქალი იეჰოვას ერთადერთი მოწმე იყო ამ კუნძულზე და გვსურდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ქადაგებაში დავხმარებოდით მას.
გილბერტელები ბუნებით თბილები არიან და ბიბლიაზე საუბრის დიდი სურვილი აქვთ. რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ ახალი გამოსული იყო, მრავალი ეგზემპლარის გავრცელების კარგი შესაძლებლობა მოგვეცა. წიგნის ყველა მსურველი გვარწმუნებდა, რომ აუცილებლად წაიკითხავდა მას და დემონების მოსაგერიებელ „კენ კარავანად“, ანუ „თილისმად“, არ გამოიყენებდა. აქ გავრცელებულია ჩვეულება, ბოთლში ჩადონ ბიბლიის დახვეული გვერდი და ის ბოძზე ან სადმე სახლთან ახლოს მდებარე ხეზე ჩამოჰკიდონ, რადგან ჰგონიათ, რომ ამით ბოროტ სულებს განდევნიან.
კარგად ვისიამოვნეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ შაბათის დადგომისთანავე მივხვდით, რომ რაღაც ცვლილება მოხდებოდა. დღე დილაუთენია კამკამა, თბილ ლაგუნაში სასიამოვნო ცურაობით დავიწყეთ. სანაპიროდან მობრუნებისას დავინახეთ, რომ ნაპირს ნაცრისფერი გემი უახლოვდებოდა, რომელსაც რაღაც ავის მომასწავებელი იერი ჰქონდა. მალე გავიგეთ, თუ რა მოიტანა მან. პოლიციელმა აგვიხსნა, რომ ჩამოვიდა შვიდი მამაკაცისგან შემდგარი ამერიკის სამხედრო ჯგუფი, რათა კუნძულზე არსებული ძველი ბომბების დეტონირება მოეხდინათ. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოეხდინათ და კუნძულელებს მთელი დღე ბუნკერში უნდა გაეტარებინათ, ბუნკერში, რომელიც II მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა ააშენეს.
ის ბუნკერები, რომელსაც ტარავაში ჩასულები მაშინვე ამჩნევენ, საშინელი წარსულის მტკიცებას წარმოადგენს. შორიდან კუნძული ტროპიკულ სამოთხეს ჰგავს, მაგრამ, როდესაც ახლოს მიხვალ, ცხადი ხდება, რომ ტარავას სილამაზეს ის ღრმა ნაიარევი ამახინჯებს, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ, ომის დროს მიიღო. ეს კუნძული, რომელიც ადრე იაპონიის ძირითადი სამხედრო საჰაერო ბაზა იყო, ახლა II მსოფლიო ომის ნარჩენებითაა სავსე. აქ ყველგან ყრია ომის დაჟანგული რელიქვიები: საბრძოლო თვითმფრინავები, ლაფეტზე დაყენებული იარაღები და ტორპედოები, რომლებზეც ტროპიკული მცენარეებია მოდებული.
მაგრამ ყველაზე საშიში ბომბების ნარჩენებია. ომის დროს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ტარავაზე 3 600 ტონაზე მეტი ბომბი, ნაპალმი და რეაქტიული ჭურვი ჩამოყარა, ხოლო იაპონელებს მიწისქვეშ ბომბებისა და საბრძოლო იარაღების საკუთარი არსენალი ჰქონდათ. თუმცა საეჭვოა, რომ 50 წლის ბომბი აფეთქდეს, მაგრამ ის ყოველთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს, რაც ნათელს ხდის, თუ რატომ ჩამოვიდა ამ კუნძულზე 1945 წელს ომის დამთავრების შემდეგ, სულ მცირე ხუთჯერ მაინც, განნაღმვის განმახორციელებელი ჯგუფი.
ჩვენი სურვილი იყო გაგვეგო, ნამდვილად მართალი იყო თუ არა ეს გაფრთხილება და ამ მიზნით სანაპიროზე დაბინავებულ განნაღმვის განმახორციელებელ ჯგუფთან მივედით. მათ გვითხრეს, რომ ეს გაფრთხილება არა მარტო მართალი იყო, არამედ ერთ საათში აფეთქებები დაიწყებოდა. ასევე გვითხრეს, რომ, თუ ბუნკერში არ შევაფარებდით თავს, დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა კუნძული.
ჩვენმა მეგობარმა ტარავაზე დარჩენა გადაწყვიტა და რამდენიმე ოჯახთან ერთად ომის დროს ტყვიამფრქვევებისთვის აგებულ ბუნკერს შეაფარა თავი. მოგვიანებით ის მოგვიყვა, რომ ფანჯრების როლს ამ ძველ ბეტონის ბუნკერში მხოლოდ ამბრაზურები ასრულებდა, ხოლო ბუნკერი ხალხით იყო გაჭედილი და საშინლად ცხელოდა. აქ გატარებულმა დღემ მას ომის წლები გაახსენა და აღიარა, რომ, თუმცა ბავშვობისას ბომბების აფეთქება მოსწონდა, ახლა ის საკმაოდ შემზარავად მოეჩვენა.
მისი მეუღლე დაგვთანხმდა, პატარა მოტორიანი ნავით წავეყვანეთ უოლეტის კუნძულზე, რომელიც 8 კილომეტრით იყო დაშორებული. ნაპირს რომ გავცდით, რამდენიმე წუთში გამაყრუებელი აფეთქების ხმა შემოგვესმა. ტარავასკენ რომ მოვიხედეთ, კუნძულის სამოსახლო რაიონიდან ამომავალი კვამლის სვეტი დავინახეთ. მალე მეორე აფეთქებაც მოხდა, შემდეგ მესამე, უფრო დიდი და ძლიერი.
მთელი დღე უოლეტზე ქადაგებაში გავატარეთ; ეს იყო დღე, როდესაც საუბარს ბომბების შორეული აფეთქების ხმა გვაწყვეტინებდა. ძველი ბომბების ადგილსამყოფელი რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს და მონიშნეს. ფეთქებადი ნივთიერებები იპოვეს ყველგან: სანაპირო ზოლში, აეროდრომსა და მოსახლეობის ეზოებშიც კი. აფეთქებების რაოდენობის შემცირების მიზნით, განნაღმვის განმახორციელებელმა ჯგუფმა რამდენიმე პატარა ბომბი მოაგროვა და ერთად ააფეთქა.
მზე თითქმის უკვე ჩასული იყო, როდესაც ტარავაში ვბრუნდებოდით. კუნძულთან მიახლოებისას შევნიშნეთ, რომ არ იგრძნობოდა ჩვეული სუნი, რომელსაც საჭმლის დასამზადებლად დანთებული ცეცხლი გამოსცემდა. მივხვდით, რომ საქმე ცუდად იყო. უცებ პატარა ნავი სწრაფად მოგვიახლოვდა და გაგვაფრთხილეს, რომ არ მივახლოებოდით კუნძულს. სადღაც რიფის მახლობლად დიდი ბომბი უნდა აეფეთქებინათ. ამგვარად, როდესაც სანაპიროდან საღამოს ბინდში გავცურეთ, ისეთი რამის მოწმე გავხდით, რაც დღეს მცხოვრებ ხალხთა უმეტესობას არასოდეს უნახავს. ეს იყო II მსოფლიო ომის ბომბის წყალქვეშა აფეთქება, რომელმაც წყლისა და კვამლის ჭავლი ჰაერში ასობით მეტრზე ატყორცნა.
საბედნიეროდ, იმ დღეს არც ერთი ტარაველი არ დაზიანებულა. მოაშორა თუ არა საბოლოოდ განნაღმვის განმახორციელებელმა ჯგუფმა დარჩენილი ბომბები? ალბათ არა. ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსალოდნელია, კუნძულელები უფრო მეტ ძველ იარაღებსაც წააწყდნენ მომავალში. რა თქმა უნდა, ამან ხალხთან სალაპარაკო თემა გაგვიჩინა, რითაც ტარავაში ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა დავასრულეთ. საკმაოდ სასიამოვნო იყო ამ კუნძულის მოსახლეობასთან იმ დროზე საუბარი, როდესაც ღვთის სამეფო „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნი 45:10).
მოგვითხრო ნანსი ვანდერველდემ
[სურათი 17 გვერდზე]
ბომბი, რომელიც ჯერ არ აუფეთქებიათ.