ნაწილი 8
განსაცდელის პირისპირ
„მართალია, ეს დიდად გახარებთ, მაგრამ განსაცდელების გამო ცოტა ხნით დამწუხრება მოგიწევთ“ (1 პეტრე 1:6).
ეჭვგარეშეა, ყველაფერს აკეთებთ თქვენი ოჯახის ბედნიერებისთვის, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ სიხარული დაკარგოთ (ეკლესიასტე 9:11). განსაცდელების დროს მოსიყვარულე ღმერთი გვერდში გვიდგას და მზრუნველობას არ გვაკლებს. თუ ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებთ, თქვენ და თქვენი ოჯახი ურთულეს განსაცდელებსაც კი გაუმკლავდებით.
1. მიენდეთ იეჰოვას
ბიბლიის თვალსაზრისი: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ღმერთს ნუ დაადანაშაულებთ იმ უბედურებაში, რაც თავს დაგატყდათ (იაკობი 1:13). თუ მას დაუახლოვდებით, ის საუკეთესო დახმარებას აღმოგიჩენთ (ესაია 41:10). წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „გული გადმოუღვარეთ მას“ (ფსალმუნი 62:8).
ნუგეშს ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა და შესწავლაც მოგგვრით. ამგვარად, საკუთარ თავზე გამოცდით, რომ ღმერთი „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4; რომაელები 15:4). ის გვპირდება, რომ მოგვცემს „მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7, 13).
როგორ უნდა მოიქცეთ:
ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას, რომ სიმშვიდე და საღი აზრი მოგცეთ.
კარგად აწონ-დაწონეთ, მოცემულ სიტუაციაში რისი გაკეთება აჯობებს.
2. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ოჯახზე
ბიბლიის თვალსაზრისი: „გონიერი ცოდნას იძენს; ბრძენის ყური ცოდნას ეწაფება“ (იგავები 18:15). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა? მოიძიეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს მოცემულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. დაინტერესდით მათი მდგომარეობით. ესაუბრეთ და მოუსმინეთ მათ (იგავები 20:5).
თუ საყვარელი ადამიანი დაგეღუპათ, დარდსა და ნაღველს გულში ნუ ჩაიკლავთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თვით იესოც კი აცრემლდა (იოანე 11:35; ეკლესიასტე 3:4). ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისად დაისვენოთ და გამოიძინოთ (ეკლესიასტე 4:6). ამგვარად უფრო ადვილად გაართმევთ თავს სტრესს.
როგორ უნდა მოიქცეთ:
თუ ოჯახის წევრებთან კარგი კომუნიკაცია გექნებათ, უფრო გაგიადვილდებათ სერიოზული განსაცდელის გადატანა. პრობლემების დროს ოჯახის წევრებს არ გაუჭირდებათ თქვენთან საუბარი.
ესაუბრეთ მათ, ვინც მსგავს პრობლემას შეხვდა.
3. ითხოვეთ დახმარება
ბიბლიის თვალსაზრისი: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ცხადია, თქვენს მეგობრებს სურთ, რომ გვერდში დაგიდგნენ, მაგრამ შესაძლოა არ იციან, რით დაგეხმარონ. ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ უთხარით, რა გჭირდებათ (იგავები 12:25). სულიერი დახმარების მისაღებად მიმართეთ მათ, ვინც ბიბლიაში კარგად ერკვევა. მათგან მიღებული ბიბლიური რჩევები უდავოდ სასიკეთოდ წაგადგებათ (იაკობი 5:14).
განსაცდელში თავს მიტოვებულად არ იგრძნობთ, თუ ხშირი ურთიერთობა გექნებათ მათთან, ვისაც ნამდვილად სწამს ღმერთი და ენდობა მის დაპირებებს. მხნეობას შეგმატებთ ისიც, თუ მხარში ამოუდგებით მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ესაუბრეთ მათ თქვენს ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე და მის განზრახვებზე. იზრუნეთ გასაჭირში მყოფებზე. ნუ გაერიყებით მათ, ვისაც უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე (იგავები 18:1; 1 კორინთელები 15:58).
როგორ უნდა მოიქცეთ:
ესაუბრეთ უახლოეს მეგობარს და მიეცით საშუალება, რომ დაგეხმაროთ.
გულახდილად უთხარით სხვებს, რა გჭირდებათ.