-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ბავშვობაში ერთმა ახალგაზრდა ბოშა ქალმა ჭეშმარიტება საზღვარგარეთ მცხოვრები დეიდებისგან გაიგო. პირველი დაბრკოლება, რისი გადალახვაც მას მოუწია, წერა-კითხვის უცოდინარობა იყო. იეჰოვას სიყვარულით აღძრულმა წერა-კითხვაც ისწავლა იმ სამი წლის განმავლობაში, როცა ბიბლიას სწავლობდა. მეორე დაბრკოლება პაპა იყო, ვისთანაც ცხოვრობდა. „კრებაზე რომ წავსულიყავი, სახლიდან გამოპარვა მიწევდა“, — ამბობს ის. შინ დაბრუნებულს პაპა სცემდა. „ჭეშმარიტების გამო მცემდნენ, მაგრამ ვითმენდი. იმ წუთებში ერთგულ იობზე ვფიქრობდი, რომელმაც მძიმე ტანჯვა აიტანა. იეჰოვა ძალიან მიყვარდა, ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, შესწავლა არ შემეწყვიტა“, — იხსენებს ის. დღეს ეს და პიონერად მსახურობს და ბიბლიას ასწავლის ორ გოგონას, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან. მართალია, მას არასდროს უვლია სკოლაში, მაგრამ თეოკრატიული მსახურების სკოლის წყალობით, დღეს ის ბიბლიის კარგი მასწავლებელია.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„სად ვიპოვო ეს ხალხი?“
აგრონ ბაშოტა
დაიბადა: 1973 წელს
მოინათლა: 2002 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: იბრძოდა კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში. ამჟამად პიონერია და მომსახურე.
ომის დროს მომხდარმა საშინელებებმა, მათ შორის პატარა ბავშვების მკვლელობამ, ღვთის არსებობაში დამაეჭვა. ვფიქრობდი, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არაფერს აკეთებს, როცა ირგვლივ ამდენი ბოროტებაა-მეთქი? ჩემში რწმენის ბოლო მარცვალი მაშინ ჩაკვდა, როდესაც დავინახე, რომ მუსლიმანი რელიგიური წინამძღოლები ხალხს სერბების წინააღმდეგ აქეზებდნენ. ომამდე მუსლიმანი ვიყავი, მაგრამ ომის დამთავრებამდე ათეისტი გავხდი და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში დავიწყე მსახურება. მცირე ხანში ოფიცრების პატივისცემა დავიმსახურე და დამაწინაურეს. ვინაიდან ხელქვეითები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ჩემს ბრძანებებს, ამპარტავანი და აგრესიული გავხდი.
სამწუხაროდ, ჩემს ცოლსაც, მერიტასაც, ზემოდან დავუწყე ყურება. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც მე მინდოდა, და ჩემი ბრძანებები უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა. ჩემმა მეუღლემ ომის დროს იეჰოვას მოწმეები გაიცნო და სახლში მათი ლიტერატურაც მოიტანა. ერთ საღამოს მან მითხრა: „აი, წაიკითხე. ღვთის შესახებაა“. გადამრია იმის გაფიქრებამ, რომ მას შეეძლო ჩემთვის რამე ესწავლებინა, თუნდაც ღმერთზე. მერიტა დროზე გამერიდა და დასაძინებლად წავიდა.
მარტო დარჩენილმა გადავწყვიტე, წამეკითხა ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. მერე წავიკითხე მუსლიმანებისთვის განკუთვნილი ბროშურა „ჟამი ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილებისა“. გავოცდი, როცა ყურანიდან მოყვანილი ციტატები დავინახე. მერე ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს გადავავლე თვალი. შუაღამისას საძინებელში შევედი, ცოლი გავაღვიძე და ვკითხე: „საიდან გაქვს ეს ჟურნალები? სად ვიპოვო ეს ხალხი?“
წაკითხულმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა ჩემს ცოლს ცოტა არ იყოს შეეშინდა, და ვერ მიხვდა, რატომ დავინტერესდი ამ ხალხით. იმ ღამით ერთ მოწმეს დავურეკეთ და გავიგეთ, სად და როდის ტარდებოდა კრების შეხვედრები. მეორე დღეს კრებაზე წავედით. გავოცდი, ისე თბილად მიგვიღეს. ვერ წარმომედგინა, ასეთ ხალხს თუ სადმე შევხვდებოდი. ყველასგან განსხვავებულები იყვნენ. შეხვედრის მსვლელობის დროს კითხვა გამიჩნდა, ვერ მოვითმინე, მაშინვე ავიწიე ხელი და დავსვი. უხუცესები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ის მაინტერესებდა, რა მომეთხოვებოდა, იეჰოვას მოწმე რომ გავმხდარიყავი, შვებით ამოისუნთქეს.
იმავე დღეს დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ბევრი თვისება მქონდა შესაცვლელი. პირველ რიგში, მოწევისთვის უნდა დამენებებინა თავი და ჩემს ძველ მეგობრებთან უნდა გამეწყვიტა კავშირი. ლოცვა და კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება დამეხმარა, რომ მომენანიებინა და ახალი პიროვნებით შევმოსილიყავი. ჭეშმარიტებამ საოცარი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებასა და ჩემს ოჯახზე. ამჟამად მე და ჩემი მეუღლე პიონერებად ვმსახურობთ. 2006 წელს მომსახურე გავხდი. მიხარია, რომ დღეს მე ვუხსნი სხვას უბედურებების არსებობის მიზეზს, და მალე როგორ მოაგვარებს იეჰოვა ყველა პრობლემას.
-