ბიბლიის თვალსაზრისი
მოეთხოვებათ ქრისტიანებს ცელიბატი?
ცელიბატი, ზუსტად რომ განვსაზღვროთ, დაუქორწინებლობაა. თუმცა, „ახალი ბრიტანული ენციკლოპედიის“ (The New Encyclopædia Britannica) თანახმად, ამ ტერმინს, „ჩვეულებრივ, იყენებენ რელიგიური მსახურის ან ღვთისადმი მიძღვნილი პიროვნების მიმართ“. ტერმინი „ცელიბატი“ ეხება „საღმრთო აღთქმის გამო დაუქორწინებლებს, საზოგადოებისგან განდგომილ დაუქორწინებელ პირებს და მათ, ვინც რელიგიური მდგომარეობის ან მსახურებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო უპირატესობას დაუქორწინებლობას ანიჭებს“.
ამა თუ იმ დროს ზოგიერთი კარგად ცნობილი რელიგია თავიანთი მსახურებისგან დაუქორწინებლობას მოითხოვდა. მაგრამ ქრისტიანული სამყაროს არცერთ სხვა რელიგიაში დაუქორწინებლობას ისეთი თავისებური სახე არ მიუღია, როგორც კათოლიციზმში. დღეს კათოლიკური ცელიბატი მწვავე საკამათო საკითხს წარმოადგენს. ერთი ჟურნალი შენიშნავს: „ბოლო ათწლეულებში გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ სავალდებულო დაუქორწინებლობა, რაც კათოლიკე მღვდლებს მეთორმეტე საუკუნიდან მოეთხოვებათ, წარმოადგენს ეკლესიის მთავარ პრობლემას მღვდლების მიღებასა და შენარჩუნებაში“. სოციოლოგ რიჩარდ ა. შენჰერის აზრით, „ისტორიის საფუძვლიანი ფაქტები და სოციალური ცვლილებები უპირისპირდება კათოლიკურ სამღვდელოებაში მხოლოდ დაუქორწინებელი მამაკაცების მიღებას“ (The Wilson Quarterly). როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ცელიბატზე?
დაქორწინება თუ დაუქორწინებლობა?
ისტორიის განმავლობაში უამრავმა განსხვავებული რელიგიის მქონე გულწრფელმა ადამიანმა დაუქორწინებლობა არჩია. რატომ? ხშირ შემთხვევაში, ეს მათი რწმენის გამო ხდებოდა, რომ ხორციელი გულისთქმები და მატერიალიზმი „ეშმაკეული“ იყო. წარმოიშვა ისეთი შეხედულება, რომ სულიერი სიწმინდე მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუ პიროვნება ყოველგვარი სქესობრივი ურთიერთობისგან თავს შეიკავებდა. მაგრამ, ეს არ არის ბიბლიის თვალსაზრისი. ბიბლია ქორწინებას განიხილავს როგორც ღვთისგან ბოძებულ უბიწო, წმინდა ძღვენს. „დაბადებაში“ მოცემული ცნობა შემოქმედებაზე ნათლად აღწერს, რომ ღვთის თვალში ქორწინება ‘კარგია’ და არავითარ ბარიერს არ წარმოადგენს ღმერთთან სულიერად სუფთა ურთიერთობისთვის (დაბადება 1:26–28, 31; 2:18, 22–24; იხილეთ აგრეთვე იგავნი 5:15–19).
მოციქული პეტრე და ღვთის სხვა მოსაწონი მსახურები, რომლებიც ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში ავტორიტეტით სარგებლობდნენ, დაქორწინებულები იყვნენ (მათე 8:14; საქმეები 18:2; 21:8, 9; 1 კორინთელთა 9:5). მითითება, რომელიც მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისცა კრების ზედამხედველებად ანუ „ეპისკოპოსებად“ დანიშვნის შესახებ, ნათელს ჰფენს ამ ფაქტს. ის წერს: „ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი“. (კურსივი ჩვენია; 1 ტიმოთე 3:2). ყურადღება მიაქციეთ, ეს საერთოდ არ მიანიშნებს იმაზე, რომ დაქორწინებული მამაკაცი ‘ეპისკოპოსობისთვის’ შეუფერებელი იქნებოდა. პავლე უბრალოდ გულისხმობდა, რომ „ეპისკოპოსი“ არ უნდა ყოფილიყო პოლიგამისტი; დაქორწინების შემთხვევაში, მას მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა. ფაქტობრივად, მაკ-კლინტოკისა და სტრონგის „ბიბლიური, თეოლოგიური და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედია“ ასკვნის: „ახალ აღთქმაში ვერ მოძებნი ვერც ერთ მუხლს, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც სასულიერო პირებისთვის დაქორწინების აკრძალვა სახარების კანონით“.
თუმცა ბიბლიის თანახმად ქორწინება უაღრესად საპატივსაცემო მოვლენაა, ის, რასაკვირველია, არ განსჯის დაუქორწინებლობას, თუ ის პირადი არჩევანია. ბიბლიის თანახმად, ზოგისთვის ასეთი მდგომარეობა სასურველიცაა (1 კორინთელთა 7:7, 8). იესო ქრისტემ თქვა, რომ ზოგი მამაკაცი და ქალი განგებ მარტოდ დარჩენას ირჩევდა (მათე 19:12). რატომ? არა იმიტომ რომ, ქორწინებაში არის რაიმე უწმინდური, რაც მათ სულიერ წინსვლას ხელს შეუშლის. ისინი გრძნობენ, რომ გადაუდებელ დროში ცხოვრობენ, და ეს გზა არჩიეს, რათა მთელი ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე გადაიტანონ.
რამ გამოიწვია იძულებითი ცელიბატი
მიუხედავად ამისა, ქრისტეს ცხოვრების შემდგომ საუკუნეებში მოვლენები შეიცვალა. ახ. წ. I—III საუკუნეებში „იყვნენ როგორც დაქორწინებული, ისე დაუქორწინებელი მსახურები“, — შენიშნავს დომინიკანელი დეივიდ რაისი, რომელმაც დაქორწინების მიზნით სამღვდელოება მიატოვა. შემდეგ, ერთი რელიგიათმცოდნის აზრით, ეგრეთ წოდებული ქრისტიანების აზროვნებაზე, ზეგავლენა იქონია „ბიბლიური და ბერძნული შეხედულებების ერთმანეთში არევამ“, რომელიც დამახინჯებული სახით წარმოადგენდა ქორწინებასა და სექსს.
ზოგი, რასაკვირველია, დაუქორწინებლობას ამჯობინებდა, რომ „მეტი თავისუფლება ჰქონოდა და თავი ღვთის სამეფოს საქმისთვის მიეძღვნა“. მაგრამ სხვები, უფრო მეტად, წარმართული ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. „ახალი ბრიტანული“ ენციკლოპედია ამბობს: „რწმენა იმის შესახებ რომ, სქესობრივი ურთიერთობა გამხრწნელი და სიწმინდესთან შეუთავსებელი იყო [ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ეკლესიაში] ცელიბატისთვის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა გახდა“.
მეოთხე საუკუნეში, — ამბობს რაისი, „ეკლესია დაქორწინებულ მღვდლებს ზიარების წინა ღამეს სქესობრივ ურთიერთობას უკრძალავდა“. როდესაც ეკლესიამ ყოველდღიური ზიარების რიტუალი შემოიღო, ეს ნიშნავდა, რომ მღვდლები იძულებულები იყვნენ, მუდმივად თავი შეეკავებინათ სქესობრივი ურთიერთობისგან. დროთა განმავლობაში კი მღვდლებს საერთოდ აეკრძალათ დაქორწინება. ამრიგად ცელიბატი სავალდებულო გახდა ეკლესიაში მომსახურე პირებისთვის.
მოციქული პავლე გაფრთხილებას იძლეოდა, რომ ეს ზუსტად ასე მოხდებოდა. ის წერდა: „სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, რომლებიც კრძალავენ შეუღლებას“ (1 ტიმოთე 4:1, 3).
„სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 11:19). ღვთის ნორმებიდან უგუნურად მკვეთრი გადახვევა მათი საქმეებით ან საბოლოო შედეგებით მტკიცდება. მწერალმა დეივიდ რაისმა მთელ მსოფლიოში მრავალი მღვდლისგან აიღო ინტერვიუ იძულებით ცელიბატთან დაკავშირებით. ზოგიერთმა ასეთი აზრი გამოთქვა: „მღვდელი ხარ და შეძლებისდაგვარად სიკეთეს აკეთებ, ამავე დროს ფრთხილად სარგებლობ მორწმუნე ქალებით, რომლებიც მოხიბლულნი არიან შენით და სურთ შენთან სქესობრივი ურთიერთობა“.
რაისი მათეს 7:20-დან ციტირებს: « „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ თქვა იესომ». შემდეგ ის მოიხსენიებს იმ ტრაგიკულ შედეგებს, რომლებიც სავალდებულო ცელიბატს მოჰყვება: „სავალდებულო ცელიბატს შედეგად, ათასობით მამაკაცი გაორებულ, ხოლო ათასობით ქალი კი აწეწილ ცხოვრებას ეწევა, ამდენივე ბავშვი უარყოფილ იქნა თავიანთი მღვდელი მამების მიერ, რომელთაც არ შეუძლიათ მათთან ცხოვრება რომ აღარაფერი ვთქვათ ემოციურად დატანჯულ მღვდლებზე“.
უბიწო ქორწინება ღვთისგან კურთხეულია. იძულებითი დაუქორწინებლობა სულიერობისთვის საზიანო აღმოჩნდა. საკუთარი სურვილით დაუქორწინებლად დარჩენა, თუმცა აუცილებელი არაა სიწმინდისა და გადარჩენისთვის, მაგრამ ზოგისთვის ნამდვილად ღირსეული და სულიერად დამაკმაყოფილებელი ცხოვრების გზაა (მათე 19:12).
[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]
Life