ყველას შეუძლია დაეხმაროს შემსწავლელებს სულიერ წინსვლაში
1 მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურება არ არის, როცა ვინმე ღვთის ორგანიზაციას უერთდება. იეჰოვას შეუძლია ყველა თავისი „თანამშრომელი“ გამოიყენოს, რათა ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ ზრდაში დაეხმაროს (1 კორ. 3:6—9). თითოეული ჩვენგანი ახლებს არა მხოლოდ ქრისტიანულ შეხვედრებზე წარმოთქმული გულწრფელი კომენტარებით ვეხმარებით, არამედ კარგი საქციელითაც, რაც ცხადყოფს, რომ ღვთის სული მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე (იოან. 13:35; გალ. 5:22, 23; ეფეს. 4:22, 23). კიდევ როგორ შეგვიძლია ახლების დახმარება?
2 კრებაში: ყველა ჩვენგანს შეუძლია გამოავლინოს ყურადღება მათ მიმართ, ვინც ახლახან დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული. ამის გაკეთება შეგვიძლია იმით, რომ ინიციატივა ავიღოთ საკუთარ თავზე, გულთბილად მივესალმოთ და კრების დაწყებამდე თუ პროგრამის შემდეგ გავესაუბროთ მათ. ერთმა კაცმა გაიხსენა ის დრო, როცა პირველად დაესწრო კრების შეხვედრას. მან თქვა: „როცა შეხვედრაზე მივედი, იქ იმდენ, ჩემთვის სრულიად უცხო, გულწრფელ და თბილ ადამიანს შევხვდი, რამდენიც არ მინახავს ეკლესიაში ბავშვობიდან მოყოლებული. ამით მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე“. ეს კაცი კრების შეხვედრაზე პირველი მისვლიდან შვიდი თვის შემდეგ მოინათლა.
3 გულწრფელად შეაქე ბიბლიის შემსწავლელი სულიერი წინსვლისთვის. უწევს მას წინააღმდეგობის გადალახვა? რეგულარულად ესწრება შეხვედრებს? გაბედა კომენტარის გაკეთება? ჩაეწერა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში? დაიწყო მსახურება? შეაქე ის ნებისმიერი მიღწეული წარმატებისთვის. ეს გაამხნევებს და გააძლიერებს მას (იგავ. 25:11).
4 ბიბლიის შესწავლისას: ზოგ მაუწყებელს ბიბლიის შესწავლაზე კრების სხვადასხვა წევრი მიჰყავს და შემსწავლელს ასეთი სახით აცნობს კრების წევრებს. ბიბლიის შემსწავლელი რაც შეიძლება მალე დაპატიჟე კრებაზე. როცა შემსწავლელი შეხვედრებზე დაიწყებს დასწრებას, ის სხვებსაც გააცანი. ცდილობს ის ცუდი ჩვევების მიტოვებას, მაგალითად, თამბაქოს გადაგდებას? ეწინააღმდეგება მას შესწავლაში ოჯახის რომელიმე წევრი? შემსწავლელისთვის შეიძლება დამხმარე იყოს იმ მაუწყებელთან საუბარი, რომელმაც მსგავსი პრობლემები დასძლია (1 პეტ. 5:9).
5 ახლებს კრების მხრიდან სულიერი მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველას შეგვიძლია გულწრფელი ინტერესის გამოვლენით დავეხმაროთ მათ.