საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • სიკვდილამდე ერთგულები

      ზაგრებში მცხოვრებმა კალატოზმა, ლასტან ფაბიანმა, ჭეშმარიტება გაუზიარა ივან სივარს, ფრანიო დრევენს და ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირს. ექვს თვეში სამივენი მოინათლნენ; დაიწყეს ქადაგება და შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. 1943 წლის 15 იანვრის საღამოს სამხედრო პოლიცია ივან სივარის სახლში მივიდა, სადაც დააკავეს თვითონ ივანი, ფრანიო დრევენი და კიდევ ერთი ძმა, ფილიპ ილიჩი. სახლი გაჩხრიკეს, ლიტერატურა წაიღეს და თან ძმებიც წაიყვანეს.

      ეს რომ ლასტანმა და ფილიპმა შეიტყვეს, ფრანიოს დედისა და დის სანუგეშებლად წავიდნენ. პარტიზანებმა გაიგეს ამის შესახებ და ორივე, ლასტანიცა და ფილიპიც, დააპატიმრეს. ხუთივე ძმა ბიბლიით ხელში უხსნიდა მათ, რომ მხოლოდ იეჰოვას მსახურები და ქრისტეს მეომრები იყვნენ. ვინაიდან იარაღის აღებასა და ბრძოლაზე მტკიცე უარი განაცხადეს, მათ სიკვდილი მიუსაჯეს.

      ერთ ღამეს ხუთივე ძმა გააღვიძეს, ტანსაცმელი გახადეს და ტყეში წაიყვანეს. გზაში ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ, გადაწყვეტილება შეეცვალათ. ჯარისკაცები ძმების გატეხას იმით ცდილობდნენ, რომ მათ გარეშე დარჩენილ ოჯახის წევრებზე ელაპარაკებოდნენ. მაგალითად, ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირს შეახსენეს, რომ სახლში ფეხმძიმე ცოლი და ოთხი შვილი ელოდა. ფილიპმა მტკიცედ უპასუხა, რომ იეჰოვა მათ მზრუნველობას არ მოაკლებდა. ფრანიო დრევენს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ჯარისკაცები იმას უმეორებდნენ, რომ მისი დედისა და დის პატრონი არავინ იქნებოდა.

      საშინლად ციოდა. დანიშნულ ადგილამდე რომ მივიდნენ, ძმები ერთმანეთის გვერდით დააყენეს და განაჩენის აღსრულება დაიწყეს. ჯერ ფილიპ ჰუზაკ გუმბაზირი დახვრიტეს. ამის შემდეგ დანარჩენებს ჰკითხეს, ხომ არ შეცვლიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ძმები სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს ფრანიო, ივანი და ლასტანი. ბოლოს ფილიპ ილიჩიღა დარჩა ცოცხალი, რომელიც კომპრომისზე წავიდა და ჯარისკაცებს შეუერთდა; თუმცა სამი თვის შემდეგ ავად გახდა და შინ დაბრუნება მოუწია. იგი ყველაფერს მოყვა, რაც მოხდა. სიცოცხლე, რომლის დახსნასაც ფილიპ ილიჩი კომპრომისზე წასვლით შეეცადა, უდროოდ წაართვა ავადმყოფობამ.

      სლოვენიაში მრავალი და-ძმა იმსხვერპლა დევნამ. ერთ-ერთი მათგანი ფრანკ დროზგი იყო, 38 წლის მჭედელი, რომელიც უარს აცხადებდა ომში მონაწილეობაზე. ამის გამო ნაცისტებმა იგი 1942 წლის 8 ივნისს მარიბორში სიკვდილით დასაჯეს. ვინც მასთან ერთად იყო, გვიამბობს, რომ დახვრეტამდე მას კისერზე ეკიდა წარწერა: „მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:14). ფრანკის ძლიერი რწმენა კარგად გამოჩნდა მეგობრისთვის მიწერილი წერილიდან, რომელიც მან განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა: „ძვირფასო მეგობარო, რუპერტ! დღეს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. ნუ მიგლოვებ. ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ოჯახის წევრებიც. გნახავ ღვთის სამეფოში“.

      მთავრობა ნებისმიერ ხერხს მიმართავდა სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად, მაგრამ იეჰოვა ამტკიცებდა, რომ ხსნის ღმერთი იყო. მაგალითად, პოლიციას არაერთხელ მოუწყვია საყოველთაო შემოწმება და მწკრივშიც კი დაუყენებია მოსახლეობა მათი პირადობის მოწმობების შესამოწმებლად. მათგან საეჭვო პირები ციხეში გადაჰყავდათ. პარალელურად პოლიცია ჩხრეკდა სახლებსა და ბინებს. ძმებს არაერთხელ დაუნახავთ იეჰოვას ძლიერი მკლავი. პოლიცია ისე ჩაუვლიდა ხოლმე მათ სახლებს, რომ ეგონათ, უკვე გაჩხრეკილი იყო. მაგალითად, სულ ცოტა ორი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც პოლიციამ არ გაჩხრიკა იმ ძმების ბინები, სადაც ბევრი ლიტერატურა და არაერთი მიმეოგრაფი ინახებოდა. და-ძმებმა, რომლებიც ურთულესი და სახიფათო მდგომარეობის მიუხედავად მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას, საკუთარ თავზე გამოსცადეს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას“ (იაკ. 5:11).

      სიკვდილმისჯილები

      1945 წელს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ეპოქა. ჰიტლერისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ ძმებს იმედი მიეცათ, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ვეღარაფერი შეაჩერებდა. ოპტიმიზმის საფუძველს მათ ახალი კომუნისტური მთავრობის პირობა აძლევდათ, რომ უზრუნველყოფდნენ პრესის, სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.

      პირობა პირობად დარჩა. 1946 წლის სექტემბერში თხუთმეტი ძმა და სამი და დააპატიმრეს. მათ შორის იყვნენ რუდოლფ კალე, დუშან მიკიჩი და ედმუნდ სტროპნიკი. დაკითხვები ხუთ თვეს გაგრძელდა. მთავრობა ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში სდებდა მათ ბრალს, რითაც თითქოს იუგოსლავიის თვითმყოფადობას უქმნიდნენ საფრთხეს. მათი აზრით, ჩვენი საქმიანობა პირდაპირ შეერთებული შტატებიდან იმართებოდა, და ღვთის სამეფოს ამოფარებულნი სოციალიზმის დანგრევასა და კაპიტალიზმის აღდგენას ვცდილობდით. მთავარი ბრალმდებელი ერთი კათოლიკე მღვდელი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ სინამდვილეში ამერიკელი ჯაშუშები ვიყავით.

      სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ძმებმა ღირსეულად დაიცვეს თავი და იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებაც იქადაგეს. ახალგაზრდა ძმამ, ვიაკოსლავ კოსმა, სასამართლოზე თქვა: „პატივცემულო მოსამართლეებო, ეს რელიგია, ეს ბიბლიური სწავლებები, მე დედაჩემისგან მივიღე. მე ღმერთს ვცემ თაყვანს. ჩემი ორი და და ერთი ძმა იმავე მრწამსს იზიარებდნენ, რასაც დედაჩემი. გერმანელმა ოკუპანტებმა დედაჩემი დააპატიმრეს, ჩემი დედმამიშვილები კი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში დახვრიტეს. მათ ისინი კომუნისტები ეგონათ, რადგან ღმერთს ისე სცემდნენ თაყვანს, როგორც სწორად მიაჩნდათ. მეც ამავე მიზეზით ვდგავარ თქვენ წინაშე — ფაშისტი გგონივართ“. ამის შემდეგ სასამართლომ ბრალდება მოუხსნა მას და გაათავისუფლა.

      სამწუხაროდ, სასამართლოს სხვა და-ძმების მიმართ შემწყნარებლობა არ გამოუჩენია. დაპატიმრებულთაგან სამს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და დახვრიტეს, დანარჩენებს კი 1-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ამ უსამართლობამ აღაშფოთა ჩვენი საერთაშორისო საძმო. შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოწმეებისგან იუგოსლავიის მთავრობამ ათასობით საპროტესტო წერილი და ტელეგრამა მიიღო. ჩვენი ძმების სასარგებლოდ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმაც კი აღიმაღლეს ხმა. ამ საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგი ის იყო, რომ იუგოსლავიის მთავრობამ სასჯელის ფორმა შეცვალა და სიკვდილით დასჯის ნაცვლად ოცწლიანი პატიმრობა შემოიღო.

      და-ძმების დევნას ბოლო არ უჩანდა. სლოვენიის მთავრობამ ქადაგებისთვის იანეზ რობასი და მისი ცოლი მარია, იოჟე მარლოტი და ფრანჩიშკა ვერბეცი დააპატიმრა. საბრალდებო დასკვნაში ეწერა: «„იეღოველთა სექტამ“ ახალი წევრები მიიღო და ისინი ჩვენი სოციალური სისტემისა და სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ განაწყო». ბრალმდებელთა აზრით, ჩვენი ძმები ძირს უთხრიდნენ ქვეყნის თავდაცვის სისტემას. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულ და-ძმებს შრომა-გასწორების კოლონიაში სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

      1952 წელს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ყველა პატიმარი გაათავისუფლეს. სამეფოს შესახებ ქადაგება თავისუფლად გაგრძელდა. იეჰოვას დანაპირების შესრულებას ვერაფერმა შეუშალა ხელი: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს“ (ეს. 54:17).

      იუგოსლავიის მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობდა ძმების ერთგულების შესარყევად. მასმედია მოწმეებს „შეშლილებს“ და „სიგიჟემდე მისულ ფანატიკოსებს“ უწოდებდა. ბოროტმა ხმებმა და გაუთავებელმა თვალთვალმა ზოგიერთ ძმას მოსვენება დაუკარგა. ციხიდან გათავისუფლებული ერთგული ძმები კრების წევრებს ჯაშუშები ეგონათ, თუმცა იეჰოვა გულმოდგინე და მოწიფული ძმების მეშვეობით მაინც განაგრძობდა კრებების განმტკიცებას.

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ხელისუფლების სათავეში იოსიპ ბროზ ტიტო მოვიდა. მალევე გახდა ცხადი, რომ ქვეყანაში სამხედრო თვალსაზრისით დიდი ძვრები მოხდებოდა. ყველა, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს იტყოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მიზეზით, ავტომატურად ხდებოდა მთავრობის მოწინააღმდეგე.

      ერთგულება იცდება

      ხორვატი ლადისლავ ფორო ცხრა წლის იყო, როდესაც იძულებით შეკრებილ ხალხთან ერთად კათოლიკე მღვდლის ქადაგებას უსმენდა. ცნობისმოყვარე ლადისლავი ქადაგების შემდეგ სცენის ფარდასთან მიიპარა და ფარდის მიღმა დაინახა, რომ მღვდელმა ანაფორა გაიხადა; მას შიგნიდან უსტაშების ფორმა ეცვა, წელზე პატრონტაში ჰქონდა შემორტყმული და ზედ ხელყუმბარა ეკიდა. მერე მღვდელმა ხმალი აიღო, გარეთ გავიდა, ცხენზე შეჯდა და ხმამაღლა შეჰყვირა: „წავიდეთ, ძმებო, გავაქრისტიანოთ ხალხი! ვინც წინააღმდეგობას გაგიწევთ, კი იცით, რაც უნდა უქნათ!“.

      ლადისლავმა იცოდა, რომ ღვთის კაცი ასე არ მოიქცეოდა. მან ბიძამისთან ერთად მალევე დაიწყო იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება, რომლებიც მაშინ ჩუმ-ჩუმად ტარდებოდა. ამან მისი მშობლები აღაშფოთა, მაგრამ მას შეხვედრებზე სიარული არ შეუწყვეტია და სულიერ წარმატებებსაც მიაღწია.

      1952 წელს ლადისლავი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მაგრამ ის მტკიცედ დადგა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი არ დაარღვია. ზემოქმედების მოხდენის მიზნით იგი არაერთხელ დაკითხეს, ცდილობდნენ, როგორმე სამხედრო ფიცის დადებაზე დაეყოლიებინათ. წაიყვანეს ყაზარმაში, სადაც ფიცის მისაღებად 12 000 წვევამდელი შეეკრიბათ. ჯარისკაცებმა ლადისლავი ყველას წინაშე დააყენეს და მხარზე ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოჰკიდეს. მან ის მაშინვე ძირს დააგდო. შემდეგ მათ ყველას გასაგონად რუპორებში ჩასძახეს, რომ თუ ლადისლავი იგივეს გაიმეორებდა, დახვრეტა არ ასცდებოდა. მან მეორედაც დააგდო იარაღი. მაშინ ლადისლავი წაიყვანეს და რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმოში ჩააგდეს. გაიცა დახვრეტის ბრძანება და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ორჯერ ისროლა ორმოში. ამის შემდეგ ყველანი ბარაკებისკენ გაემართნენ. საბედნიეროდ, ლადისლავს ორივე ტყვია ასცდა!

      იმ ღამით, ლადისლავი ორმოდან ამოიყვანეს და სარაევოს ციხეში გადაიყვანეს. მას გადასცეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მისი თანამორწმუნეები, რომლებიც კომპრომისზე წავიდნენ, გაათავისუფლეს, ის კი ბოროტმოქმედებთან ერთად ლპებოდა ციხეში. მის გასატეხად მრავალი ამგვარი არგუმენტი მოჰყავდათ. ლადისლავი კი თავისთვის ფიქრობდა: „ვინმეს ხათრით გავხდი იეჰოვას მსახური? არა! აქ ადამიანის გულის მოსაგებად ვზივარ? არა! იმის მიხედვით უნდა ვიცხოვრო, რასაც სხვები ამბობენ, ფიქრობენ ან აკეთებენ? არა!“

      ამ კითხვებზე ფიქრი ლადისლავს დაეხმარა, რომ ოთხწელიწად-ნახევრიანი პატიმრობის დროს ერთგულება შეენარჩუნებინა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სარაიონო ზედამხედველად დაიწყო მსახურება. მას ყოველთვის გვერდში ედგა თავისი მეუღლე, ანიცა.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • პრობლემებს ბოლო არ უჩანდა. ნეიტრალიტეტის შენარჩუნების გამო მთავრობა ძმებს სამქადაგებლო საქმიანობას პროპაგანდად უთვლიდა. ქადაგებას განსაკუთრებით საიდუმლო პოლიციისა და დამბეზღებლების ურთიერთთანამშრომლობა ართულებდა. ქადაგების დროს ძმებს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ. ერთ წიგნში ნათქვამი იყო: „ძმებს აკავებენ და ასამართლებენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სლოვენიაში, სადაც ძალიან ძლიერია კათოლიციზმის გავლენა. პოლიცია თავის აგენტებთან ერთად უთვალთვალებს იეჰოვას ხალხს, რომ სწორედ მაშინ დააკავონ, როცა დაინტერესებულებს ღვთის სიტყვას ასწავლიან. მაგრამ ძმები მხნედ არიან, და დევნის მიუხედავად, მზად არიან, ადამიანებზე მეტად ღმერთს დაემორჩილონ“.

      „გველივით ფრთხილნი“

      სლოვენიის სოფლებში ქადაგების დროს ძმები მობინადრეებს ეკითხებოდნენ, კვერცხი ხომ არ ჰქონდათ გასაყიდად. თუ ფასი ხელსაყრელი იყო, მაუწყებლები ყიდულობდნენ კვერცხს, რათა ყოველგვარი ეჭვი გაექარწყლებინათ. კვერცხი რომ მოუგროვდებოდათ, ახლა უკვე შეშის ყიდვით ინტერესდებოდნენ. თუ დაინახავდნენ, რომ ქადაგება უსაფრთხო იქნებოდა, ყიდვის დროს საუბარი ბიბლიაზე გადაჰქონდათ (მათ. 10:16).

      ზაგრების (ხორვატია) მახლობლად ძმები რეგულარულად ქადაგებდნენ, ოღონდ ისე, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ. ისინი მხოლოდ ყოველი მეათე სახლის კართან მიდიოდნენ. მაგალითად, თუ პირველი სახლიდან დაიწყებდნენ, მაშინ შემდეგი მე-11 იქნებოდა, მერე 21-ე, 31-ე და ასე შემდეგ. და-ძმების გულმოდგინების წყალობით ბევრმა გაიცნო იეჰოვა. ყველაზე ხშირად არაფორმალურად ქადაგებდნენ, რადგანაც კარდაკარ ქადაგებას დიდი სირთულეები ახლდა.

      სერბიაში ძმები საკუთარ სახლებში იკრიბებოდნენ. დამირ პორობიჩი იხსენებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როგორ ტარდებოდა კრების შეხვედრები ბებიამისის სახლში: „ხუთიდან ათ კაცამდე ვიკრიბებოდით ხოლმე. საამისოდ ბებიაჩემის სახლი იდეალურ ადგილზე იდგა, ორი ქუჩიდან ჰქონდა შესასვლელი, რაც და-ძმებს ჩუმად წასვლა-მოსვლის შესაძლებლობას აძლევდა, ისე, რომ ეჭვი არავის აეღო“.

      ვერონიკა ბაბიჩი ხორვატიაში დაიბადა. მისმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა 50-იან წლებში დაიწყო. ვერონიკა 1957 წელს მოინათლა, რის შემდეგაც თავის მეუღლესთან ერთად სარაევოში (ბოსნია) გადავიდა. სლავონიაში (ხორვატიის ერთ-ერთი ოლქი) მცხოვრები მილიცა რადიშიჩი 1950 წელს მოინათლა და თავის ოჯახთან ერთად ისიც ბოსნიაში გადავიდა. იქ ორივე ოჯახმა ერთად დაიწყო სამეფოს შესახებ ქადაგება. როგორც იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებში, აქაც დიდი სიფრთხილე მართებდათ. ვერონიკა ჰყვება: „პოლიციაში მიგვიყვანეს და ლიტერატურა წაგვართვეს, დაგვკითხეს, დაგვაჯარიმეს და ციხეში ჩასმით დაგვემუქრნენ. მაგრამ ვერაფერმა შეგვაშინა, პირიქით, იეჰოვასადმი რწმენა უფრო განგვიმტკიცდა“.

      „ერთ დღეს, — იხსენებს მილიცა, — სამეფო დარბაზში ერთი მამაკაცი მოვიდა, გულწრფელად დაინტერესებული ჩანდა. კრებამ თბილად მიიღო და გარკვეული ხანი ძმებთანაც კი რჩებოდა. კრების შეხვედრებზე კომენტარებსაც ხშირ-ხშირად აკეთებდა. მაგრამ ერთ დღეს ჩვენმა ქალიშვილმა თავისი სამსახურიდან დაინახა, რომ ეს მამაკაცი საიდუმლო პოლიციის შეხვედრას ესწრებოდა. მაშინღა მივხვდით, რომ პოლიციას ჰყავდა გამოგზავნილი ჩვენ დასაზვერად. რაც ეს ამბავი გამჟღავნდა, ის კაცი კრების შეხვედრებზე აღარ გამოჩენილა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება