მკითხველთა წერილები
უსიამოვნებები შვებულების დროს. ძალიან მომეწონა სტატია „როგორ შეიძლება აირიდოთ უსიამოვნებები შვებულების დროს“ (8 ივლისი, 1998). ბევრი რამ გავიგე. მაგალითად, არ ვიცოდი, რომ უმოძრაოდ და ვიწროდ დიდხანს ჯდომისას ტრომბის საშიშროება არსებობს.
ლ. გ. (აშშ)
როგორ მოვიქცე, თუ ის არ მპასუხობს სიყვარულზე? დღეს მივიღე ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ (8 ივლისი, 1998) და, როდესაც დავინახე სტატია „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ მოვიქცე, თუ ის არ მპასუხობს სიყვარულზე?“, მაშინვე მადლობა მოვუხადე იეჰოვას, რომ ლოცვაზე მიპასუხა. გადავწყვიტე, დედასთან ერთად განვიხილო სტატია და რჩევის თანახმად მოვიქცე. იეჰოვა ღმერთი ნამდვილად დიდ სიყვარულს იჩენს, რომ მისი შემწეობით არსებობს რუბრიკა „ახალგაზრდების შეკითხვები“
კ. მ. (კენია)
ვარ 22 წლის და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ჟურნალს. ამჯერად პირველი შემთხვევა იყო, რომ სტატიამ გული შემიძრა. როდესაც მისი კითხვა დავიწყე, თვალები ცრემლით ამევსო. ჩემთვის ნაცნობი იყო სტატიაში გაშუქებული გრძნობები და მათთან დაკავშირებით უამრავი კითხვა მქონდა. ეს სტატია დამეხმარა, ყველაფრისთვის უფრო გონივრულად შემეხედა.
რ. ბ. (ლიტვა)
სტატიის წაკითხვისთანავე დამებადა კითხვა: „რანაირად გრძნობენ ჩემს განცდებს?“ ძალიან გამეხარდა, როცა გავიგე, რომ იეჰოვას მთელი გულით ესმის ჩვენი. ჟურნალი დღეს მომივიდა და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შუაღამეა, ძალიან მსურს დაუყოვნებლივ მოგწეროთ.
ა. ნ. (იაპონია)
მიუხედავად იმისა, რომ სტატია გაშუქებული იყო სუსტი სქესის წარმომადგენელთა პოზიციიდან, მეც დიდი დახმარება გამიწია. ერთი კვირის წინ სასტიკი უარი მითხრეს და გული საშინლად მეტკინა. თქვენი სტატია დამეხმარა ჩემი გრძნობები უკეთესად გამეგო. სტატიამ მანუგეშა და, რაც უფრო მთავარია, მიჩვენა, რომ მეუღლის შერჩევისას უნდა მახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება გაცემას მოაქვს და არა მიღებას.
ფ. ჰ. ს. (ბრაზილია)
კორეაში ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დროულ გათხოვებას. ახალგაზრდა ქრისტიანისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს ‘სიყმაწვილის ასაკის გადაცდენამდე’ მოთმენა (1 კორინთელთა 7:36). გმადლობთ შესანიშნავი რჩევისთვის.
ს. კ. (კორეა)
სიღარიბეს ბოლო მოეღება. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ 1998 წლის 8 ივნისის ნომრის სტატიების სერიისთვის „მალე სიღარიბეს ბოლო მოეღება“. სტატიებში ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი და წაკითხულმა დამანახვა საკუთარი უკმაყოფილების გამომხატველი განწყობილება. ვარ უმუშევარი და მაქვს ცოტაოდენი გადანახული ფული. ვფიქრობდი, ღატაკი ვიყავი, მაგრამ ვცდებოდი! სტატიაში ნაჩვენები იყო, რომ სხვებს ჩემზე გაცილებით მეტად უჭირთ. მე მადლობელი უნდა ვიყო იმისთვის, რაც მაქვს: საჭმელი, ჩასაცმელი, ჯანმრთელობა და, რაც ყველაზე მთავარია, მყავს იეჰოვა ღმერთი. მოუთმენლად ველი, როდის მოეღება ბოლო სიღარიბეს. გადავწყვიტე, რომ ვეძიო იეჰოვას სამეფო და აღარასოდეს ვიწუწუნო.
კ. ვ. (ახალი ზელანდია)
ცელიბატი. უკვე რამდენიმე წელია, რაც თქვენი ჟურნალების მკითხველი ვარ. ამჯერად იძულებული ვარ, უკმაყოფილება გამოვთქვა კათოლიკური ეკლესიის დოქტრინებთან დაკავშირებული ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქების გამო სტატიაში: „ბიბლიის თვალსაზრისი — მოეთხოვებათ ქრისტიანებს ცელიბატი?“ (8 ივნისი, 1998). კათოლიკურ ეკლესიაში არ არსებობს „სავალდებულო ცელიბატი“! ნებაყოფლობითი ცელიბატი მხოლოდ გარკვეული აღთქმის წინაპირობაა. ვინც ირწმუნება, რომ აიძულეს, დაეცვა ცელიბატი, ტყუის.
რ. ჯ. (გერმანია)
გვჯერა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა ორ ფრაზას შორის: სავალდებულო ცელიბატი და წარმოდგენა, რომ ხალხს აიძულებენ, დაიცვან ცელიბატი. თუ, მაგალითად, რომელიმე ორგანიზაცია აწესებს ჩაცმულობის ნორმებს და სამუშაოდ იღებს მხოლოდ მათ, ვინც მოცემულ ნორმებს ეთანხმება, ხოლო ვინც არა — ათავისუფლებს სამსახურიდან. შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაცია ხალხს „აიძულებს“, დაიცვან ჩაცმულობის დადგენილი ნორმები. მსგავსად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს „სავალდებულო ცელიბატი“ კათოლიკე მღვდლებში. თუმცაღა ჩვენი სტატია ძირითადად ყურადღებას ამახვილებს, რომ, ბიბლიიდან გამომდინარე, ქრისტიანი მსახურებისთვის ცელიბატი არაა აუცილებელი (1 ტიმოთე 3:2). სტატია კი არ აკრიტიკებს მათ, რომლებმაც დაუქორწინებლად ცხოვრება ირჩიეს, არამედ ამბობს, რომ დაუქორწინებლობა „ზოგისთვის ნამდვილად ღირსეული და სულიერად დამაკმაყოფილებელი ცხოვრების გზაა“ (რედ.)