-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„იმ დროს ისე სწყუროდა ხალხს ჭეშმარიტება, რომ სიამოვნებით კითხულობდნენ ლიტერატურას“ — იხსენებს ლინა ბაბიჩი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო ჭეშმარიტება. იგი ყოველთვის ერთგული და-ძმების გვერდით იდგა. ლინა განაგრძობს: „ისეთი დრო იყო, რომ ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. ზოგჯერ პუბლიკაციებიდან თემებს ბლოკნოტში ვიწერდი. თუ გამჩხრეკდნენ, იფიქრებდნენ, რომ ბლოკნოტში პირადი ჩანაწერები მქონდა“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
დღისით ვმუშაობდი ღამით ვბეჭდავდი
ლინა ბაბიჩი
დაიბადა: 1925 წელს
მოინათლა: 1946 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1953 წლიდან, იმ დროიდან, როდესაც იუგოსლავიაში ჩვენი საქმიანობა კანონიერად აღიარეს, ბეთელში მსახურობს. იგი ბეჭდავდა ლიტერატურას და აქტიურად მონაწილეობდა მის განაწილებაშიც. იგი დღემდე ერთგულად მსახურობს ზაგრების ბეთელში.
როგორც კი ძმები ციხიდან გაათავისუფლეს, მათ მაშინვე ჟურნალების დასაბეჭდად დაიწყეს მზადება. რიცხობრივად ცოტანი იყვნენ, საქმე კი ბევრი იყო. როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე, მეც რაღაც წვლილი შემეტანა ამ საქმეში. იმ დროს მთელი დღე ვმუშაობდი, სამსახურის შემდეგ კი შუაღამემდე ვბეჭდავდი ლიტერატურას.
იმ დროს ფილიალში საკმარისი ადგილი არ იყო. ამიტომ ერთმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა, პეტარ და ელენა იელიჩებმა, თავისი ერთოთახიანი ბინა დაგვითმეს, სადაც მიმეოგრაფით პუბლიკაციების ასლებს ვაკეთებდით. დაბეჭდილი ფურცლების დასალაგებლად საწოლზე ხის ჩარჩო იდო, რომელზეც ზეწარი იყო გადაჭიმული. საწოლის გვერდით მაგიდაზე კი ხელით სამართავი მიმეოგრაფი იდო, რომლითაც საათში რვაას ასლს ვამზადებდით. მართალია, მაშინდელი მიმეოგრაფი თანამედროვე საბეჭდ დანადგარებს ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენ მაინც კმაყოფილები ვიყავით, რადგან მოთმინებისა და მძიმე შრომის წყალობით საჭირო რაოდენობის ლიტერატურა გვქონდა.
იელიჩები ყოველთვის მოთმინებით ელოდებოდნენ, როდის დავამთავრებდით მუშაობას, რომ დაძინება შესძლებოდათ. მათ არასდროს დაუჩივლიათ, პირიქით, თვალები ყოველთვის სიხარულით უბრწყინავდათ, სამეფო საქმიანობას რომ უჭერდნენ მხარს. ელენა და სხვა მოხუცებული დები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ დაბეჭდილი ფურცლების დალაგებაში, დაკეცვასა და აკინძვაში. მათი შრომა მართლაც ფასდაუდებელი იყო.
1958 წელს ელექტრომიმეოგრაფი შევიძინეთ, რამაც საგრძნობლად გააადვილა ბეჭდვა. თუ 1931 წელს ერთ ჯერზე მხოლოდ ოცი ჟურნალის დაბეჭდვას ვახერხებდით, 60-იანი წლების დასაწყისში 2 400 ეგზემპლარს ვბეჭდავდით, თანაც სამ ენაზე — ხორვატულზე, სერბულზე (კირილიცა) და სლოვენურზე. მართალია, წიგნებს ვერ ვკინძავდით, მაგრამ დიდი რაოდენობით ბროშურებს ვბეჭდავდით. ყველაზე მეტი ბროშურა 1966 წელს დავბეჭდეთ. წიგნი „რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ 12 ბროშურად გამოვეცით. ყოველი 12 ბროშურა ერთ წიგნს შეადგენდა. ამიტომ სამ ენაზე 50 000 წიგნის მაგივრად 600 000 ბროშურის დაბეჭდვა მოგვიწია.
მე დღესაც ზაგრების ბეთელში ვმსახურობ. სიამოვნებით ვიხსენებ განვლილ წლებს. იეჰოვამ ჩემ თვალწინ აკურთხა სამქადაგებლო საქმიანობა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში.
-