შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
მოგვითხრო კარმენ მაკლაკიმ
იდგა 1941 წელი. მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მე 23 წლის ავსტრალიელი დედა ვიყავი, მაგრამ სამხერთ როდეზიის ქალაქ გველოში (ამჟამად გვერუ ზიმბაბვეში) ჩემს ხუთი თვის ბავშვთან ერთად ციხეში ვიჯექი. ჩემი მეუღლე კი სოლზბერის (ამჟამად ჰარარე) ციხეში იმყოფებოდა. ჩვენს ორ სხვა შვილს, რომელთაგანაც პირველი ორის, ხოლო მეორე სამი წლის იყო, ჩემი ორი მოზარდი გერი უვლიდა. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში.
მე ვცხოვრობდი მშობლებთან ქალაქ პორტ-კემბლაში, რომელიც სიდნეის სამხრეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს (ავსტრალია). 1924 წელს დედას კლარა ჰონისეტი ესტუმრა; მან შეკითხვა დაუსვა მას, ესმოდა თუ არა უფლის ლოცვის მნიშვნელობა; ამ კითხვამ დააინტერესა დედა ბიბლიური მოძღვრებით. კლარამ ახსნა, რას ნიშნავს ღვთის სახელის განწმენდა და ასევე აღნიშნა, სამეფოს მმართველობის მეშვეობით როგორ შესრულდებოდა ღვთის განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით. დედა განცვიფრებული დარჩა (მათე 6:9, 10). მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, დედამ ამ ბიბლიური ჭეშმარიტებების ღრმად გამოკვლევა დაიწყო.
ამის შემდგომ სულ მალე ჩვენ სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში გადავედით. იქიდან მე და დედას ხუთი კილომეტრის გავლა გვიწევდა, რომ ბიბლიის მკვლევარების, როგორც იმ დროს იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ, კრების შეხვედრების ადგილამდე მიგვეღწია. თუმცა მამა არასდროს გამხდარა მოწმე, მან ნება დაგვრთო, რომ ბიბლიის შესწავლა ჩვენს სახლში ჩატარებულიყო. მისი ორი ძმა — მაქს და ოსკარ ზიდელები — მოწმეები გახდნენ. მათს კვალს გაჰყვა მაქსის ოჯახის ზოგი წევრი, ასევე ჩემი უმცროსი ძმა, ტერი, და და, მილდა.
1930 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ 16-მეტრიანი იალქნიანი გემი იყიდა, რომელსაც მოგვიანებით „სინათლის მატარებელი“ დაერქვა. ორი წლის განმავლობაში ეს გემი გაჩერებული იყო ჩვენი მამულის ბოლოში, მდინარე ჯორჯეზის ნაპირთან. იქ ის შეაკეთეს და მისი გამოყენება უკვე შეეძლოთ იეჰოვას მოწმეებს სამქადაგებლო მსახურებაში ინდონეზიის კუნძულებზე. მე და ჩემი და დროგამოშვებით კაიუტებსა და გემბანს ვასუფთავებდით და ანძის წვერზე ჩამოსაკიდებელ ფარანს ვთხოულობდით კიბორჩხალების დასაჭერად.
აფრიკაში გადასვლა და დაქორწინება
ავსტრალიაში 30-იანი წლების შუა პერიოდში მძიმე ეკონომიკური გაჭირვება იყო, რის გამოც მე და დედა სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრეთ, რათა გვენახა, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა ჩვენი ოჯახისთვის იქ დასახლება. იეჰოვას მოწმეების ავსტრალიაში არსებული ფილიალის წარმომადგენლობამ სარეკომენდაციო წერილი გაგვატანა ჯორჯ ფილიპსთან, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა სამხრეთ აფრიკაში. ჯორჯი კეიპტაუნში, დოკში, უნდა დახვედროდა ჩვენს გემს. მას იღლიაში ჰქონდა ამოდებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნი „სიმდიდრე“, რითაც მისი ცნობა შეგვეძლო. იმავე დღეს, 1936 წლის 6 ივნისს, მან გაგვაცნო ფილიალის ხუთი წარმომადგენელი, მათ შორის რობერტ მაკლაკიცa. ერთ წელიწადში მე და ბერტი, რომელსაც ყველანი ასე ვეძახდით, დავქორწინდით.
ბერტის დიდი პაპა, უილიამ მაკლაკი, აფრიკაში 1817 წელს ჩამოვიდა შოტლანდიის ქალაქ პეიზლიდან. ადრეულ პერიოდში მოგზაურობის დროს უილიამი გაეცნო რობერტ მოფატს, რომელმაც შეიმუშავა ჩუანა ენის დამწერლობა და ამ ენაზე ბიბლია გადათარგმნაb. იმხანად იქ მხოლოდ უილიამი და მისი თანამშრომელი, რობერტ სკუნი, იყვნენ თეთრკანიანი მამაკაცები, რომლებმაც სახელოვანი ზულუელი წინამძღოლის, შაკას, ჯარში მომსახურე გამოჩენილი მეომრის, მზილიკაზის, ნდობა დაიმსახურეს. ამიტომ, თეთრკანიანებში მხოლოდ უილიამსა და რობერტს დართეს ნება, დარჩენილიყვნენ მზილიკაზის სოფელში, სადაც დღესდღეობით ქალაქი პრეტორია (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მდებარეობს. მოგვიანებით, XIX საუკუნის შუა პერიოდში, მზილიკაზი სახელმწიფო მოღვაწე გახდა; მან მრავალი ტომი გააერთიანა აფრიკის ცენტრალიზებულ სამეფოში.
როცა ბერტი გავიცანი, ის დაქვრივებული მამაკაცი იყო და ჰყავდა 12 წლის ქალიშვილი ლაიელი და 11 წლის ვაჟი დონოვანი. ბერტიმ პირველად ბიბლიური ჭეშმარიტებების შესახებ 1927 წელს გაიგო; რამდენიმე თვის შემდეგ მისი მეუღლე, ედნა, გარდაიცვალა. მომდევნო 9 წლის განმავლობაში ის ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ქადაგებდა როგორც მავრიკისა და მადაგასკარის კუნძულებზე, ისე მთელ ნიასალენდში (ახლანდელი მალავი), აღმოსავლეთ აფრიკაში არსებულ პორტუგალიის კოლონიასა (ახლანდელი მოზამბიკი) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და ბერტი ლაიელთან და დონოვანთან ერთად იოჰანესბურგში გადავედით, სადაც ბერტისთვის გაცილებით იოლი იყო სამუშაოს მოძებნა. გარკვეული ხნის განმავლობაში პიონერად ვმსახურობდი — როგორც სრული დროით მსახურებს უწოდებენ იეჰოვას მოწმეები. შემდეგ პიტერზე დავფეხმძიმდი.
სამხრეთ როდეზიაში გადასვლა
ბოლოს, ბერტის ძმამ, ჯეკმა, შემოგვთავაზა, ერთად წამოგვეწყო სარისკო სამუშაო ფილაბუსთან (სამხრეთ როდეზია) მდებარე ოქროს საბადოზე. მე და ბერტი გავემგზავრეთ იქ პიტერთან ერთად, რომელიც იმ დროს ერთი წლის იყო; დედაჩემი კი დროებით ლაიელსა და დონოვანს უვლიდა. როცა მივადექით მდინარე უმზინგვანეს, წყალი ადიდებული დაგვხვდა და მისი გადაკვეთა ბორნის საშუალებით მოგვიწია, რომელზე მიბმული ბაგირიც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორემდე იყო გადაჭიმული. იმ დროს 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი პოლინზე და პიტერი მკერდზე მაგრად მყავდა მიხუტებული. ეს გადასვლა საშიში იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაგირი თითქმის წყალს ეხებოდა შუა მდინარეში. გარდა ამისა, ეს ხდებოდა შუაღამეს და, თანაც, კოკისპირულად წვიმდა. მდინარის გადაკვეთის შემდეგ ნათესავის სახლამდე რომ მიგვეღწია, დაახლოებით ორი კილომეტრის გავლა მოგვიწია ფეხით.
მოგვიანებით დავიქირავეთ ფერმერის ძველი, ტერმიტებით სავსე სახლი. ჩვენ ძალიან ცოტა ავეჯი გვქონდა; ზოგიერთი მათგანი დავამზადეთ ყუთებისგან, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა. პოლინი ხშირად ავად გვიხდებოდა, რადგან ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ემართებოდა. ჩვენ კი წამლის ფულიც არ გვქონდა. მე სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ მადლობელი ვართ, რომ პოლინი რამდენჯერმე სიკვდილს გადარჩა.
მე და ბერტს გვაპატიმრებენ
თვეში ერთხელ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბულავაიოში მივემგზავრებოდით, რომ ბანკისთვის ოქრო მიგვეყიდა. აგრეთვე მივდიოდით ფილაბუსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გვანდაში, რათა საკვები მოგვემარაგებინა და მონაწილეობა მიგვეღო მსახურებაში. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, სამქადაგებლო საქმიანობა სამხრეთ როდეზიაში ოფიციაულურად აიკრძალა.
ცოტა ხნის შემდეგ გვანდაში ქადაგების დროს დამაპატიმრეს. იმ დროს მესამე შვილზე, ესტრელაზე, ვიყავი ფეხმძიმედ. სანამ ჩემს საჩივარს განიხილავდნენ, ბერტიც დააპატიმრეს ქადაგების გამო და სოლზბერის ციხეში ჩასვეს, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოებით 300 კილომეტრით იყო დაშორებული.
იმ პერიოდში ჩვენს ოჯახში რთული მდგომარეობა იყო: პიტერი დიფთერიით იყო დაავადებული და ბულავაიოს საავადმყოფოში იწვა. საეჭვო იყო, გადარჩებოდა თუ არა. მე ახალი ნამშობიარები ვიყავი და ჩემმა მეგობარმა საავადმყოფოდან ციხეში წამიყვანა, რომ ბერტისთვის მეჩვენებინა ესტრელა, მისი ახალშობილი ქალიშვილი. მოგვიანებით, როცა ჩემი საჩივარი უარყოფილ იქნა, ჩემს მიმართ კეთილგანწყობილმა შეძლებულმა ინდოელმა მაღაზიის მფლობელმა სათავდებო გირაო გადამიხადა, რის შემდეგაც დროებით გამანთავისუფლეს. დრომ რომ მოაწია, სამი პოლიციელი მოვიდა ჩემს წასაყვანად ციხეში. მათ მომცეს არჩევნის უფლება. მე შემეძლო ჩემი ხუთი თვის ბავშვი წამეყვანა ციხეში ან დამეტოვებინა სახლში, სადაც ლაიელი და დონოვანი მოუვლიდნენ. ვამჯობინე თან წამეყვანა.
საპატიმროში ტანსაცმლის დაკერება და გასუფთავება დამევალა. ესტრელას მოვლაში ძიძა მეხმარებოდა. ის იყო ჩემი ახალგაზრდა თანაპატიმარი, სახელად მატოსი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. როცა გაიგო, რომ მათავისუფლებდნენ, ტირილი დაიწყო, რადგან ვეღარ შეძლებდა ესტრელას მოვლას. ციხის ზედამხედველმა ქალმა სასაუზმოდ მიმიყვანა და შემდეგ მატარებელში ჩამსვა, რათა ბერტი მომენახულებინა სოლზბერის ციხეში.
სანამ მე და ბერტი ციხეში ვიყავით, პატარა პიტერსა და პოლინზე ლაიელი და დონოვანი ზრუნავდნენ. თუმცა დონოვანი მხოლოდ 16 წლის იყო, ის განაგრძობდა ჩვენ მიერ წამოწყებულ ოქროს სამთომომპოვებლურ მრეწველობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. როცა ბერტი გაათავისუფლეს, გადავწყვიტეთ ბულავაიოში გადასვლა, რადგან მაღაროში მუშაობა აღარ იყო შემოსავლიანი. ბერტმა რკინიგზაზე იშოვა სამუშაო; ჩვენი შემოსავალი გაიზარდა, როცა ახლად დაუფლებული ხელობის წყალობით მეც ამოვუდექი მხარში და მკერავად დავიწყე მუშაობა.
ბერტი რკინიგზაზე მემოქლონედ მუშაობდა, რაც იმდენად მნიშვნელოვან საქმედ ითვლებოდა, რომ ამის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ომის წლებში დაახლოებით თორმეტამდე თეთრკანიანი მოწმე ჩვენს პატარა საძინებელ ოთახში ესწრებოდა შეხვედრებს; რამდენიმე შავკანიანი და-ძმა კი სხვა ადგილზე იკრიბებოდა იმავე ქალაქში. მაგრამ ამჟამად იეჰოვას მოწმეთა 46-ზე მეტი კრებაა ბულავაიოში, სადაც გაერთიანებული არიან როგორც თეთრკანიანი, ისე შავკანიანი მოწმეები.
ომის შემდგომ პერიოდში მსახურება
ომის შემდეგ ბერტმა რკინიგზის უფროსობას სთხოვა, სამუშაოდ მოზამბიკის საზღვართან მდებარე მშვენიერ ქალაქ უმტალში (ახლანდელი მუტარე) გადაეყვანათ. ჩვენ გვსურდა გვემსახურა იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო და უმტალი სწორედ შესაფერის ადგილად მივიჩნიეთ, რადგან ამ ქალაქში არ იყვნენ მოწმეები. იქ ჩვენი ხანმოკლე ყოფნის დროს ჰოლტხაუზენების მთელი ოჯახი, ხუთი ვაჟიშვილის ჩათვლით, მოწმეები გახდნენ. ამჟამად ამ ქალაქში 13 კრებაა!
1947 წელს გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს, რომ განგვესაზღვრა, შეეძლო თუ არა ბერტს, განეგრძო პიონერული საქმიანობა. ლაიელი, რომელიც დაბრუნდა სამხრეთ აფრიკიდან, სადაც პიონერად მსახურობდა, მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას. იმ პერიოდში დონოვანი სამხრეთ აფრიკაში მსახურობდა პიონერად. როცა კეიპტაუნში არსებულმა ფილიალის ბიურომ შეიტყო ბერტის გადაწყვეტილების შესახებ, სთხოვა, ამის ნაცვლად ლიტერატურის საწყობი გაეხსნა ბულავაიოში. ამიტომ მან დატოვა რკინიგზა და იქ გადავედით. ამის შემდგომ მალე სამხრეთ როდეზიიდან ბულავაიოში ჩამოვიდნენ პირველი მისიონერები, რომელთა შორის იყვნენ ერიკ კუკი, ჯორჯ და რუბი ბრედლები, ფილის კაიტი და მერტლ ტეილორი.
1948 წელს ნეითან ნორი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მესამე პრეზიდენტი, თავის მდივანთან, მილტონ ჰენშელთან, ერთად ეწვია ბულავაიოს და გადაწყდა, რომ საწყობი ფილიალი გახდებოდა, რომელსაც ზედამხედველობას ძმა კუკი გაუწევდა. მომდევნო წელს ქალიშვილი, ლინდზი, შეგვეძინა. 1950 წელს კი ფილიალი სამხრეთ როდეზიის დედაქალაქ სოლზბერში გადაიტანეს და ჩვენც იქ გადავედით. ჩვენ ვიყიდეთ დიდი სახლი, რომელშიც წლების მანძილზე ვცხოვრობდით. ჩვენს სახლში ყოველთვის პიონერები და სტუმრები ჩერდებოდნენ, ამიტომ ჩვენი საცხოვრებელი ცნობილი გახდა, როგორც მაკლაკის სასტუმრო.
1953 წელს მე და ბერტი ნიუ-იორკში, იანკის სტადიონზე გამართულ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესს დავესწარით. რა დაუვიწყარი მოვლენა იყო! ხუთი წლის შემდეგ ესტრელა, ლინდზი და 16 თვის ჯერიმი რვავე დღეს ჩვენთან ერთად ესწრებოდნენ 1958 წელს იანკის სტადიონზე და მის ახლოს მდებარე პოლო გრაუნდზე ჩატარებულ ყველაზე დიდ საერთაშორისო კონგრესს. ბოლო დღეს, საჯარო მოხსენების დროს, დამსწრეთა რიცხვმა უმაღლესს ციფრს — 250 000-ზე მეტს მიაღწია!
ქადაგებასთან დაკავშირებული ახალი დანიშნულება
ბერტი დაახლოებით 14 წლის განმავლობაში მსახურობდა სოლზბერის ფილიალში შტატგარეშე თანამშრომლად. მაგრამ შემდგომში გადავწყვიტეთ, გვემსახურა სეიშელის კუნძულებზე, სადაც მქადაგებლების დიდი მოთხოვნილება იყო. ჩვენ გავყიდეთ სახლი და ავეჯი. დანარჩენი ნივთები კი ოპელის მარკის ფურგონში ჩავალაგეთ. 12 წლის ლინდზთან და 5 წლის ჯერიმთან ერთად დაახლოებით 3 000 კილომეტრის გავლა მოგვიწია ჩრდილოეთ როდეზიაზე (ამჟამად ზამბია), ტანგანიიკასა (ამჟამად ტანზანიის ნაწილი) და კენიაზე გამავალ მეტისმეტად უსწორმასწორო, უასფალტო გზებზე, სანამ საპორტო ქალაქ მომბასაში ჩავიდოდით.
მომბასაში აუტანლად ცხელოდა, მაგრამ იქ მშვენიერი პლაჟები იყო. მანქანა ადგილობრივ მოწმესთან დავტოვეთ და სეიშელის კუნძულებამდე რომ მიგვეღწია, სამი დღე ვიმგზავრეთ გემით. იქ დაგვხვდა ნორმან გარდნერი, რომელმაც ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული ძირითადი შემეცნება ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში მცხოვრები მოწმისგან მიიღო. მან დაგვიქირავა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის, მაკარის, მცველი პოლიციელების სახლი, რომელიც სენ-სუსის უღელტეხილზე იყო აშენებული. მაკარი 1956 წელს კვიპროსიდან გადმოასახლეს.
რადგან ჩვენი სახლი ყველაფრისგან მოწყვეტილი იყო, ერთი თვის შემდეგ სანაპირო ხაზზე მდებარე ქალაქ ბოუ-ვალონში გადავედით. ჩვენ ვეპატიჟებოდით იქაურ ხალხს მოხსენებების მოსასმენად, რომლებსაც ბერტი ჩვენს ვერანდაზე კითხულობდა. იმ პერიოდში ბინდშედლერებთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა; ორიოდე თვის შემდეგ ბერტმა მონათლა ისინი და მათი ნაშვილები ქალიშვილი, ასევე ნორმან გარდნერი თავის მეუღლესთან ერთად. ჩვენ ნორმანთან ერთად მისი ნავით გავემგზავრეთ კუნძულ სერფზე, სადაც ბერტმა ბიბლიური მოხსენებები წაიკითხა ნავსადგომში.
დაახლოებით ოთხი თვის ჩასულები ვიყავით სეიშელის კუნძულებზე, როდესაც პოლიციის უფროსმა გაგვაფრთხილა, შეგვეწყვიტა ქადაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვაძევებდნენ. ფინანსურად ძალიან გვიჭირდა და სწორედ იმ დროს ისევ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა საჯაროდ ქადაგება. ბოლოს და ბოლოს ხომ ვიცოდით, რომ როდისმე მაინც მოგვიწევდა ამ ადგილის დატოვება. როცა ერთი თვის შემდეგ ინდოეთიდან სხვა გემი ჩამოვიდა, გამოგვასახლეს.
საფრთხის წინაშე უკან დაბრუნებისას
მომბასაში ჩასვლისას ჩვენი მანქანა წამოვიყვანეთ და გეზი სამხრეთისკენ ავიღეთ, სადაც მივუყვებოდით ქვიშიან სანაპირო გზას. როცა ტანგას მივაღწიეთ, მანქანის ძრავამ გვიმტყუნა. ფაქტობრივად არანაირი მატერიალური სახსრები არ გაგვაჩნდა, მაგრამ ჩვენი ნათესავი მამაკაცი და კიდევ სხვა მოწმე დაგვეხმარა გამოსავლის მოძებნაში. სანამ მომბასაში ვიმყოფებოდით, ერთმა ძმამ ფინანსური დახმარება შემოგვთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ გავემგზავრებოდით სომალიში საქადაგებლად. მაგრამ მე კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჩვენი სურვილი იყო სახლში, სამხრეთ როდეზიაში, დაბრუნება.
ტანგანიიკადან გადავედით ნიასალენდში და მივადექით ნიასას ტბის დასავლეთ მხარეს, რომელსაც ამჟამად მალავის ტბა ჰქვია. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მეგონა ვკვდებოდი. ბერტს ვთხოვე, გზაზე გადმოვესვი. რადგანაც ქალაქ ლილონგვესთან ახლოს ვიყავით, მან იქაურ საავადმყოფოში წამიყვანა. როცა მორფის ინექცია გამიკეთეს, ცოტა შვება ვიგრძენი. რადგან მე აღარ შემეძლო მანქანით მგზავრობა, ბერტიმ და ბავშვებმა განაგრძეს გზა და 400 კილომეტრი გაიარეს ბლანტაირამდე. სამი დღის შემდეგ ნათესავი მამაკაცი დამეხმარა, რომ გადავფრენილიყავი იქ და მათ შევერთებოდი. ბლანტაირიდან სოლზბერში გადავფრინდი, ხოლო ბერტმა და ბავშვებმა მანქანით გამოიარეს ეს გზა.
როგორი შვება ვიგრძენით, როდესაც ყველამ სოლზბერში მოვიყარეთ თავი, ჩვენი ქალიშვილის, პოლინისა, და მისი მეუღლის სახლში! 1963 წელს ჩვენი ნაბოლარა შვილი, ენდრიუ შეგვეძინა. ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო გვეგონა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. საბოლოოდ ჩვენ სამხრეთ აფრიკაში გადავედით და პიტერმარიცბურგში დავსახლდით.
მოსიყვარულე ოჯახით კურთხეული
ბერტი 1995 წელს 94 წლის ასაკში მშვიდად გარდაიცვალა და მას შემდეგ მარტო ვცხოვრობდი ჩვენს სახლში. მაგრამ თავი მარტოდ არასდროს მიგვრძვნია. ლაიელი და პოლინი ემსახურებიან იეჰოვას თავის ოჯახებთან ერთად სამხერთ აფრიკაში და ზოგი მათი ოჯახის წევრი სწორედ პიტერმარიცბურგში ცხოვრობს. ლინდზი და მისი ოჯახი კალიფორნიაში (აშშ) ცხოვრობენ და აქტიური მოწმეები არიან. ჩვენი ორი უმცროსი შვილი, ჯერიმი და ენდრიუ, ავსტრალიაში გადავიდნენ, სადაც ორივე დაქორწინდა და ბედნიერად ცხოვრობენ. ისინი თავიანთ კრებებში უხუცესებად მსახურობენ.
ჩვენი რვა შვილი ამა თუ იმ სახის პიონერულ მსახურებაში მონაწილეობდა, ექვსი მათგანი კი მსახურობდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის ოფისებში. დონოვანმა 1951 წლის თებერვალში დაამთავრა საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-16 კლასი და სანამ სამუშაოდ სამხრეთ აფრიკის ფილიალში დაბრუნდებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ამჟამად ის უხუცესია კლერქსდორპში, რომელიც დაახლოებით 700 კილომეტრითაა დაშორებული პიტერმარიცბურგიდან. ესტრელა თავის მეუღლესთან, ჯეკ ჯონსთან, ერთად მსახურობს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი).
ჩემი პირველი შვილი, პიტერი, რამდენიმე წელი სრული დროით მსახური იყო. პიონერად მსახურების შემდეგ როდეზიაში არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალშიც მუშაობდა. რამდენიმე წლის წინათ ჩემზე ძალიან იმოქმედა, როცა მან კავშირი გაწყვიტა ქრისტიანულ კრებასთან.
როცა განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობაში დედასთან ერთად წამოვედი აფრიკაში. მართალია, ცხოვრება არ იყო ყოველთვის იოლი, მაგრამ მე წილად მხვდა უპირატესობა, მხარში ამოვდგომოდი ჩემს მეუღლეს და შემექმნა ოჯახი, რომელმაც ხელი შეუწყო ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების გაძლიერებას სამხერთ აფრიკაში (მათე 24:14).
[სქოლიოები]
a რობერტ მაკლაკის ცხოვრების ისტორია პირველად გამოქვეყნდა 1990 წლის 1 თებერვლის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“; გვ. 26—31 (ინგლ).
b იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“; გვერდი 11.
[რუკა 22, 23 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
კეიპტაუნი
პიტერმარიცბურგი
კლერქსდორპი
იოჰანესბურგი
პრეტორია
ზიმბაბვე
გვანდა
ბულავაიო
ფილაბუსი
გვერუ
მუტარე
ჰარარე
ზამბია
მოზამბიკი
მალავი
ბლანტაირი
ლილონგვე
ტანზანია
დარ-ეს-სალამი
ტანგა
კენია
მომბაზა
სეიშელის კუნძულები
სომალი
[სურათი 20 გვერდზე]
მე, პიტერი, პოლინი და ესტრელა, სანამ ნებას დამთავრდნენ, ციხეში წამეყვანა ესტრელა.
[სურათი 21 გვერდზე]
ლაიელი და დონოვანი ფილაბუსთან ახლოს მდებარე ჩვენი რანჩოს წინ.
[სურათი 23 გვერდზე]
ბერტი, ლაიელი, პოლინი, პიტერი, დონოვანი და მე 1940 წელს.
[სურათები 24 გვერდზე]
კარმენი და მისი ხუთი შვილი (მარცხნიდან მარჯვნივ საათის ისრის მიმართულებით): დონოვანი, როდესაც 1951 წელს „გალაადში“ იმყოფებოდა, ჯერიმი, ლინდზი, ესტრელა და ენდრიუ დღეს.