თავი 14
ხომ არ დავუსვა წერტილი ყველაფერს?
„სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“. ვინ თქვა ეს სიტყვები — ვისაც ღმერთი არ სწამდა? ვინც ღმერთი მიატოვა? თუ ვინც ღმერთმა მიატოვა? არა, ეს სიტყვები ღვთის ერთგულმა მსახურმა, სულგამწარებულმა იონამ წარმოთქვა (იონა 4:3).
ბიბლია არ ამბობს, რომ იონას თავის მოკვლა სურდა, მაგრამ ამ სასოწარკვეთილი კაცის სიტყვებიდან ერთი მნიშვნელოვანი რამის დანახვა შეიძლება — დროდადრო ღვთის ერთგული მსახურიც კი შეიძლება დაიტანჯოს ემოციური ტკივილის გამო (ფსალმუნი 34:19).
ზოგი ახალგაზრდა იმდენად სასოწარკვეთილია, რომ სიცოცხლე აღარ უნდა. ისინი შეიძლება იმავეს განიცდიან, რასაც 16 წლის ლორა: „წლებია, რაც დროდადრო თავს მახსენებს დეპრესია. ხშირად ვფიქრობ თავის მოკვლაზე“. რა შეგიძლია გააკეთო, თუ შენი ახლობელი ფიქრობს თავის მოკვლას ან შენ თავად გეფიქრება ამაზე? მოდი, პირველ რიგში, ვნახოთ, რატომ შეიძლება ასეთი განცდა დაგეუფლოს.
რა იწვევს სასოწარკვეთილებას?
რატომ უჩნდება ადამიანს თავის მოკვლის სურვილი? ამის მიზეზი შეიძლება მრავალი რამ იყოს. უპირველესად ის, რომ ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ; მეორეც ის, რომ მრავალი მოზარდი განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამს ცხოვრებისეულ სირთულეებს (2 ტიმოთე 3:1). გარდა ამისა, არასრულყოფილების გამო ზოგი საკუთარ თავსაც და გარემომცველ სამყაროსაც მხოლოდ მუქ ფერებში ხედავს (რომაელები 7:22—24). ზოგჯერ ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ცუდად ეპყრობიან. შეიძლება ამის მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესებაც იყოს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, თვითმკვლელობის ჩამდენთა 90 პროცენტს ამა თუ იმ სახის ფსიქიკური მოშლილობა ჰქონდაa.
რა თქმა უნდა, უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ბიბლიაში ნათქვამია: „ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). ეს ახალგაზრდებსაც ეხებათ. მათ დიდ ტრავმას აყენებს ქვემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენები:
● ნათესავის, მეგობრის, ან შინაური ცხოველის სიკვდილი
● უთანხმოება ოჯახში
● ცუდი ნიშნები სკოლაში
● შეყვარებულთან დაშორება
● ცუდი მოპყრობა (მათ შორის ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფა)
ადრე თუ გვიან, თითქმის ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენებიდან ერთი ან რამდენიმე. რატომ ერევა ცხოვრების ქარტეხილს ზოგი უფრო ადვილად? სპეციალისტების აზრით, ის ახალგაზრდები, რომლებიც ფარ-ხმალს ყრიან, თავს უმწეოდ გრძნობენ და გამოსავალს ვერ ხედავენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ იმედის ნაპერწკალიც კი არ გააჩნიათ. ხშირად ამ ახალგაზრდებს სიკვდილი კი არ სურთ, არამედ უნდათ, რომ ემოციურ ტკივილს დააღწიონ თავი.
მართლა არ არსებობს გამოსავალი?!
შეიძლება იცნობ კიდეც ისეთ ადამიანს, რომელსაც იმდენად უნდა, თავი დააღწიოს ემოციურ ტკივილს, რომ თავის მოკვლაზე იწყებს ლაპარაკს. რისი გაკეთება შეგიძლია ამ დროს?
თუ მეგობარს გულგატეხილობის გამო თავის მოკვლა უნდა, ურჩიე, დახმარებისთვის ვინმეს მიმართოს. თუნდაც გაჩუმება გთხოვოს, მის მდგომარეობაზე რომელიმე უფროს ადამიანს დაელაპარაკე, ვინც მის დახმარებას შეძლებდა. ნუ შეგაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ამით შეიძლება თქვენი მეგობრობა დამთავრდეს. ამ ნაბიჯით შეიძლება მეგობარს სიცოცხლე შეუნარჩუნო!
მაგრამ რა შეგიძლია გააკეთო მაშინ, როცა თავად ფიქრობ თვითმკვლელობაზე? ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში. დაელაპარაკე ამაზე ვინმეს — მშობელს, მეგობარს, მას, ვინც ყურადღებით მოგისმენს და გულისყურით მოეკიდება შენს მდგომარეობას. თუ შენს პრობლემაზე ისაუბრებ, ამით არაფერს დაკარგავ, პირიქითb.
ცხადია, საუბრის შემდეგ პრობლემები არ გაქრება, მაგრამ სანდო მეგობართან საუბარი დაგეხმარება მოვლენების სწორად შეფასებაში. მისი მხარდაჭერით შეიძლება პრაქტიკული გამოსავალიც იპოვო.
მდგომარეობა იცვლება
როდესაც სტრესულ მდგომარეობაში ხარ, გახსოვდეს: როგორი გამოუვალიც არ უნდა ჩანდეს სიტუაცია, ის დროთა განმავლობაში შეიცვლება. ფსალმუნმომღერალმა დავითმა, რომლისთვისაც გასაჭირი უცხო არ ყოფილა, ლოცვაში წარმოთქვა: „გლოვა ცეკვად გიქცევია ჩემთვის“ (ფსალმუნი 30:11).
დავითმა ისიც იცოდა, რომ სასიხარულო განწყობა ყოველთვის არ ექნებოდა. მას ცხოვრებამ დაანახვა, რომ პრობლემები ჩნდება კიდეც და გვარდება კიდეც. შენც ხომ იმავეს ამჩნევ? მართალია, ზოგი პრობლემა მოცემულ მომენტში შეიძლება გადაუჭრელად მოგეჩვენოს, მაგრამ გამოავლინე მოთმინება. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ხშირად უკეთესობისკენ. ზოგჯერ შეიძლება პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ ვერც კი იფიქრებდი, თუ ამგვარად შეიძლებოდა მისი მოგვარება; ზოგჯერ კი, შეიძლება პრობლემის გადასაჭრელად აღმოაჩინო გზა, რომელზედაც საერთოდ არ გიფიქრია. ასეა თუ ისე, ერთი რამ ნათელია — პრობლემა მარადიულ პრობლემად არ დარჩება (2 კორინთელები 4:17).
ლოცვის ძალა
რაც ყველაზე მთავარია, ღმერთს მიმართე ლოცვით. შენ შეგიძლია დავითივით ილოცო: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმუნი 139:23, 24).
ლოცვა უებარი წამალი არ არის. ლოცვა არის ურთიერთობა ზეციერ მამასთან, რომელსაც სურს, რომ ‘გული გადმოუღვარო’ (ფსალმუნი 62:8). დაფიქრდი, როგორია ღმერთი:
● მას ესმის შენი წუხილის მიზეზი (ფსალმუნი 103:14);
● მან შენზე უკეთ იცის შენი მდგომარეობა (1 იოანე 3:20);
● ის ზრუნავს შენზე (1 პეტრე 5:7);
● ახალ ქვეყნიერებაში ის მოგწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 21:4).
თუ პრობლემას ჯანმრთელობის გაუარესება იწვევს
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგ ადამიანს ამა თუ იმ დაავადების გამო უჩნდება თავის მოკვლის სურვილი. თუ შენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ მოგერიდება — ითხოვე დახმარება. იესო აღიარებდა, რომ ავადმყოფებს ექიმი სჭირდებათ (მათე 9:12). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ბევრი ავადმყოფობა იკურნება. მკურნალობის შედეგად კი თავი შეიძლება ბევრად უკეთ იგრძნოc!
ბიბლია გვპირდება, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ღვთის დაპირების თანახმად, იმ დროს „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ესაია 65:17). მანამდე კი, ყველაფერი გააკეთე ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, და დარწმუნებული იყავი, რომ ღვთის მიერ დანიშნული დროისთვის დეპრესია წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხადება 21:1—4).
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის მე-9 თავში.
შენს მშობლებს უნდათ, რომ ყველაფერი იცოდნენ, რაც შენ ირგვლივ ხდება, ისიც კი, რაც შენ არ გინდა, რომ იცოდნენ. გაიმარჯვებ კი ამ „ბრძოლაში“?
[სქოლიოები]
a აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებსაც ფსიქიკური მოშლილობა აქვთ, თავს არ იკლავს.
b ამა თუ იმ მიზეზით გულდამძიმებულ ქრისტიანებს შეუძლიათ დახმარებისთვის კრების უხუცესებსაც მიმართონ (იაკობი 5:14, 15).
c დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ამავე წიგნის მე-13 თავი.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).
რჩევა
როდესაც გულდამძიმებული ხარ, გადი სუფთა ჰაერზე და ენერგიულად იარე. გარეთ გასვლა და ვარჯიში დაგამშვიდებს და თავს უკეთესად იგრძნობ.
იცოდი, რომ . . . ?
თვითმკვლელობის მსხვერპლნი ხდებიან არა მარტო ისინი, ვინც თავს იკლავენ, არამედ მათი ოჯახის წევრებიც, მეგობრებიც და ნათესავებიც.
რა უნდა გავაკეთო
თუ თავს უღირსად ვიგრძნობ და გამიჩნდება განცდა, რომ არავის ვუყვარვარ, დაველაპარაკები (დაწერე იმ ადამიანის სახელი, ვისაც გულს გადაუშლი) ․․․․․
ერთ-ერთი კურთხევა ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც მადლიერი ვარ, არის ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● ურთულესი პრობლემებიც კი მხოლოდ დროებითია. როგორ დაგეხმარება ამაზე ფიქრი?
● რატომ შეიძლება ითქვას, რომ თვითმკვლელობით ადამიანი პრობლემას სხვას ჰკიდებს ტვირთად?
[ჩანართი 104 გვერდზე]
„იყო დრო, როცა ღრმა დეპრესიის გამო სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ხშირი ლოცვისა და მკურნალობის შედეგად ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა“ (ჰაიდი).
[ჩარჩო 100 გვერდზე]
თუ მეტის ატანა აღარ შეგიძლია . . .
ძველად მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს ცხოვრებისეული სირთულეების გამო დროდადრო მწარე განცდები ეუფლებოდათ. აი, რამდენიმე მაგალითიც.
რებეკა: „თუ ასე იქნება, რად მინდა სიცოცხლე?!“ (დაბადება 25:22).
მოსე: „ბარემ მომკალი, რომ არ ვნახო ჩემი უბედურება“ (რიცხვები 11:15).
ელია: „წაიღე ჩემი სული, იეჰოვა, რადგან არაფრით ვარ ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი“ (1 მეფეები 19:4).
იობი: „ნეტავ დამმალავდე სამარეში . . . დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!“ (იობი 14:13).
საბოლოოდ ოთხივეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, და თანაც ისე, საერთოდ რომ ვერ წარმოიდგენდნენ. დარწმუნებული იყავი, რომ შენც დაგიდგება კარგი დღეები!
[სურათი 102 გვერდზე]
უიმედობა წვიმის ღრუბლებივითაა — დროთა განმავლობაში გადაივლის.