პასუხების ძიებაში
«მართალია, ჩვენ შევძელით, პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, თუ „როგორ“ ვიცხოვროთ, მაგალითად, ვართ ისეთ ფუფუნებაში, რომელსაც წინათ ვერავინ წარმოიდგენდა — გვაქვს კონდიციონერი, ვისმენთ ციფრული სახით ჩაწერილ მუსიკას, შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ახალ-ახალი ხილი მივირთვათ — მაგრამ უპასუხოდ გვრჩება კითხვა, თუ „რატომ“ ვცხოვრობთ. რისთვის იღწვის ადამიანი თავდაუზოგავად? რა აზრი აქვს ამას?» (დეივიდ ჯ. მაიერზი, ჰოუპ-კოლეჯის პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში, ჰოლანდი, მიჩიგანის შტატი, აშშ).
თქვენ როგორ უპასუხებდით ამ პროფესორის მიერ დასმულ კითხვებს? ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ არც კი ღირს პასუხების ძიებისთვის დროის ხარჯვა. თუმცა, ამ კითხვების უგულებელყოფა იმის მსგავსი იქნებოდა, რომ არაფერი გეღონათ ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭის ამოსაღებად — მართალია, შეძლებდით გზის გაგრძელებას, მაგრამ სიარული ნამდვილად არ მოგანიჭებდათ სიამოვნებას.
გაგჩენიათ ოდესმე კითხვა, აქვს თუ არა ცხოვრებას აზრი? ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს. ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოკითხვის თანახმად, რომელიც იკვლევდა იმას, თუ რა ფასეულობებს ანიჭებენ უპირატესობას ადამიანები, დადგინდა, რომ მრავალ ქვეყანაში მატულობს ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ „რა არის სიცოცხლის აზრი“.
თუ გსურთ, ნამდვილად პოვოთ სულის სიმშვიდე, საჭიროა პასუხები მიიღოთ სამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე:
როგორ გაჩნდა ადამიანი?
რა არის სიცოცხლის აზრი?
რას მოგვიტანს მომავალი?
სად შეგიძლიათ მიიღოთ სანდო პასუხები ამ კითხვებზე? ვარაუდების გამოთქმისა და ფილოსოფიური მსჯელობის ნაცვლად, ამ კითხვებთან დაკავშირებით შემდეგ გვერდებზე მოცემულია ზუსტი პასუხები ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან. გთხოვთ, გადაშალოთ თქვენი ბიბლია და საკუთარი თვალით ნახოთ, რას ამბობს ის.
[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]
COVER: Beach background: © Andoni Canela/age fotostock