თავი 15
ნუთუ მშობლების გარეშე ერთი ნაბიჯი ვერ უნდა გადავდგა?
ამ ნიშნით ✔ აღნიშნე, მოყვანილ სიტუაციებში რომელი პასუხია შენთვის ყველაზე მისაღები:
1. შენს ოთახში ხარ, კარი დაკეტილია, ამ დროს შენი და ან ძმა დაკაკუნების გარეშე შემორბის.
□ რა პრობლემაა, ხანდახან მეც ასე ვიქცევი.
□ ეს ხომ უზრდელობაა! იქნებ ტანსაცმელს ვიცვლი?
2. სახლში ახალი შესული ხარ და მშობლები კითხვებს გაყრიან: სად იყავი? ვისთან ერთად იყავი? რას აკეთებდი?
□ რა პრობლემაა, მათ ისედაც ყველაფერს ვეუბნები.
□ ვღიზიანდები იმის გამო, რომ მშობლები არ მენდობიან.
ბავშვობაში მარტო ყოფნა ალბათ არც კი გინდოდა. როცა შენს ოთახში პატარა ძამიკო ან დაიკო შემოირბენდა, საწინააღმდეგო არაფერი გქონდა. თუ მშობლები რამეს გკითხავდნენ, უპრობლემოდ პასუხობდი. შენი ცხოვრება გადაშლილ წიგნს ჰგავდა, მაგრამ ახლა ფიქრობ, რომ წიგნის დახურვის დროა. 14 წლის კორი ამბობს: „ზოგჯერ არ მინდა, რომ მშობლებს ყველაფერი ვუთხრა“. მოდი, ვნახოთ ორი შემთხვევა, თუ როდის შეიძლება წამოიჭრას პრობლემა.
როცა განმარტოება გინდა . . .
განმარტოება შესაძლოა ბევრი რამის გამო გინდოდეს, მაგალითად, „ცოტა დასვენებისთვის“ (მარკოზი 6:31); ან ლოცვისთვის, როგორც ეს იესომ ურჩია თავის მოწაფეებს: „შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე . . . შენს მამას“ (მათე 6:6; მარკოზი 1:35). მაგრამ, როცა ოთახში იკეტები, რომ ილოცო, ამ დროს მშობლებმა შეიძლება სულ სხვა რამ იფიქრონ. შეიძლება შენმა და-ძმებმაც ვერ გაგიგონ, რატომ გინდა განმარტოებით ყოფნა.
რა შეგიძლია გააკეთო. ნაცვლად იმისა, რომ იკამათო და იჩხუბო, ეცადე ასე მოიქცე:
● შენმა და-ძმებმა წარამარა რომ არ შეგაწუხონ, წინასწარ შეთანხმდით ზოგ რამეზე. შეგიძლია ამ საქმეში მშობლები დაიხმაროa.
● ეცადე, შეხვიდე მშობლების მდგომარეობაში. 16 წლის რებეკა ამბობს: „მშობლები მამოწმებენ ხოლმე, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მათ ადგილზე მეც გავაკონტროლებდი ჩემს შვილს, მით უმეტეს, როცა ვიცი, რა ცდუნებებს ვხვდებით დღეს ახალგაზრდები“. რებეკას მსგავსად, შეგიძლია შენც შეეცადო იმის დანახვას, თუ რა აღელვებთ შენს მშობლებს? (იგავები 19:11)
● გულწრფელად ჰკითხე საკუთარ თავს: ხომ არ ვაძლევ მშობლებს ეჭვის საბაბს, როცა ოთახში ვიკეტები? ისე ხომ არ ვასაიდუმლოებ ჩემს ცხოვრებას, რომ მშობლებს ისღა დარჩენიათ, მითვალთვალონ? თუ ამ კითხვებზე შენი პასუხები უარყოფითია, მაგრამ მშობლები მაინც არ გენდობიან, მშვიდად და პატივისცემით დაელაპარაკე იმაზე, თუ რას გრძნობ. გულისყურით მოისმინე მათი აზრი, და შემდეგ დაუკვირდი, ისეთ რამეს ხომ არ აკეთებ, რაც მხოლოდ გაამწვავებდა პრობლემას (იაკობი 1:19).
როცა მეგობრებს ირჩევ . . .
თუ ოჯახის წევრების გარდა სხვებთანაც გინდა მეგობრობა, ეს სრულიად ბუნებრივია. ისიც ბუნებრივია, რომ მშობლები დაინტერესდნენ შენი მეგობრების ვინაობით და იმით, თუ რას აკეთებთ ერთად. შენ კი მშობლების ამგვარი დაინტერესება შეიძლება ზედმეტ ჩარევად მოგეჩვენოს. „არ მინდა, რომ მშობლები თავზე მადგნენ, ელ-ფოსტა და მობილური მიმოწმონ და ყოველ ათ წუთში მკითხონ, ვის ველაპარაკები“, — ამბობს 16 წლის ემი.
რა უნდა გააკეთო. ნაცვლად იმისა, რომ მეგობრების გამო შენსა და მშობლებს შორის კედელი აღმართო, შეეცადე ასე მოიქცე:
● უთხარი მშობლებს, ვინ არიან შენი მეგობრები და გააცანი ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სხვა არჩევანს არ დაუტოვებ გარდა იმისა, რომ დეტექტივის როლი ითამაშონ. გახსოვდეს, რაც უფრო მეტი ეცოდინებათ მშობლებს შენი მეგობრების შესახებ, მით უფრო ნაკლებად გააკონტროლებენ იმას, თუ ვის დაუმეგობრდები.
● გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან. მართლა განმარტოება გინდა, თუ მშობლებს რაღაცას უმალავ? 22 წლის ბრიტანი ამბობს: „თუ მოზარდი ხარ და მშობლებს შენი მომავალი აფიქრებთ, ასე იმსჯელე: თუ ცუდს არაფერს ვაკეთებ, რა მაქვს დასამალი? მაგრამ, თუ რაღაცის დამალვა გინდა, ესე იგი, საქმე არც ისე კარგადაა“.
რას გააკეთებ?
ახლა დაფიქრდი, როგორ შეგიძლია კონკრეტულ შემთხვევებში გამოსავლის მოძებნა. დაწერე შენი პასუხები ქვემოთ დასმულ კითხვებზე.
ნაბიჯი 1: გაარკვიე, რა გინდა. რაში უფრო გინდა მეტი თავისუფლება?
․․․․․
ნაბიჯი 2: გაითვალისწინე მშობლების აზრი. შენი აზრით, რატომ აღელვებთ შენი მდგომარეობა?
․․․․․
ნაბიჯი 3: ეძებე გამოსავალი. როგორ შეიძლება შენდა უნებურად გაამწვავო პრობლემა? რა შეგიძლია შეცვალო? რა გინდა, რომ შენმა მშობლებმა გაითვალისწინონ?
․․․․․
ნაბიჯი 4: დაელაპარაკე მშობლებს. დაწერე, როგორ წამოიწყებდი მშობლებთან საუბარს იმაზე, რომ ზოგჯერ განმარტოების სურვილი გაქვს.
․․․․․
როგორ შეგიძლია ინუგეშო თავი, თუ მშობელი სიკვდილმა წაგართვა?
[სქოლიო]
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს“ (2 ტიმოთე 2:15).
რჩევა
როდესაც მშობლებს დაელაპარაკები, რომ დროდადრო განმარტოება გინდა, ნუ დაადანაშაულებ მათ. გაუზიარე ის, რაც გაღელვებს. რით განსხვავდება ერთი მეორისგან? დადანაშაულებით ხაზს გაუსვამ იმას, თუ რას აკეთებენ შენი მშობლები არასწორად. თუ გაუზიარებ იმას, რაც გაღელვებს, უფრო ადვილად მოძებნით გამოსავალს.
იცოდი, რომ . . . ?
რაც უფრო გახსნილი იქნები მშობლებთან, მით ნაკლებად დაგიწყებენ ეჭვის თვალით ყურებას.
რა უნდა გავაკეთო
მშობლების ნდობის მოსაპოვებლად მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ აქვთ მშობლებს შენი პირადი ცხოვრებით დაინტერესების უფლება?
● თუ დღესვე დაეუფლები მშობლებთან ურთიერთობის „ხელოვნებას“, როგორ დაგეხმარება ეს მომავალში სხვებთან ურთიერთობაში?
[ჩანართი 108 გვერდზე]
„მშობლებს არ უნდათ, რომ ხიფათს გადავეყაროთ, ამიტომ ზოგჯერ ისინი ერევიან ჩვენს პირად ცხოვრებაში. შეიძლება ეს სწორად არ მიგვაჩნია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მათ ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი“ (ალანა).
[სურათი 109 გვერდზე]
ნდობა შეიძლება ხელფასს შევადაროთ. მას გამომუშავება სჭირდება.