თავი 24
გააუმჯობესებს სექსი ჩვენს ურთიერთობას?
სარა მხოლოდ ორი თვეა რაც ჯონს ხვდება, მაგრამ ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობს. ისინი გამუდმებით უგზავნიან ერთმანეთს მესიჯებს, საათობით ლაპარაკობენ ტელეფონზე და, შეიძლება ითქვას, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ახლა ისინი გაჩერებულ მანქანაში სხედან და მთვარის შუქზე ერთმანეთს ელაპარაკებიან, მაგრამ ჯონს მარტო საუბარი არ აკმაყოფილებს.
გასული ორი თვის განმავლობაში ჯონი და სარა მხოლოდ ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ და მოკრძალებული კოცნით შემოიფარგლებოდნენ. სარას არ სურს ღრმად შეტოპვა, თუმცა არც ჯონის დაკარგვა უნდა. ის ერთადერთია, ვინც აგრძნობინებს, რომ ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია. სარა გულში ამბობს: „მე და ჯონს ხომ გვიყვარს ერთმანეთი?“
ალბათ ხვდები, საით მიდის ეს ურთიერთობა. თუმცა შესაძლოა ჯერ არ გიფიქრია იმაზე, რომ სექსმა სარასა და ჯონის ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეცვალოს.
დაფიქრდი: ფიზიკის კანონების, მაგალითად, მიზიდულობის კანონის უგულებელყოფა ძვირად დაგიჯდება. იმავეს თქმა შეიძლება ზნეობრივ კანონებზეც. ერთ-ერთი ასეთი კანონი მოითხოვს, რომ მოვერიდოთ სიძვას (1 თესალონიკელები 4:3). რა შედეგები მოჰყვება ამ კანონის უგულებელყოფას? ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18). რა გაგებით შეიძლება სხეულის წინააღმდეგ შესცოდო? მომდევნო გვერდზე ჩამოწერე სამი საზიანო შედეგი, რომლებიც შეიძლება ქორწინებამდე სექსს მოჰყვეს.
1 ․․․․․
2 ․․․․․
3 ․․․․․
ახლა გადახედე იმას, რაც დაწერე. მოიხსენიე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა ან ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვა? ასეთ საშინელ შედეგებს მოიმკის ნებისმიერი, ვინც ღვთის ზნეობრივ ნორმებს უგულებელყოფს და სიძვას ჩაიდენს.
თუმცა ეს ყველაფერი კარგად გესმის, შეიძლება მაინც თქვა: „ეს მე არ დამემართება“. ბოლოს და ბოლოს, ვინ ამბობს სექსზე უარს? შენი თანატოლები შეიძლება ტრაბახობენ კიდეც ამით და მათი შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ სქესობრივ კავშირს რაიმე ზიანი მოაქვს. სარას მსგავსად, შეიძლება შენც ფიქრობ, რომ სექსი შეყვარებულთან დაგაახლოებს. თანაც არ გინდა, ვინმემ ჩამორჩენილად ჩაგთვალოს იმის გამო, რომ სექსი ჯერ არავისთან გქონია. შეიძლება ფიქრობ, რომ ჯობია შენც სხვებივით იყო.
დასკვნას სწრაფად ნუ გააკეთებ. პირველ რიგში, გაითვალისწინე ის, რომ ყველას არა აქვს სექსი. სტატისტიკური მონაცემებიდან შეიძლება იცი, რომ ახალგაზრდების უმეტესობა სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. მაგალითად, ერთი გამოკვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში სკოლის დამთავრებისას 3-დან 2 ახალგაზრდა სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ეს მონაცემები იმასაც გვატყობინებს, რომ ყოველი მესამე არ ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, და ეს არცთუ ისე ცოტაა. გამოკვლევების თანახმად, ბევრი, ვინც სქესობრივად აქტიურია, ერთი ან რამდენიმე უსიამოვნო ფაქტის წინაშე დგება.
უსიამოვნო ფაქტი 1 სინანული. ახალგაზრდების უმეტესობა ამბობს, რომ ძალიან ნანობდა, ქორწინებამდე სექსი რომ ჰქონდა.
უსიამოვნო ფაქტი 2 უნდობლობა. სექსის შემდეგ თითოეული იმაზე იწყებს ფიქრს, რომ მის პარტნიორს სექსი სხვასთანაც ექნებოდა.
უსიამოვნო ფაქტი 3 იმედგაცრუება. გულის სიღრმეში ბევრი გოგო ოცნებობს ისეთ ბიჭზე, რომელიც მისი მფარველი იქნება და მას არ გამოიყენებს. ბევრი ბიჭი კი ინტერესს კარგავს იმ გოგოსადმი, რომელიც მას დანებდა.
დაფიქრდი კიდევ ერთ რამეზე: არაერთ ბიჭს უთქვამს, რომ არასდროს მოიყვანს ცოლად იმ გოგოს, რომელთანაც სექსი ჰქონდა. და იცი, რატომ? ისინი პატიოსან გოგოებს ამჯობინებენ.
სიახლე ხომ არ იყო ეს შენთვის ან ხომ არ გაღიზიანდი? გახსოვდეს, რომ ქორწინებამდე სექსი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში უჩვენებენ. გართობის ინდუსტრია მიმზიდველს ხდის სექსს მოზარდებისთვის, უწყინარ გართობად წარმოაჩენს და მას ნამდვილ სიყვარულთანაც კი აიგივებს. ნუ იქნები გულუბრყვილო. ვინც შენთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს (1 კორინთელები 13:4, 5). აბა დაფიქრდი, ვისაც ნამდვილად უყვარხარ, შეუქმნის საფრთხეს შენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას? (იგავები 5:3, 4) ან ის, ვისთვისაც ნამდვილად ძვირფასი ხარ, შეეცდება, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგიფუჭოს? (ებრაელები 13:4)
თუ ახალგაზრდა ბიჭი ხარ და შეყვარებული გყავს, ამ თავში განხილულმა რჩევებმა უნდა დაგაფიქროს შემდეგ კითხვებზე: გულწრფელად ვზრუნავ ჩემს შეყვარებულზე? თუ კი, როგორ შემიძლია ამის დამტკიცება? გამოიჩინე ნებისყოფა, რომ ღვთის კანონი არ დაარღვიო, სიბრძნე, რომ მოერიდო მაცდუნებელ გარემოებებს, და სიყვარული, რომ შენი შეყვარებულის ინტერესები შენსაზე წინ დააყენო. თუ ამ თვისებებს ავლენ, შენი შეყვარებულიც იმავეს იტყვის, რაც ზნეობრივად წმინდა შულამელმა გოგომ თქვა: „ჩემი სატრფო ჩემია, მე კი — მისი“ (ქებათა ქება 2:16). მოკლედ, შენ მისი რაინდი იქნები!
გოგო ხარ თუ ბიჭი, ქორწინებამდე სექსით შენ დათმობ იმას, რაც ძვირფასია, და ამით საკუთარ თავს შეურაცხყოფ (რომაელები 1:24). გასაკვირი არაა, რომ ამ ურთიერთობის შემდეგ ბევრი შინაგან სიცარიელეს განიცდის და თავს უღირსად გრძნობს, თითქოს დაუდევრობის გამო რაღაც ძვირფასი მოჰპარეს. ნუ დაუშვებ ამას! თუ ვინმე შენს დაყოლიებას შეეცდება და გეტყვის: „თუ გიყვარვარ, სექსზე უარს არ მეტყვი“, მტკიცედ უთხარი: „რომ გიყვარდე, ამას არ მთხოვდი!“.
შენი სხეული ძალიან ძვირფასია და შესაბღალად მისი გამეტება ნამდვილად არ ღირს. შენი საქციელით დაამტკიცე, რომ შეგიძლია დაემორჩილო ღვთის კანონს და თავი აარიდო სიძვას. ერთ მშვენიერ დღეს ოჯახს შექმნი და მაშინ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის, სინანულისა და შიშის გარეშე გექნება სქესობრივი ურთიერთობა შენს მეუღლესთან (იგავები 7:22, 23; 1 კორინთელები 7:3).
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის მე-4 და მე-5 თავებში.
რამდენად საზიანოა მასტურბაციის ჩვევა?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„გაექეცით სიძვას . . . ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18).
რჩევა
საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობისას გაითვალისწინე: არ გააკეთო ის, რასაც მშობლების თანდასწრებით არ გააკეთებდი.
იცოდი, რომ . . . ?
სექსის შემდეგ დიდია იმის ალბათობა, რომ ბიჭმა გაწყვიტოს ურთიერთობა გოგოსთან და სხვას დაადგას თვალი.
რა უნდა გავაკეთო
რა გარემოებებს უნდა მოვერიდო, როდესაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად ვარ?
თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს უნდა, რომ სადმე ფარულ ადგილას შევხვდე, ვეტყვი, რომ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● მართალია, არასრულყოფილი სხეული გიბიძგებს ქორწინებამდე სექსისკენ, რატომ არის ეს შენთვის საზიანო?
● როგორ მოიქცევი, თუ ვინმე სქესობრივ ურთიერთობას შემოგთავაზებს?
[ჩანართი 176 გვერდზე]
„შენი ქრისტიანული თვისებებით შეიძლება ბევრი მოიხიბლოს. ამიტომ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და უარი თქვა უზნეო შემოთავაზებაზე. გაუფრთხილდი ამ თვისებებს და ნუ დაკარგავ!“ (ჯოშუა).
[სურათი 176, 177 გვერდებზე]
ქორწინებამდე სექსი რაღაცით ძვირფასი ნახატის ფეხსაწმენდად გამოყენებას ჰგავს.