მშვიდობის დამყარების ფუჭი მცდელობები
ომის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური ცვლილებები, ტერიტორიებსა თუ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის მოპოვება ან ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება. რა კეთდება იმისთვის, რომ დასრულდეს ომები და დამყარდეს მშვიდობა? უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ მცდელობა შედეგს გამოიღებს?
Drazen_/E+ via Getty Images
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ
მიზანი: ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზით სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება ან აღმოფხვრა, რაც კონფლიქტის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
ხელის შემშლელი ფაქტორი: ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევა ხელისუფლების მხრიდან ფინანსების განკარგვის კუთხით ცვლილებების მოხდენას მოითხოვს. 2022 წელს დაახლოებით 34 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნა გამოყოფილი მშვიდობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს თანხა იმავე წლის სამხედრო დანახარჯების, მხოლოდ და მხოლოდ, 0,4%-ს შეადგენდა.
„გაცილებით დიდი თანხები და რესურსები ხმარდება კონფლიქტების დროს დაზარალებულთა დახმარებას, ვიდრე მათ პრევენციასა და მშვიდობის ხელშეწყობას“ (ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი).
რას ვიგებთ ბიბლიიდან: მთავრობები თუ სხვადასხვა ორგანიზაცია დახმარების ხელს კი უწვდიან ღარიბებს, მაგრამ როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მათ სიღარიბის აღმოფხვრის ძალა არ შესწევთ (კანონი 15:11; მათე 26:11).
ᲓᲘᲞᲚᲝᲛᲐᲢᲘᲐ
მიზანი: კონფლიქტის თავიდან არიდება ან გადაჭრა დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით.
ხელის შემშლელი ფაქტორი: რომელიმე მხარე შეიძლება არ წავიდეს კომპრომისზე ან უარი განაცხადოს მოლაპარაკებებსა თუ შეთანხმებაზე. თანაც არც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ის არ დაირღვევა.
„დიპლომატია ყოველთვის არ ამართლებს. ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შეთანხმება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიიღწა, ახალი კონფლიქტების მიზეზი გახდეს“ (რეიმონდ ფ. სმიტი, ამერიკელი დიპლომატი).
რას ვიგებთ ბიბლიიდან: ადამიანები მშვიდობისკენ უნდა ისწრაფოდნენ (ფსალმუნი 34:14). თუმცა დღეს ბევრია ისეთი, ვისთანაც რთულია საერთო ენის გამონახვა. ისინი სიტყვას არ ასრულებენ და ადვილად ღალატობენ სხვებს (2 ტიმოთე 3:1–4). ამის გამო სუფთა მოტივების მქონე პოლიტიკოსებსაც კი უჭირთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება.
ᲒᲐᲜᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲐ
მიზანი: საბრძოლო იარაღის, განსაკუთრებით ბირთვული, ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღების შემცირება ან ლიკვიდაცია.
ხელის შემშლელი ფაქტორი: ხელისუფლებები უარს აცხადებენ განიარაღებაზე იმის შიშით, რომ დაუცველები აღმოჩნდებიან და ძალაუფლება ხელიდან გამოეცლებათ. თანაც განიარაღება ვერ აგვარებს ომის გამომწვევ ძირეულ პრობლემებს.
„ბევრმა მთავრობამ, რომლებმაც ცივი ომის დასასრულს განიარაღების ვალდებულება იკისრეს, არ შეასრულეს პირობა. მათ არ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები საერთაშორისო დაძაბულობისა და საფრთხეების შესამცირებლად, რაც მსოფლიოში უფრო უსაფრთხო და მშვიდი გარემოს წინაპირობა უნდა გამხდარიყო“ („უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა: განიარაღების პროგრამა“).
რას ვიგებთ ბიბლიიდან: ადამიანებმა უარი უნდა თქვან იარაღის ხელში აღებაზე და „მახვილებისგან სახნისები“ გამოჭედონ (ესაია 2:4). თუმცა ომებს წერტილი რომ დაესვას, მეტია საჭირო, რადგან ყველაფრის სათავე ადამიანის გულია (მათე 15:19).
ᲙᲝᲚᲔᲥᲢᲘᲣᲠᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
მიზანი: სახელმწიფოები დებენ შეთანხმებას, რომ ერთობლივად იმოქმედონ აგრესორის წინააღმდეგ. თეორიულად, აგრესორი თავს შეიკავებს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმისგან, თუ ეცოდინება, რომ ყველა ამ სახელმწიფოს უნდა შეებრძოლოს.
ხელის შემშლელი ფაქტორი: ერთობლივი საპასუხო იერიშის ალბათობა ყოველთვის ვერ აჩერებს აგრესორს. თანაც შეიძლება მოკავშირე ქვეყნებმა არ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება ან კიდევ ვერ შეთანხმდნენ, რა ნაბიჯები გადადგან და როდის.
„როგორც ერთა ლიგის წესდება, ისე გაეროს ქარტია კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).
რას ვიგებთ ბიბლიიდან: ფაქტია, რომ თანადგომამ შეიძლება უსაფრთხოებას შეუწყოს ხელი (ეკლესიასტე 4:12). თუმცა ხელისუფლებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციას არ შესწევს იმის ძალა, რომ ხანგრძლივი დროით დაამყარონ მშვიდობა და უსაფრთხოება. ფსალმუნის 146:3, 4-ში ნათქვამია: „იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა. ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას; იმ დღესვე ქრება მისი ფიქრები“.
მართალია, მთავრობებმა არაერთი ნაბიჯი გადადგეს მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ომები კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.