საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • პიონერები საქმეს შეუდგნენ

      30-იან წლებში გულმოდგინე და-ძმების წყალობით ჭეშმარიტების სინათლე მთელ იუგოსლავიას მოეფინა. მარიბორში (სლოვენია) ეგრეთ წოდებული დროებითი პიონერული მსახურება დაიწყეს გრატ შტაუდინგერმა და კატარინა კონაჩნეკმა, მოგვიანებით მათ კაროლინა სტროპნეკიც შეუერთდა. მოსტარში, ჰერცეგოვინას ერთ დიდ ქალაქში, ორკესტრის დირიჟორი ალფრედ ტუჩაკიც გამოეხმაურა მოწოდებას და პიონერად დაიწყო მსახურება. 23 წლის ზაგრებელ (ხორვატია) დუშან მიკიჩმა, მას შემდეგ, რაც წაიკითხა ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, სულიერად სწრაფად წაიწია წინ, მოინათლა და პიონერულ მსახურებას შეუდგა. სულ მალე ადგილობრივ პიონერთა რიგებს გერმანიიდან ჩასული გულმოდგინე და მხნე და-ძმები შეუერთდნენ.

      მაშინ, როცა იუგოსლავიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა წინ მიიწევდა, გერმანიაში — აკრძალული იყო. შვეიცარიის ფილიალმა იუგოსლავიაში 20 გამოცდილი პიონერი გაგზავნა. მათ შორის იყვნენ: მარტინ პოეტზინგერი, ალფრედ შმიტი, ვინკო და ჟოზეფინა პლატაისები, ვილი და ელისაბეტ ვილკები. მართალია, მათ არც სლოვენური იცოდნენ, არც სერბული, არც ხორვატული, მაგრამ ეს გულმოდგინე პიონერები სამქადაგებლო ბარათებით მაინც გაბედულად ქადაგებდნენ, და ჭეშმარიტებაც ვრცელდებოდა.

      სირთულეები პიონერულ მსახურებაში

      პიონერებმა უცხო ენა კარგად არ იცოდნენ და არც ფული ჰქონდათ საკმარისი, მაგრამ იეჰოვას ერთგულება და მოყვასის სიყვარული ეხმარებოდათ, კვლავაც გაეგრძელებინათ მსახურება. მათთვის არც გადაადგილება იყო იოლი; უამინდობისა და ცუდი გზის მიუხედავად, როგორც წესი, მივარდნილ სოფლებამდე მისასვლელად ფეხით 40 კილომეტრს გადიოდნენ. ერთ დას ფეხსაცმელი რომ არ გაჰფუჭებოდა, სოფლიდან სოფლამდე ფეხშიშველი მიდიოდა. მარტინ პოეტზინგერი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, სიამოვნებით იხსენებდა, როგორ დადიოდა სოფელ-სოფელ ლიტერატურით სავსე ზურგჩანთით და როგორ უზიარებდა ცნობას ყველა მომსმენს.

      გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ გაადვილდა, რაც ერთმა შვეიცარიელმა ძმამ ამ ერთგულ პიონერებს ველოსიპედები აჩუქა. ეს ველოსიპედები რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ემსახურებოდა და-ძმებს.

      იუგოსლავიელები სტუმართმოყვარე ხალხია, თუმცა პიონერებმა მათი წინააღმდეგობის ძალაც გამოსცადეს. მღვდლები ადვილად ახდენდნენ გავლენას თავიანთ მრევლზე, განსაკუთრებით პატარა სოფლებში. ზოგჯერ ისინი სკოლის მოსწავლეებსაც კი აქეზებდნენ, რომ პიონერებისთვის ქვები დაეშინათ. სამღვდელოება ხელისუფლების წარმომადგენლებსაც განაწყობდა პიონერების წინააღმდეგ, რომ შეევიწროებინათ, ლიტერატურა ჩამოერთმიათ და დაეპატიმრებინათ.

      ერთხელ, როდესაც ხორვატიის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში ქადაგებდა, ვილი ვილკს სოფლის სკვერიდან ხალხის ღრიალის ხმა შემოესმა. ის და მისი ცოლი კიდევ ერთ პიონერთან, გრატ შტაუდინგერთან ერთად იქ მყოფ ხალხს სთავაზობდნენ ბროშურას სახელწოდებით „სამართლიანი მმართველი“, რომლის პირველ გვერდზეც იესო ქრისტე ეხატა. ვილი იხსენებს: „თავზარი დამეცა, როცა ჩემი ცოლი ნამგლებით შეიარაღებულ, გახელებულ ბრბოს შუაგულში დავინახე. იქვე ახლოს ბროშურებიც იწვოდა“.

      პიონერები ვერ მიხვდენენ ამ უბრალო ხალხის გახელების მიზეზს; და ვილკიმაც ისე არ იცოდა ხორვატული, რომ საქმის ვითარება გაერკვია. სამაგიეროდ, გრატ შტაუდინგერმა იცოდა გერმანულიც და ადგილობრივი ენებიც. მივარდა იგი ბრბოსთან და შეჰყვირა:

      — ქალბატონებო და ბატონებო, ამას რას შვრებით?!

      — ჩვენ არ გვჭირდება მეფე პეტრე! — ერთხმად წამოიძახეს.

      — არც ჩვენ, — უპასუხა გრატმა.

      გაოცებულმა ხალხმა სურათისკენ გაიშვირა ხელი და ჰკითხა:

      — მაშ, რატომღა უწევთ მას პროპაგანდას?!

      მაშინღა მიხვდა გრატი, რა იყო მათი გაშმაგების მიზეზი. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე, 1934 წელს, მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I, რომლის ნაცვლად მისი ვაჟი პეტრე უნდა გამეფებულიყო. მაგრამ იმ სოფლის მოსახლეობას ავტონომია უნდოდა და არა სერბი მონარქის მეფობა; ბროშურაზე გამოსახული იესო მათ სწორედ მეფე პეტრე ეგონათ.

      მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა ყველაფერი, რაც მოწმეებმა ხალხს ზეციერი მეფის, იესო ქრისტეს შესახებ უქადაგეს. ვინც ბროშურები დაწვა, მათ ახალი ბროშურები მოითხოვეს წასაკითხავად. პიონერებმა გახარებულებმა დატოვეს სოფელი, რადგან აშკარად დაინახეს იეჰოვას ძლიერი მკლავის ძალა.

      პიონერებს ადგილობრივი ტრადიციებიც უნდა გაეთვალისწინებინათ. მოსახლეობა რომ არ გაეღიზიანებინათ, ბოსნიის მუსულმანურ სოფლებში ქადაგებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებდათ. თუ ძმა გათხოვილ მუსულმან ქალს ქადაგების დროს თვალებში შეხედავდა, ამას შეიძლებოდა მისი ქმრის უკმაყოფილება გამოეწვია.

      იმ დროს იუგოსლავიაში სულ რამდენიმე კრება და ჯგუფი იყო. ამიტომ შორეულ სოფლებში ქადაგების შემდეგ ღამის გასათევი ადგილის მოძებნა პიონერებისთვის არც ისე ადვილი იყო. მათ იმდენი ფულიც არ ჰქონდათ, რომ ოთახი ექირავებინათ. ჟოზეფინა პლატაისი იხსენებს: „ერთ სოფელში ერთი კათოლიკე მღვდლის შიშით ღამის გათევაზე ყველამ უარი გვითხრა. სოფლიდან წამოსვლა რომ დავაპირეთ, უკვე შებინდებული იყო. გზაში ერთი დიდი ხე დავინახეთ, რომლის ძირას ხმელი ფოთლები ეყარა. ის ღამე სწორედ იქ გავათიეთ. ჩვენმა ზურგჩანთებმა ბალიშების მაგივრობა გაგვიწია. ჩემმა ქმარმა ველოსიპედი თოკით ფეხზე გამოიბა. დილით რომ გავიღვიძეთ, აღმოჩნდა, რომ ჭის მახლობლად გვძინებია. ჭიდან წყალი ამოვიღეთ და ტანსაცმელი გავისუფთავეთ. იეჰოვა არა მარტო გვიცავდა, არამედ ზრუნავდა ჩვენს ფიზიკურ საჭიროებებზეც“.

      ეს პიონერები ყოველმხრივ გრძნობდნენ იეჰოვას მზრუნველობას, რადგან მათი მთავარი მიზანი სასიხარულო ცნობის გავრცელება იყო და არა პირად ინტერესებზე ზრუნვა.

      მაკედონიის გავლით

      ალფრედი და ფრიდა ტუჩაკები პიონერებად მსახურობდნენ. ერთხელ, როდესაც სლოვენიიდან ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ, გზად სამეფოს შესახებ ქადაგების შესაძლებლობა მიეცათ. ქალაქ სტრუმიცაში (მაკედონია) მათ მაღაზიის მფლობელს, დიმიტარ იოვანოვიჩს უქადაგეს და პუბლიკაციებიც დაუტოვეს. ერთი თვის შემდეგ ბულგარეთიდან რომ ბრუნდებოდნენ, იგი მოინახულეს. როდესაც გაიგეს, რომ პუბლიკაციები წაკითხული არ ჰქონდა, სთხოვეს, უკან დაებრუნებინა, რათა იმისთვის მიეცათ, ვინც წაიკითხავდა. დიმიტარს ცნობისმოყვარეობა აღეძრა და შეეხვეწა, რომ ოღონდ არ წაეღოთ და აუცილებლად წაიკითხავდა. მან მართლაც წაიკითხა და ჭეშმარიტებაც იპოვა. იგი მოინათლა და მაკედონიაში პირველი იეჰოვას მოწმე იყო.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 154 გვერდზე]

      პირველი პიონერები არაერთ სირთულეს ხვდებოდნენ

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • დირიჟორი პიონერი ხდება

      დიდი ხნის წინათ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სამეფო გვარდიის ორკესტრის დირიჟორს, ალფრედ ტუჩეკს, თავისმა კოლეგამ, ფრიც გროგერმა, ბიბლიური ლიტერატურა მისცა. დაახლოებით 20-იანი წლების ბოლოს ალფრედი მარიბორში საზოგადოება „შუქურას“ დაუკავშირდა და აუხსნა, რომ სრული დროით პიონერად მსახურების სურვილი ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ იუგოსლავიაში მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო პიონერად მსახურება. როგორც სამხედრო ორკესტრის დირიჟორს, მას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას სიყვარულმა აღძრა, სამსახურზე უარი ეთქვა და ‘უკან არ ეყურებინა’ (ლუკ. 9:62). 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იუგოსლავიაში გერმანელი პიონერები „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენებებს აწყობდნენ, ალფრედიც მათთან ერთად იყო. სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებისთვის მან სამქადაგებლო უბნების რუკებიც შეადგინა. 1934 წელს ალფრედმა ცოლად შეირთო გერმანელი პიონერი და, ფრიდა. თავდაპირველად ისინი სარაევოში (ბოსნია) გაგზავნეს, შემდეგ მაკედონიაში, კოსოვოში, მონტენეგროში, ხორვატიასა და სერბიაში. თავიდან კრებიდან კრებაში ველოსიპედებით დადიოდნენ, შემდეგ კი მოტოციკლით. მაშინ ბევრი არ ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, სამქადაგებლო საქმიანობაც აკრძალული იყო, მაგრამ მათ კარგად ესმოდათ, რომ სასიხარულო ცნობა, რაც შეიძლება, მეტ ადამიანამდე უნდა მიეტანათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება