საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • პირველი ნაბიჯები

      როგორ დაიწყო იეჰოვას ხალხის საქმიანობა ამ ტერიტორიაზე? ერთი ახალგაზრდა დალაქი, ფრანც ბრანდი, რომელიც ჩრდილოეთ იუგოსლავიის ქალაქ ვოევოდინაში ცხოვრობდა, სამუშაოს საძებნელად ავსტრიაში გადავიდა, და სწორედ იქ გაიგო ჭეშმარიტება. 1925 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის იმ პატარა ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კითხულობდა და იკვლევდა ბიბლიის შესასწავლ სახელმძღვანელოს „საღვთო წერილის გამოკვლევა“; ეს წიგნი მათთვის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნათესავებს გაეგზავნათ.

      ბიბლიის კვლევის შედეგად ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საჭირო იყო ქადაგება. ამიტომ ბიბლიური სწავლებების ასახსნელად მათ სერბულ ენაზე ორი ბროშურა თარგმნეს. ეს ბროშურები ჯერ გავრცელებულიც არ ჰქონდათ, რომ ჯგუფი ერთმა განდგომილმა მოინახულა, რომელსაც ყველა კარგად იცნობდა. მან თავისი სექტა ჩამოაყალიბა. ფრანცის გარდა მან ბიბლიის მკვლევარების ჯგუფის ყველა წევრი გადაიბირა.

      ამის შემდეგ ფრანცი მარიბორში (სლოვენია) გადავიდა, სადაც დალაქად მუშაობდა. მან სადალაქოს მეპატრონეს, რიკარტ ტაუცს უქადაგა, რომელმაც მოისმინა და მიიღო ჭეშმარიტება. ფრანცმა და რიკარტმა სადალაქო სამქადაგებლო უბნად აქციეს, რის გამოც მათ „მორწმუნე დალაქები“ შეარქვეს. კლიენტები მათ დიდი ყურადღებით უსმენდნენ; იმის შიშით, რომ კანი არ გასჭროდათ, ვერც ინძრეოდნენ და ვერც ხმას იღებდნენ. მათი ერთ-ერთი კლიენტი პოლიტიკოსი ჯიურო ჯამონია იყო; მათ სადალაქოს საბეჭდი მანქანების სახელოსნოს მეპატრონე, რუდოლფ კალეც სტუმრობდა ხოლმე. ჯიურომაც და რუდოლფმაც სულიერი პროგრესი განიცადეს და მალე მოინათლნენ. ჯიურომ დატოვა პოლიტიკა და დააფუძნა ორგანიზაცია სახელწოდებით «იუგოსლავიის სამეფოს ბიბლიის მკვლევართა საზოგადოება „შუქურა“». ეს იურიდიული ორგანიზაცია ძმებს ქადაგებისა და კრების შეხვედრების თავისუფლად ჩატარების საშუალებას აძლევდა.

      „ფოტოდრამა“ — გზა ჭეშმარიტებისკენ

      იუგოსლავიის დიდ ქალაქებში „შემოქმედების ფოტოდრამის“ საჩვენებლად 1931 წელს იეჰოვას მოწმეთა შვეიცარიის ფილიალიდან ორი ძმა გაგზავნეს. დარბაზებში ტევა არ იყო. ყველა დიდი ინტერესით უყურებდა ჯიუროს მიერ წარმოდგენილ ფოტოდრამას, რომელმაც ხალხს ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი გაუღვივა. ამ დროს მარიბორში ძმები სლოვენურ და გერმანულ ენებზე ქრისტიანულ შეხვედრებს ატარებდნენ, ზაგრებში და მის მახლობლად კი ჯგუფები ხორვატულ ენაზე თარგმნილი პუბლიკაციების განსახილველად იკრიბებოდნენ.

      ძმებმა გადაწყვიტეს, სლოვენურ და ხორვატულ ენებზე ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა დაეწყოთ, რაც იმ დროისათვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თარგმნის შემდეგ ერთი და პირგადასაღები ასლებით ხორვატულ და სლოვენურ ენებზე ერთ ჯერზე იმდენ ფურცელს ბეჭდავდა, რომ 20 ჟურნალი აკინძულიყო. მოგვიანებით, მიმეოგრაფის შეძენის შემდეგ ერთ ჯერზე 200-მდე ჟურნალი მზადდებოდა.

      ამ ჟურნალებით „ხელდამშვენებული“ და-ძმები მატარებლით ჩადიოდნენ საქადაგოდ იუგოსლავიის სხვადასხვა კუთხეში. სლოვენიაში ძმები ზოგჯერ სატვირთო ავტომობილებსაც ქირაობდნენ. ავტომობილების მძღოლებს, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, ისინი სამქადაგებლო უბნებამდე მიჰყავდათ და ქადაგების დასრულებამდე მთელი დღე იქ ელოდებოდნენ. თავდაპირველად სამეფოს მაუწყებლებს ქადაგების გამოცდილება არ ჰქონდათ, ამიტომ ზოგჯერ დიდი ტაქტიანობით ვერ გამოირჩეოდნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ აკურთხა მათი ძალისხმევა და იმათ მოძებნაში დაეხმარა, „ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი“ (საქ. 13:48).

      „ჭეშმარიტება 1931 წელს გავიგე დეიდაჩემი ტერეზია გრადიჩისა და მისი ქმრისგან, ფრანცისგან, — იხსენებს ფრანც ზაგმაისტერი. — ფრანცი სლოვენიაში ერთ-ერთი პირველი მაუწყებელი იყო. როცა დავინახე, რომ რელიგიების მიმართ მტრულად განწყობილმა ფრანცმა ბიბლიის გულდასმით კითხვა დაიწყო, ამან ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მეც დავიწყე წმინდა წერილების კითხვა. ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვუზიარებდი სხვებს ახალშეძენილ ცოდნას. ეს ამბავი ერთი მღვდლის ყურამდეც მივიდა. მან მაშინვე დამიბარა და მითხრა, რომ მე ბიბლია არ უნდა მქონოდა, მაინც ვერაფერს გავიგებდი, და ჯობდა მისთვის მიმეცა. მე ცივი უარი განვუცხადე. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ის მღვდელი ქუჩაში შემხვდა და გაბრაზებულმა მისაყვედურა:

      — მამაშენისთვის ერთი მესაც კი არ გადაგიხდია.

      — ერთს კი არა, ასს და ათასს გადავუხდი, თუ ეს მამაჩემს რამეს არგებს.

      — არგებს, როგორ არ არგებს! — მკვახედ მიპასუხა მღვდელმა.

      — თუ ზეცაშია, რაში სჭირდება შენი მესა, და თუ ჯოჯოხეთშია, რაღას უშველი?!

      — განსაწმენდელში რომ იყოს?! — მითხრა ნიშნის მოგებით.

      — ჩემო ბატონო, კარგად იცი, რომ დიდი ქონების პატრონი ვარ. ახლავე წამოგყვები ნოტარიუსთან და მთელ ჩემს ქონებას გადმოგიფორმებ, თუ ბიბლიით დამარწმუნებ, რომ სული უკვდავია და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს, რომ ჯოჯოხეთი და განსაწმენდელი ნამდვილად არსებობს, და რომ ღმერთი სამებაა.

      მღვდელმა შემომიბღვირა, სიგარეტს მოუკიდა და წავიდა“.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 149 გვერდზე]

      სლოვენიაში დაქირავებული სატვირთო მანქანით ქადაგება

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება