მხედველობის დაკარგვამ ბედნიერება ვერ დამაკარგვინა
მოგვითხრო პოლიტიმი ვენეციანოსმა
და-ძმებთან და ბიძაშვილთან ერთად ვთამაშობდი, მოულოდნელად დავინახეთ, რომ ფანჯარში რაღაც პატარა ნივთი შემოვარდა. ეს იყო ხელყუმბარა, რომელიც აფეთქდა. სამივე და-ძმა დამეღუპა, მე კი დავბრმავდი.
ეს მოხდა 1942 წლის 16 ივლისს, როდესაც ხუთი წლის ვიყავი. რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში ვვარდებოდი. როგორც კი გონზე მოვედი, და-ძმები მოვიკითხე. მათი დაღუპვის ამბავი რომ გავიგე, მეც სიკვდილი ვინატრე.
როდესაც ქვეყანას მოვევლინე, ჩემი მშობლები საბერძნეთში, ათენის პორტის, პირეოსის ახლოს, კუნძულ სალამინზე, ცხოვრობდნენ. თუმცა საკმაოდ ღარიბები ვიყავით, უშფოთველად ვცხოვრობდით. მაგრამ, როდესაც 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას ბოლო მოეღო. მამაჩემი მეზღვაური იყო და ხმელთაშუა ზღვაზე ხშირად უწევდა, თავი დაეძვრინა როგორც ანტიჰიტლერული კოალიციის, ისე ფაშისტური გერმანიის ბლოკის წყალქვეშა გემებისგან, ფრეგატებისგან, ტორპედოებისა და ბომბებისგან. საბერძნეთში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმი იყო დამყარებული.
მასწავლიდნენ ღვთისადმი სიძულვილს
ომის საშინელებების გამო დედამ მეოთხე ბავშვიც დაკარგა. ის საშინელ დეპრესიაში ჩავარდა, რაც შემდეგ ტუბერკულიოზში გადაეზარდა და მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ, 1945 წლის აგვისტოში, გარდაიცვალა. მორწმუნე მეზობლებში ხმა დადიოდა, რომ ღმერთი გვსჯიდა; ზოგი მართლმადიდებელი მღვდელი ცდილობდა ჩვენს დამშვიდებას. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ღმერთმა ჩემი და-ძმები ზეცაში პატარა ანგელოზებად წაიყვანა, რაც ჩვენთვის ნუგეშისცემას სულაც არ წარმოადგენდა.
მამა აღშფოთებული იყო: „რატომ უნდა წაეგლიჯა ღმერთს ოთხი პატარა ბავშვი ერთი უბადრუკი ოჯახისთვის, როდესაც თვითონ მილიონობით ანგელოზი ჰყავს“? მართლმადიდებლური ეკლესიის ასეთმა მოძღვრებამ მამაჩემს ღვთისა და რელიგიის საწინააღმდეგო აზრები ჩაუნერგა და, მას შემდეგ, რელიგიასთან კავშირის ყოველგვარი სურვილი დაეკარგა. ის ღვთისადმი სიძულვილს მასწავლიდა და მეუბნებოდა, რომ ღმერთი იყო დამნაშავე ჩვენს ტანჯვასა და უბედურებაში.
გალიაში გამომწყვდეული მხეცივით
დედის დაღუპვიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1945 წელს, მამაც დაავადდა ტუბერკულიოზით, რის გამოც სანატორიუმში გააგზავნეს, ჩემი პატარა დაიკო კი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. როდესაც მამა სანატორიუმიდან გამოსვლის შემდეგ მის გამოსაყვანად წავიდა, უთხრეს, რომ პატარა ცოცხალი აღარ იყო. მე უსინათლოთა ბავშვთა სკოლაში მიმაბარეს, სადაც რვა წელი დავყავი. თავდაპირველად გულგატეხილობა მტანჯავდა, განსაკუთრებულ იმედგაცრუებას კი დასვენების დღეებში ვგრძნობდი, რადგან ყველასთან ვიღაც მოდიოდა სანახავად, ჩემთან კი არავინ.
გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ვიქცეოდი. სკოლაში შფოთისთავი შემარქვეს. ჩემი საქციელის გამო მწარედ მხვდებოდა და დასჯისთვის განკუთვნილ სკამზე მსვავდნენ. ხშირად თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა მესწავლა. უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა, როდესაც თანაკლასელებს ჩაცმასა და ლოგინის გასწორებაში ვეხმარებოდი.
მღვდელმა გვითხრა, რომ ღმერთმა მშობლების საშინელი ცოდვების გამო დაგვაბრმავა. ამან უფრო გამიძლიერა სიძულვილი ღვთის მიმართ, რომელიც ჩემს წარმოსახვაში სასტიკი და ბოროტი იყო. ჩვენი რელიგიური მრწამსის თანახმად, მიცვალებულთა სულები თითქოს ჩვენ გარშემო ტრიალებდნენ და გვაწუხებდნენ. ეს ძალიან მაშინებდა და ბოღმით მავსებდა. ამიტომ, და-ძმებისა და დედისადმი სიყვარულის მიუხედავად, ძალიან მეშინოდა მათი „სულების“.
დახმარება მამისგან
გავიდა ხანი და მამაჩემი გაეცნო იეჰოვას მოწმეებს. ის გაოგნებული დარჩა, როდესაც ბიბლიიდან გაიგო, რომ ტკივილისა და სიკვდილის მიზეზი სატანა იყო და არა იეჰოვა (ფსალმუნი 99:3; იაკობი 1:13, 17; გამოცხადება 12:9, 12). მალე, უკვე კარგად გათვითცნობიერებულმა, იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზეც დაიწყო სიარული, სულიერად წინ წაიწია და 1947 წელს მოინათლა. მონათვლამდე რამდენიმე თვით ადრე კი დაქორწინდა და ვაჟიც შეეძინა. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში მას მეუღლეც ამოუდგა მხარში.
თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა უსინათლო ბავშვთა სკოლა დავამთავრე. რა დიდი ნუგეში იყო ჩემთვის, როცა თბილ ქრისტიანულ ოჯახში დავბრუნდი! მათ ჰქონდათ, როგორც თვითონ უწოდებდნენ, ბიბლიის ოჯახური შესწავლა, რომელზეც მთელი გულით მიმიწვიეს. შესწავლას უფრო თავაზიანობისა და პატივისცემის გამო დავესწარი, თუმცა მთელი გულისყურით არ ვისმენდი. მე კვლავ ჩემი თვალსაზრისი მქონდა ღმერთსა და რელიგიაზე.
ოჯახი სწავლობდა ბროშურას: „ღვთის გზა სიყვარულია“. თავდაპირველად ბროშურამ არ დამაინტერესა, მაგრამ, როცა ყური მოვკარი, რომ მამა მიცვალებულთა მდგომარეობაზე საუბრობდა, მთელი არსებით მიმიზიდა. ბიბლიიდან წაიკითხეს ეკლესიასტეს 9:5, 10: „მკვდრებმა კი არაფერი იციან. . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“.
თანდათან ვხვდებოდი, რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო. დედა და და-ძმები, რომლებიც დამეღუპნენ, ვერავითარ ზიანს მომაყენებდნენ. შემდეგ, განხილვას აღდგომაზე საუბარი მოჰყვა. შესწავლას მთელი გულისყურით ვუსმენდი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მოვისმინე ბიბლიური აღთქმა, რომ ქრისტეს მმართველობის დროს მიცვალებულებს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ! (იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:12, 13). შესწავლა საინტერესო გახდა ჩემთვის. დიდი სიხარულით ველოდი ოჯახური შესწავლის დღეს და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი, კარგად ვემზადებოდი.
სულიერი მხედველობის შეძენა
სულიერი ცოდნის შეძენასთან ერთად ღმერთსა და მის საქმეებზე არასწორი შეხედულება მიქარწყლდებოდა. გავიგე, რომ ღმერთს არ წაურთმევია მხედველობა არც ჩემთვის და არც სხვებისთვის და რომ ყოველგვარი ბოროტების სათავე ღვთის მოწინააღმდეგე სატანა ეშმაკი ყოფილა. რა გულსატკენი იყო, რომ სრული უვიცობის გამო ყველაფერში ღმერთს ვადანაშაულებდი! დიდი შემართებით დავეწაფე ბიბლიის შემეცნებას. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო დარბაზიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდით, ყოველთვის ვესწრებოდი ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობასაც ვღებულობდი. სამქადაგებლო მსახურებაშიც აქტიური ვიყავი და ვცდილობდი, ჩემს ნაკლს ხელი არ შეეშალა ჩემთვის.
რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც 1958 წლის 27 ივლისს, ტრაგიკული მომენტიდან (როდესაც დავბრმავდი) დაახლოებით 17 წლის გასვლის შემდეგ, მოვინათლე! ქრისტიანული ცხოვრების სარბიელი ახალი დაწყებული მქონდა და იმედითა და ოპტიმიზმით ვიყავი სავსე. მიზნად დავისახე, მემსახურა მოსიყვარულე ზეციერი მამისთვის. მის შესახებ ცოდნის შეძენამ გამათავისუფლა ცრუ სწავლებებისგან და გამამხნევა, ამეტანა ჩემი მდგომარეობა და მისგან გამომდინარე სიძნელეები მტკიცედ და იმედიანად. ყოველთვიურად 75 ან მეტ საათს ვუთმობდი დიდებული კეთილი ცნობის ქადაგებას.
წარუმატებელი ქორწინება
ცხოვრებაში საერთო მიზნებით დავქორწინდით 1966 წელს. მეგონა, რომ ბედნიერ ოჯახს შევქმნიდით, ვინაიდან ორივე ვცდილობდით, მეტი დრო დაგვეთმო სამქადაგებლო მსახურებისთვის. იყო თვეები, როცა დროის მაქსიმუმს ვუძღვნიდით ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს. 1970—1973 წლებში სამხედრო ხუნტის მძიმე რეჟიმის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ცენტრალურ საბერძნეთში, ლივადიას ახლომდებარე მიყრუებულ ტერიტორიაზე, გადავსულიყავით, სადაც რამდენიმეს დავეხმარეთ ბიბლიური ჭეშმარიტების შეცნობასა და მონათვლაში. ჩვენ აგრეთვე დიდი სიხარულით ვეხმარებოდით იმ ტერიტორიაზე არსებულ ეჰოვას მოწმეთა პატარა კრებას.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ჩემმა მეუღლემ ხელი მიუშვა ბიბლიის შესწავლასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას და ბოლოს, ბიბლიური სწავლება საერთოდ მიატოვა. ამან დიდი დაძაბულობა გამოიწვია ჩვენს ოჯახში, რაც, საბოლოოდ, 1977 წელს, განქორწინებით დასრულდა და რამაც სრულიად გამანადგურა.
ბედნიერი და ნაყოფიერი ცხოვრება
ჩემი ცხოვრების იმ საშინელ პერიოდში დახმარების ხელი ისევ იეჰოვამ და მისმა ორგანიზაციამ გამომიწოდა. ერთმა თანაქრისტიანმა ძმამ დიდი სითბოთი ამიხსნა, რომ, თუ ყოფილი მეუღლის გამო შექმნილი მდგომარეობა სიხარულს დამიკარგვინებდა, მაშინ, ფაქტობრივად, მისი მონა ვიქნებოდი და მასზე იქნებოდა დამოკიდებული ჩემი ბედნიერება. იმავე პერიოდში კრების ერთმა ასაკოვანმა დამ მთხოვა, დავხმარებოდი ქადაგების უნარის გაუმჯობესებაში. მალე მთლიანად გამიტაცა მსახურებამ, რომელსაც უდიდესი სიხარული მოჰქონდა ჩემთვის.
შემდეგ სხვა ქრისტიანმა მირჩია: „შენ კიდევ შეგიძლია დიდი სამსახური გასწიო იმ ტერიტორიებზე, სადაც ყველაზე მეტად ხარ საჭირო. შენ შეგიძლია იყო იეჰოვა ღმერთისგან წარმოგზავნილი სინათლე“. რა ამაღელვებელი სიტყვებია! უსინათლო ადამიანს ‘იეჰოვა თავის სინათლედ’ იყენებს! (ფილიპელთა 2:15). დაუყოვნებლივ დავტოვე ათენი და გავემგზავრე სოფელ ამარინთოსში, სამხრეთ ევბეაზე, ტერიტორიაზე, სადაც ძალიან ცოტა მქადაგებელი იყო. და-ძმების დახმარებით სახლი ავაშენე და ყოველივე აუცილებლით უზრუნველყავი საკუთარი თავი.
ასე რომ, 20 წელზე მეტია, რაც ამ ტერიტორიაზე ვცხოვრობ; ყოველწლიურად რამდენიმე თვეს ვუთმობდი ამა თუ იმ სახის გაძლიერებულ სამქადაგებლო მსახურებას. იეჰოვას ძალით შევძელი ყველანაირ მსახურებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, კარდაკარ ქადაგებაში, დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლასა და ქუჩაში გამვლელებთან ჭეშმარიტებაზე საუბარში. ახლახან დიდი სიხარულით დავიწყე ბიბლიის ოთხი შესწავლა ჩვენი შემოქმედით დაინტერესებულებთან. რა ბედნიერი ვარ, რომ სამი კრება ჩამოყალიბდა ამ ტერიტორიაზე, სადაც 20 წლის წინათ თითო-ოროლა ძმა თუ იყო!
კვირაში ორჯერ ვესწრები 30 კილომეტრით დაშორებულ ქრისტიანულ კრებს და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, არც ერთი კრება არ გამოვტოვო. როცა შეხვედრების დროს ყურადღება მეფანტება, რადგან ვერ ვხედავ მომხსენებელს, ვიყენებ სპეციალურ ბრაილის რვეულს, რომ მოკლე ჩანაწერები გავაკეთო. ამგვარად ვძაბავ სმენასა და გონებას, რომ მთელი გულისყურით ვიყო. გარდა ამისა, ძალიან მიხარია, რომ კრების ერთი შეხვედრა ჩემს ბინაში ტარდება. კრების წიგნის შესწავლაზე დასასწრებად მოდიან ახლომახლო სოფლებიდან. იმის ნაცვლად, რომ ყოველთვის ველოდო სხვებს, როდის მომაკითხავენ, ვიჩენ ინიციატივას, რომ თავად ვეწვიო და ეს ხშირად ურთიერთგამამხნევებელია (რომაელთა 1:12).
როცა მამასთან ვცხოვრობდი, ის არასოდეს მეპყრობოდა როგორც უსინათლო ბავშვს; დიდი მოთმინებითა და მონდომებით მასწავლიდა, საკუთარი ხელით მეკეთებინა საქმე, რაც შემდგომში დამეხმარა, კარგად მეზრუნა ჩემს ბოსტანსა და შინაურ ცხოველებზე. დიდი მონდომებით ვასუფთავებ სახლს და ვამზადებ კერძებს. მივხვდი, რომ ცხოვრებაში სრულიად უმნიშვნელოც, ის, რაც დღეს გვაქვს, საკმარისია, რომ სიხარული და ბედნიერება ვიგრძნოთ. ბევრის გაკეთება შევძელი მხოლოდ ოთხი გრძნობით: სმენით, ყნოსვით, გემოს შეგრძნებითა და შეხებით, რის გამოც თავს განუზომლად ბედნიერად ვგრძნობ. ეს ასევე შესანიშნავი მაგალითი იყო სხვებისთვისაც.
ღვთისგან მხარდაჭერილი
ბევრს უკვირს, როგორ ვინარჩუნებ ოპტიმიზმსა და სიმტკიცეს, მხედველობის უქონლობის მიუხედავად. უპირველესად უნდა ვმადლობდე იეჰოვას, ‘ყოველი ნუგეშის ღმერთს’ (2 კორინთელთა 1:3). მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ხშირად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე. დარწმუნებული ვარ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, რომ არა იეჰოვა და ბიბლიის ჭეშმარიტება. მივხვდი, რომ შემოქმედისგან ბევრი საჩუქარი გვაქვს და ეს მხოლოდ მხედველობით არ შემოიფარგლება; თუ გამოვიყენებთ მათ, ბედნიერები ვიქნებით. ერთხელ, როდესაც იეჰოვას მოწმეები ჩემს სოფელში ქადაგებდნენ, ჩემს შესახებ ერთმა მანდილოსანმა უთხრა მათ: „ღმერთი, რომელსაც ის სცემს თაყვანს, ყველაფერში ეხმარება მას!“
ყოველი განსაცდელისას უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ღმერთს. ეს რწმენას საოცრად მიძლიერებდა. მახსენდება, რომ პავლე მოციქულსაც ჰქონდა ‘ეკალი სხეულში’, სრულიად შესაძლებელია, რომ სუსტი მხედველობა (2 კორინთელთა 12:7; გალატელთა 4:13). ეს ხელს არ უშლიდა მას, კეთილი ცნობის ‘ქადაგებას’ ‘მისცემოდა’. მის მსგავსად მეც შემიძლია ვთქვა: „უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით. . . ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (საქმეები 18:5; 2 კორინთელთა 12:9, 10).
ყველაზე მეტად კი ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი ახდენს ჩემზე დადებით და კეთილმოქმედ გავლენას, რომ საკუთარი თვალით ვიხილავ ჩემს საყვარელ დედასა და და-ძმებს აღდგომისას. ბიბლია გვპირდება, რომ „აეხილებათ თვალები ბრმებს“ და „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (ესაია 35:5; საქმეები 24:15). ასეთი იმედი ოპტიმიზმით მავსებს და სიხარულით ველი, დიდებულ მომავალს, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს გვექნება!
[სურათი 15 გვერდზე]
მამაჩემი, რომელმაც ბიბლია შემასწავლა.
[სურათი 15 გვერდზე]
ჩემს სამზარეულოში.
[სურათი 15 გვერდზე]
სამქადაგებლო მსახურებისას მეგობართან ერთად.