-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„1992 წლის 16 მაისს, როდესაც სარაევო ინტენსიურად იბომბებოდა ჭურვებით, 13 კაცი ერთ ბინაში ვიყავით შეკრებილი. უცბად ჩვენს შენობას ორი ჭურვი მოხვდა. შეკრებილთა შორის ხორვატები, სერბები და ბოსნიელები ვიყავით, გარეთ კი სწორედ ამ ერების შვილები იბრძოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ წმინდა თაყვანისმცემლობა გვაერთიანებდა. გამთენიისას ჭურვების აფეთქების ინტენსივობამ რომ იკლო, ბინიდან გამოვედით და შედარებით უსაფრთხო ადგილის საძებრად გავემართეთ. როგორც წინა ღამეს, ახლაც ხმამაღლა შევღაღადებდით იეჰოვას, და მანაც შეისმინა ჩვენი ლოცვა“ — იხსენებს ჰალიმ ცური.
სარაევო, რომლის მოსახლეობაც იმ დროისთვის 400 000-ს აღემატებოდა, თანამედროვე ისტორიაში ალბათ ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე საშინელ ალყაში იყო მოქცეული.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ალყაშემორტყმული ქალაქი
როგორც აღვნიშნეთ, იუგოსლავიელი ძმები განამტკიცა იმ სიყვარულმა და ერთიანობამ, რომელიც მათ დაინახეს 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ კონგრესზე „ღვთიური თავისუფლების მოყვარულნი“. ამ დაუვიწყარმა კონგრესმა ძმები მომავალი განსაცდელებისთვის მოამზადა. თუკი სარაევოში ერთ დროს ბოსნიელებიც, ხორვატებიცა და სერბებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ახლა ყველანი ერთად ალყაში აღმოჩნდნენ, მათ შორის ჩვენი და-ძმებიც. პოლიტიკური ვითარება იმდენად არასტაბილური იყო, რომ ზუსტად ვერავინ იტყოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ბრძოლა.
„ხალხი შიმშილობდა, — იხსენებს ჰალიმ ცური, ერთ-ერთი სარაევოელი უხუცესი. — ყოველთვიურად მხოლოდ რამდენიმე კგ. ფქვილს, 100 გრ. შაქარსა და 0,5 ლ. ზეთს გვაძლევდნენ. სადაც აუთვისებელ მიწას ნახავდნენ, ყველგან რაღაცას თესავდნენ. მთელ სარაევოში ჭრიდნენ ხეებს და შეშად იყენებდნენ. ხეები რომ გამოილია, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად სახლებში პარკეტის აყრა დაიწყეს. წვავდნენ ყველაფერს, ძველ ფეხსაცმელსაც კი“.
იმ დროს, როცა სარაევო ალყაში მოაქციეს, ლილიანა ნინკოვიჩმა და მისმა ქმარმა ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხეს და იქ ჩარჩნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ, მაგრამ სახლში ვერც ერთი ვერ ბრუნდებოდა. ლილიანა ჰყვება: „ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა, გვყავდა ორი შვილი, გვქონდა ბინა და მანქანა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დადგა“.
ისინი ხშირად გრძნობდნენ იეჰოვას მფარველი მკლავის ძალას. „ბინიდან გამოსვლა და ჩვენი შენობის ზედიზედ დაბომბვა ერთი იყო, — განაგრძობს ლილიანა. — სირთულეების მიუხედავად, სიხარული არ დაგვიკარგავს. პარკში ბაბუაწვერას ფოთლების მოსაკრეფად დავდიოდით და მისგან სალათას ვამზადებდით, მარტო ბრინჯი რომ არ გვეჭამა. ამ ყველაფერმა გვასწავლა, იმით დავკმაყოფილებულიყავით, რაც გვქონდა, და თან მადლიერები ვყოფილიყავით“.
ფიზიკური და სულიერი საზრდო
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა უწყლობა იყო. სახლში წყალი იშვიათად მოდიოდა. ხალხს ზოგჯერ წყლის მოსატანად 5 კმ-ის გავლა უწევდა, თანაც იმ გზით, რომელიც სნაიპერთა თვალთახედვის არეში იყო. იქ, სადაც წყალი მოდიოდა, ჭურჭლის ასავსებად საათობით უნდა მდგარიყავი რიგში და მერე წყლით სავსე ჭურჭელი ძლივძლივობით უნდა გეზიდა.
„განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მაშინ ვიყავით, როცა სახლში წყალი ცოტა ხნით მოდიოდა — ჰყვება ჰალიმი. — ყველას უნდა გვებანავა, ტანსაცმელი გაგვერეცხა და რაც შეიძლება მეტი წყალი აგვეღო. მაგრამ რა უნდა გვექნა, თუ წყალი კრებაზე წასვლის წინ მოვიდოდა? დიდი არჩევანი არ გვქონდა, ან კრების შეხვედრას უნდა დავსწრებოდით ან წყლის ასაღებად შინ უნდა დავრჩენილიყავით“.
ძმებს ესმოდათ, რომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არანაკლებ აუცილებელი იყო. ისინი კრების შეხვედრებზე არა მარტო დროულ სულიერ საზრდოს იღებდნენ, არამედ დეტალურ ინფორმაციასაც, თუ ვინ დააპატიმრეს, ვინ დაშავდა და ვინ დაიღუპა. მილუტინ პიიჩი, რომელიც უხუცესად მსახურობს, იხსენებს: „ერთი ოჯახივით ვიყავით. კრების შეხვედრებიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა. შეხვედრების შემდეგ ხშირად ვრჩებოდით და საათობით ვლაპარაკობდით ჭეშმარიტებაზე“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
პირობა დავდეთ, რომ დავბრუნდებოდით
ჰალიმ ცური
დაიბადა: 1969 წელს
მოინათლა: 1988 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: სარაევოში ორგანიზებას უწევდა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და განაწილებას. ამჟამად მსახურობს უხუცესად, არის საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრი და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში იეჰოვას მოწმეების ოფიციალური წარმომადგენელი.
ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტ წელს სარაევო ალყაში მოაქციეს. ლიტერატურა ვერ შემოდიოდა და ძველ სასწავლო სტატიებს ვკითხულობდით. სასწავლო სტატიებს ძმები ძველი საბეჭდი მანქანით ბეჭდავდნენ. სულ 52 მაუწყებელი ვიყავით, მაგრამ კრების შეხვედრებს 200 კაცზე მეტი ვესწრებოდით და 240 ბიბლიის შესწავლას ვატარებდით.
1993 წლის ნოემბერში, სწორედ მაშინ, როცა ომი მძვინვარებდა, შეგვეძინა ქალიშვილი, არიანა. იმ დროს ჩვილი ბავშვის მოვლა არც ისე ადვილი იყო. კვირების განმავლობაში არ გვქონდა არც წყალი, არც დენი და საწვავად ავეჯს ვიყენებდით. კრებაზე რომ მივსულიყავით, სახიფათო გზა უნდა გაგვევლო. სნაიპერები განურჩევლად ყველას ესროდნენ. ამიტომ იძულებულები ვიყავით, რომ ბარიკადებით ჩახერგილი ქუჩები სწრაფად გაგვერბინა.
ერთ დღეს ჩემს ცოლ-შვილთან და ძმა დრაჟენ რადიშიჩთან ერთად კრებიდან სახლში ვბრუნდებოდით. ტყვიამფრქვევის სროლის ხმა შემოგვესმა. დავწექით, მაგრამ ფერდში ტყვია მაინც მომხვდა. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ბევრმა ფანჯრიდან დაინახა, რაც მოხდა. რამდენიმე გაბედულმა კაცმა მოირბინა და უსაფრთხო ადგილას გაგვიყვანა. სასწრაფოდ წამიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების აზრით, აუცილებელი იყო სისხლის გადასხმა. მე ავუხსენი, რომ სინდისი ამის ნებას არ მრთავდა. დაჟინებით მთხოვდნენ, კიდევ კარგად დავფიქრებულიყავი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აზრი არ შემეცვალა. ოპერაცია სისხლის გადასხმის გარეშე გამიკეთეს და ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ოპერაციის შემდეგ დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ომიანობის გამო ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, ავსტრიაში ჩემი ოჯახის წევრებთან წავსულიყავით. სარაევოს დატოვება მხოლოდ აეროპორტის მიწისქვეშა გვირაბის გავლით შეიძლებოდა. გვირაბის სიგრძე 900 მეტრი იყო, სიმაღლე კი 120 სანტიმეტრი. მეუღლეს ბავშვი მიჰყავდა და თან ბარგის ტარებაში მეხმარებოდა, რადგან ახალი ნაოპერაციები ვიყავი.
ვერ წარმოიდგენთ იმ სიხარულს, რომელიც ავსტრიაში ყოფნით განვიცადეთ. როდესაც სარაევოდან მოვდიოდით, ძმებსა და ჩვენს შემოქმედს პირობა მივეცით, რომ დავბრუნდებოდით. ძალიან გვიჭირდა ოჯახის წევრების დატოვება, განსაკუთრებით დედის. მაგრამ ვუხსნიდით, რომ ღვთისთვის პირობა გვქონდა მიცემული, რომ თუ სარაევოდან გასვლაში და დასვენებაში დაგვეხმარებოდა, აუცილებლად დავბრუნდებოდით უკან. ახლა რა გვეთქვა ღვთისთვის, მადლობა ღმერთო, რომ დაგვეხმარე, მაგრამ ახლა აქ ისე კარგად ვგრძნობთ თავს, რომ დარჩენა გვირჩევნიაო? თანაც სარაევოელ ძმებს ვჭირდებოდით. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემი ცოლი ამრა მხარში მედგა.
1994 წლის დეკემბერში ისევ სარაევოს გვირაბს მივადექით. მაშინ თუ გამოვდიოდით სარაევოდან, ამჯერად სარაევოში უნდა შევსულიყავით. ხალხი გვიყურებდა, რომ უკან ვბრუნდებოდით, და გვეკითხებოდნენ: „რას შვრებით?! ყველა გარბის ამ ალყაშემორტყმული ქალაქიდან და თქვენ იქ შედიხართ?!“ სიტყვები არ მყოფნის იმ სიხარულის გამოსახატავად, რომელიც სარაევოს სამეფო დარბაზში ჩვენს და-ძმებთან შეხვედრით განვიცადეთ. არასდროს გვინანია უკან დაბრუნება!
-