რა არის ღვთის განზრახვა?
ბევრი, რომელსაც ეჭვი ეპარება ყოვლისშემძლე, მოსიყვარულე ღვთის არსებობაში, კითხულობს: თუ ღმერთი არსებობს, რატომ დაუშვა ამდენი ტანჯვა-წამება და ბოროტება კაცობრიობის ისტორიის მანძილზე? რატომ უშვებს ასეთ სავალალო მდგომარეობას, რომელსაც დღეს ჩვენს გარშემო ვხედავთ? რატომ არ უღებს ბოლოს ომებს, დამნაშავეობას, უსამართლობას, სიღარიბესა და სხვა უბედურებებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება?
ზოგი ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, დედამიწაზე დაასახლა ადამიანები და თავიანთ ნებაზე მიუშვა. ამ მოსაზრებით ღმერთი არ უნდა დავადანაშაულოთ ტანჯვა-წამებასა და უბედურებაში, რომელიც თვითონ ადამიანმა დაიტეხა სიხარბისა და არასწორი ხელმძღვანელობის გამო.
მაგრამ სხვები უარყოფენ ამ თეორიას. მაგალითად, ფიზიკის პროფესორი კონიერზ ჰერინგი, რომელიც აღიარებს ღვთის არსებობას, ამბობს: „არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ღმერთმა დიდი ხნის წინათ აამუშავა უდიდესი საათი და მას შემდეგ, გულზე ხელებდაკრეფილი, უყურებს ჩიხში მოქცეული კაცობრიობის წვალებას. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არ მწამს ეს, ის არის, რომ მეცნიერული გამოცდილება არავითარ საფუძველს არ მაძლევს, დავიჯერო „საათის“ აბსოლუტური მოდელის არსებობა. ჩვენი მეცნიერული თეორიები. . . უფრო და უფრო გასრულყოფილდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყოველთვის არასრულყოფილი იქნება. ვფიქრობ, უფრო გონივრულია, გვწამდეს ცოცხალი ძალის, რომელიც ყოველთვის შესაძლებელს ხდის ამ გასრულყოფილებას“.
ღმერთს აქვს განზრახვა
თავდაპირველად ღმერთმა განიზრახა, რომ დედამიწა დასახლებულიყო სამართლიანი, სრულყოფილი ადამიანებით. წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი, ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45:18).
იმის ნაცვლად, რომ უშუალოდ შეექმნა თითოეული ადამიანი, დედამიწის დასასახლებლად ღმერთმა ადამიანს გამრავლების უნარი მისცა. ღვთის წინააღმდეგ ადამისა და ევას აჯანყებას მისი თავდაპირველი განზრახვისთვის ხელი არ შეუშლია, მაგრამ ამ ამბოხების შედეგად საჭირო გახდა ზოგი ცვლილების მოხდენა, რათა შესრულებულიყო ღვთის განზრახვა კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებით.
პირველი 6 000 წლის განმავლობაში ღმერთმა დაუშვა, რომ კაცობრიობას ღვთის უშუალო ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად ემართა საკუთარი თავი. ეს თვითონ ჩვენმა პირველმა მშობლებმა აირჩიეს (დაბადება 3:17–19; მეორე რჯული 32:4, 5). ღვთის ხელმძღვანელობისგან ასეთი დამოუკიდებლობა და ღვთის ნაცვლად ადამიანთა მმართველობა ცხადყობდა, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ნაბიჯების წარმართვა და სხვებზე წარმატებით მმართველობა.
რასაკვირველია, იეჰოვამ წინასწარ იცოდა შედეგი. მან შთააგონა ბიბლიის მწერლებს, რომ დაეწერათ ამის შესახებ. მაგალითად, წინასწარეტყველმა იერემიამ დაწერა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
ბრძენმა მეფე სოლომონმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმ სავალალო შედეგებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადამიანთა ბატონობის მცდელობას მოჰყვა. „ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა; და ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი ‘გულზე ხელებდაკრეფილი არ უყურებს ჩიხში მოქცეული კაცობრიობის წვალებას’. მას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, რომ ათასობით წლის განმავლობაში არ ჩარეულიყო უმრავლესობის ცხოვრებაში.
სასიკეთო მიზანს მოემსახურა
კაცობრიობის ისტორიის განვლილი 6 000 წელი შეიძლება დიდ დროდ გვეჩვენება, თუ მას ჩვენი სიცოცხლის საშუალო ასაკს ვადარებთ, რომელიც 100 წელზე ნაკლებია. მაგრამ ღვთის განრიგისა და დროის მსვლელობაზე მისი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს პერიოდი ექვსი დღის ტოლფასია, ანუ ერთ კვირაზე ნაკლები! მოციქულმა პეტრემ ახსნა: „ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე“ (2 პეტრე 3:8).
შემდეგ პეტრე პასუხობს მათ, ვინც ღმერთს გულგრილობასა და დაყოვნებაში ადანაშაულებს: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9).
ასე რომ, როდესაც გამოყოფილი წლები ამოიწურება, შემოქმედი სისრულეში მოიყვანს თავის განზრახვას ჩვენს შესანიშნავ პლანეტასთან დაკავშირებით. მან საკმაოდ დიდი დრო გამოუყო კაცობრიობას, რომ ეჩვენებინა ადამიანის უუნარობა ემმართველა ან შეეწყვიტა ომები, დამნაშავეობა, სიღარიბე, ავადმყოფობა და ტანჯვა-წვალების გამომწვევი სხვა მიზეზები. ეს აშკარად დაადასტურებს იმას, რაზეც ღმერთმა დასაწყისში მიუთითა ადამიანებს, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ღვთის ხელმძღვანელობას უნდა მიჰყოლოდნენ (დაბადება 2:15–17).
ბიბლიის წინასწარმეტყველების შესრულების მიხედვით, ამჟამად ამ უღვთო წუთისოფლის „უკანასკნელი დღეების“ ბოლო პერიოდში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1–5, 13; მათე 24:3–14). ღმერთი დიდხანს აღარ მოითმენს ადამიანთა დამოუკიდებელ მმართველობას, ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას (დანიელი 2:44). მალე თავს დაგვატყდება უდიდესი გასაჭირი, რომლის მსგავსიც წუთისოფელს ჯერ არ უნახავს, რაც კულმინაციას მიაღწევს არმაგედონში — ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის ომში დიდ დღეს’ (გამოცხადება 16:14, 16). ამ ომში ღმერთი არ გაანადგურებს თავის ქმნილებას — დედამიწას — მაგრამ ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18).
ღვთის ათასწლიანი სამეფო
არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე მილიონობით ადამიანი დარჩება (გამოცხადება 7:9–14). შესრულდება იგავნის 2:21, 22-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“.
ღვთის განზრახვაა, რომ არმაგედონს, სამართლიან ომს, მოჰყვეს განსაკუთრებული ათასწლიანი პერიოდი (გამოცხადება 20:1–3). ეს იქნება ღვთის ძის, ქრისტე იესოს, ღვთის ზეციერი სამეფოს მეფის ათასწლიანი მეფობის ხანა (მათე 6:10). ღვთის სამეფოს მმართველობისას, რომელიც სიხარულს მოუტანს მთელ კაცობრიობას, მრავალი მილიონი მიცვალებული აღდგება და არმაგედონში გადარჩენილ მილიონებს შეუერთდება (საქმეები 24:15). ისინი ერთად მიაღწევენ სრულყოფილებას და შემდეგ — ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს — დედამიწა საბოლოოდ აივსება სრულყოფილი ადამიანებით, ადამისა და ევას შთამომავლებით. ღვთის განზრახვა დიდებითა და წარმატებით შესრულდება.
დიახ, ღმერთი «მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილიც. . . რადგან წინანდელნი გარდახდნენ. თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“ » (გამოცხადება 21:4, 5). ღვთის ეს განზრახვა უსათუოდ განხორციელდება ახლო მომავალში (ესაია 14:24, 27).