ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
აფრიკა
ქვეყნები 57
მოსახლეობა 848 582 269
მაუწყებლები 1 122 493
ბიბლიის შესწავლები 2 202 217
რუანდა.
სკოლიდან დაბრუნებისას 9 წლის გოგონამ ქუჩაში ფულით სავსე ჩანთა იპოვა. მისმა მშობლებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდნენ, გადაწყვიტეს, ნასწავლის თანახმად მოქცეულიყვნენ და ფული პატრონისთვის დაებრუნებინათ. როცა ფული პატრონს მიუტანეს, კაცმა გოგონას ჰკითხა: „პატიოსანი საქციელისთვის მადლობის ნიშნად ცოტა ფულს თუ მოგცემ, რას იყიდი?“
„ბიბლიას“, — უპასუხა გოგონამ.
პასუხით გაოცებულმა კაცმა უთხრა: „მეგონა, ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს იყიდდი, რადგან არც ერთი გიგავს ახალს და არც მეორე“. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ბიბლიის ყიდვა ერჩია. კაცი ფულის დაბრუნების მიზეზმა დააინტერესა. როცა გაიგო, რომ გოგონას მთელი ოჯახი იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას, წავიდა და ორი ბიბლია იყიდა — ერთი გოგონასთვის, მეორე კი თავისი ოჯახისთვის. მან იეჰოვას მოწმეებს მისთვის და მისი ოჯახისთვისაც სთხოვა ბიბლიის სწავლება. დღეს ორივე ოჯახი სულიერად წინ მიიწევს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
თეოდორა ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ იეჰოვას დახმარებით დასძლია სიმორცხვე. მართალია, ქრისტიანულ ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ მორცხვობის გამო კრების შეხვედრებს იშვიათად ესწრებოდა; და თუ ესწრებოდა, მარტო იჯდა, არავის ელაპარაკებოდა და დასკვნითი სიმღერისა და ლოცვის დამთავრებისთანავე სახლში მიდიოდა. როცა უკვე სისტემატურად დაიწყო შეხვედრებზე დასწრება, მასთან მისასალმებლად მისულებს ათასში ერთხელ თუ ჩამოართმევდა ხელს. დროთა განმავლობაში კი კომენტარების გაკეთება დაიწყო და სხვების მისასალმებლად ინიციატივასაც ავლენდა ხოლმე. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ფასად დაუჯდებოდა სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. მეზობელი გოგონების დაცინვით გულგატეხილმა გადაწყვიტა, აღარ ექადაგა, მაგრამ იეჰოვასთვის ლოცვაში დახმარების თხოვნა არ შეუწყვეტია. ახლა თეოდორა უკვე მონათლულია, დამხმარე პიონერად მსახურობს და კრების შეხვედრებზე შესანიშნავ კომენტარებს აკეთებს. ის ბიბლიის ოთხ შესწავლას ატარებს, მათ შორის მეზობელთან, რომელიც ადრე დასცინოდა.
მადაგასკარი.
სარაიონო ზედამხედველი თავის ცოლთან ერთად ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა იქაური კრების მოსანახულებლად. გზად მათ ცულებითა და შუბებით შეიარაღებული საქონლის ქურდები დაინახეს. გულში ილოცეს და ღმერთს გამბედაობა სთხოვეს. სარაიონო ზედამხედველის ცოლმა ქურდებს ტრაქტატი „ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“ შესთავაზა და უთხრა: „მართალია, დღეს შიშში ვცხოვრობთ, მაგრამ მალე ღმერთი გაანადგურებს ბოროტებს და მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში გვაცხოვრებს“. ერთ-ერთმა ყურადღებით მოუსმინა და ტრაქტატიც გამოართვა.
ერთი წლის შემდეგ კონგრესზე სარაიონო ზედამხედველის ცოლთან ერთი კაცი მივიდა და ჰკითხა: პავლემ თესალონიკელებს პირველი წერილი მისწერა. „გახსოვარ?“ იმ ქურდებთან შეხვედრა გაახსენა, რომლებიც სოფლის გზაზე შეხვდათ, და უთხრა, რომ სწორედ ის იყო, ვინც ტრაქტატი გამოართვა: „მაშინ შეგვხვდით, როცა ნაძარცვი მოგვქონდა. თქვენმა სიტყვებმა მოსვენება დამიკარგა; პოლიციელების და ჯარისკაცების არ გვეშინია, მათგან გაქცევა შეიძლება, მაგრამ ღმერთს სად გავექცევით, როცა ბოროტებს გაანადგურებს-მეთქი. გადავწყვიტე ბიბლია გამომეკვლია. მეზობელს ვესტუმრე, რომელიც სპეციალურ პიონერთან ერთად ბიბლიას სწავლობდა. მეც ბიბლიის შესწავლა დავიწყე და ამ კონგრესზე ვინათლები“.
მოზამბიკი.
1992 წელს 30 წლის მადალენა ავარიაში მოჰყვა და ფეხები წაერთვა. ამ ამბის შემდეგ სახლიდან თითქმის არ გადიოდა. სამი წლის შემდეგ მადალენამ ყური მოჰკრა, სახლის წინ იეჰოვას მოწმეები მამამისს რომ ელაპარაკებოდნენ. მამა ერთ-ერთი ტრადიციული რელიგიის წინამძღოლი იყო და რელიგიურ შეხვედრებს თავის ეზოში ატარებდა. მას შემდეგ, რაც მადალენამ იეჰოვას მოწმეების ქადაგება მოისმინა და გაიგო, რომ მისით დაინტერესდნენ შინ შეიპატიჟა. მასპინძელზე მოწმეების გულწრფელობამ იმდენად იმოქმედა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მადალენას გულმოდგინების შემხედვარე მოწმეებს თვითონ დაჰყავდათ ის კრების შეხვედრებზე და არც სხვა დროს დაუტოვებიათ ყურადღების გარეშე. 2002 წელს მადალენა მოინათლა.
მოწმეების მზრუნველობამ მადალენას მშობლებზეც დიდად იმოქმედა. დედამ კრების შეხვედრებზე დაიწყო დასწრება და თავის რელიგიაზე უარი თქვა. თავიდან მადალენას მამა ამბობდა, რომ არასდროს მიატოვებდა თავის რელიგიას, თუმცა დროთა განმავლობაში მანაც დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მისი მრევლი ყველაფერს აკეთებდა, რომ როგორმე მისთვის თვალსაზრისი შეეცვლევინებინათ. ბოლოს და ბოლოს ის ხომ მათი წინამძღოლი იყო! მაგრამ მას პოზიცია არ შეუცვლია, ყველა რელიგიური ნივთი დაწვა და 2007 წელს ცოლთან ერთად მოინათლა. მთელი ოჯახი სულ უფრო და უფრო ძლიერდება სულიერად.
ზიმბაბვე.
9 წლის დესიბელი თანაკლასელებსა და მასწავლებლებს ჭეშმარიტების შესახებ ელაპარაკება. ერთ დღეს მასწავლებელს მოწყენილობა შეამჩნია და დანაღვლიანების მიზეზი ჰკითხა. თურმე მასწავლებელს დისშვილი მოკვდომოდა. დესიბელი ისეთი ბროშურის მიტანას დაჰპირდა, რომელიც ტკივილს შეუმსუბუქებდა. მან მშობლებს ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ გამოართვა და მეორე დღეს მასწავლებელს მისცა. მასწავლებელმა რამდენიმე აბზაცის წაკითხვის შემდეგ შვებით ამოისუნთქა და ატირდა. მოგვიანებით მან დესიბელის მშობლებს სამადლობელი წერილი მისწერა კარგი შვილის აღზრდისა და რთულ მდგომარეობაში დესიბელის დროული მხარდაჭერისთვის.
განა.
აბიგაილი განას სამხრეთ ნაწილში ბებიასა და პაპასთან ცხოვრობდა. ისინი პრესვიტერიანელები იყვნენ და შვილიშვილს იეჰოვას მოწმეების სიცრუეში არწმუნებდნენ. ქვეყნის სხვა ნაწილში მცხოვრებმა აბიგაილის მშობლებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ამან აბიგაილი ძალიან აღაშფოთა და მშობლებს წერილით სთხოვა, რომ შესწავლა შეეწყვიტათ. უშედეგო მცდელობის შემდეგ გადაწყვიტა, პირადად დალაპარაკებოდა მათ, რისთვისაც 1 000 კილომეტრის გავლა მოუწია. აბიგაილი გაოგნებული დარჩა, როცა თავის ბიბლიაში წაიკითხა, რომ ბოროტები ჯოჯოხეთში არ იტანჯებიან. მან ბიბლიის შესწავლა და მშობლებთან ერთად სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო, მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და გასული წლის სარაიონო კონგრესზე მოინათლა.
ამერიკა
ქვეყნები 55
მოსახლეობა 898 130 531
მაუწყებლები 3 449 038
ბიბლიის შესწავლები 3 548 101
დომინიკა.
ამ კუნძულზე მცხოვრები ბევრი ქალი სარეცხს მდინარეში რეცხავს, შემდეგ კი კლდეებსა და დიდ ქვებზე აშრობს. ერთმა ქალმა რეცხვისას მდინარეში ნაცნობი წიგნი შენიშნა. ამ წიგნის დახმარებით ის ყოველ კვირა სწავლობდა ბიბლიას ერთ-ერთ იეჰოვას მოწმესთან. წყლიდან წიგნი ამოიღო, გასაშრობად ქვაზე დადო და რეცხვა გააგრძელა.
მოგვიანებით, როცა გამშრალი ტანსაცმელი შინ წაიღო, წიგნის აღება დაავიწყდა. თევზაობიდან დაბრუნებულმა მეთევზეებმა მოოქროსფრო წიგნი შენიშნეს, ერთ-ერთმა მათგანმა გულგრილად ვერ ჩაუარა და წიგნი თან წაიღო. წიგნის სათაურმა „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ძალიან დააინტერესა. გავიდა დრო და მის სოფელში ორმა პიონერმა დაიწყო ქადაგება; ისინი მეთევზესთანაც მივიდნენ. მან დებს უთხრა, რომ მხოლოდ 144 000 ავიდოდა ცაში, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს დამყარდა და რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა. დები დაინტერესდნენ, საიდან იცოდა ამდენი რამ. მეთევზემ წიგნის პოვნის ამბავი უამბო, თქვა, რომ მას ყოველ დღე კითხულობდა და პიონერებს, მართალია, უკვე მშრალი, მაგრამ დაბერილი წიგნი გამოუტანა.
ერთ-ერთი პიონერი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის წიგნი იყო, რომელიც მისმა ბიბლიის შემსწავლელმა მდინარეში იპოვა. მოწმეებმა მეთევზესთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ის მოუთმენლად ელის ბიბლიის ყოველკვირეულ განხილვას და სულიერად ძლიერდება.
ბოლივია.
ამაზონის იმ ნაწილში, რომელიც ბოლივიის ტერიტორიას ეკუთვნის ქადაგება მართალია რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ათმა პიონერმა პატარა კატერი კარვებით, ქვაბებითა და ბიბლიური ლიტერატურით დატვირთა და მდინარე ბენიში შეცურა, რურენაბაკედან რიბერალტამდე დაახლოებით 800 კილომეტრი გაცურეს და 70-ზე მეტ დაშორებულ დასახლებაში იქადაგეს. პიონერებმა 800-ზე მეტი წიგნი, უამრავი ბროშურა და ტრაქტატი გაავრცელეს. მათ დაახლოებით 700 ადამიანს უჩვენეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და მათგან დაახლოებით 200-თან განაგრძეს კიდეც ბიბლიის შესწავლა. როცა ერთი სოფლიდან მეორეში წასვლას აპირებდნენ, ხალხი ეხვეწებოდა, კიდევ ცოტა ხნით დარჩით და კიდევ გვასწავლეთ რამე ბიბლიიდანო! ერთ პატარა ქალაქში მცხოვრებ კაცს გული დაწყდა, როცა მოწმეები წასასვლელად მოემზადნენ. ის დაჟინებით ითხოვდა შესწავლის გაგრძელებას: „თქვენ მნიშვნელოვანი საქმე დაიწყეთ და ის ბოლომდე უნდა მიიყვანოთ!“
კანადა.
ნორმანი მრავალი წლის განმავლობაში მონრეალის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ყოველ დღე შესვენების დროს ის ქარხნის სასადილოში კითხულობდა ბროშურას „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. ზოგი თანამშრომელი თანახმა იყო, მასთან ერთად გაერჩია ყოველდღიური მუხლი. ამ მოკლე განხილვის დროს ნორმანი ბროშურაში მოცემულ აზრებს განსაკუთრებით ოჯახურ ცხოვრებასა და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირებდა. ერთხელ განხილვას ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაესწრო. მოგვიანებით ნორმანი თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ მსგავსი განხილვები მუშებზე დადებითად მოქმედებდა და მათ ურთიერთობებზე სასიკეთო გავლენას ახდენდა.
დროთა განმავლობაში ყოველდღიური მუხლის განხილვას 30-ზე მეტი მუშა ესწრებოდა. ამიტომ ქარხნის ხელმძღვანელობამ ნორმანს სთხოვა, რომ ქარხანაში სხვადასხვა ადგილას პატარ-პატარა ჯგუფებად შეკრებილიყვნენ. ნორმანი ამბობს: „ამჟამად ყოველდღიურ მუხლს სამ ჯგუფთან განვიხილავ. ამ შეხვედრას თანამშრომლებმა ყოველდღიური შეხსენება დაარქვეს. მათ იმდენად მოსწონთ ეს შეხვედრები, რომ ჩემი არყოფნისას, თვითონ ატარებენ. თუ რამეს ვერ გაიგებენ, მეკითხებიან“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამგვარად ეხმარებოდა ნორმანი თანამშრომლებს, ყოველდღიურად ეფიქრათ ბიბლიურ თემებზე. შედეგად თანამშრომლებიდან და მათი ოჯახის წევრებიდან 40-ზე მეტი იეჰოვას მოწმე გახდა.
ბარბადოსი.
89 წლის და ბარკერს ძალიან უნდოდა, ბიბლიის შესწავლა ჰქონოდა. სუსტი ჯანმრთელობის გამო კარდაკარ ვერ ქადაგებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ტელეფონით ექადაგა; მაგრამ ბიბლიის შესწავლა ვერავისთან დაიწყო. ერთხელ კრების შეხვედრაზე მოსმენილმა აღძრა, რომ ბიბლიის შესწავლის დასაწყებად დახმარება იეჰოვასთვის ეთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიბლია და ჟურნალებმომარჯვებული ქუჩაში, თავისი სახლის წინ, გავიდა და გადაწყვიტა, ნებისმიერი გამვლელისთვის ექადაგა, მიუხედავად იმისა, რომ მის ქუჩაზე არც ისე ბევრი ხალხი დადიოდა. მან ჟურნალები სამსახურიდან შინ მიმავალ კაცს მისცა. ერთი კვირის შემდეგ თავისი სახლის წინ ისევ შეხვდა ამ კაცს. მოსაუბრეს არ დაუმალავს, რომ ძალიან მოეწონა ჟურნალები, ამიტომ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ აიღო და დას ბიბლიის შესწავლაზეც დასთანხმდა. ბარკერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა; ბიბლიის შესწავლა პირველად 2008 წლის მარტის ბოლოს ჩაატარეს. ეს კაცი თურმე და ბარკერის მეზობლად ცხოვრობდა. შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მან კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. და ბარკერმა თქვა: „ვიცოდი, რომ იეჰოვა ლოცვების მომსმენი ღმერთია, მაგრამ არ მეგონა, ასე მალე თუ მიპასუხებდა!“
ჩილე.
სანტიაგოს ცენტრში ერთ პიონერ დას ტაქსიდან გადმოსვლისას უკანა დასაჯდომზე ჟურნალებით სავსე საქაღალდე დარჩა. ჟურნალებთან ერთად საქაღალდეში „ჩვენი სამეფო მსახურების“ ერთი ეგზემპლარიც იდო, რომელზეც დის სახელი და გვარი ეწერა. ორი დღის შემდეგ ტაქსის მძღოლმა ეს და იმ მოწმეების დახმარებით იპოვა, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ქადაგებდნენ. მან დას საქაღალდე დაუბრუნა, რომელშიც მხოლოდ „სამეფო მსახურების“ ფურცელიღა იდო და თან მოუბოდიშა, ჟურნალები მგზავრებმა აიღესო. ასე თავისით გავრცელდა ჟურნალები ერთ დღეში!
ნიკარაგუა.
ერნესტო სპეც-რაზმის ყოფილი მეთაური იყო და კარიბის ზღვის სანაპიროსთან ახლოს პატარა ქალაქში ცხოვრობდა. კირო, სპეციალური პიონერი, ქვეყნის სხვა კუთხიდან იმ ქალაქში საქადაგოდ იყო ჩამოსული. ის კარდაკარ მსახურების დროს შეხვდა ერნესტოს და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. მართალია ერნესტომ თავიდან უარი უთხრა, მაგრამ კიროს იმედი არ გადაუწურავს და, საბოლოოდ, მაინც დაიწყო მასთან შესწავლა. ერთ-ერთი საუბრის დროს კირომ უთხრა, რომ მამამისი ერთ-ერთი რევოლუციური დაჯგუფების ლიდერი იყო და მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლისას ამ პატარა ქალაქთან ახლოს იყო დაღუპული. ერნესტო სულიერად წინ მიიწევდა, თუმცა ერთ რამეს, რაც ადრე თუ გვიან მაინც უნდა ეთქვა, ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავდა. მას დიდი სინანულით მოუწია კიროსისთვის იმის თქმა, რომ იმ რაზმს მეთაურობდა, რომელმაც კიროს მამა შეიპყრო, და მის სიკვდილში ლომის წილი მიუძღოდა. თავიდან კიროს თავზარი დაეცა. მას ერნესტოს სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან მისი მონათხრობი ძალიან ჰგავდა მამამისის თანამებრძოლების მონათხრობ შემაძრწუნებელ ფაქტებს. ერნესტო შიშობდა, რომ მათ მეგობრობას წერტილი დაესმებოდა. მაგრამ ერნესტოს შეძულების ნაცვლად, კირომ მასთან ბიბლიის შესწავლა განაგრძო. ერნესტო სულიერად გაიზარდა და მეუღლესთან ერთად მოინათლა. ერნესტო და კირო დღემდე მეგობრობენ.
ვენესუელა.
ვენესუელას დასავლეთ ნაწილში, კოლუმბიის საზღვართან ახლოს, იშვიათად ნაქადაგებ ტერიტორიაზე, სადაც ინდიელები ცხოვრობდნენ, მაჩიკესიდან ჩასული ძმები მსახურობდნენ. იქ უკლებლივ ყველა ისმენდა. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ბელადმა, ნება დართო ძმებს, რომ იქ პირველად ჩაეტარებინათ უფლის გახსენების საღამო. მეზობლებისა და სკოლის დირექტორისგან სკამები ითხოვეს. უფლის საღამოს 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ ბელადმა ტომის სახელით სამადლობელი სიტყვებით მიმართა ძმებს: „იეჰოვას მოწმეებო, მადლობა გვინდა გადაგიხადოთ! ვიმედოვნებთ, რომ კიდევ გვესტუმრებით. თქვენ ჭეშმარიტებას გვასწავლით, ამიტომ ყველაზე სასურველი სტუმრები ხართ!“ ამჟამად, იქ ყოველ კვირა 50-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ტარდება.
აზია და ახლო აღმოსავლეთი
ქვეყნები 47
მოსახლეობა 4 026 656 360
მაუწყებლები 618 088
ბიბლიის შესწავლები 538 957
ტაივანი.
ერთი და წერს: „ძალიან გამიხარდა ჩემს ნახევარძმასთან შეხვედრა. არასდროს მენახა, რადგან თავის ოჯახთან ერთად ისე შორს ცხოვრობს, რომ იქამდე მისვლა თითქმის შეუძლებელია. ერთხელ ჩემმა ნახევარძმამ ცოლ-შვილთან ერთად, რთული გზის მიუხედავად, ჩამოსვლა გადაწყვიტა, მთელმა ჩვენმა ოჯახმა გავიხარეთ. ვიცოდი, რომ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, ამიტომ იმედი მქონდა, ჩვენგან მოისმენდნენ სასიხარულო ცნობას. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემი რძალი და ძმისწული ბიბლიით დაინტერესდნენ! მაგრამ იმაზე ვფიქრობდი, რა შემეძლო გამეკეთებინა, რომ შინ დაბრუნების შემდეგაც შეძლებოდათ იეჰოვას გაცნობა. სახლში ინტერნეტი ჰქონდათ, ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ ვებ-კამერა ვიყიდეთ და ინტერნეტის საშუალებით მათთან ბიბლიის შესწავლა განვაგრძეთ. ჩემდა გასაკვირად, ასეთი სახით შესწავლის ჩატარება ძალიან ადვილი აღმოჩნდა. ჩვენ ვხედავთ მათი სახის გამომეტყველებას, როცა ბიბლიიდან და სახელმძღვანელო წიგნიდან რამე ახალს იგებენ, და ჩვენთვის ნათელი ხდება, უფრო მეტად რაში სჭირდებათ დახმარება. მადლიერები ვართ, რომ ასეთი ტექნიკის საშუალებით შეგვიძლია ჭეშმარიტება ვასწავლოთ ნათესავებს, რომელთა დახმარებაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა“.
ნეპალი.
ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს 16 წლის პურნამაია, რომელსაც ბიძამისმა უქადაგა და შესწავლაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კრებებზე დასასწრებად ორსაათ-ნახევარი ავტობუსით უნდა იმგზავროს, ის კვირაში ერთხელ რეგულარულად ესწრება შეხვედრებს. ცხადია, ეს მისთვის ადვილი არ არის. პურნამაიას მშობლები კეთროვნები არიან, ამიტომ ხელმომჭირნედ ცხოვრობენ. პურნამაია ერთი-ორი გროშის ასაღებად დილა უთენია დგება, ქვებს ტეხს და ხრეშად ყიდის; საოჯახო საქმეებსაც აკეთებს და სკოლაშიც დადის. შეხვედრებზე დასასწრებად მგზავრობის ღირებულება მუშის ერთი დღის გასამრჯელოს უდრის. ზოგჯერ მისი მშობლები ეუბნებიან, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრების ნაცვლად, ადგილობრივ ეკლესიაში იაროს. მაგრამ პურნამაიას კარგად ესმის, რომ იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგება მხოლოდ სამეფო დარბაზში შეუძლია, და ამიტომაც ძალ-ღონეს არ იშურებს შეხვედრებზე დასასწრებად. ცოტა ხნის წინ, შეხვედრებს რომ დასწრებოდა, მან ბებიის ნაჩუქარი საათიც კი გაყიდა. პურნამაია არა მხოლოდ კარგ კომენტარებს აკეთებს შეხვედრებზე, არამედ კრებებზე ნასწავლს თანაქალაქელებსაც უზიარებს. მისი შემხედვარე ყველა მხნევდება.
მალაიზია.
როცა მალაიზია ბრიტანეთის კოლონია იყო, ბრიტანელებმა ათასობით მუშა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაიყვანეს, რომ კაუჩუკის პლანტაციებში ემუშავათ. ისინი პლანტაციებთან ახლოს მდებარე სოფლებში დაასახლეს; დღემდე შემორჩენილია არაერთი ასეთი სოფელი; მაგრამ არის ბევრი მიუვალი სოფელიც, რომელიც რუკაზეც კი არ არის აღნიშნული. როცა ერთი კრება გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ქადაგებდა, კაუჩუკის პლანტაციასთან ერთ სოფელს მიადგა. ორმა მოზარდმა ჟურნალები აიღო და ძმებს დახმარება შესთავაზა. მათ უთხრეს, რომ სხვა სოფლებში მიმავალ გზაზე წაუძღვებოდნენ, რადგან იქაურობას კარგად იცნობდნენ. ბიჭები ძმების მანქანებს თავიანთი მოტოციკლეტებით მიუძღოდნენ წინ; მეორე სოფლამდე მისასვლელად პლანტაციების გავლით ტალახიან ბილიკებსა და უასფალტო გზაზე 45 წუთი იარეს. ბიჭებმა ძმები ისეთ ადგილებშიც წაიყვანეს, სადაც იეჰოვას მოწმეებს არასდროს უქადაგიათ. როცა მოწმეები ქადაგებდნენ, ბიჭები სოფლის მოსახლეობას მოუწოდებდნენ მოწმეებისთვის ჟურნალები გამოერთმიათ და აუცილებლად წაეკითხათ. ბიჭებმა ძმებს სამი მიყრუებული სოფელი მოატარეს. ახალგაზრდებს, რომლებიც უანგაროდ დაეხმარნენ ძმებს, დიდი წვლილი მიუძღვით იმ ხალხისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაში, რომელთაც მანამდე არასდროს სმენიათ ღვთის სიტყვა. მხოლოდ ერთ შაბათ-კვირას 50 მაუწყებელმა 5 000-ზე მეტი ჟურნალი გაავრცელა.
ევროპა
ქვეყნები 47
მოსახლეობა 733 775 190
მაუწყებლები 1 542 507
ბიბლიის შესწავლები 789 219
რუსეთი.
ტატიანას ტვინზე სიმსივნე აქვს. რამდენიმე წლის წინ მას სერიოზული ოპერაცია გაუკეთეს და იმ პალატაში დააწვინეს, სადაც მომაკვდავი პაციენტები იწვნენ. პალატაში მართლმადიდებელი მღვდელი მივიდა, პაციენტები სიკვდილამდე რომ ეზიარებინა. ტატიანამ შენიშნა, რომ ერთმა ქალმა ძლივს მოიკრიბა ძალა მღვდლისთვის ფულის მიცემა რომ შეძლებოდა. მღვდლის წასვლის შემდეგ ტატიანამ ჰკითხა, იგრძენიო შვება. ქალმა ნაღვლიანად უპასუხა: „არა, მღვდლის ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე“. ტატიანამ აღდგომის იმედი გაუზიარა; მან კი მადლიერება გამოხატა და ტატიანას უთხრა: „ახლა, ვიგრძენი შვება!“ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა როცა მომხდარის შესახებ გაიგო, მღვდელს სთხოვა, იქ მისვლით აღარ შეწუხებულიყო; ტატიანა კი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სხვებთანაც რომ ჰქონოდა ქადაგების შესაძლებლობა. საავადმყოფოს ხელმძღვანელმა იეჰოვას მოწმეების შეკრების ადგილის მისამართიც სთხოვა. სანამ ტატიანას საავადმყოფოში დააწვენდნენ, ის იეჰოვას სთხოვდა, რომ ძალა მიეცა ქადაგების გასაგრძელებლად. ის დარწმუნებულია, რომ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას. იმ თვეში მან ას საათზე მეტი იქადაგა. მართალია, ტატიანას მდგომარეობა უარესდება და სახლიდან ვერ გადის, მაგრამ, ვისაც ის საავადმყოფოში უქადაგებდა, ახლა ისინი სახლში აკითხავენ.
საქართველო.
ორი დროებითი სპეციალური პიონერი და ისეთ ტერიტორიაზე მსახურობდა, სადაც იეჰოვას მოწმეები არ ცხოვრობდნენ. ვიდრე იქაურობას ალღოს აუღებდნენ, დაიკარგნენ. დაღლილი და გაყინული დები მუხლამდე თოვლში ცდილობდნენ სახლისკენ გზის გაგნებას. ბოლოს თოვლში ერთი სახლის ეზოსკენ მიმავალი ნაკვალევი შენიშნეს, მას მიჰყვნენ და მასპინძელს დაუძახეს. ჭიშკარი ახალგაზრდა ქალმა, ხათუნამ გააღო და დები თბილ სახლში შეიპატიჟა, რამაც დიდად გაახარა დაღლილ-დაქანცულები. როცა ხათუნამ გაიგო, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, უთხრა, რომ სანამ თოვლში გზას ეძებდნენ, ის ოჯახთან ერთად ლოცულობდა, რომ ღმერთს ჭეშმარიტება დაენახვებინა მათთვის. სულ რაღაც რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ორი პიონერი მიადგა მის სახლს. ხათუნამ თქვა, რომ ღმერთმა უპასუხა მათ ლოცვას. ამჟამად ოჯახის ოთხი წევრი სწავლობს ბიბლიას და ორი მათგანი, ხათუნა და მისი დედამთილი, მოუნათლავი მაუწყებლები არიან.
დიდი ბრიტანეთი.
ერთხელ რესტონმა გადაწყვიტა, მსახურების დროს მსმენელისთვის ცხოვრებაში პირველად პირდაპირ ბიბლიის შესწავლა შეეთავაზებინა. სანამ პირველ კართან დააკაკუნებდა, მოკლედ სთხოვა იეჰოვას ლოცვით, რომ დადებითი განწყობა შეენარჩუნებინა, და მობინადრეს პირდაპირ ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. მსმენელი, სახელად ენდი, მაშინვე დათანხმდა შესწავლაზე. რესტონი დაჰპირდა, რომ იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, მიუტანდა წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მოგვიანებით, ენდისთვის წიგნი რომ მიჰქონდა ავტობუსში ჩაჯდა და ნაცნობი მძღოლი შენიშნა, ვისაც „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს რეგულარულად აძლევდა. ენდისთან შეხვედრით გამხნევებულმა გადაწყვიტა, რომ ბოლო გაჩერებაზე მძღოლისთვისაც შეეთავაზებინა ბიბლიის შესწავლა.
ამასობაში, ერთმა ხანდაზმულმა მგზავრმა რესტონს ჰკითხა, იეჰოვას მოწმე ხომ არა ხარო, და ერთი ავადმყოფი მეგობრის მონახულება და მისთვის ლოცვა სთხოვა. რესტონი დათანხმდა და უთხრა, რომ მის მეგობარს ბიბლიურ ნუგეშს დიდი სიამოვნებით გაუზიარებდა. მას ხელთ მხოლოდ ერთი წიგნი ჰქონდა — „რას გვასწავლის ბიბლია?“, რომლის დახმარებითაც უჩვენა, როგორ შეუძლია ბიბლიას ნუგეშისცემა. ქალმა უთხრა, რომ თავადაც სურდა ბიბლიის შესწავლა. მათ პირდაპირ მჯდომმა ახალგაზრდამ ყური მოჰკრა ამ საუბარს და მისი ყურადღება წიგნის სურათებმა მიიპყრო. რესტონმა დიდი სიამოვნებით აჩუქა წიგნი. როცა ავტობუსმა ბოლო გაჩერებაზე გააჩერა, რესტონმა მძღოლსაც შესთავაზა ბიბლიის უფასო შესწავლა. მისდა გასაკვირად მძღოლი სიხარულით დათანხმდა და უთხრა, რომ ბევრი კითხვა ჰქონდა. რესტონმა იქვე ახლოს მცხოვრებ ერთ ძმას შეუარა, წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ ერთი ეგზემპლარი გამოართვა და ენდისთან გაემართა. ენდიმ წიგნი სიამოვნებით აიღო და ბიბლიის შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო. ენდი და ავტობუსის მძღოლი დღეს კრების შეხვედრებს ესწრებიან. პირველივე მონახულების დროს შესწავლის შეთავაზების წყალობით ახლა რესტონს 15 ბიბლიის შესწავლა აქვს. მას ქადაგებისას უკვე ყოველთვის დააქვს თან წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ რამდენიმე ეგზემპლარი.
ფრანსუამ და მონიკამ თავიანთ ორ შვილთან ერთად მთელი დილა იქადაგეს და მერე მანქანასთან დაბრუნდნენ, მაგრამ მათ ორწელიწად-ნახევრის გოგოს, შეის სახლში წასვლა არ უნდოდა, სანამ ბოლო ტრაქტატს არ გაავრცელებდა. სწორედ ამ დროს გზის მეორე მხარეს ერთი მანქანა გაჩერდა და მანქანიდან ორი ქალი გადმოვიდა. შეიმ სიხარულით თავისი ბოლო ტრაქტატი „ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“ ერთ-ერთ მათგანს მისცა, დედამ კი აუხსნა, რაზე იყო ეს ტრაქტატი. ქალს, რომელსაც სიერა ერქვა, დაინტერესდა და მონიკას სთხოვა, მისი ორი მოზარდი დისთვის ბიბლია ესწავლებინა. პირველივე შესწავლის მერე სიერამ თავისი ორი ვაჟისთვისაც სთხოვა ბიბლიის სწავლება. მოგვიანებით შესწავლას სიერას დისშვილიც შეუერთდა. თავად სიერა ყველა შესწავლას ესწრებოდა და უამრავ კითხვას უსვამდა მოწმეებს. ბოლოს თვითონაც დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. მოგვიანებით მისმა ქმარმაც მიჰბაძა მას. სიერას დედამ, ზოგიერთმა ნათესავმაც და მეგობარმაც დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. შეის ბოლო ტრაქტატის გავრცელების დაჟინებული მოთხოვნის წყალობით ბიბლიის 11 შესწავლა დაიწყეს. ოთხი შემსწავლელი რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს.
იტალია.
ჯენიფერი მილანში რუსულ კრებაში მსახურობს. მას არაერთხელ უქადაგია ტელეფონით ერთ უკრაინელ ქალთან, ვალენტინასთან, მაგრამ პირისპირ არასდროს უნახავს. ერთხელ მათ მეტროს სადგურში დათქვეს შეხვედრა. ვალენტინამ ჯენიფერს უთხრა, რომ წითელ პიჯაკს ჩაიცვამდა. სადგურში მისულმა ჯენიფერმა დაინახა წითელპიჯაკიანი ქალი, რომელიც უკრაინელს ჰგავდა, და აშკარად ვიღაცას ელოდებოდა. მივიდა მასთან და უთხრა: „გამარჯობათ, თქვენ, ალბათ, ვალენტინა ბრძანდებით?“ „დიახ“, — უპასუხა ქალმა. „მე კი ჯენიფერი ვარ“, — განაგრძო ჯენიფერმა, მაგრამ ქალს არაფერი უთქვამს. ცოტა არ იყოს, ჯენიფერი დაიბნა, მაგრამ მაინც ჰკითხა: „თქვენ ხომ მე მელოდებით?“
არაო, მიუგო ქალმა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს წითელპიჯაკიანი ქალიც უკრაინელი ვალენტინა იყო, მაგრამ სულ სხვას ელოდებოდა. ჯენიფერმა გაიცინა და აუხსნა, რომ სხვას უნდა შეხვედროდა. შემდეგ ქალს ბიბლიიდან ის წაუკითხა, რაზეც პირველ ვალენტინასთან უნდა ესაუბრა. მეორე ვალენტინა ყურადღებით უსმენდა, ჯენიფერს პატარა ფურცელი უჩვენა, რომელზეც 91-ე ფსალმუნი ჰქონდა დაწერილი, და არ დაუმალავს, რომ ბიბლიის კითხვა ძალიან უყვარდა. ჯენიფერმა მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. ჯენიფერმა იმ ვალენტინასთანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა, ვისთანაც შეხვედრა ჰქონდა დათქმული.
რუმინეთი.
ერთმა ძმამ თავის მეგობარს სახლში მიაკითხა და მას და მის მეუღლეს ბიბლიურ საკითხებზე დაუწყო საუბარი. მათ ძალიან აინტერესებდათ, რას ამბობდა ბიბლია ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე, მაგრამ ბიბლიის გამოკვლევისთვის დროს ვერ ნახულობდნენ. ისინი დიდად აფასებდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს; ქმარი ყოველ დღე დაახლოებით 7 კილომეტრს დარბოდა. ბიბლიურ საკითხებზე საუბრის არაერთი მცდელობის შემდეგ ძმამ მეგობარს ჰკითხა, ერთად ხომ არ გვერბინაო. ისიც სიამოვნებით დათანხმდა. მაგრამ ძმა, რომელსაც არასდროს ევარჯიშა, მალევე მიხვდა, რომ ერთდროულად სირბილი და ქადაგება დამღლელი იყო. ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ახერხებდა ქადაგებას და ბიბლიურ მუხლებს ზეპირად ეუბნებოდა. ცოტა ხანში ცოლ-ქმარი იმდენად დაინტერესდა, რომ ბიბლიის შესწავლაზეც დათანხმდნენ. ქმარი მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ქადაგება. ის თავის ორ შვილთან ერთად თეოკრატიული მსახურების სკოლაშიც ჩაეწერა.
ოკეანეთი
ქვეყნები 30
მოსახლეობა 37 545 115
მაუწყებლები 97 329
ბიბლიის შესწავლები 55 266
ავსტრალია.
პიონერი ძმა წერს: «ერთმა ექიმმა, პამმა, მთხოვა, რომ რეგულარულად მიმეტანა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ“-ის ახალი ნომრები. მაგრამ ის იმდენად დაკავებული იყო, რომ ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამხვდა სახლში. ამიტომ ჟურნალებს პატარა წერილთან ერთად მის კართან ვტოვებდი ხოლმე. შვიდი თვის განმავლობაში არც ერთხელ არ მინახავს, ამიტომ გადავწყვიტე, ჟურნალებთან ერთად მოახლოებული საოლქო კონგრესის მოსაწვევი და ჩემი ტელეფონის ნომერი დამეტოვებინა. მას არ დაურეკავს, მაგრამ ნოემბერში კონგრესის შემდეგ რომ მივაკითხე, კართან წერილი დამხვდა.
წერილში პამი წერდა, რომ დიდი სიამოვნებით კითხულობდა ჟურნალებს და თანამშრომლებსაც აძლევდა წასაკითხად; ისინი კი თავიანთ პაციენტებს აძლევდნენ ხოლმე. შემდეგ აღნიშნავდა, რომ ძალიან მოეწონა „შეკრება“. თურმე მას წაუკითხავს მოსაწვევი და კონგრესზე დასასწრებად სამი დღე შვებულება აუღია. ის იმასაც წერდა, რომ მოსაწვევის ასლები გაუკეთებია და თანამშრომლებისთვის დაურიგებია. მოსაწვევისთვის კი წერილი დაურთავს, რომელშიც ეწერა, რომ კონგრესზე წამსვლელთა მსურველები მას დაკავშირებოდნენ. 16 ექიმმა აიღო სამ დღეს შვებულება, რომ პამისთან ერთად კონგრესს დასწრებოდნენ. კართან დატოვებულმა ერთმა მოსაწვევმა 17 ადამიანი მიიყვანა სამდღიან საოლქო კონგრესზე. პამი რეგულარულად სწავლობს ბიბლიას წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ დახმარებით, დათქმულ დროს კი ერთად კრებს კონგრესზე ნამყოფ თანამშრომლებს და ბიბლიურ თემებზე ესაუბრება».
სხვა ძმა გვიამბობს: „ერთხელ იმ სახლს ჩავუარე, რომლის მკვიდრთაც არ სურდათ, რომ იეჰოვას მოწმეებს შეეწუხებინათ. სახლის ვერანდაზე ნაღვლიანი და მოტირალი ცოლ-ქმარი დავინახე. ვერ შევძელი, უსიტყვოდ ამევლო გვერდი, მათ რაღაც უჭირდათ. ამიტომ მივედი და ვკითხე, თუ შემეძლო რამეთი დავხმარებოდი. ცოლ-ქმარმა შინ შემიპატიჟა და გული გადამიშალა. მითხრეს, რომ სამი წელი არ ენახათ ქალიშვილი; დიასახლისს სიმსივნე ჰქონდა, მალე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, და ეშინოდა, ოპერაცია რომ ვერ გადაეტანა, ქალიშვილს ვეღარასდროს ნახავდა. რამდენიმე დღის წინ მათ თავიანთი ეკლესიის მოძღვარისთვის უთხოვიათ დახმარება, მაგრამ ის უგულისყუროდ მოკიდებია მათ თხოვნას. მათი გასაჭირის შემყურემ ბიბლია გადავშალე და ვუჩვენე, რომ იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ჯერ ვიფიქრე, რომ მოძღვარი იყო, მაგრამ კართან კოხტად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი დავინახე, — მათი დიდი ხნის უნახავი ქალიშვილი. შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ ვუთხარი, მე წავალ-მეთქი. ქალიშვილმა თქვა, რომ მშობლებისთვის რაღაც ჰქონდა სათქმელი და, ჩემდა გასაკვირად, მეც მთხოვა დარჩენა. მან თქვა, რომ ცუდი ცხოვრების გზა აურჩევია — სმა და ნარკოტიკების მიღება დაუწყია, მაგრამ ბიბლიის შესწავლას მშობლებთან დაბრუნების სურვილი აღუძრავს მასში. არც ისე დიდი ხნის წინ მონათლული იეჰოვას მოწმე გამხდარა“.
რამდენიმე დღის შემდეგ ცოლ-ქმარს მოძღვარმა მიაკითხა. როცა გაიგო, რომ მათი ქალიშვილის დაბრუნების მიზეზი იეჰოვას მოწმეობა იყო, სახლი ისე დატოვა სიტყვაც არ უთქვამს. ამ დროს ოჯახის უფროსმა შეაჩერა და ეკლესიიდან წასვლის შესახებ განცხადება გადასცა.
პაპუა-ახალი გვინეა.
23 იეჰოვას მოწმემ იშვიათად ნაქადაგებ ტერიტორიაზე გადაწყვიტა მსახურება. მათ რთული გზა ჰქონდათ ფეხით გასავლელი, უნდა გადაელახათ მთები და გადაეკვეთათ მდინარეები. ერთ სოფელში ერთმა დამ ანგლიკანური ეკლესიის მსახურს უქადაგა, რომელსაც ძალიან მოეწონა დანიელის 2:44-ის ახსნა. მან დას უთხრა, რომ დაკარგული ცხვარივით იყვნენ იქ, აიღო ლიტერატურა და ბიბლიაც სთხოვა.
სამი დღის შემდეგ სხვა სოფელში ორმა დამ ორ ახალგაზრდა ქალს უქადაგა, რომლებმაც დიდი სიამოვნებით მოუსმინეს. იმავე დღეს, გოგოებმა ბოსტანიდან დაბრუნებულ მამას ყველაფერს მოუყვნენ. მამამ, რომელიც სოფლის თავკაცი იყო, უთხრა მათ, რომ ეს შესანიშნავი ცნობა თავისი ყურით უნდა მოესმინა, და იქ წავიდა, სადაც მოწმეები ათევდნენ ღამეს. და თან სოფლის ქალებს სტუმრების დაპურება დაავალა. საღამოს ის ჩირაღდნით ხელში თანასოფლელებთან ერთად მივიდა ძმებთან და უთხრა, თქვენ აქ მოსვლას არ ველოდით, რადგან იეჰოვას მოწმეებს აქ ფეხი არასდროს დაუდგამთო. ძმებმა მათეს 24:14 წაუკითხეს და მათი მისვლის მიზეზი აუხსნეს, არც ის დაუმალავთ, რა კურთხევებს მოუტანდა ღვთის სამეფო ადამიანებს. წამოსვლის წინ ბიბლიური ლიტერატურა დაუტოვეს.
მოგზაურობის მეხუთე დღეს ძმები ნაშუადღევს ჩავიდნენ სხვა სოფელში. იქაურებს უფიქრიათ, რომ ძმები ღამეს იქ გაათევდნენ, ამიტომ დასაძინებელი ადგილის მზადება დაუწყიათ. მაგრამ ძმებს უნდოდათ, ყველას დალაპარაკებოდნენ და იმავე დღეს განეგრძოთ გზა. ძმებმა შესანიშნავად დაუმოწმეს სოფლის მკვიდრთ, მათ შორის სოფლის თავკაცს, რომელმაც ლიტერატურა აიღო, და ძმებს ქოქოსი, ბანანი და პაპაია გაატანა.
ფიჯი.
სოფლებში პიონერებს მტვრიან ან ტალახიან გზებზე ფეხით უწევთ ხოლმე სიარული. ნაგამამ და მისმა ქალიშვილმა, რეშმამ, რომლებიც ასევე პიონერად მსახურობენ, გადაწყვიტეს, ერთი უსინათლო დისთვის, უშლასთვის, მათთან ერთად ერთი თვე პიონერად მსახურება შეეთავაზებინათ. ისინი ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გადიოდნენ ამ უსინათლო დასთან ხელკავ გამოდებულები. ერთ დღეს, როცა ისინი მსახურებაში მიდიოდნენ, ერთი ოჯახი სახლის ვერანდიდან უყურებდა, როგორ ცდილობდნენ დები გზაზე გუბეებზე გადასვლას. სწორედ ამ დროს უსინათლო დამ პირდაპირ გუბეში ჩააბიჯა და ამოისვარა. დებმა ფეხის გაწმენდა დაუწყეს. ოჯახის თავი ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია და დებს ჰკითხა: „ყოველდღე გხედავთ, სამივე სულ დადიხართ. სად მიდიხართ?“ მათ უპასუხეს, რომ ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მიდიოდნენ. კაცმა უთხრა, რომ თუ ისეთი მნიშვნელოვანი ცნობა ჰქონდათ გადასაცემი, რომ ამხელა მანძილს გადიოდნენ, თვითონაც უნდოდა მოესმინა. მთელმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
გუამი.
ფილიპინელი ახალგაზრდა ქალი, ლიზა, ტინიანის კუნძულზე ერთ ოჯახში მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. როცა ამ სახლში იეჰოვას მოწმეები მიდიოდნენ, ლიზა ჟურნალებს ყოველთვის იღებდა ხოლმე. მართალია ის ამბობდა, რომ ჟურნალები ძალიან მოსწონდა, მაგრამ, სინამდვილეში, მათ ცეცხლის ასანთებად იყენებდა.
2007 წლის გაზაფხულზე, ლიზა სამსახურიდან დაითხოვეს. მას სახლი არ ჰქონდა, ამიტომ ზღვის სანაპიროზე ათევდა ღამეს. ერთხელ სამეფო დარბაზთან გაიარა, სადაც ორი და იჯდა ჩრდილში. დებმა ლიზა მანგოს საჭმელად დაპატიჟეს, ისიც მივიდა და სასიამოვნო საუბარი შედგა. მეორე დღეს ისევ გაიარა სამეფო დარბაზთან; დებიც ისევ გამოელაპარაკნენ. საუბრის დროს ლიზამ თქვა: „იმედი მაქვს, ერთხელაც თქვენს ეკლესიას ვესტუმრები“. მართალია, დებმა ცოტა არ იყოს უხერხულად იგრძნეს თავი, რადგან თვითონ ვერ მოასწრეს დაპატიჟება, მაგრამ ამჯერად დაპატიჟეს კრების შეხვედრაზე, რომელიც იმავე საღამოს ტარდებოდა. ლიზაც დასთანხმდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მოწმეები სამუშაოს მოძებნაში დაეხმარებოდნენ.
ყველაზე მეტად ლიზაზე იმან იმოქმედა, რომ და-ძმები გულწრფელები და სხვების კეთილდღეობით დაინტერესებულები იყვნენ. მას ცრემლებიც კი წამოუვიდა, რადგან შერცხვა, შეხვედრაზე ეგოისტური მიზნით რომ იყო მისული. მან ჟურნალების ის ნომრებიც აიღო, რომლებიც დამწვარი ჰქონდა. და-ძმების სიყვარულმა აღძრა კრების ყველა შეხვედრას დასწრებოდა და ბიბლია ესწავლა. ლიზამ სამსახურიც იშოვა, მაუწყებელიც გახდა და 2008 წლის თებერვალში მოინათლა კიდეც.
[სურათი 45 გვერდზე]
მადალენა
[სურათი 48 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა კატერზე
[სურათი 50 გვერდზე]
და ბარკერი გამვლელების მოლოდინში
[სურათი 53 გვერდზე]
პურნამაია ოჯახის დასახმარებლად ქვებს ტეხს
[სურათი 54 გვერდზე]
ინდიელ ქალთან ქადაგება კაუჩუკის პლანტაციაში
[სურათი 57 გვერდზე]
რესტონი ბიბლიის შესწავლას უტარებს ენდის
[სურათი 58 გვერდზე]
შეი
[სურათი 63 გვერდზე]
ნაგამა და რეშმა უშლასთან ერთად