როგორ შეგიძლია მიაღწიო სულიერ მიზნებს
1. რა სულიერი მიზნები აქვს მრავალ ახალგაზრდა ქრისტიანს დასახული?
1 უეჭველია, შენს, როგორც ახალგაზრდა ქრისტიანის, სულიერ მიზნებზე გავლენას ახდენს იეჰოვას სიყვარული და იესოს სიტყვები, რომელიც მან ყველა ქრისტიანს უთხრა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათ. 6:33). შეიძლება მიზნად გაქვს დასახული მსახურების გაფართოება პიონერული მსახურების დაწყებით ან ისეთ ტერიტორიებზე მსახურებით, სადაც მაუწყებლების მეტი მოთხოვნილებაა. ზოგს სურს, რომ მოხალისედ იმსახუროს საერთაშორისო სამშენებლო პროექტებზე, ფილიალში ან მისიონერად. ასეთი მიზნები ნამდვილად სიამოვნების მომგვრელია და ქებას იმსახურებს!
2. რა დაგეხმარება სულიერი მიზნების მიღწევაში?
2 სულიერი მიზნების მიღწევაში, ამ მიზნების ფურცელზე ჩამოწერა დაგეხმარება. 2004 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ბუნდოვანი აზრი ნათელი და გასაგები ხდება, როდესაც მის გამოსახატავად სიტყვებს ვარჩევთ. ამიტომ კარგია, ჩავიწეროთ ჩვენი მიზნები, [და] მათ განსახორციელებლად შემუშავებული გეგმა“. ამასთანავე, შუალედური მიზნების დასახვა დაგეხმარება დაინახო, რამდენად წაიწიე წინ, და ყურადღება ყოველთვის მთავარი მიზნისკენ გექნება მიპყრობილი.
3. ჩამოთვალე ზოგიერთი ეტაპობრივად დასახული მიზანი, რომელიც მონათვლისთვის მოგამზადებს.
3 ეტაპობრივად დაისახე მიზნები: თუ ჯერ მონათლული არა ხარ, დაფიქრდი, რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. შესაძლოა, გჭირდება, რომ უკეთ გესმოდეს ძირითადი ბიბლიური სწავლებები. თუ ასეა, მიზნად დაისახე საფუძვლიანად შეისწავლო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“ და წაიკითხო იქ მოცემული ყველა ბიბლიური მუხლი (1 ტიმ. 4:15). ბეთელელებისა და გალაადის სკოლის სტუდენტების მსგავსად, მიზნად დაისახე მთელი ბიბლიის — „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ — წაკითხვა. ამის შემდეგ, შეიმუშავე ბიბლიის ყოველდღიური კითხვის გეგმა (ფსალმ. 1:2, 3). დაფიქრდი, რამდენად დაგეხმარება ეს სულიერ ზრდაში. ბიბლიის კითხვა და შესწავლა ყოველთვის გულითადი ლოცვით დაიწყე და ეცადე ცხოვრებაში გამოიყენო ნასწავლი (იაკ. 1:25).
4. როგორი მიზნები შეიძლება დაისახოს იმ ქრისტიანმა, რომელსაც ბეთელში ან მისიონერად მსახურება სურს?
4 თუ უკვე მონათლული ხარ, რა მიზნები შეგიძლია დაისახო? გჭირდება სამქადაგებლო მსახურებაში დახელოვნება? მაგალითად, დაისახავ მიზნად, რომ მსახურებისას ღვთის სიტყვა უფრო მარჯვედ გამოიყენო? (2 ტიმ. 2:15) როგორ შეგიძლია მსახურების გაფართოება? შენი ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეტაპობრივად დაისახე მიზნები, რომლებიც მთავარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარება.
5. როგორ დაეხმარა მიზნების ეტაპობრივად დასახვა ერთ ძმას, რომ მიეღწია ბეთელში მსახურების მიზნისთვის?
5 სამაგალითო შემთხვევა: ცხრამეტი წლის ტონი ეწვია იეჰოვას მოწმეების ფილიალს და ბეთელში მსახურების სურვილი გაუჩნდა. მაგრამ, მას არც ცხოვრება ჰქონდა მოწესრიგებული და არც თავი ჰქონდა მიძღვნილი ღვთისთვის. ტონმა გადაწყვიტა, იეჰოვას ნორმების თანახმად ეცხოვრა და მიზნად მონათვლა დაისახა. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, მან სხვა მიზნები დაისახა; კერძოდ, ჯერ დამხმარე პიონერად და შემდეგ კი პიონერად მსახურება. კალენდარზე აღნიშნა, თუ როდიდან აპირებდა ამის დაწყებას. წარმოიდგინეთ მისი სიხარული, როცა გარკვეული ხნის შემდეგ, რაც პიონერად მსახურობდა, ბეთელში მიიწვიეს!
6. რა დაგეხმარება სულიერი მიზნების მიღწევაში?
6 შენც მიაღწევ სულიერ მიზნებს, თუ პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესებს დააყენებ. მოიხსენიე ლოცვებში „შენი საქმენი“ და მთელი გულით ისწრაფე მათ მისაღწევად (იგავ. 16:3; 21:5).