-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
კოსოვოს თანამედროვე ისტორია
80-იან წლებში კოსოვოში სერბებსა და ალბანელებს შორის დაძაბული ურთიერთობა 90-იანი წლებისთვის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა და შედეგად მრავალი ტანჯვა და ტკივილი მოუტანა ხალხს. ამ მძიმე მდგომარეობაში უკეთ გამოჩნდა სხვადასხვა წარმოშობის ძმებს შორის არსებული „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ (1 პეტ. 1:22). ისინი ემორჩილებოდნენ იესოს მითითებას: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:43—48). თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო.
„ძმებს, რომლებიც ადრე მუსლიმანები ვიყავით, სხვა მუსლიმანები დღემდე ცუდი თვალით გვიყურებენ, — ჰყვება სალიუ აბაზი, ალბანურ ენაზე მოლაპარაკე ყოფილი მუსლიმანი, — და რადგან სხვა რელიგიის მიმდევრობა ვარჩიეთ, ჩვენს ნათესავებს ჰგონიათ, რომ ვუღალატეთ. გარდა ამისა, ალბანელებსა და სერბებს შორის ეთნიკური დაძაბულობის გამო ყოფილი მუსლიმანებისთვის სერბებთან ქადაგება ადვილი არ არის“.
ყოველივე ამის მიუხედავად, შეხვედრების ჩასატარებლად სალიუს სახლში სხვადასხვა წარმოშობის 30 კაცი იკრიბებოდა. „იმ წლებში, — იხსენებს სალიუ, — შეხვედრები სერბულ ენაზე ტარდებოდა, ლიტერატურა კი ბელგრადიდან ჩამოდიოდა. ერთხელ, როდესაც ბელგრადიდან ძმებმა ლიტერატურა ჩამოგვიტანეს და ყველანი ერთად ვიყავით შეკრებილნი, მოულოდნელად პოლიციელები დაგვადგნენ. ვუთხარი, რომ სტუმრები ჩემი ძმები იყვნენ; ვერაფრით ვერ მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა სერბები და ალბანელები ძმები ყოფილიყვნენ“. 1998 წელს კოსოვოს უდიდეს ქალაქ პრიშტინაში მაუწყებლებმა დაიქირავეს შენობა, რომელსაც სამეფო დარბაზად იყენებდნენ.
1999 წლის გაზაფხულისთვის ეთნიკური კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. „ჩემი მეზობელი დამემუქრა, რომ თუ მე და ჩემი ვაჟი იარაღს არ ავიღებდით ხელში, სახლს გადაგვიწვავდა, — ჰყვება სალიუ. — მაშინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხალხზე დიდი გავლენა იქონია; ისინი არ სცნობდნენ სერბიის ყოფილ მთავრობას, არ ემორჩილებოდნენ კანონს, და გაბოროტებული ხალხი თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა“.
კოსოვოში პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავება სერბებს სულ უფრო და უფრო ურთულებდა იქ ცხოვრებას. 1999 წელს სერბები და ალბანელები მეზობელ ქვეყნებში გადაასახლეს. უკიდურესად დაძაბული ეთნიკური კონფლიქტის მიუხედავად, სალიუმ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო და სერბი ძმები სახლში შეიფარა.
იეჰოვას თვალსაზრისის გათავისება
„სერბებსა და ალბანელებს ერთმანეთი სძულდათ, — ამბობს ერთი და. — ერთმანეთის სიძულვილს პატარაობიდან გვინერგავდნენ. ამ სიძულვილის დაძლევა ჭეშმარიტების გაგების შემდეგაც გვიჭირდა. ბევრს დიდი შინაგანი ბრძოლა დაგვჭირდა იეჰოვას თვალსაზრისის გასათავისებლად. ვიცოდი, რომ იეჰოვა სიყვარულის ღმერთი იყო, მაგრამ კრებაში ერთ დას სულ გავურბოდი მხოლოდ იმიტომ, რომ სერბი იყო, თუმცა რაც უფრო ღრმად ვიკვლევდი ბიბლიას, მით უფრო ვხვდებოდი, რომ სხვა რელიგიები ხალხს ერთმანეთს აშორებდა, ღვთის სიტყვა კი — აერთიანებდა“. ჩამოაყალიბა ახალ პიროვნებად ეს და ღვთის სიტყვის ძალამ? ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ დღესაც იმავე კრებაში ვმსახურობ სერბი და-ძმების გვერდით“ (კოლ. 3:7—11; ებრ. 4:12).
რელიგიურად დაყოფილ მსოფლიოში ქრისტიანული ერთობა ადვილი შესამჩნევია. მაშინ, როცა ნაციონალურმა შუღლმა ზოგს ხელში ყუმბარა ააღებინა, ზოგს კი მეზობლის სახლი გადააწვევინა, იეჰოვას მოწმეები 1998 წლის ივლისში ბელგრადში (სერბია) კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრნენ. კონგრესზე მიმავალ ავტობუსში ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ალბანელები, ხორვატები, მაკედონელები და ბოშები. დაშურიე გაში, რომელიც ამავე კონგრესზე მოინათლა, იხსენებს: „როცა ჯარისკაცებმა ჩვენი ავტობუსი გააჩერეს, გაოგნებულები გვიყურებდნენ. ამ ქვეყნების ხალხებს შორის არსებული სიძულვილის მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთი ხალხი — იეჰოვას ხალხი ვიყავით“.
ბავშვობაში ერთმა ახალგაზრდა ბოშა ქალმა ჭეშმარიტება საზღვარგარეთ მცხოვრები დეიდებისგან გაიგო. პირველი დაბრკოლება, რისი გადალახვაც მას მოუწია, წერა-კითხვის უცოდინარობა იყო. იეჰოვას სიყვარულით აღძრულმა წერა-კითხვაც ისწავლა იმ სამი წლის განმავლობაში, როცა ბიბლიას სწავლობდა. მეორე დაბრკოლება პაპა იყო, ვისთანაც ცხოვრობდა. „კრებაზე რომ წავსულიყავი, სახლიდან გამოპარვა მიწევდა“, — ამბობს ის. შინ დაბრუნებულს პაპა სცემდა. „ჭეშმარიტების გამო მცემდნენ, მაგრამ ვითმენდი. იმ წუთებში ერთგულ იობზე ვფიქრობდი, რომელმაც მძიმე ტანჯვა აიტანა. იეჰოვა ძალიან მიყვარდა, ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, შესწავლა არ შემეწყვიტა“, — იხსენებს ის. დღეს ეს და პიონერად მსახურობს და ბიბლიას ასწავლის ორ გოგონას, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან. მართალია, მას არასდროს უვლია სკოლაში, მაგრამ თეოკრატიული მსახურების სკოლის წყალობით, დღეს ის ბიბლიის კარგი მასწავლებელია.
ადემ გრაიჩავციმ, რომელიც მუსლიმანი იყო, ჭეშმარიტება 1993 წელს გერმანიაში გაიგო. 1999 წელს სამშობლოში, კოსოვოში დაბრუნდა და სხვა მოწმეებივით ისიც შეხვდა ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას. ადემი ჰყვება: „როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ ქვეყნიერების მმართველი სატანა იყო და ის იდგა ყველა იმ საშინელების უკან, რაც მსოფლიოში ხდებოდა“. ადემის მამას არ მოეწონა, მისმა შვილმა რელიგია რომ შეიცვალა და უთხრა: ან იეჰოვა, ან ოჯახიო. ადემმა იეჰოვა აირჩია და განაგრძო სულიერი წინსვლა. დღეს ის კრებაში უხუცესად მსახურობს. ადემის მამამ წლების შემდეგ აზრი შეიცვალა და დღეს პატივს სცემს შვილის არჩევანს.
ადემის ვაჟს, ადნანს, მოზარდობის პერიოდში რელიგია საერთოდ არ აინტერესებდა. ის იმდენად იყო გატაცებული საბრძოლო ხელოვნებით, რომ თანატოლებმა მეტსახელად „კილერი“ (მკვლელი) შეარქვეს. მაგრამ, როცა ჭეშმარიტება შეეხო მის გულს, მან უარი თქვა საბრძოლო ხელოვნებაზე. სულიერად წინ წაიწია და მოინათლა. „მონათვლიდან მალე სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, — ამბობს ის. — მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, მაგრამ სულიერად წინ ვერ მივიწევდი. არც მსახურებისთვის მრჩებოდა საკმარისი დრო. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, და სამუშაოს თავი დავანებე“. მან პიონერად დაიწყო მსახურება და კრებაში მომსახურედ დაინიშნა. მოგვიანებით ალბანეთში დახელოვნების სკოლის პირველ კლასში მიიწვიეს. დღეს უხუცესია და მეუღლესთან, ჰადეიესთან ერთად, სპეციალურ პიონერად მსახურობს. ხომ არ ნანობს, რომ მან ერთ დროს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? „სხვაგვარად ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, წუთითაც არ ვნანობ, რომ სამსახურს სრული დროით მსახურება ვარჩიე“, — ამბობს ის.
გაერთიანებული თაყვანისცემა და სწავლება
დღეს კოსოვოში არსებული ექვსივე კრება დაქირავებულ შენობებში ატარებს შეხვედრებს. ზოგი კრება პატარაა, მაგალითად, ქალაქ პეკში 28 მაუწყებელია. ძმების სიმცირის გამო, ზოგ კრებაში საჯარო მოხსენებები ყოველ კვირა ვერ იკითხება. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც პეკში, ერთგული და-ძმები ყოველ კვირა იკრიბებიან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად და სხვა შეხვედრების ჩასატარებლად.
წლების განმავლობაში, მათ შორის უმძიმეს პერიოდშიც, კოსოვოში მცხოვრებ ქრისტიანებზე სერბიის ქვეყნის კომიტეტი ზრუნავდა. 2000 წელს კოსოვოში სამქადაგებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა ხელმძღვანელმა საბჭომ ალბანეთის ფილიალს დააკისრა.
ბოლო დრომდე კოსოვოში იეჰოვას მოწმეების უმეტესობა სერბები იყვნენ, შესაბამისად კრებებიც სერბულ ენაზე ტარდებოდა. ძმები ალბანურ ენაზე მოლაპარაკე მოწმეებს პროგრამას უთარგმნიდნენ. დღეს სხვა სურათია. ამჟამად კოსოვოში უფრო მეტი ალბანელი მოწმეა, ვიდრე სერბი. სერბულენოვანი კრება მხოლოდ ერთია. სხვა კრებები შეხვედრებს ალბანურად ატარებენ, და, თავის მხრივ, ალბანელი ძმებიც სიამოვნებით უთარგმნიან სერბ და-ძმებს პროგრამას. კონგრესები ორივე ენაზე ტარდება. მაგალითად, 2008 წელს საოლქო კონგრესის პროგრამა, რომელიც ალბანურ ენაზე იყო წარმოდგენილი, სერბულად ითარგმნებოდა. კოსოვოელი უხუცესები მხოლოდ წამყვან მოხსენებებს წარმოთქვამდნენ სერბულად. ერთმა ძმამ აღნიშნა: „დარბაზის გარეთ არსებული სიძულვილის მიუხედავად, ამ დარბაზში ყველა ერთი ოჯახის წევრია“.
მართალია, კოსოვოს მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანია, მაგრამ ბიბლიას პატივს სცემენ. ბევრს უყვარს რელიგიაზე საუბარი. 2008 წელს კოსოვოში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 164-ს მიაღწია, რაც დიდად ახარებთ იქაურ ძმებს. ისინი იეჰოვაზე არიან მინდობილი და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანს მიაწვდინონ.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 236, 237 გვერდებზე]
„სად ვიპოვო ეს ხალხი?“
აგრონ ბაშოტა
დაიბადა: 1973 წელს
მოინათლა: 2002 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: იბრძოდა კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში. ამჟამად პიონერია და მომსახურე.
ომის დროს მომხდარმა საშინელებებმა, მათ შორის პატარა ბავშვების მკვლელობამ, ღვთის არსებობაში დამაეჭვა. ვფიქრობდი, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არაფერს აკეთებს, როცა ირგვლივ ამდენი ბოროტებაა-მეთქი? ჩემში რწმენის ბოლო მარცვალი მაშინ ჩაკვდა, როდესაც დავინახე, რომ მუსლიმანი რელიგიური წინამძღოლები ხალხს სერბების წინააღმდეგ აქეზებდნენ. ომამდე მუსლიმანი ვიყავი, მაგრამ ომის დამთავრებამდე ათეისტი გავხდი და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიაში დავიწყე მსახურება. მცირე ხანში ოფიცრების პატივისცემა დავიმსახურე და დამაწინაურეს. ვინაიდან ხელქვეითები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ჩემს ბრძანებებს, ამპარტავანი და აგრესიული გავხდი.
სამწუხაროდ, ჩემს ცოლსაც, მერიტასაც, ზემოდან დავუწყე ყურება. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, როგორც მე მინდოდა, და ჩემი ბრძანებები უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა. ჩემმა მეუღლემ ომის დროს იეჰოვას მოწმეები გაიცნო და სახლში მათი ლიტერატურაც მოიტანა. ერთ საღამოს მან მითხრა: „აი, წაიკითხე. ღვთის შესახებაა“. გადამრია იმის გაფიქრებამ, რომ მას შეეძლო ჩემთვის რამე ესწავლებინა, თუნდაც ღმერთზე. მერიტა დროზე გამერიდა და დასაძინებლად წავიდა.
მარტო დარჩენილმა გადავწყვიტე, წამეკითხა ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. მერე წავიკითხე მუსლიმანებისთვის განკუთვნილი ბროშურა „ჟამი ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილებისა“. გავოცდი, როცა ყურანიდან მოყვანილი ციტატები დავინახე. მერე ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს გადავავლე თვალი. შუაღამისას საძინებელში შევედი, ცოლი გავაღვიძე და ვკითხე: „საიდან გაქვს ეს ჟურნალები? სად ვიპოვო ეს ხალხი?“
წაკითხულმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა ჩემს ცოლს ცოტა არ იყოს შეეშინდა, და ვერ მიხვდა, რატომ დავინტერესდი ამ ხალხით. იმ ღამით ერთ მოწმეს დავურეკეთ და გავიგეთ, სად და როდის ტარდებოდა კრების შეხვედრები. მეორე დღეს კრებაზე წავედით. გავოცდი, ისე თბილად მიგვიღეს. ვერ წარმომედგინა, ასეთ ხალხს თუ სადმე შევხვდებოდი. ყველასგან განსხვავებულები იყვნენ. შეხვედრის მსვლელობის დროს კითხვა გამიჩნდა, ვერ მოვითმინე, მაშინვე ავიწიე ხელი და დავსვი. უხუცესები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ის მაინტერესებდა, რა მომეთხოვებოდა, იეჰოვას მოწმე რომ გავმხდარიყავი, შვებით ამოისუნთქეს.
იმავე დღეს დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ბევრი თვისება მქონდა შესაცვლელი. პირველ რიგში, მოწევისთვის უნდა დამენებებინა თავი და ჩემს ძველ მეგობრებთან უნდა გამეწყვიტა კავშირი. ლოცვა და კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება დამეხმარა, რომ მომენანიებინა და ახალი პიროვნებით შევმოსილიყავი. ჭეშმარიტებამ საოცარი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებასა და ჩემს ოჯახზე. ამჟამად მე და ჩემი მეუღლე პიონერებად ვმსახურობთ. 2006 წელს მომსახურე გავხდი. მიხარია, რომ დღეს მე ვუხსნი სხვას უბედურებების არსებობის მიზეზს, და მალე როგორ მოაგვარებს იეჰოვა ყველა პრობლემას.
-