ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐ?
ᲢᲧᲔᲔᲑᲘ
ᲢᲧᲔᲔᲑᲡ „დედამიწის ფილტვებს“ უწოდებენ, რადგან მათ გარეშე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ხეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს, რომელიც საზიანოა ადამიანისთვის. გარდა ამისა, გამოყოფენ ჟანგბადს, რაც ჰაერის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ ტყეებში ხარობს და მკვიდრობს ხმელეთის მცენარეებისა და ცხოველების დაახლოებით 80 პროცენტი. ბუნების ამ მშვენიერებაზე დიდწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა.
საფრთხე
ყოველწლიურად სამეურნეო მიზნებისთვის მილიარდობით ხე იჭრება. 1940-იანი წლების მიწურულიდან საგრძნობლად დაჩქარდა ტყეების გაჩანაგების ტემპი. ბოლო 75 წელიწადში ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარი განადგურდა.
ტყის გაჩეხვა უდიდეს ზიანს აყენებს მის ეკოსისტემას.
ჩვენი პლანეტის თვითგადარჩენის უნარი
კვლევებმა ცხადყო, რომ ტყეს აქვს თვითაღდგენისა და განახლების უნარი. ეკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ გაჩეხილი ტყის ტერიტორიაზე შეიძლება ძალიან მალე აღმოცენდეს ახალი მცენარეები და სამომავლოდ ისევ დიდ ტყედ იქცეს. დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტზე:
მეცნიერები აკვირდებიან იმ ტერიტორიებს, სადაც მიწის დამუშავების მიზნით ტყე გაჩეხეს, თუმცა მოგვიანებით სამეურნეო სამუშაოები შეწყვიტეს. მათ ამერიკასა და დასავლეთ აფრიკაში 2 200 ასეთი ტერიტორია შეისწავლეს. კვლევებმა ცხადყო, რომ 10 წელზე ნაკლები დროა საჭირო იმისათვის, რომ ნიადაგმა კვლავ აღმოაცენოს ხეები თუ სხვა მცენარეები.
ერთ-ერთი სამეცნიერო ჟურნალის თანახმად, დაახლოებით 100 წელია საჭირო, რომ გაჩეხილი ტყის ტერიტორია კვლავ სრულფასოვან ტყედ იქცეს (Science).
ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ გაჩეხილი ტყეების ტერიტორიაზე ხეების დარგვა სულაც არ აჩქარებს ტყის ზრდის პროცესს. ერთ ჟურნალში ამ კვლევის შესახებ აღნიშნული იყო: „მეცნიერები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ 5 წელი სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ ტყემ ახალი სიცოცხლე დაიწყოს“ (National Geographic).
ადამიანების მცდელობა
მთელ მსოფლიოში დიდი ძალისხმევა ხმარდება ტყეების დაცვას და მათ აღდგენას. შედეგად, როგორც გაეროს ერთ-ერთ ანგარიშში იყო ნათქვამი, ბოლო 25 წლის მანძილზე დაახლოებით 50 პროცენტით შენელდა ტყეების გაჩეხვის ტემპი.
თუმცა ბევრად მეტია საჭირო! ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გამოცემულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი ტროპიკული ტყეების გაჩეხვა კვლავ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს (Global Forest Watch).
კომპანიები, რომლებიც ხე-ტყის მასალისთვის უნებართვოდ ანადგურებენ ტყეებს, მილიარდობით დოლარის მოგებას ნახულობენ. სწორედ ადამიანის სიხარბე ხდება ტროპიკული ტყეების გაჩანაგების მიზეზი.
მეტყევეობის სპეციალისტები ჭრიან საჭირო რაოდენობის ზრდასრულ ხეებს და ნორჩ ხეებს რგავენ.
იმედის საფუძველი — რას ამბობს ბიბლია
„იეჰოვაa ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა მრავალი ლამაზი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი ხე“ (დაბადება 2:9).
შემოქმედმა ტყეებს სიცოცხლისუნარიანობა უბოძა, რათა ადამიანებს ყოველთვის შესძლებოდათ მათით სარგებლობა. ის არ დაუშვებს, რომ მთლიანად განადგურდეს მის მიერ შექმნილი ტყეები და მათი საოცარი ეკოსისტემა.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთი მოსპობს მათ, ვინც მიზანმიმართულად აყენებს ზიანს ჩვენს პლანეტას და მასზე არსებულ სიცოცხლეს. გაეცანით ამავე ჟურნალის მე-15 გვერდზე დაბეჭდილ სტატიას „ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).