საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ბოსნიისა და ჰერცეგოვინის თანამედროვე ისტორია

      „1992 წლის 16 მაისს, როდესაც სარაევო ინტენსიურად იბომბებოდა ჭურვებით, 13 კაცი ერთ ბინაში ვიყავით შეკრებილი. უცბად ჩვენს შენობას ორი ჭურვი მოხვდა. შეკრებილთა შორის ხორვატები, სერბები და ბოსნიელები ვიყავით, გარეთ კი სწორედ ამ ერების შვილები იბრძოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ წმინდა თაყვანისმცემლობა გვაერთიანებდა. გამთენიისას ჭურვების აფეთქების ინტენსივობამ რომ იკლო, ბინიდან გამოვედით და შედარებით უსაფრთხო ადგილის საძებრად გავემართეთ. როგორც წინა ღამეს, ახლაც ხმამაღლა შევღაღადებდით იეჰოვას, და მანაც შეისმინა ჩვენი ლოცვა“ — იხსენებს ჰალიმ ცური.

      სარაევო, რომლის მოსახლეობაც იმ დროისთვის 400 000-ს აღემატებოდა, თანამედროვე ისტორიაში ალბათ ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე საშინელ ალყაში იყო მოქცეული. გადაურჩებოდნენ ჩვენი სულიერი და-ძმები იმ რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებიც ქვეყანას აქუცმაცებდა? ვიდრე ჩვენს და-ძმებზე მოგითხრობდეთ, მოდი, ჯერ ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გავეცნოთ.

      ბოსნია და ჰერცეგოვინა ყოფილი იუგოსლავიის შუაგულში მდებარეობს. მას ესაზღვრება ხორვატია, სერბია და მონტენეგრო. ტრადიციები და ოჯახური კვანძები საკმაოდ ძლიერია. ეს ქვეყანა სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევა. მეზობელთან სტუმრობისას თუ კაფეში თურქული ყავის სმა ტრადიციულ დროსტარებად ითვლება. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მოსახლეობა შედგება ბოსნიელებისგან, სერბებისა და ხორვატებისგან, თუმცა გარეგნულად ერთმანეთს ჰგვანან. მათი უმრავლესობა რელიგიური არ არის, მაგრამ მაინც რელიგიური ნიშნით არიან დაყოფილნი. ბოსნიელები, ძირითადად, მუსულმანები არიან, სერბები — მართლმადიდებლები, ხოლო ხორვატები — კათოლიკები.

      რელიგიურმა შეუწყნარებლობამ და ეთნიკურმა სიძულვილმა 90-იანი წლების დასაწყისში ეთნიკური წმენდა გამოიწვია. სოფლებშიც და ქალაქებშიც ჯარისკაცებმა ადგილობრივი მოსახლეობა აიძულეს, თავ-თავიანთი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით დასახლებულიყვნენ. ეს ჩვენი ძმებისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი იუგოსლავიის სხვა ქვეყნებში, ბოსნიაშიც შვილები მშობლების რელიგიას იღებენ; ხშირად ადამიანის გვარი განსაზღვრავს, თუ რომელ აღმსარებლობას ეკუთვნის იგი. ამიტომ ვინც იეჰოვას მსახური ხდება, მას ოჯახისა და ტრადიციების მოღალატედ თვლიან. მიუხედავად ამისა, ჩვენმა და-ძმებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ იეჰოვას ერთგულება საუკეთესო დაცვაა.

      ალყაშემორტყმული ქალაქი

      როგორც აღვნიშნეთ, იუგოსლავიელი ძმები განამტკიცა იმ სიყვარულმა და ერთიანობამ, რომელიც მათ დაინახეს 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ კონგრესზე „ღვთიური თავისუფლების მოყვარულნი“. ამ დაუვიწყარმა კონგრესმა ძმები მომავალი განსაცდელებისთვის მოამზადა. თუკი სარაევოში ერთ დროს ბოსნიელებიც, ხორვატებიცა და სერბებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ახლა ყველანი ერთად ალყაში აღმოჩნდნენ, მათ შორის ჩვენი და-ძმებიც. პოლიტიკური ვითარება იმდენად არასტაბილური იყო, რომ ზუსტად ვერავინ იტყოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ბრძოლა.

      „ხალხი შიმშილობდა, — იხსენებს ჰალიმ ცური, ერთ-ერთი სარაევოელი უხუცესი. — ყოველთვიურად მხოლოდ რამდენიმე კგ. ფქვილს, 100 გრ. შაქარსა და 0,5 ლ. ზეთს გვაძლევდნენ. სადაც აუთვისებელ მიწას ნახავდნენ, ყველგან რაღაცას თესავდნენ. მთელ სარაევოში ჭრიდნენ ხეებს და შეშად იყენებდნენ. ხეები რომ გამოილია, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად სახლებში პარკეტის აყრა დაიწყეს. წვავდნენ ყველაფერს, ძველ ფეხსაცმელსაც კი“.

      იმ დროს, როცა სარაევო ალყაში მოაქციეს, ლილიანა ნინკოვიჩმა და მისმა ქმარმა ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხეს და იქ ჩარჩნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, მაგრამ სახლში ვერც ერთი ვერ ბრუნდებოდა. ლილიანა ჰყვება: „ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა, გვყავდა ორი შვილი, გვქონდა ბინა და მანქანა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დადგა“.

      ისინი ხშირად გრძნობდნენ იეჰოვას მფარველი მკლავის ძალას. „ბინიდან გამოსვლა და ჩვენი შენობის ზედიზედ დაბომბვა ერთი იყო, — განაგრძობს ლილიანა. — სირთულეების მიუხედავად, სიხარული არ დაგვიკარგავს. პარკში ბაბუაწვერას ფოთლების მოსაკრეფად დავდიოდით და მისგან სალათას ვამზადებდით, მარტო ბრინჯი რომ არ გვეჭამა. ამ ყველაფერმა გვასწავლა, იმით დავკმაყოფილებულიყავით, რაც გვქონდა, და თან მადლიერები ვყოფილიყავით“.

      ფიზიკური და სულიერი საზრდო

      ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა უწყლობა იყო. სახლში წყალი იშვიათად მოდიოდა. ხალხს ზოგჯერ წყლის მოსატანად 5 კმ-ის გავლა უწევდა, თანაც იმ გზით, რომელიც სნაიპერთა თვალთახედვის არეში იყო. იქ, სადაც წყალი მოდიოდა, ჭურჭლის ასავსებად საათობით უნდა მდგარიყავი რიგში და მერე წყლით სავსე ჭურჭელი ძლივძლივობით უნდა გეზიდა.

      „განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მაშინ ვიყავით, როცა სახლში წყალი ცოტა ხნით მოდიოდა — ჰყვება ჰალიმი. — ყველას უნდა გვებანავა, ტანსაცმელი გაგვერეცხა და რაც შეიძლება მეტი წყალი აგვეღო. მაგრამ რა უნდა გვექნა, თუ წყალი კრებაზე წასვლის წინ მოვიდოდა? დიდი არჩევანი არ გვქონდა, ან კრების შეხვედრას უნდა დავსწრებოდით ან წყლის ასაღებად შინ უნდა დავრჩენილიყავით“.

      ძმებს ესმოდათ, რომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არანაკლებ აუცილებელი იყო. ისინი კრების შეხვედრებზე არა მარტო დროულ სულიერ საზრდოს იღებდნენ, არამედ დეტალურ ინფორმაციასაც, თუ ვინ დააპატიმრეს, ვინ დაშავდა და ვინ დაიღუპა. მილუტინ პიიჩი, რომელიც უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „ერთი ოჯახივით ვიყავით. კრების შეხვედრებიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა. შეხვედრების შემდეგ ხშირად ვრჩებოდით და საათობით ვლაპარაკობდით ჭეშმარიტებაზე“.

      იმ დროს ადვილი არ იყო ცხოვრება. ძმების სიცოცხლეს ხშირად ემუქრებოდა საფრთხე, მაგრამ იეჰოვას თაყვანისცემას მაინც პირველ ადგილს უთმობდნენ. ომმა თუ ქვეყანა დაანაწევრა, იეჰოვას მსახურები ერთმანეთთან და ზეციერ მამასთან დააახლოვა. ბავშვები ხედავდნენ თავიანთი მშობლების ერთგულებას, და მერე თვითონაც ცდილობდნენ, იეჰოვას ერთგულები ყოფილიყვნენ.

      ხორვატიის საზღვართან მდებარე ქალაქი ბიჰაჩი ოთხი წლის მანძილზე იზოლირებული იყო. ვერც ქალაქიდან გადიოდა ხალხი და ვერც ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა ქალაქში. „ყველაზე რთული ომის პირველი დღეები იყო, — ჰყვება ოსმან შაჩირბეგოვიჩი, იმ დროს ერთადერთი ძმა ბიჰაჩში, — მაგრამ არა დაძაბულობის გამო. ირგვლივ ისეთი რამ ხდებოდა, რაც მანამდე არასდროს გვენახა. გასაოცარია, მაგრამ დაბომბვა რომ დაიწყო, დაძაბულობა მალევე შემცირდა, რადგან დავინახეთ, რომ ყველა ჭურვს სიკვდილი არ მოჰქონდა თან. ზოგიერთი ჭურვი არც კი ფეთქდებოდა“.

      ვინაიდან არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა ომი, ზაგრებისა (ხორვატია) და ვენის (ავსტრია) ფილიალებმა სარაევოში, ზენიცაში, ტუზლაში, მოსტარში, ტრავნიკსა და ბიჰაჩში სამეფო დარბაზებსა და მოწმეების სახლებში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას გაუწიეს ორგანიზება. ბრძოლის გამწვავებას ქალაქების ალყაში მოქცევა მოჰყვა. მოულოდნელად შეწყდა საკვებით მომარაგება, არსებული საკვები მარაგი მალე გამოილეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის რამდენიმე ქალაქი საერთოდ მოწყვეტილი იყო სამყაროს, ამას იეჰოვას მოწმეთა ერთიანობა არ დაურღვევია. მართლაც მკვეთრი სხვაობა იყო მოწმეებსა და მათ შორის, ვინც ეთნიკური თუ რელიგიური სიძულვილის გამო მიწასთან გაასწორეს ქვეყანა.

      გულმოდგინენი, მაგრამ ფრთხილნი

      ყოველდღიურ პრობლემებს ისიც ემატებოდა, რომ მთელ სარაევოში სნაიპერები იყვნენ ჩასაფრებულები და უმოწყალოდ ხოცავდნენ უდანაშაულო მოქალაქეებს. ჭურვების სეტყვა მოდიოდა, რასაც მოსახლეობის სიცოცხლე ეწირებოდა. ალყაშემორტყმულ ქალაქებში გადაადგილება სახიფათო იყო. ხალხი შიშს მოეცვა, მაგრამ სიბრძნისა და გამბედაობის წყალობით ჩვენი ძმები მაშინაც კი უზიარებდნენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მათ, ვისაც ნუგეში ჰაერივით სჭირდებოდა.

      „სარაევოზე მიტანილი ერთ-ერთი მწვავე იერიშის დროს, — იხსენებს ერთი უხუცესი, — ერთ დღეში ათასობით ჭურვი აფეთქდა. მახსოვს, შაბათი იყო, დილით ძმებმა დამირეკეს და მკითხეს, სამქადაგებლო შეხვედრა სად გვექნებაო“.

      „ვხედავდი, როგორ სჭირდებოდა ხალხს ჭეშმარიტება, — ჰყვება ერთი და. — სწორედ ეს მეხმარებოდა, რომ არა უბრალოდ გამეძლო ამ საშინელებისთვის, არამედ სიხარულიც შემენარჩუნებინა“.

      ადგილობრივი მოსახლეობა გრძნობდა, რომ ბიბლიური იმედი სჭირდებოდათ. „სულიერი დახმარების მისაღებად ხალხი თვითონ გვეძებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოვძებნოთ, — ამბობდა ერთი ძმა, — სამეფო დარბაზში მოდიან და შესწავლას ითხოვენ“.

      ომის დროს სამქადაგებლო საქმიანობის წარმატება ჩვენი ქრისტიანული საძმოს ერთიანობის შედეგი იყო. მათი ერთიანობა მოსახლეობას შეუმჩნეველი არ დარჩენია. „ეს დიდი დამოწმება იყო, — იხსენებს და ნადა ბეშკერი, დიდი ხნის სპეციალური პიონერი. — ხალხი ხედავდა, რომ ბოსნიელი და სერბი ძმები ერთად მსახურობდნენ. როდესაც ხედავდნენ, რომ ხორვატი და ყოფილ მუსლიმანთან, ახლა უკვე დასთან, ერთად სერბს უტარებდა შესწავლას, მაშინვე ხვდებოდნენ, რომ მათსა და ჩვენ შორის დიდი სხვაობა იყო“.

      ძმების გულმოდგინებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ბევრი მათგანი, ვინც ომის დროს მიიღო ჭეშმარიტება, დღესაც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. მაგალითად, ბანია-ლუკას კრება ორჯერ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 100 მაუწყებელი სხვა კრებებში გადავიდა.

      ღვთის ერთგული ოჯახი

      ძმები ყოველთვის ფრთხილობდნენ, თუმცა დროდადრო მაინც ხდებოდნენ „დროისა და შემთხვევის“ მსხვერპლი (ეკლ. 9:11). წარმოშობით სერბი ბოსო ჯორემი 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე მოინათლა. სარაევოში დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს; ნეიტრალიტეტის დაცვის გამო საშინლად ექცეოდნენ. 1994 წელს თოთხმეტთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი ის იყო, რომ ცოლს, ჰენას, და ხუთი წლის გოგონას, მაგდალინას, დააშორეს.

      ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე ბოსო და მისი ოჯახი უბედურმა შემთხვევამ შეიწირა. როცა სამივენი ერთად ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მიდიოდნენ, მოულოდნელად სიჩუმე საარტილერიო ჭურვის აფეთქების ხმამ დაარღვია. ჰენა და მაგდალინა იქვე გათავდნენ, ბოსო კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

      ქრისტიანული ნეიტრალიტეტი

      ნაციონალიზმი ხალხზე დიდ გავლენას ახდენდა, რაც ნეიტრალიტეტის დაცვას განსაკუთრებით ართულებდა. ბანია-ლუკას კრებაში ბევრი ახალგაზრდა ძმა იყო, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ნეიტრალიტეტის დაცვის გამო მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

      ოსმან შაჩირბეგოვიჩი იხსენებს: „პოლიციელები ხშირად გვიწყობდნენ დაკითხვას. გვეუბნებოდნენ ლაჩრები ხართ, თქვენ-თქვენ ოჯახებს არ იცავთო“.

      აი როგორი დიალოგი იმართებოდა ხოლმე ოსმანსა და პოლიციელებს შორის:

      — ეგ იარაღი ხომ გიცავთ?

      — რა თქმა უნდა.

      — ზარბაზანში თუ გაცვლიდით, უფრო დაცულად რომ გეგრძნოთ თავი?

      — კი.

      — ზარბაზანს თუ გაცვლიდით ტანკში?

      — რასაკვირველია.

      — ამ ყველაფერს ხომ იმიტომ გააკეთებდით, რომ თავი უფრო დაცულად გეგრძნოთ, — ეტყოდა ხოლმე ოსმანი. — მე კი ქვეყნიერების შემოქმედი, ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა მიცავს. მასზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი დამიცავს? პოლიციელებისთვის ყველაფერი ცხადი ხდებოდა და თავს ანებებდნენ.

      ჰუმანიტარული დახმარება ჩამოდის

      ბოსნიის მეზობელ ქვეყნებში ძმებმა იცოდნენ, რომ ბოსნიელ მოწმეებს უკიდურესად უჭირდათ, მაგრამ გარკვეულ ხანს მაინც ვერ ახერხებდნენ მათთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას. 1993 წლის ოქტომბერში ძმებმა მთავრობისგან შეიტყვეს, რომ ახლა შედარებით იოლი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა, თუმცა საშიშროება მაინც არსებობდა. მიუხედავად ამისა, ძმებმა გადაწყვიტეს, შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვათ და 26 ოქტომბერს ვენიდან (ავსტრია) ბოსნიაში 16 ტონა საკვებითა და შეშით დატვირთული 5 სატვირთო მანქანა გაუშვეს. როგორ გაივლიდა კოლონა იმ ადგილებს, სადაც გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა?c

      გზაში ძმების სიცოცხლეს რამდენჯერმე შეექმნა საფრთხე. „იმ დილით გვიან დავადექი გზას, — იხსენებს ერთ-ერთი მძღოლი, — რის გამოც ჩემ წინ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული რამდენიმე მანქანა უკვე იდგა. ერთ-ერთ საგუშაგოსთან ყველა მანქანა გაჩერდა და ოფიცრებმა საბუთების შემოწმება დაიწყეს. უცბად იარაღის გავარდნის ხმა გავიგონე და დავინახე, რომ ერთ-ერთ მძღოლს, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, სნაიპერის ტყვია მოხვდა“.

      სარაევოში შესვლის უფლება მხოლოდ მძღოლებს მისცეს, ის ძმები კი, რომლებიც მძღოლებს თან ახლდნენ, ქალაქში არ შეუშვეს. მაგრამ იმდენად უნდოდათ ადგილობრივი ძმების გამხნევება, რომ ტელეფონით მაინც დაუკავშირდნენ სარაევოში მცხოვრებ მაუწყებლებს და ერთ-ერთმა ძმამ მათ დროული, გამამხნევებელი საჯარო მოხსენება წაუკითხა. ომის დროს მიმომსვლელ ზედამხედველებს, ბეთელელებსა და ქვეყნის კომიტეტის წევრებს არაერთხელ ჩაუგდიათ სიცოცხლე საფრთხეში იმისათვის, რომ ძმებისთვის სულიერი თუ ფიზიკური დახმარება გაეწიათ.

      თითქმის ოთხ წელიწადს შეუძლებელი იყო ბიჰაჩში მცხოვრები ძმებისთვის ტვირთის გაგზავნა. მართალია, ბარიკადების გამო, რომელიც ქალაქს იზოლირებულს ხდიდა, საკვები პროდუქტების შეტანა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ჩვენი ძმები სულიერი საზრდოს გარეშე მაინც არ დარჩენილან. „ჩვენი სამეფო მსახურებისა“ და „საგუშაგო კოშკის“ ასლებს ფაქსით იღებდნენ. შემდეგ ასლებს ამრავლებდნენ ისე, რომ ოჯახს ერთი ეგზემპლარი შეხვედროდა. ომი რომ დაიწყო, ქალაქში მხოლოდ 3 მონათლული და 12 მოუნათლავი მაუწყებელი იყო, რომლებსაც ორი წელი მოუწიათ ლოდინი, რომ იეჰოვასთვის მიძღვნის ნიშნად წყალში მონათლულიყვნენ.

      დიდ სირთულეს ქმნიდა ის, რომ ქალაქი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. „ჩემი დაინტერესებულები არც კონგრესზე ყოფილან და არც სარაიონო ზედამხედველის მონახულებას დასწრებიან, — იხსენებს ოსმანი. — ხშირად ვნატრობდით იმ დროს, როდესაც ძმებთან ურთიერთობით ტკბობის საშუალება მოგვეცემოდა“.

      წარმოიდგინეთ ძმების სიხარული, როდესაც 1995 წლის 11 აგვისტოს ბიჰაჩში ორი სატვირთო მანქანა შემოვიდა წარწერით „ჰუმანიტარული დახმარება იეჰოვას მოწმეებისთვის“. ალყაშემორტყმულ ქალაქში მაშინ პირველად შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარება და სწორედ იმ დროს, როცა ძმები ფიზიკურად თუ ემოციურად ძალაგამოცლილები იყვნენ.

      ბიჰაჩში ჩვენი და-ძმების მეზობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ ზრუნავდნენ ძმები ერთმანეთზე, მაგალითად, როგორ სვამდნენ დამტვრეული ფანჯრების ნაცვლად ახლებს. „ამან ჩემს მეზობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — იხსენებს ოსმანი, — რადგან იცოდნენ, რომ ფული არ გვქონდა. ეს ისეთი დამოწმება იყო, რომ ამაზე დღემდე ლაპარაკობენ“. დღეს ბიჰაჩის კრებაში 34 მაუწყებელი და 5 პიონერია.

      დაუვიწყარი მგზავრობა

      ძმებს არაერთხელ ჩაუგდიათ სიცოცხლე საფრთხეში, ოღონდ საკვები პროდუქტები და ლიტერატურა ბოსნიის ნაომარ ქალაქებში ჩაეტანათ. მაგრამ სულ სხვა იყო 1994 წლის 7 ივნისი. დილაადრიან სამი სატვირთო ავტომობილი დაიძრა ზაგრებიდან, რომელშიც ქვეყნის კომიტეტის წევრები და მოხალისეები ისხდნენ. მათი მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა და ბოლო სამი წლის მანძილზე პირველად შემოკლებული პროგრამით სპეციალური ერთდღიანი კონგრესის ჩატარება.

      სპეციალური პროგრამა ჯერ ქალაქ ტუზლაში ჩატარდა. როცა ომი დაიწყო იქაურ კრებაში მხოლოდ 20 მაუწყებელი იყო. ახლა კი კონგრესის პროგრამის მოსასმენად 200-კაცზე მეტი შეიკრიბა! იმ დღეს 30 მაუწყებელი მოინათლა. დღეს ტუზლაში 3 კრება და 300-ზე მეტი მაუწყებელია.

      ზენიცაში კონგრესის ჩასატარებლად ძმებმა შესაფერისი ადგილი კი მოძებნეს, მაგრამ ნათლობისთვის საჭირო აუზი არ ჰქონდათ. დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთი კასრი იპოვეს, ოღონდ საქმე ის იყო, რომ კასრი ყარდა, თურმე ადრე შიგ თევზს ინახავდნენ. მაგრამ ამას არ შეუშინებია მონათვლის კანდიდატები, რომლებმაც იესოს მოწვევა მიიღეს და „ადამიანთა მებადურები“ გახდნენ (მათ. 4:19). ნათლობის მოხსენება ჰერბერტ ფრენზელმა წაიკითხა, რომელიც ახლა ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრია. ჰერბერტი იხსენებს: „მონათვლის მსურველებს იმდენ ხანს მოუწიათ ლოდინი, რომ უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდათ. ნათლობის შემდეგ გამარჯვების განცდა დაეუფლათ“. დღეს ზენიცას კრებაში 68 მაუწყებელია.

      სარაევოში კონგრესი ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ახლოს ჩატარდა, რომელიც სნაიპერთა თვალთახედვის არეში იყო. უკეთესი ადგილი ვერ მოიძებნა. ძმები უსაფრთხოდ კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ, რაშიც მაუწყებლების მონათვლა შეიძლებოდა, არც წყალი ჰქონდათ საკმარისი. წყლის დასაზოგად მონათვლის მსურველებიდან ჯერ ტანით ყველაზე პატარებს ნათლავდნენ და მერე დიდებს.

      და-ძმებისთვის ეს მართლაც დაუვიწყარი მოვლენა იყო. მათ არ დაუშვეს, რომ შემაშფოთებელ მოვლენებს მათთვის ის სიხარული წაერთმია, რომელიც გაერთიანებულ თაყვანისცემას მოაქვს. დღესდღეობით სარაევოში სამი კრებაა.

      ომის შემდეგ

      მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებისთვის გზები გაიხსნა, და-ძმების მდგომარეობა შემსუბუქდა. თუმცა ეთნიკური წმენდა და იძულებითი გადასახლება არ შეწყვეტილა. ივიცა არაბაჯიჩს, რომელიც ხორვატიაში უხუცესად მსახურობს, ბანია-ლუკაში თავისი სახლი დაატოვებინეს. ივიცა ჰყვება: «მოვიდა ერთი შეიარაღებული კაცი და გვითხრა, რომ დღეიდან ეს სახლი ჩემია და დატოვეთო. მასაც იძულებით დაატოვებინეს სახლი შიბენიკში (ხორვატია), რადგან სერბი იყო, და ახლა ჩვენ გვაიძულებდა სახლიდან გასვლას. დაგვეხმარა ერთი ოფიცერი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი. მართალია, სახლს ვერ შევინარჩუნებდით, მაგრამ იმაზე მაინც დავითანხმეთ, რომ ჩვენ მის სახლში შევსულიყავით. გაგვიჭირდა სახლის და იმ კრების დატოვება, სადაც სულიერად ფეხი ავიდგით, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევანი არ გვქონდა. ისე გავემგზავრეთ ჩვენი „ახალი“ სახლის მოსაძებნად, რომ ბევრი არაფერი წაგვიღია. როცა შიბენიკში ჩავედით, იმ სახლში, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნოდა, სხვა შესულიყო. არ ვიცოდით, რა გვექნა. იქაურმა ძმებმა თბილად მიგვიღეს. ერთმა უხუცესმა თავის სახლში შეგვიფარა, სადაც ერთი წელი ვიცხოვრეთ, მანამ, სანამ ჩვენი საცხოვრებელი გვექნებოდა».

      ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში პოლიტიკური არასტაბილურობა დღემდე გრძელდება, თუმცა ჭეშმარიტება მაინც ფართოდ ვრცელდება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი მუსლიმანია. ომის დამთავრების შემდეგ ძმებმა სამეფო დარბაზები ააშენეს. ერთ-ერთი დარბაზი ბანია-ლუკაში მდებარეობს, რომლის აშენებაც ძმებს დიდი ბრძოლის ფასად დაუჯდათ. ისინი წლების მანძილზე ცდილობდნენ სამეფო დარბაზის ასაშენებლად საჭირო ნებართვის მიღებას, მაგრამ იმ ქალაქში სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა. ომის შემდეგ ბოსნიაში, მართალია, კანონიერად აღიარეს ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ბანია-ლუკაში სამეფო დარბაზის აშენების ნებართვა მაინც არ მოუციათ. ბოლოს, ბევრი ლოცვისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, როგორც იქნა, მოიპოვეს საჭირო ნებართვა, რაც კარგი პრეცედენტი იყო იმისათვის, რომ მომავალში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ამ რეგიონში სხვა სამეფო დარბაზებიც აშენებულიყო.

      ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში რელიგიურმა შემწყნარებლობამ გზა გაუხსნა 32 სპეციალურ პიონერს, რომელთაგან უმეტესობა სხვა ქვეყნებიდანაა ჩასული და მსახურობს იქ, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. მათ ერთგულ მსახურებასა და მორჩილებას დიდი კურთხევები მოაქვს.

      სარაევო, სადაც წლების წინ შეიძლებოდა ძმები სნაიპერის ტყვიას გაეთავებინა, დღეს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან კონგრესებზე ჩასულ დელეგატებს მასპინძლობს. სამწუხაროა, რომ გასულ საუკუნეში ომებმა ეს მშვენიერი მთიანი მხარე მიწასთან გაასწორა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს იეჰოვას მსახურები ერთმანეთის მიმართ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას“ ავლენდნენ და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს (1 პეტ. 1:22). ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში დღეს 16 კრება და 1 163 მაუწყებელია, რომლებიც ერთად განადიდებენ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [ჩარჩო⁄სურათი 195, 196 გვერდებზე]

      პირობა დავდეთ, რომ დავბრუნდებოდით

      ჰალიმ ცური

      დაიბადა: 1969 წელს

      მოინათლა: 1988 წელს

      მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: სარაევოში ორგანიზებას უწევდა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და განაწილებას. ამჟამად მსახურობს უხუცესად, არის საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრი და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში იეჰოვას მოწმეების ოფიციალური წარმომადგენელი.

      ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტ წელს სარაევო ალყაში მოაქციეს. ლიტერატურა ვერ შემოდიოდა და ძველ სასწავლო სტატიებს ვკითხულობდით. სასწავლო სტატიებს ძმები ძველი საბეჭდი მანქანით ბეჭდავდნენ. სულ 52 მაუწყებელი ვიყავით, მაგრამ კრების შეხვედრებს 200 კაცზე მეტი ვესწრებოდით და 240 ბიბლიის შესწავლას ვატარებდით.

      1993 წლის ნოემბერში, სწორედ მაშინ, როცა ომი მძვინვარებდა, შეგვეძინა ქალიშვილი, არიანა. იმ დროს ჩვილი ბავშვის მოვლა არც ისე ადვილი იყო. კვირების განმავლობაში არ გვქონდა არც წყალი, არც დენი და საწვავად ავეჯს ვიყენებდით. კრებაზე რომ მივსულიყავით, სახიფათო გზა უნდა გაგვევლო. სნაიპერები განურჩევლად ყველას ესროდნენ. ამიტომ იძულებულები ვიყავით, რომ ბარიკადებით ჩახერგილი ქუჩები სწრაფად გაგვერბინა.

      ერთ დღეს ჩემს ცოლ-შვილთან და ძმა დრაჟენ რადიშიჩთან ერთად კრებიდან სახლში ვბრუნდებოდით. ტყვიამფრქვევის სროლის ხმა შემოგვესმა. დავწექით, მაგრამ ფერდში ტყვია მაინც მომხვდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ბევრმა ფანჯრიდან დაინახა, რაც მოხდა. რამდენიმე გაბედულმა კაცმა მოირბინა და უსაფრთხო ადგილას გაგვიყვანა. სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების აზრით, აუცილებელი იყო სისხლის გადასხმა. მე ავუხსენი, რომ სინდისი ამის ნებას არ მრთავდა. დაჟინებით მთხოვდნენ, კიდევ კარგად დავფიქრებულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აზრი არ შემეცვალა. ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე გამიკეთეს და ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

      ოპერაციის შემდეგ დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ომიანობის გამო ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, ავსტრიაში ჩემი ოჯახის წევრებთან წავსულიყავით. სარაევოს დატოვება მხოლოდ აეროპორტის მიწისქვეშა გვირაბის გავლით შეიძლებოდა. გვირაბის სიგრძე 900 მეტრი იყო, სიმაღლე კი 120 სანტიმეტრი. მეუღლეს ბავშვი მიჰყავდა და თან ბარგის ტარებაში მეხმარებოდა, რადგან ახალი ნაოპერაციები ვიყავი.

      ვერ წარმოიდგენთ იმ სიხარულს, რომელიც ავსტრიაში ყოფნით განვიცადეთ. როდესაც სარაევოდან მოვდიოდით, ძმებსა და ჩვენს შემოქმედს პირობა მივეცით, რომ დავბრუნდებოდით. ძალიან გვიჭირდა ოჯახის წევრების დატოვება, განსაკუთრებით დედის. მაგრამ ვუხსნიდით, რომ ღვთისთვის პირობა გვქონდა მიცემული, რომ თუ სარაევოდან გასვლაში და დასვენებაში დაგვეხმარებოდა, აუცილებლად დავბრუნდებოდით უკან. ახლა რა გვეთქვა ღვთისთვის, მადლობა ღმერთო, რომ დაგვეხმარე, მაგრამ ახლა აქ ისე კარგად ვგრძნობთ თავს, რომ დარჩენა გვირჩევნიაო? თანაც სარაევოელ ძმებს ვჭირდებოდით. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემი ცოლი ამრა მხარში მედგა.

      1994 წლის დეკემბერში ისევ სარაევოს გვირაბს მივადექით. მაშინ თუ გამოვდიოდით სარაევოდან, ამჯერად სარაევოში უნდა შევსულიყავით. ხალხი გვიყურებდა, რომ უკან ვბრუნდებოდით, და გვეკითხებოდნენ: „რას შვრებით?! ყველა გარბის ამ ალყაშემორტყმული ქალაქიდან და თქვენ იქ შედიხართ?!“ სიტყვები არ მყოფნის იმ სიხარულის გამოსახატავად, რომელიც სარაევოს სამეფო დარბაზში ჩვენს და-ძმებთან შეხვედრით განვიცადეთ. არასდროს გვინანია უკან დაბრუნება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება