არის განათლება და ფული უსაფრთხო მომავლის გარანტი?
ბევრი ფიქრობს, რომ განათლებულ და მდიდარ ადამიანებს უსაფრთხო მომავალი აქვთ. მათი აზრით, უმაღლესი განათლება ადამიანს ეხმარება, იყოს კარგი პიროვნება, უკეთესი თანამშრომელი თუ მოქალაქე და იშოვოს მაღალანაზღაურებადი სამსახური, რაც ბედნიერების საწინდარია.
ᲠᲐ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲑᲔᲕᲠᲘ
ერთი ჩინელი მამაკაცი, ჟან ჩენი ამბობს: „ვფიქრობდი, სიღარიბისთვის თავი რომ დამეღწია, უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. მეგონა, თუ მაღალანაზღაურებად სამსახურს ვიშოვიდი, უზრუნველი ცხოვრება მექნებოდა“.
უკეთესი ცხოვრების ძიებაში ბევრი უცხოეთში გაემგზავრა და წამყვან უნივერსიტეტში ჩააბარა. ᲙᲝᲕᲘᲓ-19-ის პანდემიამდე სასწავლებლად ბევრი მიდიოდა საზღვარგარეთ. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია: „იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, 52% აზიელები არიან“.
მშობლები მძიმედ შრომობენ, რომ როგორმე მათმა შვილებმა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლება მიიღონ. ტაივანში მცხოვრები ჩიშიანგი იხსენებს: „მატერიალურად არ გვილხინდა, მაგრამ ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი იღონეს, რომ ოთხივე შვილს შეერთებულ შტატებში გვესწავლა“. სხვა მშობლების მსგავსად ჩიშიანგის მშობლებსაც დიდი ვალი დაედოთ.
ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲚᲓᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲘ?
ბევრი, ვინც ბედნიერებას ფულსა და განათლებაში ეძებდა, იმედგაცრუებული დარჩა.
განათლება ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ ხშირად მოსალოდნელ შედეგებს ვერ ვაღწევთ. მრავალწლიანი სწავლის შემდეგ ბევრი მაინც ვერ პოულობს სასურველ სამსახურს და ვერ იხდის განათლების მისაღებად აღებულ ვალებს. სინგაპურში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში ჟურნალისტი, რეიჩელ მუი წერს: „დღითი დღე იზრდება მათი რიცხვი, რომლებიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურს ვერ შოულობენ“. ტაივანელი მამაკაცი, ჯინჯი, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს, გვიზიარებს: „ბევრი იძულებულია, ისეთ სამსახურს დათანხმდეს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მის პროფესიასთან“.
იმედი მათაც შეიძლება გაუცრუვდეთ, ვინც სასურველ სამსახურს შოულობს. ტაილანდში მცხოვრები ნირანი, რომელმაც უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო და თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა, ამბობს: „ჩემს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამსახური ვიშოვე, თუმცა ის ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. მოგვიანებით უფროსმა ბევრი თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის მეც. მივხვდი, რომ არცერთი სამსახური არ არის სტაბილური“.
მდიდარი ადამიანებიც კი ვერ გაურბიან ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ოჯახური კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება თუ ეკონომიკური არასტაბილურობის განცდა. იაპონიაში მცხოვრები კაცუტოში ამბობს: „მატერიალურად არაფერი მაკლდა, მაგრამ სხვებს შურდათ ჩემი და ჯიბრში მედგნენ, რასაც სერიოზულად განვიცდიდი“. ვიეტნამელი ქალი, სახელად ლამი, გვიზიარებს: „ბევრი იმიტომ ეძებს მაღალანაზღაურებად სამუშაოს, რომ ხვალინდელი დღის არ ეშინოდეს. მაგრამ ხშირად პირიქით ხდება — მათ დაუცველობის განცდა ეუფლებათ, ჯანმრთელობა უუარესდებათ, ემოციურად იფიტებიან და დეპრესიაშიც კი ვარდებიან“.
ფრანკლინის მსგავსად ბევრმა გააცნობიერა, რომ ცხოვრებაში ფულსა და განათლებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად ფული კი არა, კარგი თვისებები და სიკეთის კეთებაა საჭირო. მაგრამ საკმარისია სიკეთის კეთება, რომ კარგი მომავალი გქონდეთ? ამ კითხვას მომდევნო სტატია გასცემს პასუხს.