მოამზადე ბიბლიის შემსწავლელები წინააღმდეგობებთან შესახვედრად
1 როდესაც დაინტერესებულები ბიბლიის შესწავლას იწყებენ და ‘ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრების სურვილს’ გამოთქვამენ, ისინი სატანის მთავარი სამიზნე ხდებიან (2 ტიმ. 3:12). მათ შეიძლება წინააღმდეგობა შეხვდეთ თანამშრომლების, თანაკლასელებისა თუ მეზობლების მხრიდან. შემსწავლელებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით რთული იყოს კეთილმოსურნე ნათესავებისგან წინააღმდეგობის ატანა (მათ. 10:21; მარ. 3:21).
2 წინააღმდეგობები უნდა ყოფილიყო: აუხსენი ბიბლიის შემსწავლელებს, რომ წინასწარმეტყველების თანახმად ღვთის ხალხს განდევნიდნენ და შეავიწროებდნენ. ეს ყოველივე იესოს ერთგული მოწაფეების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (იოან. 15:20). დროდადრო შეიძლება ისეთმა ადამიანებმა გაგვიწიონ წინააღმდეგობა, რომლებსაც იეჰოვას მოწმეებზე არასწორი შეხედულება აქვთ. აგრეთვე ყურადღება გაამახვილე იმაზე, რომ დიდ სიხარულს განიცდის ყველა, ვინც შეურაცხყოფას აიტანს იესოს სახელის გულისთვის და იმისთვის, რომ ღვთის ნებას ასრულებს (საქ. 5:27—29, 40, 41). დაარწმუნე დაინტერესებულები, რომ იეჰოვას უყვარს ისინი და არასოდეს მიატოვებს მათ (ფსალმ. 27:10; მარ. 10:29, 30). ასეთი წინააღმდეგობის გადატანით ისინი ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ და საკამათო საკითხში იეჰოვას მხარეს იკავებენ (იგავ. 27:11).
3 საფუძვლიანი ცოდნის შეძენა მნიშვნელოვანია: ყურადღება გაუმახვილე ბიბლიის შემსწავლელებს იმაზე, რომ წინააღმდეგობისა თუ შევიწროების მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანია, განაგრძონ საფუძვლიანი ცოდნის შეძენა. სატანა ამ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლმა, ასე ვთქვათ, მათ გულში ფესვი არ გაიდგას (იგავ. 4:23; ლუკ. 8:13). ბიბლიის შემსწავლელებმა უნდა განაგრძონ ღვთის სიტყვიდან საფუძვლიანი ცოდნის მიღება, რომ განმტკიცდნენ რწმენაში (ფსალმ. 1:2, 3; კოლ. 2:6, 7).
4 მოთმინების გამოვლენა აუცილებელია: სირთულეების დროს მოთმინების გამოვლენა აუცილებელია. ამ თვისების გამომუშავება კარგ შედეგებს მოგვიტანს (ლუკ. 21:16—19). როდესაც დაინტერესებულები წინააღმდეგობებს უმკლავდებიან, ამას სარგებლობა მოაქვს როგორც მათთვის, ისე სხვებისთვისაც. ასე მოქცევით ისინი ცხადყოფენ, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს ყველას, ვინც მისადმი ერთგულებას ავლენს (იაკ. 1:12).
5 პავლე მოციქულს თესალონიკელი ძმების სულიერი წინსვლა ძალიან ახარებდა. ის მადლობას უხდიდა ღმერთს ყოველი მათგანისთვის, რომელთაგანაც ბევრს ჭეშმარიტება თავად გააგებინა (2 თეს. 1:3—5). ჩვენც შეგვიძლია განვიცადოთ მსგავსი სიხარული და კმაყოფილება, თუ მოვამზადებთ ბიბლიის შემსწავლელებს წინააღმდეგობებთან შესახვედრად.