თავი 22
ნაწილი 4 — მოწმეები დედამიწის კიდით კიდემდე
მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთი საქმიანობის ომის შემდგომ გაფართოებას გეგმავდნენ. 462—501 გვერდებზე მოთხრობილია 1945—1975 წლებში განვითარებული საინტერესო მოვლენების შესახებ. მოწმეები იზრდებოდნენ რიცხობრივად, სასიხარულო ცნობას უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში აუწყებდნენ და ღვთის სიტყვას უფრო საფუძვლიანად ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ, ვიდრე ოდესმე.
სამეფოს შესახებ ცნობამ ამა თუ იმ სახით ვესტინდოეთის კუნძულების უმეტესობამდე 1945 წლისთვის მიაღწია. მაგრამ საჭირო იყო, მოწმეებს უფრო საფუძვლიანად ექადაგათ. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები.
მისიონერები ინტენსიურ ქადაგებას იწყებენ ვესტინდოეთში
1960 წლისთვის მისიონერები უკვე ქადაგებდნენ კარიბის ზღვის 27 კუნძულსა და კუნძულთა ჯგუფებზე. მათ ჩასვლამდე ამ ტერიტორიის ნახევარზე იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები არ ტარდებოდა. მისიონერებმა დაიწყეს დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრების რეგულარულად ჩატარება. იქ, სადაც კრებები უკვე ტარდებოდა, ისინი ადგილობრივ მაუწყებლებს ბევრ რამეს ასწავლიდნენ. ამის წყალობით, კრების შეხვედრები უფრო ხარისხიანი გახდა, მსახურება კი — უფრო ეფექტური.
ტრინიდადში ბიბლიის მკვლევარები პირველი მსოფლიო ომის დროიდან ქადაგებდნენ, მაგრამ 1946 წელს მისიონერების ჩასვლის შემდეგ ბიბლიის შესწავლების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. იამაიკაზე სასიხარულო ცნობის ქადაგება პირველი მისიონერის ჩასვლამდე თითქმის ნახევარი საუკუნით ადრე დაიწყეს და იქ უკვე ათასი ადგილობრივი მოწმე იყო; მათ ძალიან გაუხარდათ, რომ ამ ძმის დახმარებით უფრო მეტ განათლებულ ადამიანთან შეძლებდნენ ქადაგებას, განსაკუთრებით დედაქალაქის შემოგარენში. მეორე მხრივ, კუნძულ არუბაზე ინგლისურენოვანი ტერიტორია კარგად იყო დამუშავებული, ამიტომ მისიონერებმა მთელი ყურადღება ადგილობრივებთან ქადაგებაზე გადაიტანეს, რათა სასიხარულო ცნობა ყველას მოესმინა.
სამეფოს შესახებ ცნობა დედამიწის ამ ნაწილში ყველა კუნძულზე რომ მოესმინათ, 1948 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 18-მეტრიანი იალქნიანი ნავი „სიბია“ მისიონერთა მოტივტივე სახლად იქცა. მათ სამეფოს შესახებ ცნობა უნდა ჩაეტანათ ვესტინდოეთის ყველა კუნძულზე, სადაც თითქმის არავინ ქადაგებდა. გემის კაპიტან გასტ მაკისთან ერთად იყვნენ სტენლი კარტერი, რონალდ პარკინი და ართურ უორსლი. მათ იქადაგეს ბაჰამის კუნძულების გარშემო პატარა კუნძულებზე და ქარპირა და ქარზურგა კუნძულების გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთით გაემგზავრნენ. რა შედეგი გამოიღო ამ მოგზაურობამ? სენ-მარტენის კუნძულზე ერთმა ბიზნესმენმა ძმებს უთხრა: „ადრე აქ ბიბლიაზე არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ თქვენი ჩამოსვლის შემდეგ ყველა ბიბლიაზე ალაპარაკდა“. მოგვიანებით „სიბია“ უფრო დიდი ნავით შეცვალეს, რომელსაც „სინათლე“ ერქვა. შეიცვალა მისი ეკიპაჟიც. ათი წლის მანძილზე მათ შეასრულეს დაკისრებული დავალება და საქმე უკვე კუნძულზე მცხოვრებმა მოწმეებმა განაგრძეს.
თავიდან ისინი დიდ ქალაქებში ქადაგებდნენ
ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ბევრ ადგილას, ისევე როგორც ვესტინდოეთში, მისიონერების ჩასვლამდე ბევრს უკვე ჰქონდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ზოგიერთი პუბლიკაცია. მაგრამ იმისთვის, რომ სასიხარულო ცნობა ყველას მოესმინა და გულწრფელი ადამიანები ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები გამხდარიყვნენ, საჭირო იყო ორგანიზაციული ცვლილებების მოხდენა.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, არგენტინასა და ბრაზილიაში ასობით იეჰოვას მოწმე იყო, მექსიკაში კი — დაახლოებით სამი ათასი; რამდენიმე პატარა კრება იყო ბრიტანეთის გვიანაში (ახლანდელი გაიანა), ნიდერლანდის გვიანაში (ახლანდელი სურინამი), პარაგვაიში, ურუგვაისა და ჩილეში; ძალიან ცოტა მაუწყებელი ქადაგებდა გვატემალაში, ვენესუელასა და კოლუმბიაში. მაგრამ ბოლივიაში, ეკვადორში, ნიკარაგუაში, სალვადორსა და ჰონდურასში მისიონერების ჩასვლამდე იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა რეგულარული არ იყო.
თავიდან მისიონერები ძირითადად ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებდნენ, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა იყო. აღსანიშნავია, რომ პირველ საუკუნეში მოციქული პავლე ყველაზე მეტად იმ ქალაქებში ქადაგებდა, რომლებიც მცირე აზიისა და საბერძნეთის მთავარ გზებთან იყო ახლოს. კორინთში, ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, პავლე წელიწად-ნახევრის მანძილზე ასწავლიდა ღვთის სიტყვას (საქ. 18:1—11). ეფესოში, რომელიც ძველი მსოფლიოს სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა, სამეფოს შესახებ ცნობას ის ორ წელიწადზე მეტხანს ქადაგებდა (საქ. 19:8—10; 20:31).
მსგავსად, როდესაც სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები ედვარდ მიჰალეკი და ჰაროლდ მორისი 1945 წელს ბოლივიაში ჩავიდნენ, ისინი ქადაგებისთვის ადგილს მათთვის სასურველი კლიმატის მიხედვით არ ირჩევდნენ. მათ ქადაგება თავიდან დედაქალაქ ლა-პასში დაიწყეს, რომელიც ანდებში ზღვის დონიდან დაახლოებით 3 700 მეტრზე მდებარეობს. ახალჩასულთათვის რთული იყო ციცაბო ქუჩებზე ასვლა და ხშირად გული ამოვარდნას ჰქონდათ. მაგრამ მისიონერები ბევრ ადამიანს შეხვდნენ, ვინც ბიბლიაში ჩაწერილი ცნობისადმი ინტერესი გამოავლინა. დედაქალაქში მათ ხშირად ეუბნებოდნენ: „მე კათოლიკე ვარ, მაგრამ მღვდლები არ მიყვარს“. სულ რაღაც ორ თვეში მისიონერები 41 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ.
მომდევნო ათი წლის მანძილზე იქ უფრო მეტი მისიონერი ჩავიდა და ადგილობრივი მოწმეების რიცხვი გაიზარდა. მათ თანდათანობით ბოლივიის სხვადასხვა ქალაქში — კოჩაბამბაში, ორუროში, სანტა-კრუსში, სუკრეში, პოტოსსა და ტარიხაში დაიწყეს ქადაგება. ამის შემდეგ მათ ყურადღება ბოლივიის შედარებით პატარა ქალაქებსა და სოფლებზე გადაიტანეს.
მისიონერებმა კოლუმბიაშიც მსგავსად გაუწიეს ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას. 1945 წელს მათ ჯერ დედაქალაქ ბოგოტაში იქადაგეს, მომდევნო წელს კი — სანაპირო ქალაქ ბარანკილიაში. ამის შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობას საფუძველი ჩაუყარეს კარტახენაში, სანტა-მარტაში, კალისა და მედელინში. უპირველესად დიდ ქალაქებში ქადაგება შესაძლებელს ხდიდა, რომ მოკლე დროში სასიხარულო ცნობა უფრო მეტ ადამიანს მოესმინა. მათი დახმარებით, ვინც ჭეშმარიტება მიიღო, სამეფოს ცნობა მიმდებარე ტერიტორიებზეც მალე გავრცელდებოდა.
თუ რომელიმე ქალაქში ხალხი დიდ ინტერესს არ ავლენდა, მისიონერები სხვა ადგილას მიდიოდნენ საქადაგებლად. ეკვადორში 1950-იანი წლების შუა პერიოდში კარლ დაკაუ სამი წელი ქადაგებდა რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ ქალაქ კუენკაში, სადაც არავის ეყო გაბედულება, რომ ჭეშმარიტების მხარეს დამდგარიყო. ამიტომ ის ქალაქ მაჩალაში გაგზავნეს, სადაც გულკეთილი და გონებაგახსნილი ხალხი ცხოვრობდა. მაგრამ დაახლოებით ათი წლის შემდეგ ქალაქ კუენკის მცხოვრებთ სასიხარულო ცნობის მოსმენის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ. იქ სიტუაცია შეიცვალა, დაბრკოლებები გადაილახა და 1992 წლისთვის კუენკასა და მის შემოგარენში 1 200-ზე მეტი იეჰოვას მოწმე იყო და 25 კრება ფუნქციონირებდა!
ცხვრისმაგვარი ადამიანების მოთმინებით ძებნა
ცხვრისმაგვარი ადამიანების მოსაძებნად დიდი მოთმინება იყო საჭირო. სურინამში მათი ძებნის დროს იეჰოვას მოწმეებმა უქადაგეს ამერიკელ ინდიელებს, ებრაელებს, ინდონეზიელებს, ლიბანელებს, ჩინელებსა და ჰოლანდიური დასახლებების მკვიდრთ. სასიხარულო ცნობა ასევე იქადაგეს ჯუნგლებში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ „ტყის ზანგებთან“, რომელთა წინაპრებიც გაქცეული მონები იყვნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჭეშმარიტება გულწრფელად სწყუროდათ. ზოგს ანიმიზმისა და სპირიტიზმის მიტოვება მოუწია. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ექიმბაში პაიტუ, რომელმაც მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება და თავისი კერპები, ამულეტები და წამლის ნაყენები მდინარეში გადაყარა (შეადარეთ კანონის 7:25; 18:9—14; საქმეების 19:19, 20). 1975 წელს მან ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას მიუძღვნა თავი.
პერუს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ანდებში მიმოფანტულ პატარა სოფლებში და მდინარე ამაზონის სათავესთან ჯუნგლებში. როგორ შეიძლებოდა მათთან სასიხარულო ცნობის მიტანა? 1971 წელს შეერთებული შტატებიდან იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი ჩავიდა პერუში თავიანთი შვილის ჯო ლეიდიხის მოსანახულებლად, რომელიც იქ მისიონერად მსახურობდა. როდესაც მათ დაინახეს მთის ფერდობებზე შეფენილი მრავალი სოფელი, სადაც ხალხს სულიერი დახმარება სჭირდებოდა, ისინი მოქმედებისკენ აღიძრნენ. მათ ჯოს ამ დაშორებულ ტერიტორიებზე საქადაგებლად უყიდეს ერთი საცხოვრებელი ფურგონი, შემდეგ — ორი ფურგონი, მოგვიანებით კი — მცირე ზომის მოტოციკლები.
მოწმეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ისე ჩანდა, რომ ბევრ ადგილას ბიბლიის ცნობისადმი ინტერესს ძალიან ცოტა ავლენდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას იგრძნობდა ექვსი ახალგაზრდა მისიონერი, რომლებმაც 1950-იანი წლების დასაწყისში მთელი წლის მანძილზე დაუღალავად იმსახურეს ბარკისიმეტოში (ვენესუელა), მაგრამ დიდ შედეგს ვერ მიაღწიეს. ხალხი კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ იმდენად ცრუმორწმუნე, რომ ბიბლიიდან ერთი მუხლის წაკითხვაც კი ცოდვად მიაჩნდათ. მათ კი, ვინც ინტერესს გამოავლენდა, ოჯახის წევრები და მეზობლები მოწმეებთან საუბრის ხალისს მალევე უკარგავდნენ (მათ. 13:19—21). მაგრამ მისიონერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბარკისიმეტოში აუცილებლად იქნებოდნენ ცხვრისმაგვარი ადამიანები და იეჰოვა თავის დროზე შეკრებდა მათ, ამიტომ არ წყვეტდნენ კარდაკარ ქადაგებას. როგორ გაახარა პენი გავეტი ერთი მოხუცი ქალის სიტყვებმა, რომელმაც მისი შეთავაზების მოსმენის შემდეგ უთხრა:
„სენიორიტა, ახალგაზრდობიდანვე მინდოდა, ჩემს კართან ვინმე მოსულიყო და აეხსნა ის, რაც ახლა თქვენ მითხარით. იცით, როცა პატარა ვიყავი, მღვდლის სახლს ვალაგებდი, რომელსაც ბიბლიოთეკაში ბიბლია ჰქონდა. ვიცოდი, რომ მისი წაკითხვა გვეკრძალებოდა, მაგრამ იმდენად მაინტერესებდა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ ერთხელაც, როცა არავინ მიყურებდა, ის სახლში წავიღე და ჩუმად წავიკითხე. წაკითხულიდან მივხვდი, რომ კათოლიკური ეკლესია ჭეშმარიტებას არ გვასწავლიდა და ის არც ჭეშმარიტი რელიგია იყო. მეშინოდა, ვინმესთვის რამე მეთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთხელაც ჩვენს ქალაქში ჭეშმარიტების მასწავლებლები ჩამოვიდოდნენ. როცა პროტესტანტები ჩამოვიდნენ, ვიფიქრე, რომ ისინი იქნებოდნენ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ისინი თითქმის იმავე სიცრუეს ასწავლიდნენ, რასაც კათოლიკური ეკლესია. ახლა კი თქვენ ზუსტად ის მითხარით, რაც მრავალი წლის წინ ბიბლიაში წავიკითხე“. ამ ქალმა სიხარულით დაიწყო ბიბლიის შესწავლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ასეთი ცხვრისმაგვარი ადამიანებისგან კრებები ჩამოეყალიბებინათ და მათთვის იეჰოვასადმი მსახურება ესწავლებინათ. მაგალითად, არგენტინაში როსენდო ოჰეიდა ქალაქ ხენერალ-სან-მარტინიდან (ჩაკოს პროვინცია) დაახლოებით 60 კილომეტრს გადიოდა, რომ დაინტერესებული ალეხანდრო სოსონიუკის სახლში შეხვედრა ჩაეტარებინა. ხშირად მას ათ საათს უწევდა სიარული; გზის ნაწილს ის ველოსიპედით გადიოდა, ნაწილს — ფეხით, ზოგჯერ კი მდინარე უნდა გადაეკვეთა, რომელიც თითქმის ყელამდე სწვდებოდა. ამ გზას ის ხუთი წლის მანძილზე გადიოდა თვეში ერთხელ და ერთი კვირით რჩებოდა იქ, რომ ექადაგა. ღირდა კი ეს ამდენ ძალისხმევად? მას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ღირდა, რადგან იქ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კრება, რომელიც სიხარულით განადიდებდა იეჰოვას.
განათლება, რომელიც აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრებას
მექსიკაში იეჰოვას მოწმეები თავიანთ მსახურებას იმ კანონების თანახმად ასრულებდნენ, რომლებიც კულტურული ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებდა. მოწმეების მიზანი მხოლოდ შეხვედრების ჩატარება არ იყო, სადაც მოხსენებებს წარმოთქვამდნენ. მათ სურდათ, რომ ადგილობრივები მოციქული პავლეს დროს მცხოვრები ბერეელების მსგავსნი ყოფილიყვნენ, რომლებიც „გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქ. 17:11). მექსიკაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ამისთვის ხშირად საჭირო იყო მათი დახმარება, ვისაც განათლება არ ჰქონდა, მაგრამ სურდა, პირადად წაეკითხა ღვთის შთაგონებული სიტყვა.
იეჰოვას მოწმეების მიერ ჩატარებული წერა-კითხვის შემსწავლელი კურსებით მექსიკაში ათიათასობით ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა. მექსიკის სახალხო განათლების სამინისტრომ დააფასა მოწმეების მიერ გაწეული შრომა. 1974 წელს ამ სამინისტროს სრულწლოვანთა განათლების განყოფილების დირექტორმა წერილი მისწერა იეჰოვას მოწმეების სამოქალაქო გაერთიანებას „ლა ტორე დელ ვიხია დე მეხიკოს“. ის წერდა: „ვსარგებლობ შემთხვევით და მთელი გულით გიხდით მადლობას . . . წლების მანძილზე ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ გაწეული ღირსეული შრომისთვის“.
ცოდნა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იძლევიან, არა მარტო მარადიულად ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებად გახდომაში ეხმარება ადამიანებს, არამედ დღესვე აუმჯობესებს მათ ოჯახურ ცხოვრებას. 1952 წელს ელ-სალტოს (დურანგოს შტატი) ერთმა მოსამართლემ, რომელმაც არაერთხელ ჩაატარა იეჰოვას მოწმეებისთვის საქორწინო ცერემონიალი, აღნიშნა: „თავი პატრიოტებად და კარგ მოქალაქეებად მოგვაქვს, მაგრამ უნდა გვრცხვენოდეს იეჰოვას მოწმეების წინაშე. ისინი სამაგალითონი არიან, რადგან არ დაუშვებენ, რომ თავიანთ ორგანიზაციაში ვინმე ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდეს სხვასთან. თქვენ კი, კათოლიკეებო, თითქმის ყველანი უზნეო ცხოვრებას ეწევით და რეგისტრაციაში არ ატარებთ თქვენს ქორწინებას!“.
ეს საგანმანათლებლო პროგრამა ეხმარება ხალხს, რომ სიძულვილისა და მკვლელობის ნაცვლად, მშვიდობიანად ცხოვრება და ერთმანეთის სიყვარული ისწავლონ. როდესაც ერთმა მოწმემ ვენადოში (გუანახუატოს შტატი) დაიწყო ქადაგება, დაინახა, რომ ადგილობრივები შეიარაღებულები იყვნენ თოფებითა და პისტოლეტებით. სისხლის აღების გამო მთელი ოჯახები იხოცებოდა. მაგრამ ბიბლიურმა ცოდნამ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. ბევრმა შაშხანები გაყიდა და ბიბლია იყიდა. მალე იმ მხარეში 150-ზე მეტი ადამიანი იეჰოვას მოწმე გახდა. გადატანითი მნიშვნელობით, მათ თავიანთი მახვილებისგან სახნისები გამოჭედეს და მშვიდობა ისწავლეს (მიქ. 4:3).
ბევრმა ღვთისმოშიშმა მექსიკელმა გულთან ახლოს მიიტანა ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ღვთის სიტყვიდან ასწავლიდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მექსიკაში სულ რამდენიმე ათასი მოწმე იყო, მაგრამ მალე მათმა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია, შემდეგ 20 000-ს, 40 000-ს, 80 000-ს და კიდევ უფრო მეტს. ასეთი ზრდა იმის წყალობით მოხდა, რომ მოწმეები ანახვებდნენ სხვებს, როგორ გამოეყენებინათ ღვთის სიტყვის რჩევები და სხვებისთვის ესწავლებინათ ისინი.
ერთად შეკრება სირთულეების დროს
იეჰოვას მოწმეების რიცხობრივი ზრდის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით მოწმეებს სულ უფრო დიდი სირთულეების დაძლევა უწევდათ კონგრესების ჩასატარებლად. 1950 წელს არგენტინაში მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა. თუმცა ღვთისადმი მორჩილების გამო მოწმეებს არ შეუწყვეტიათ არც ქადაგება და არც ერთად შეკრება. რთული მდგომარეობის მიუხედავად, კონგრესები მაინც ტარდებოდა.
მაგალითად, 1953 წლის ბოლოს ძმა ნორი და ძმა ჰენშელი არგენტინაში ჩავიდნენ, რათა მთელ ქვეყანაში დაგეგმილ კონგრესებზე მოხსენებებით გამოსულიყვნენ. ძმა ნორი არგენტინაში დასავლეთიდან შევიდა, ძმა ჰენშელმა კი თავისი ვიზიტი სამხრეთიდან დაიწყო. მათ მოინახულეს და-ძმები, რომლებიც იკრიბებოდნენ ფერმებში, ხეხილის ბაღებში, მთაში ნაკადულის პირას და საკუთარ სახლებში. ხშირად ძმებს ძალიან დიდი მანძილის გავლა უწევდათ ერთი ჯგუფიდან მეორემდე მისასვლელად. როგორც ძმა ნორს, ისე ძმა ჰენშელს, ბუენოს-აირესში პირველ დღეს ცხრა ადგილას მოუწიათ მოხსენებით გამოსვლა, მეორე დღეს კი — თერთმეტ სახლში. მთლიანობაში მათ 56 ჯგუფი მოინახულეს. დამსწრეთა რაოდენობამ 2 505 შეადგინა. ძმებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, მაგრამ უხაროდათ, რომ და-ძმებს ასეთი სახით ემსახურებოდნენ.
1955 წელს კოლუმბიაში ქალაქ ბარანკილიას დარბაზში კონგრესის ჩასატარებლად მოწმეებმა ხელშეკრულება გააფორმეს. მაგრამ ეპისკოპოსის ზეწოლით საქმეში გუბერნატორი და ქალაქის მერი ჩაერივნენ და ხელშეკრულება გააუქმეს. კონგრესამდე მხოლოდ ერთი დღე იყო დარჩენილი და ძმებმა მისი ჩატარება ორგანიზაციის ფილიალის ტერიტორიაზე გადაწყვიტეს. პირველ დღეს ნაშუადღევის პროგრამის დაწყებისთანავე კონგრესის ტერიტორიაზე შეიარაღებული პოლიცია შეიჭრა, რომელსაც კონგრესის ჩაშლის ბრძანება ჰქონდა მიღებული, მაგრამ დელეგატები არ დაიშალნენ. მეორე დღეს ძმები მერთან მივიდნენ, რომლის მდივანმაც მომხდარის გამო მოუბოდიშა მათ. კონგრესს, რომლის დევიზიც იყო „გამარჯვებული სამეფო“, ბოლო დღეს დაახლოებით 1 000 ადამიანი დაესწრო. მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ძმებმა აუცილებელი სულიერი საზრდო მაინც მიიღეს.
მსახურება იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა
ლათინურ ამერიკაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას, დასამუშავებელი ტერიტორია დიდი იყო, მქადაგებლები კი ცოტანი იყვნენ. 1957 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ კონგრესებზე მოწიფულ მოწმეებს, როგორც ცალკეულ მაუწყებლებს, ისე მთელ ოჯახებს, მოუწოდეს, დაფიქრებულიყვნენ ისეთ ტერიტორიებზე გადასვლაზე, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. ამის შემდეგ ეს მოწოდება სხვადასხვა სახით გაისმოდა. მსგავსი მოწოდება პირველ საუკუნეში პავლე მოციქულსაც ჰქონდა ღვთისგან; მან ხილვაში ნახა კაცი, რომელიც ეხვეწებოდა, „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“ (საქ. 16:9, 10). როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს დროში ამ მოწოდებას? იეჰოვას მსახურებმა მზადყოფნა გამოავლინეს (ფსალმ. 110:3).
ოჯახებს, რომელთაც პატარა ბავშვები ჰყავდათ, ძლიერი რწმენა სჭირდებოდათ, რომ მიეტოვებინათ მშობლიური მხარე, ნათესავები, სახლი, სამუშაო და სრულიად ახალ გარემოში გადასულიყვნენ. ზოგ შემთხვევაში მათ შეიძლება ახალი ენის შესწავლა ან ცხოვრების სხვა დონესთან შეგუება დასჭირვებოდათ. მიუხედავად ამისა, ამ მოწოდებას ათასობით ოჯახი თუ ცალკეული მოწმე გამოეხმაურა, რათა სხვებსაც დახმარებოდნენ იმის გაგებაში, რომ იეჰოვა სიყვარულით სთავაზობს ყველას მარადიულ სიცოცხლეს.
მოწმეების გარკვეული რაოდენობა მალევე გამოეხმაურა მოწოდებას და 1950-იანი წლების ბოლოს სხვა ტერიტორიებზე გადავიდა; სხვები 1960-იან წლებში მიჰყვნენ მათ მაგალითს, უფრო მეტმა მოწმემ კი ეს გადაწყვეტილება 1970-იან წლებში მიიღო. მოწმეები დღემდე გადადიან ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.
რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ისინი? ბევრი ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, კანადიდან და შეერთებული შტატებიდან იყო, ბევრიც — გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან; აგრეთვე იყვნენ ავსტრიიდან, ბელგიიდან, დანიიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, სამხრეთ კორეიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან. როდესაც არგენტინაში, ბრაზილიაში, მექსიკასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში იეჰოვას მოწმეების რიცხვი გაიზარდა, იქაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, ისეთ ქვეყნებში ემსახურათ, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. მსგავსად, აფრიკაშიც გულმოდგინე მსახურები ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდნენ დასახმარებლად.
რომელ ქვეყნებში გადავიდნენ ისინი? ავღანეთში, მალაიზიაში, სენეგალში და ისეთ კუნძულებზე, როგორიცაა რეიუნიონი და სენტ-ლუსია. დაახლოებით 1 000 მოწმე ირლანდიაში გადავიდა, სადაც მათ გარკვეული დროის მანძილზე იმსახურეს. მრავალი მოწმე ისლანდიაში გადავიდა და არ შეუშინდა მის გრძელ და ბნელ ზამთარს. ზოგი იქ საცხოვრებლად დარჩა, კრებისთვის საყრდენი გახდა და სიყვარულით ეხმარებოდა ახლებს. ჩასულებმა განსაკუთრებით ბევრი გააკეთეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. 1 000-ზე მეტი მოწმე კოლუმბიაში გადავიდა, 870-ზე მეტი — ეკვადორში და 110-ზე მეტი — სალვადორში.
გადასულებს შორის იყვნენ ანა და ჰაროლდ ციმერმანები. იქ ჩასვლამდე მათ უკვე ნამსახურები ჰქონდათ ეთიოპიაში მასწავლებელ-მისიონერებად. მაგრამ 1959 წელს, როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებდნენ, შეერთებული შტატებიდან კოლუმბიაში გადასულიყვნენ სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად, ოთხ შვილს ზრდიდნენ, რომელთა ასაკიც ხუთი თვიდან ხუთ წლამდე იყო. ჰაროლდი პირველი ჩავიდა კოლუმბიაში, რომ სამუშაო ეშოვა. ის შეაშფოთა ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, რადგან სამოქალაქო ომი იყო და მასობრივი მკვლელობები ხდებოდა. ის დარწმუნებული არ იყო, ღირდა თუ არა ასეთ პირობებში თავისი ოჯახის ჩაყვანა. ჰაროლდმა დაიწყო ბიბლიური მაგალითებისა და პრინციპების გახსენება, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა. მას გაახსენდა ბიბლიური მონაკვეთი მშიშარა მზვერავებზე, რომლებმაც ისრაელის ბანაკში აღთქმული მიწის შესახებ ცუდი ამბები მიიტანეს (რიცხ. 13:25—14:4, 11). ეს დაეხმარა მას გადაწყვეტილების მიღებაში; ჰაროლდს არ სურდა, მათი მსგავსი ყოფილიყო! მან დაუყოვნებლივ იზრუნა თავისი ოჯახის გადმოყვანაზე. მათ დანაზოგიდან მხოლოდ სამი დოლარიღა ჰქონდათ დარჩენილი, როცა ჰაროლდმა სამუშაოს შოვნა შეძლო, მაგრამ ყოველთვის ჰქონდათ აუცილებელი. ოჯახის შესანახად წლების მანძილზე მას სხვადასხვა სამუშაოს შესრულება უწევდა, მაგრამ სამეფოს ინტერესებს ის ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. როდესაც ისინი კოლუმბიაში ჩავიდნენ იქ დაახლოებით 1 400 მოწმე იყო. მოგვიანებით ისინი საოცარი ზრდის მომსწრენი გახდნენ!
მსახურება იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ყოველთვის სხვა ქვეყანაში გადასვლას არ გულისხმობს. ათასობით მოწმე, როგორც ინდივიდუალურად, ისე ოჯახებით, ქადაგების მიზნით თავიანთი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე გადავიდა. ბაიას შტატში (ბრაზილია) მცხოვრები ოჯახი გადავიდა ქალაქ პრადოში, სადაც არც ერთი მოწმე არ იყო. სამღვდელოების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი სამი წელი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ პრადოში და მის შემოგარენში. მოწმეებმა შეიძინეს მიტოვებული ეკლესია და სამეფო დარბაზად გადააკეთეს. მცირე დროში იქ ასზე მეტი აქტიური მოწმე მსახურობდა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო!
სულ უფრო და უფრო მეტი სამართლიანობის მოყვარული ლათინო-ამერიკელი ეხმაურება 148-ე ფსალმუნში ჩაწერილ სიტყვებს: „ადიდეთ იაჰი! . . . ადიდეთ იეჰოვა დედამიწიდან . . . ერებო!“ (მუხლები 1, 7—11). 1975 წლისთვის ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანაში განადიდებდნენ იეჰოვას. იმ წლის ანგარიშის თანახმად, მექსიკაში 80 481 ადამიანი მსახურობდა 2 998 კრებაში, ცენტრალურ ამერიკაში 24 703 მოწმე 462 კრებაში განადიდებდა იეჰოვას, როგორც მეფეს, სამხრეთ ამერიკაში კი — 206 457 მაუწყებელი 3 620 კრებაში.
ქადაგება წყნარი ოკეანის კუნძულებზე
სამხრეთ ამერიკაში მოწმეთა რიცხვის სწრაფად ზრდასთან ერთად მოწმეები წყნარი ოკეანის კუნძულებსაც აქცევდნენ ყურადღებას. ავსტრალიასა და ამერიკის კონტინენტებს შორის ასობით ასეთი კუნძულია მიმოფანტული და ბევრი მათგანი იმდენად პატარაა, რომ ოკეანის ზედაპირზე ძლივს ჩანს. ზოგ მათგანზე მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, სხვებზე — ათიათასობით. 1950-იანი წლების დასაწყისში საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ ადგილობრივი მთავრობის ცრურწმენის გამო არ შეეძლო ამ კუნძულებიდან უმეტესობაზე მისიონერების გაგზავნა. მაგრამ იქ მცხოვრებთაც უნდა მოესმინათ იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ, რითაც შესრულდებოდა ესაიას 42:10—12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა, ქება — დედამიწის კიდეებიდან . . . აქონ ის კუნძულებზე!“. 1951 წელს სიდნეიში (ავსტრალია) ჩატარებულ კონგრესზე ის პიონერები და სარაიონო ზედამხედველები, ვისაც სურვილი ჰქონდა, კუნძულებზე გაევრცელებინა სამეფოს ცნობა, ძმა ნორთან შეხვედრაზე მიიწვიეს. იმ დროს დაახლოებით 30-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ტროპიკულ კუნძულებზე ექადაგა.
მათ შორის იყვნენ ტომ და როვენა კიტოები, რომლებიც კონგრესის მერე მალევე გაემგზავრნენ პაპუაში, სადაც იმ დროს არც ერთი მოწმე არ იყო. მათ ქალაქ პორტ-მორზბიში ევროპელებთან დაიწყეს ქადაგება. მალევე ისინი ჰანუაბადაში, „დიდ სოფელში“, საღამოობით ხვდებოდნენ სულიერს მოწყურებულ 30—40-კაციან ადგილობრივ ჯგუფს. ისინი კი, თავის მხრივ, სხვა სოფლებში ქადაგებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კერემას ტომმა დელეგაცია გაუგზავნა ტომსა და როვენას და სთხოვა, რომ მათთან ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ. შემდეგ მათთან მივიდა სოფელ ჰაიმას ბელადი და სთხოვა: „გთხოვთ, მოდით და ასწავლეთ ჩემს ხალხს ჭეშმარიტება!“. ასე გავრცელდა იქ სასიხარულო ცნობა.
კიდევ ერთი წყვილი, ჯონ და ელენ ჰიუბლერები ახალ კალედონიაში გადავიდნენ, რათა სამქადაგებლო საქმიანობისთვის საფუძველი ჩაეყარათ. 1954 წელს, როდესაც იქ ჩავიდნენ, მხოლოდ ერთთვიანი ვიზა ჰქონდათ, მაგრამ ჯონმა მუშაობა დაიწყო და მათ ვიზა გაუგრძელეს. დროთა განმავლობაში მათ სხვა მოწმეებიც შეუერთდნენ — სულ 31 კაცი. თავიდან ყურადღება რომ არ მიექციათ, ისინი მოშორებულ რაიონებში ქადაგებდნენ, მოგვიანებით კი დედაქალაქ ნუმეაში დაიწყეს ქადაგება. ჩამოყალიბდა კრება. მაგრამ 1959 წელს მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა „კათოლიკური მოძრაობის“ წევრმა. იეჰოვას მოწმეებს აღარ უგრძელებდნენ ვიზას და ჰიუბლერებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციები აკრძალეს, თუმცა სამეფოს შესახებ ცნობას ფესვები ჰქონდა გადგმული და მოწმეების რიცხვი იზრდებოდა.
ტაიტიზე ძმების მოკლე ვიზიტების დროს, იეჰოვას მოწმეების საქმიანობისადმი ინტერესს ბევრი ავლენდა. მაგრამ 1957 წელს იქ არ იყო არც ერთი მოწმე, მათი საქმიანობა აკრძალული იყო და მისიონერებს ქვეყანაში არ უშვებდნენ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ტაიტის მოქალაქე აგნეს შენკი იეჰოვას მოწმე გახდა. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ტაიტიზე სამეფოს მაუწყებლები იყო საჭირო, აგნესი, მისი მეუღლე და ვაჟი 1958 წლის მაისში კალიფორნიიდან გემით გაემგზავრნენ იქ. მალევე მათ კიდევ ორი ოჯახი შეუერთდა, რომელთაც მხოლოდ სამთვიანი ტურისტული ვიზები მისცეს. მომდევნო წლისთვის პაპეეტეში ჩამოყალიბდა კრება და 1960 წელს მთავრობამ ოფიციალურად აღიარა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი გაერთიანება.
ორი მისიონერი და, რომლებიც თავისი მსახურების ადგილზე ბრუნდებოდნენ, საქადაგებლად კუნძულ ნიუეზე ნათესავთან გაჩერდა. იქ გატარებული ერთი თვე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა; სასიხარულო ცნობით ბევრი დაინტერესდა. მაგრამ მათ მეტხანს ვეღარ შეძლეს კუნძულზე დარჩენა და შემდეგივე გემით სხვა კუნძულზე გაემგზავრნენ. მალევე სერემაია რაიბიმ, რომელიც კუნძულ ფიჯიზე ცხოვრობდა, ნიუეს საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა და მთელ თავისუფალ დროს ქადაგებას უთმობდა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, სამღვდელოების ზეწოლის შედეგად ძმა რაიბის შეუწყვიტეს კუნძულზე ცხოვრების უფლება და 1961 წლის სექტემბერში საკანონმდებლო სხდომაზე გადაწყდა, რომ ქვეყანაში მეტად აღარ შეეშვათ იეჰოვას მოწმეები. მიუხედავად ამისა, სასიხარულო ცნობის ქადაგება არ შეჩერებულა, რადგან ადგილობრივი მოწმეები, გამოუცდელობის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ ქადაგებას. გარდა ამისა, ადგილობრივ მთავრობას უკვე თანხმობა ჰქონდა მიცემული სამსახურში უილიამ ლოუვინის მიღებაზე, რომელიც წარმოშობით ნიუედან იყო და ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა. რატომ უნდოდა მას ნიუეში დაბრუნება? იმიტომ რომ ის იეჰოვას მოწმე გახდა და უნდოდა იქ ემსახურა, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. 1964 წლისთვის კუნძულზე მოწმეების რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
1973 წელს ტონგას მოქალაქე დავიდ ვოლფგრამი მეუღლესა და რვა შვილთან ერთად ახალ ზელანდიაში კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობდა. მაგრამ მათ დატოვეს ყველაფერი და სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ტონგაზე გადავიდნენ. ისინი ენერგიულად შეუდგნენ საქმეს და იქადაგეს ტონგას კუნძულებზე, რომელთაგან დაახლოებით 30 კუნძულია დასახლებული.
კუნძულებზე საქადაგებლად საჭირო იყო ბევრი დრო, დიდი ძალისხმევა და სახსრები. მაგრამ იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ მოყვასის სიცოცხლეს და მზად არიან დასახმარებლად მსხვერპლი გაიღონ, რათა მათაც მიიღონ იეჰოვას დაპირებული მარადიული სიცოცხლე ახალ ქვეყნიერებაში.
ოჯახმა, რომელმაც ავსტრალიაში ფერმა გაყიდა და წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე გადავიდა, თავისი გრძნობები ასე გამოხატა: „როცა კუნძულელები ამბობენ, რომ იცნობენ იეჰოვას, როცა ჭეშმარიტების სიყვარულის გამო ჩვენს შვილებს საკუთარ შვილებად მიიჩნევენ, როცა ვხედავთ, როგორ მიიწევს წინ სამეფოს საქმე და შეხვედრებზე სულ უფრო მეტი ადამიანი მოდის, როცა ეს შესანიშნავი ადამიანები აღმოსავლური ქორწინების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მიუხედავად ამბობენ, რომ მათი შვილები მხოლოდ უფალში დაქორწინდებიან, როცა აწესრიგებენ თავიანთ ქორწინებას და მას კანონიერ სახეს აძლევენ . . . როცა ვხედავთ, რომ ბრინჯის მინდვრებში მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ისინი გულმოდგინედ სწავლობენ ბიბლიას და თან გზის პირას გაშვებულ საქონელს აქცევენ ყურადღებას, როცა გვესმის, როგორ საუბრობენ ისინი მაღაზიებსა და სხვა ადგილებში კერპთაყვანისმცემლობის სიცრუეზე და იეჰოვას სახელის სიწმინდეზე, როცა ინდიელი მოხუცი ქალი ძმას ან დას გიწოდებს და გთხოვს, რომ მასთან ერთად გახვიდე მსახურებაში და ხალხს ჭეშმარიტ ღმერთზე ესაუბრო . . . ეს ყველაფერი შეუფასებელი ჯილდოა იმისთვის, რომ ჩვენ მსახურებისთვის წყნარი ოკეანის სამხრეთით გადმოვედით“.
მაგრამ ყურადღება მხოლოდ წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებთ როდი მიექცათ. ფილიპინებიდან 1964 წლიდან დაიწყეს გამოცდილი პიონერების გაგზავნა გულმოდგინე მისიონერების დასახმარებლად ვიეტნამში, ინდონეზიაში, ლაოსში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და ჰონკონგში.
ოჯახისა და საზოგადოების წინააღმდეგობის პირისპირ
როცა ვინმე იეჰოვას მოწმე ხდება, მისი ოჯახის წევრები და გარშემო მცხოვრები ხალხი ყოველთვის არ თვლიან, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო (მათ. 10:34—36; 1 პეტ. 4:4).
მათგან უმეტესობა, ვინც თავიდან ჰონკონგში იეჰოვას მოწმე ხდებოდა, ახალგაზრდა იყო. ისინი დიდ ზეწოლას განიცდიდნენ საზოგადოებაში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვნად უმაღლესი განათლება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ითვლება. მშობლები შვილებს ერთგვარ „კაპიტალდაბანდებად“ ანუ უზრუნველი სიბერის გარანტიად მიიჩნევენ. როდესაც გვინ-დონგში ერთი ახალგაზრდის მშობლები მიხვდნენ, რომ ბიბლიის შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურება ხელს შეუშლიდა მათ შვილს ფულის შოვნაში, უფრო წინააღმდეგები გახდნენ. მამამისი ხორცის საჭრელი დანით გამოეკიდა, დედამისი კი ხალხში აფურთხებდა ხოლმე. რამდენიმე თვის მანძილზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთხელ მან მშობლებს ჰკითხა: „განა იმიტომ არ გამზარდეთ, რომ გიყვარდით?!“. მათ მიუგეს: „არა. იმიტომ გაგზარდეთ, რომ ჩვენთვის ფული მოგეტანა!“. მიუხედავად ამისა, ამ ახალგაზრდისთვის იეჰოვას თაყვანისცემა უმთავრესი იყო; თუმცა, როდესაც სახლიდან წავიდა, ის შეძლებისდაგვარად კვლავაც ზრუნავდა მშობლებზე ფინანსურად, რადგან იცოდა, რომ ამით იეჰოვას ასიამოვნებდა (მათ. 15:3—9; 19:19).
იქ, სადაც სამეზობლო კვანძები ძლიერია, წინააღმდეგობა მხოლოდ ოჯახისგან არ მომდინარეობს. ამის მაგალითია დასავლეთ სამოაში მცხოვრები ფუაიუპოლუ პელეს შემთხვევა. იქ წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ სამოელს უარი ეთქვა თავისი წინაპრების ტრადიციებსა და რელიგიაზე, ამიტომ პელემ იცოდა, რომ ამისთვის პასუხს მოსთხოვდნენ. ის გულმოდგინედ სწავლობდა ბიბლიას და მხურვალედ ლოცულობდა. ტომის უფროსმა ბელადმა მას შეხვედრა დაუთქვა ფალეისიუში. შეხვედრას უფროსი ბელადი უძღვებოდა და პელეს სხვა ექვს ბელადთან, სამ ორატორთან, ათ პასტორთან, ორ თეოლოგთან და ტომის სხვა ხანდაზმულ კაცებსა და ქალებთან მოუწია დაპირისპირება. ისინი წყევლიდნენ და განსჯიდნენ მას და მათი ტომის კიდევ ერთ წევრს, რომელიც იეჰოვას მოწმეების სწავლებებით იყო დაინტერესებული. გაიმართა ცხარე კამათი, რომელიც დილის ოთხ საათამდე გაგრძელდა. დამსწრეთაგან ზოგი ღიზიანდებოდა, რომ პელე ბიბლიას იყენებდა და ყვიროდნენ: „მოაშორე ეგ ბიბლია! თავი დაანებე მაგ ბიბლიას!“. ბოლოს უფროსმა ბელადმა ხმადაბლა თქვა: „შენ გაიმარჯვე, პელე“. პელემ მიუგო: „მაპატიეთ ბატონო, მაგრამ მე არ გამიმარჯვია. დღეს თქვენ სამეფოს შესახებ ცნობა მოისმინეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ უყურადღებოდ არ დატოვებთ მას“.
ძლიერი წინააღმდეგობა სამღვდელოების მხრიდან
წყნარი ოკეანის კუნძულებზე ქრისტიანული სამყაროს მისიონერები 1800-იან წლებში ჩავიდნენ. ზოგ ადგილას მათი ჩასვლა მშვიდობიანი იყო, ზოგან კი მათ ზურგს სამხედრო ძალები უმაგრებდნენ. ზოგ რეგიონში მათ ერთმანეთში გაიყვეს კუნძულები და დადეს „ჯენტლმენური შეთანხმება“. მაგრამ ხდებოდა რელიგური ომებიც, როცა კათოლიკეები და პროტესტანტები ერთმანეთს კუნძულებზე ძალაუფლების მოსაპოვებლად ებრძოდნენ. ეს რელიგიური „მწყემსები“, მღვდლები, ყველანაირად ცდილობდნენ, იეჰოვას მოწმეები არ შეეშვათ მიწაზე, რომელსაც თავიანთ საკუთრებად მიიჩნევდნენ. ზოგჯერ ისინი ზეწოლას ახდენდნენ მთავრობის წარმომადგენლებზე, რომ ამა თუ იმ კუნძულიდან გაეძევებინათ მოწმეები, ზოგჯერ კი საკუთარ თავზე იღებდნენ „სამართლის აღსრულებას“.
სოფელ ვუნაბალში (ახალი ბრიტანეთის კუნძული) სულკას ტომში ერთმა პატარა ჯგუფმა ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა. მაგრამ 1959 წლის ერთ კვირა დღეს, როდესაც ჯონ დეივისონი მათთან ბიბლიის შესწავლას ატარებდა, სახლში გაშმაგებული კათოლიკეების ბრბო შეიჭრა კატეხიზმოს მასწავლებლის მეთაურობით; ისინი ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ. შესწავლა ჩაიშალა. ეს ამბავი კოკოპოს პოლიციას შეატყობინეს.
დაინტერესებულების მიტოვების ნაცვლად, მოწმეები მომდევნო კვირას დაბრუნდნენ ვუნაბალში, რათა კვლავაც დახმარებოდნენ მათ სულიერად. იქ აგრეთვე თავისი ინიციატივით ჩავიდა კათოლიკე მღვდელი, რომელმაც სხვა ტომიდან ასობით კათოლიკე ჩაიყვანა. მღვდლის წაქეზებით მისი მრევლი ლანძღავდა, აფურთხებდა და მუშტებს უღერებდა მოწმეებს; მათ სოფლის მცხოვრებთ ბიბლიები დაუხიეს, მღვდელი კი გულხელდაკრეფილი უყურებდა ამ სანახაობას. გაოგნებული პოლიცია სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობდა. ბევრი ადგილობრივი შეშინებული იყო. მაგრამ მათ შორის გამოჩნდა ერთი გაბედული მამაკაცი, რომელმაც ჭეშმარიტების მხარე დაიკავა. დღეს ამ კუნძულზე ასობით ადამიანი მსგავს გაბედულებას ავლენს.
მაგრამ ყველა რელიგიური მოძღვარი არ იყო იეჰოვას მოწმეების მიმართ მტრულად განწყობილი. სოლომონის კუნძულებზე მცხოვრები შემ იროუფაალუ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა იმ ადამიანების წინაშე, ვინც მას რელიგიურ წინამძღოლად მიიჩნევდა. მას შემდეგ, რაც შემმა წაიკითხა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნი „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“, მიხვდა, რომ მწარედ იყო მოტყუებული. შემი და მის დაქვემდებარებაში მყოფი რელიგიური მოძღვრები უსმენდნენ მოწმეებს, უსვამდნენ კითხვებს და ბიბლიაში მუხლებს ამოწმებდნენ. შედეგად, მათ იეჰოვას მოწმეებად გახდომა მოისურვეს და 28 სოფლის ეკლესიები სამეფო დარბაზებად გადააკეთეს.
ჭეშმარიტების სწრაფი ზრდა აფრიკაში
1920-იანი წლების დასაწყისიდან ბევრი გაკეთდა, რომ ხალხს აფრიკის ყველა ნაწილში მისცემოდა შესაძლებლობა, გაეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა და ესარგებლათ იმ ყოველივეთი, რასაც ღმერთი სიყვარულით აკეთებს ადამიანებისთვის. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მოწმეები აქტიურად ქადაგებდნენ აფრიკის 14 ქვეყანაში. ამ კონტინენტის სხვა 14 ქვეყანაშიც იყო სამეფოს ცნობა ნაქადაგები, თუმცა 1945 წლისთვის ამ ქვეყნებიდან იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოდიოდა. მომდევნო 30 წლის მანძილზე სასიხარულო ცნობა მოწმეებმა აფრიკის კიდევ 19 ქვეყანაში იქადაგეს. თითქმის ყველა ამ ქვეყანაში, აგრეთვე ახლო-მახლო კუნძულებზე დაიწყო კრებების ჩამოყალიბება. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე კრება ჩამოყალიბდა, ზოგან, მაგალითად ზამბიაში — ათასზე მეტი, ნიგერიაში კი — თითქმის ორი ათასი. რამ განაპირობა ასეთი ზრდა?
სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება შეიძლება წყლის დონის მატებას შევადაროთ. წყალი ჯერ მდინარის კალაპოტში მიედინება, ხოლო როცა ადიდდება, შეიძლება ნაპირებიდან გადმოვიდეს; თუ მის გაჩერებას ჯებირით შეეცდებიან, ის გასასვლელს მაინც მოძებნის ან იქამდე ადიდდება, რომ ზემოდან გადმოხეთქავს.
იმ ქვეყნებში, სადაც ცოტა ან საერთოდ არ იყო ნაქადაგები, საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ნიშნავდა პიონერებს, სპეციალურ პიონერებს და მისიონერებს. ისინი ყველგან მოუწოდებდნენ ხალხს, რომ უსასყიდლოდ აეღოთ „სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 22:17). მაგალითად, 1952 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში საფრანგეთიდან ჩასული ოთხი სპეციალური პიონერის დახმარებით ეს მოწოდება ალჟირში მცხოვრებმა ხალხმაც გაიგო. მალე იქ ერთმა მკითხავმა ჭეშმარიტება მიიღო. ის მიხვდა, იეჰოვასთვის რომ ესიამოვნებინა, თავისი საქმიანობა უნდა მიეტოვებინა. ასეც მოიქცა და თავის ყოფილ კლიენტებთან ქადაგება დაიწყო (კან. 18:10—12). პიონერები ეფექტურად იყენებდნენ წიგნს „დაე, მართალი იყოს ღმერთი“, რათა გულწრფელ ადამიანებს დახმარებოდნენ ბიბლიის სწავლებებსა და რელიგიურ ტრადიციებს შორის არსებული განსხვავების დანახვაში. ამ წიგნმა იმდენად ბევრი ადამიანი გაათავისუფლა ცრურელიგიური წეს-ჩვეულებებისგან, რომ ერთმა მღვდელმა კათედრიდან დაანახვა ის თავის მრევლს და დასწყევლა ეს წიგნიც, მისი გამავრცელებლებიცა და მკითხველებიც.
1954 წელს ესპანეთიდან გააძევეს იეჰოვას მოწმე მისიონერი, რომელიც სამღვდელოების თანხმობის გარეშე ასწავლიდა ბიბლიას. მომდევნო წელს მან სხვა პიონერთან ერთად მაროკოში დაიწყო ქადაგება. მათ მალე შეუერთდა მოწმეების ხუთკაციანი ოჯახი, რომელიც ტუნისიდან იყო დეპორტირებული. ისინი იმიტომ გამოაძევეს, რომ მათი ქადაგების შედეგად ერთმა ებრაელმა წყვილმა იესო მესიად აღიარა და ახალი რწმენის შესახებ სხვებთან ქადაგება დაიწყო, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. 1962 წელს პიონერები განიდან უფრო სამხრეთით, მალიში გაგზავნეს. მოგვიანებით ფრანგ პიონერ ცოლ-ქმარსაც, რომლებიც ალჟირში მსახურობდნენ, სთხოვეს, მალიში გადასულიყვნენ დასახმარებლად. შედეგად, მათმა გარკვეულმა ნაწილმა, ვინც მალიში მოწმე გახდა, სრული დროით მსახურება დაიწყო. 1966 წელს ნიგერიიდან რვა სპეციალური პიონერი ნიგერში, მეჩხრად დასახლებულ ქვეყანაში დანიშნეს, რომელსაც საჰარის უდაბნოს ნაწილიც ეკუთვნის. ბურუნდიში მცხოვრებმა ხალხმა სასიხარულო ცნობა მაშინ მოისმინა, როდესაც იქ 1963 წელს ორი სპეციალური პიონერი გაგზავნეს ჩრდილოეთ როდეზიიდან (ახლანდელი ზამბია); ცოტა ხანში კი მათ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული ოთხი მისიონერიც შეუერთდა.
1950-იანი წლების დასაწყისში მისიონერები ეთიოპიაშიც მსახურობდნენ. ეთიოპიის მთავრობამ მათ მოსთხოვა, დაეფუძნებინათ მუდმივი მისია და გაეხსნათ საჯარო სკოლა. ისინი ასეც მოიქცნენ. ამასთანავე, ასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და მალე მისიონერთა სახლისკენ ადამიანები უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ. იქ ყოველდღე მიდიოდა ბიბლიის შესწავლით დაინტერესებული ახალ-ახალი ხალხი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 30 წლის მანძილზე სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები აფრიკის კონტინენტის 39 ქვეყანაში ეხმარებოდნენ ხალხს ჭეშმარიტების გაგებაში.
იმავე დროს ჭეშმარიტების წყალი სულიერად მკვდარ ტერიტორიებზეც აღწევდა იმ მოწმეების მეშვეობით, რომელთაც სამსახურის გამო სხვადასხვა ადამიანთან უწევდათ შეხვედრა. 1950 წელს იეჰოვას მოწმე წყვილს სამუშაოს გამო ეგვიპტიდან ლიბიაში მოუწია გადასვლა, სადაც თავისუფალ დროს მსახურებას უთმობდნენ. იმავე წელს შალით მოვაჭრე ერთი მოწმე ოჯახთან ერთად ეგვიპტიდან ხარტუმში (სუდანი) გადავიდა. მან ჩვევად გაიხადა, რომ მყიდველთან საქმის დაჭერამდე ექადაგა მისთვის. სენეგალში (იმ დროს ეკუთვნოდა საფრანგეთის დასავლეთ აფრიკას) ერთ-ერთი პირველი მოწმე, რომელიც კომერციული ფირმის წარმომადგენელი იყო, 1951 წელს ჩავიდა. ის დიდ პატივად თვლიდა უზენაესის მოწმედ ყოფნას. 1959 წელს ფორტ-ლამიში (ახლანდელი ნჯამენა), რომელიც მოგვიანებით ჩადის რესპუბლიკა გახდა, მუშაობის მიზნით ერთი მოწმე ჩავიდა. მან ეს შესაძლებლობა სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად გამოიყენა. ნიგერის მოსაზღვრე ქვეყნებში ცხოვრობდნენ ვაჭრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ისინი ნიგერიდან ჩასულ იმ ადამიანებთან ქადაგებდნენ, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ; თავად ნიგერში კი სპეციალური პიონერები 1966 წლიდან ქადაგებდნენ. ორმა მოწმემ, რომლებიც 1966 წელს ქმრების სამუშაოს გამო მავრიტანიაში გადავიდნენ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და იმ ტერიტორიაზე ქადაგება დაიწყეს.
ისინი, ვინც „სიცოცხლის წყალს“ ეწაფებოდნენ, სხვებსაც უზიარებდნენ მას. 1947 წელს ერთი მამაკაცი, რომელიც იეჰოვას მოწმეების რამდენიმე შეხვედრას დაესწრო, მაგრამ თავად არ იყო მოწმე, უბანგი-შარიში (კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) გადავიდა. როდესაც მან გაიგო, რომ ბანგიში ერთ კაცს ძალიან აინტერესებდა ბიბლია, დაუკავშირდა შვეიცარიაში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ოფისს და სთხოვა, მისთვის წიგნი გაეგზავნათ. ეთიენ ენკოუენკოუმ მიიღო წიგნი. ის ძალიან გახარებული იყო ამ წიგნიდან მიღებული სულიერი საზრდოთი და მას ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ჯგუფს ყოველკვირა უკითხავდა. ისინი დაუკავშირდნენ ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს. ცოდნის გაღრმავებასთან ერთად შემსწავლელთა ეს ჯგუფი მქადაგებელთა ჯგუფიც გახდა. თუმცა სამღვდელოების ზეწოლით მთავრობამ აკრძალა „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურა, ახალი მოწმეები ბიბლიით მაინც განაგრძობდნენ ქადაგებას. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს უყვარს ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობა, ამიტომ 1957 წელს, როცა ორგანიზაციის ზოგიერთ პუბლიკაციაზე აკრძალვა მოიხსნა, მოწმეების რიცხვი იქ უკვე 500-ზე მეტი იყო.
როცა დაბრკოლებები იჩენს თავს
როდესაც დაბრკოლებები ხელს უშლის სიცოცხლის წყლის დინებას, ის მალევე პოულობს სხვა გზებს. დაჰომეელ (ახლანდელი ბენინი) პიონერს, აიტი სესის საფრანგეთის ტოგოში (ახლანდელი ტოგო) მხოლოდ მცირე ხნით მოუწია ქადაგება, რადგან 1949 წელს მთავრობამ მას ქვეყანა დაატოვებინა. მაგრამ მომდევნო წელს ყოფილი მოკრივე აკაკპო აგბეტორი, რომელიც წარმოშობით ტოგოდან იყო, თავის ძმასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. რამდენადაც ეს მისი მშობლიური ქვეყანა იყო, ის თავისუფლად ქადაგებდა და შეხვედრებსაც ატარებდა. პიონერები, რომლებიც დაახლოებით 1950 წელს ფერნანდო-პოში (ამჟამად ეკუთვნის ეკვატორულ გვინეას) გაგზავნეს, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო ქვეყნიდან მალევე გააძევეს, თუმცა მოგვიანებით სამუშაო ხელშეკრულებების წყალობით სხვა მოწმეებმა იქ საცხოვრებლად დარჩენა მოახერხეს. ცხადია, ისინი იესოს მითითებას ემორჩილებოდნენ და ქადაგებდნენ (მარ. 13:10).
იმანუელ მამა, განელი სარაიონო ზედამხედველი, 1959 წელს რამდენიმე კვირით ზემო ვოლტაში (ახლანდელი ბურკინა-ფასო) გაგზავნეს, სადაც დედაქალაქ უაგადუგუში მას კარგად ქადაგების საშუალება მიეცა. მაგრამ ქვეყანაში არც ერთი მოწმე არ ცხოვრობდა. ოთხი წლის შემდეგ შვიდი მოწმე, რომლებიც წარმოშობით ტოგოდან, დაჰომეადან (ახლანდელი ბენინი) და კონგოდან იყვნენ, უაგადუგუში გადავიდნენ. მათ მოძებნეს სამუშაო, რათა იმ ტერიტორიაზე დარჩენა და ქადაგება შესძლებოდათ. რამდენიმე თვის შემდეგ მათ კიდევ რამდენიმე სპეციალური პიონერი შეუერთდა განიდან. მაგრამ წელიწადზე ნაკლები იყო გასული, როცა მთავრობამ სამღვდელოების ზეწოლით 1964 წელს მოწმეები 13 დღით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნიდან გააძევა. ფუჭი იყო მოწმეების შრომა? ამ ქვეყნის მოქალაქე ემანუელ ჯონსონმა გაიგო, სად შეიძლებოდა ბიბლიური ჭეშმარიტების პოვნა. მან განაგრძო მოწმეებთან შესწავლა ფოსტის მეშვეობით და 1969 წელს მოინათლა. ასე რომ, სამეფოს საქმემ ამ ქვეყანაშიც მოიკიდა ფეხი.
საფრანგეთის მთავრობამ სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულ მისიონერებს სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში (ახლანდელი კოტ-დ’ივუარი) გასამგზავრებლად ვიზები არ მისცა. ამიტომ 1950 წელს ოქროს ნაპირის (ახლანდელი განა) მცხოვრები ალფრედ შუტერი სპილოს ძვლის ნაპირის დედაქალაქში პიონერად დანიშნეს. დაბინავების შემდეგ, მას მეუღლეც შეუერთდა; რამდენიმე თვის მერე კი იქ მისიონერი წყვილი გეიბრიელ და ფლორენს პატერსონებიც ჩავიდნენ. მალე პრობლემებმა იჩინა თავი. ერთ დღეს მათი ლიტერატურა დააკავეს, რადგან მთავრობას მათზე ნებართვა არ ჰქონდა გაცემული, ძმები კი დააჯარიმეს. მოგვიანებით ძმებმა ნახეს, რომ ეს ჩამორთმეული წიგნები ბაზარში იყიდებოდა. მათ იყიდეს ისინი და დაიწყეს მათი გამოყენება.
ამასობაში ეს ძმები უვადო ვიზების მისაღებად მთავრობის სხვადასხვა ოფისში დადიოდნენ. მისტერ უფუე-ბუანიმ, რომელიც მოგვიანებით სპილოს ძვლის ნაპირის პრეზიდენტი გახდა, ძმებს დახმარება შესთავაზა. მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას ვერაფერი შეაჩერებს. ის ძლიერ მდინარეს ჰგავს; გზაზე კაშხალიც რომ გადაეღობოს, ადიდდება და ზემოდან გადმოვა“. როდესაც ერთი კათოლიკე მღვდელი და მეთოდისტი მსახური შეეცადნენ, მოწმეებისთვის ვიზების მიღებაში ხელი შეეშალათ, სახელმწიფო მოხელემ, უესან კულიბალიმ უთხრა მათ: „მე ამ ქვეყნის ხალხის წარმომადგენელი ვარ. ჩვენს ხალხს მოსწონს იეჰოვას მოწმეები და გვინდა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ“.
მოწაფეები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტება
როდესაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან, მან ისიც უთხრა, რომ უნდა მოენათლათ ყველა, ვინც ქრისტეს სწავლებებს ირწმუნებდა და ცხოვრებაში გამოიყენებდა (მათ. 28:19, 20). ამ მითითების თანახმად, იეჰოვას მოწმეების ყოველწლიურ კონგრესებზე ახალი მოწაფეები ინათლებიან. ზოგჯერ კონგრესზე მონათლულთა რიცხვი შეიძლება ძალიან ცოტა იყოს. თუმცა 1970 წელს ნიგერიაში ჩატარებულ კონგრესზე 3 775 ადამიანი მოინათლა. მაგრამ მთავარი მაღალი მაჩვენებლები არ არის.
1956 წელს ნათელი გახდა, რომ ზოგიერთს, ვინც ოქროს ნაპირის ტერიტორიაზე მოინათლა, რწმენა სწორ სწავლებებზე არ ჰქონდა დაფუძნებული. ამიტომ ნათლობის მსურველებთან გასაუბრება დაიწყეს, რაზეც პასუხისმგებლობა დაეკისრათ ადგილობრივი კრებების ზედამხედველებს. ისინი პირადად უნდა დალაპარაკებოდნენ ნათლობის თითოეულ მსურველს, გაეგოთ, რამდენად კარგად ესმოდა ძირითადი ბიბლიური სწავლებები, ცხოვრობდა თუ არა ბიბლიის ნორმების თანახმად და ესმოდა თუ არა ის ვალდებულებები, რომლებიც მას, როგორც მიძღვნილ და მონათლულ იეჰოვას მოწმეს დაეკისრებოდა. დროთა განმავლობაში ამ მეთოდის გამოყენება მთელ მსოფლიოში დაიწყეს. 1967 წელს ორგანიზაციამ გამოსცა წიგნი „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის“. მასში მოცემული იყო ბიბლიის ძირითად სწავლებებთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც ნათლობის მსურველებთან უნდა განეხილათ. წლების შემდეგ ამ კითხვების გადამუშავებული ვარიანტი გამოიცა 1983 წელს დაბეჭდილ წიგნში „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურებისთვის“.
მაგრამ ითვალისწინებდნენ მათ მდგომარეობას, ვინც მხოლოდ წერა-კითხვა იცოდა ან საერთოდ არ ჰქონდა განათლება მიღებული?
მოწმეები ხალხს წერა-კითხვას ასწავლიან
1957 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გამოთვლით მსოფლიოს მოსახლეობის 44-მა პროცენტმა (15 წლიდან ზევით) არ იცოდა წერა-კითხვა. მონაცემების თანახმად, აფრიკის კონტინენტის 42 ქვეყანაში, ამერიკის კონტინენტის 2 ქვეყანაში, აზიის 28 ქვეყანასა და ოკეანეთის 4 ქვეყანაში სრულწლოვანი მოსახლეობის 75 პროცენტს წერა-კითხვა არ შეეძლო. თუმცა მათაც უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა, რომ ესწავლათ ღვთის კანონები, რათა ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. ბევრს, ვინც კითხვა არ იცოდა, მახვილი გონება ჰქონდა და მოსმენილს ადვილად იმახსოვრებდა, თუმცა მათ არ შეეძლოთ ღვთის სიტყვისა და მის შესწავლაში დამხმარე ლიტერატურის პირადად წაკითხვა.
მრავალი წლის მანძილზე მოწმეები პირადად ეხმარებოდნენ მათ, ვისაც წერა-კითხვის შესწავლა სურდა; 1949—1950 წლებში კი აფრიკის ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებმა კრებებში წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები ჩამოაყალიბეს. გაკვეთილები სამეფო დარბაზში ტარდებოდა და ზოგან მათზე დასასწრებად მთელ სოფელს ეპატიჟებოდნენ.
იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობა აფინანსებდა საგანმანათლებლო პროგრამას, იეჰოვას მოწმეები სიხარულით ავლენდნენ თანამშრომლობის სულს. თუმცა ბევრ ქვეყანაში მოწმეებს თავად მოუწიათ სასწავლო პროგრამის შედგენა. ამ კურსების წყალობით ათიათასობით ადამიანმა, მათ შორის ათასობით ქალმა და ხანდაზმულმა, ისწავლა წერა-კითხვა. კურსი ისე იყო შედგენილი, რომ ისინი არა მარტო წერა-კითხვას ისწავლიდნენ, არამედ ღვთის სიტყვის ძირითად სწავლებებსაც გაეცნობოდნენ. ეს დაეხმარებოდა მათ, რომ მონაწილეობა მიეღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში, რომელიც იესოსგან ჰქონდათ დავალებული. ამ საქმის ეფექტურად შესრულების სურვილმა ბევრი აღძრა, გულმოდგინედ ესწავლა წერა-კითხვა.
დასავლეთ აფრიკაში, დაჰომეაში (ახლანდელი ბენინი) ერთმა მობინადრემ არ მოუსმინა მოწმეს, რომელმაც კითხვა არ იცოდა. მოწმემ გადაწყვიტა, ესწავლა წერა-კითხვა. ის არა მარტო ესწრებოდა კურსებს, არამედ დამოუკიდებლადაც გულმოდგინედ მეცადინეობდა. ექვსი კვირის შემდეგ მან კვლავ მიაკითხა მობინადრეს; ის კაცი გაოგნებული უსმენდა, როგორ კითხულობდა არც ისე დიდი ხნის წინ წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი ღვთის სიტყვას და დაინტერესდა იმით, რასაც მოწმე ასწავლიდა. ზოგიერთი, ვინც ამ კურსებზე წერა-კითხვა ისწავლა, მოგვიანებით მიმომსვლელი ზედამხედველიც კი გახდა და არაერთ კრებას ასწავლიდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ეზეკიელ ოვბიაგელე ნიგერიიდან.
სწავლება ფილმებისა და სლაიდების მეშვეობით
ბიბლიით დაინტერესებული ადამიანებისთვის იეჰოვას ხილული ორგანიზაციის მასშტაბების დასანახვებლად 1954 წელს გამოიცა სპეციალური ვიდეოფილმი სათაურით „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“, რომელმაც აგრეთვე ხალხში გავრცელებული ცრურწმენა დაამსხვრია.
ქვეყანაში, რომელსაც დღეს ზამბია ეწოდება, ფილმის საჩვენებლად ხშირად პორტატიულ გენერატორს იყენებდნენ. ეკრანის მოვალეობას ორ ხეს შორის გაჭიმული თეთრი ტილო ასრულებდა. ბაროცეს პროვინციაში ფილმი ნახა ტომის წინამძღოლმა თავის ოჯახთან ერთად და სურვილი გამოთქვა, რომ ის მოსახლეობისთვისაც ეჩვენებინათ. ასე რომ, მომდევნო საღამოს ეს ფილმი 2 500-მა ადამიანმა ნახა. ზამბიაში 17 წლის მანძილზე ამ ფილმს მთლიანობაში მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. ფილმი ყველას მოეწონა. მეზობელი ტანგანიიკიდან (ამჟამად ეკუთვნის ტანზანიას) ძმებს შეატყობინეს, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ისმოდა მაყურებლის ხმამაღალი შეძახილები: „ენდაკა, ენდაკა!“ (გმადლობთ, გმადლობთ!).
ფილმს „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“ მოჰყვა შემდეგი ფილმები: „ახალი ქვეყნიერების ბედნიერი საზოგადოება“, «„მარადიული სასიხარულო ცნობის“ გაცხადება მთელ მსოფლიოში», „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ და „მემკვიდრეობა“. აგრეთვე გამოვიდა დიაფილმები კომენტარებით, რომლებიც ხაზს უსვამდა ჩვენს დღეებში ბიბლიის პრაქტიკულობას, ქრისტიანული სამყაროს ცრუ სწავლებებსა და მათ წარმართულ დასაბამს, ასევე ბიბლიის წინასწარმეტყველებების შუქში დანახულ მსოფლიო მოვლენების მნიშვნელობას; აგრეთვე დიაფილმებში ნაჩვენები იყო იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო მთავარ სამმართველოში ვიზიტი, შთამბეჭდავი კონგრესები, რომლებიც იმ ქვეყნებში ჩატარდა, სადაც მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, და იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია. ეს ყველაფერი ხალხს იმის დანახვაში დაეხმარა, რომ იეჰოვას ნამდვილად ჰყავს დედამიწაზე ხალხი და რომ ბიბლია ღვთის შთაგონებული სიტყვაა.
ნამდვილი ცხვრების ამოცნობა
ზოგ ქვეყანაში, ისინი, ვისაც „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე პუბლიკაცია ჰქონდა, საკუთარ თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებდნენ და სახელწოდება „საგუშაგო კოშკს“ იყენებდნენ. მაგრამ შეიცვალეს მათ მრწამსი და ცხოვრების წესი ბიბლიის ნორმების თანახმად? დაამტკიცებდნენ ისინი აუცილებელი მითითებების მიღების დროს, რომ ცხვრისმაგვარი ადამიანები იყვნენ, რომლებიც თავიანთი ბატონის, იესო ქრისტეს ხმას უსმენდნენ? (იოან. 10:4, 5).
1954 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალმა გასაოცარი წერილი მიიღო აფრიკელთა ჯგუფისგან ბაია-დოს-ტიგრედან, ანგოლის სამხრეთით მდებარე სადამსჯელო კოლონიიდან. წერილის ავტორი, ჟუან მანკოკა იტყობინებოდა: „ანგოლაში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი 1 000 კაცს ითვლის. მათ სათავეში უდგას სემან გონსალვიშ ტოკო“. ვინ იყო ტოკო? ნამდვილად იეჰოვას მოწმეები იყვნენ მისი მიმდევრები?
ორგანიზაციამ ანგოლაში გაგზავნა მისიონერი ჯონ კუკი, რომელიც პორტუგალიურად ლაპარაკობდა. კოლონიის ზედამხედველთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ძმა კუკმა უფლება მიიღო, რომ მანკოკა მოენახულებინა. მან გაიგო, რომ 1940-იან წლებში, როცა ტოკოს ბელგიის კონგოში (ახლანდელი ზაირი) ბაპტისტურ მისიასთან ურთიერთობა ჰქონდა, ხელში ჩაუვარდა „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ზოგიერთი პუბლიკაცია და იქ წაკითხული თავის მეგობრებს გაუზიარა. მაგრამ მოგვიანებით ეს ჯგუფი სპირიტიზმის მიმდევრების გავლენაში მოექცა და დროთა განმავლობაში ტოკომ საერთოდ შეწყვიტა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურისა და ბიბლიის გამოყენება. ის ხელმძღვანელობას მედიუმებთან ეძებდა. მთავრობამ მისი მიმდევრები ანგოლაში გადაასახლა, შემდეგ კი ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ.
მანკოკა, რომელიც ადრე ტოკოს ერთ-ერთი თანამოაზრე იყო, ცდილობდა, სხვები დაერწმუნებინა, რომ უარი ეთქვათ სპირიტიზმზე და ბიბლიით ეხელმძღვანელათ. ტოკოს ზოგ მიმდევარს ეს არ მოსწონდა, ამიტომ პორტუგალიის მთავრობის წარმომადგენლებთან მანკოკას ცრუ ბრალდებები წაუყენეს. შედეგად, მანკოკა და ისინი, ვინც მის შეხედულებებს იზიარებდნენ, სადამსჯელო კოლონიაში გადაიყვანეს. იქიდან ის დაუკავშირდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ და მიიღო უფრო მეტი ბიბლიური ლიტერატურა. მანკოკა იყო თავმდაბალი, სულიერად მოაზროვნე ადამიანი; ის ცდილობდა, მჭიდროდ ეთანამშრომლა ორგანიზაციასთან, რომლის მეშვეობითაც ჭეშმარიტება გაიგო. მას შემდეგ, რაც ძმა კუკმა ამ ჯგუფთან ბიბლიურ თემებზე მრავალი საათი ისაუბრა, ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩენია, რომ ჟუან მანკოკა ნამდვილად უფლის ცხვარი იყო. ძმა მანკოკა ამას ურთულეს სიტუაციებში მრავალი წლის მანძილზე ადასტურებდა.
საუბარი შედგა აგრეთვე ტოკოსა და მის ზოგიერთ მიმდევართან. მაგრამ რამდენიმე კაცის გარდა, არავინ ავლენდა ქრისტეს ცხვრებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ამგვარად, იმ დროს ანგოლაში 1 000 კი არა, სულ რაღაც 25 მოწმე იყო.
ამასობაში ბელგიის კონგოშიც (ახლანდელი ზაირი) მოხდა გაუგებრობა, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ცხვარი. იქ არსებობდა რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც კიტავალას სახელით იყო ცნობილი და ზოგჯერ „საგუშაგო კოშკის“ სახელს იყენებდა. ამ მიმდინარეობის ზოგიერთი წევრის სახლში იპოვეს იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციები, რომლებიც მათ ფოსტით მიიღეს. მაგრამ კიტავალას მიმდევრების შეხედულებებსა და ცხოვრების წესს (მათ შორის რასიზმს, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და რელიგიის სახელით ჩადენილ აშკარა სექსუალურ უზნეობას) არავითარი საერთო არ ჰქონდა იეჰოვას მოწმეების სწავლებებთან. მიუხედავად ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იყო მცდელობა, რომ იეჰოვას მოწმეთა საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ კიტავალასთან გაეიგივებინათ.
იეჰოვას მოწმეები არაერთხელ შეეცადნენ გამოცდილი ძმების გაგზავნას ბელგიის კონგოში, მაგრამ ბელგიის მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. კათოლიკეებსა და პროტესტანტებს ძალიან უხაროდათ ეს. 1949 წლიდან ბელგიის კონგოში მკაცრ რეპრესიებს მიმართავდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურის დახმარებით ბიბლიის შესწავლას ცდილობდა. თუმცა ერთმა ერთგულმა ადგილობრივმა მოწმემ თქვა: „ჩვენ აფრიკული სიმინდის ტომარასავით ვართ. სადაც არ უნდა წაგვიყვანონ, გზად ერთი მეორის მიყოლებით ჩაითესება სიტყვა და როცა წვიმა მოვა, გაფანტული თესლი ყველგან აღმოცენდება“. სირთულეების მიუხედავად, ეს ასეც მოხდა. 1949—1960 წლებში მოწმეების რიცხვი იქ 48-დან 1 528-მდე გაიზარდა.
დროთა განმავლობაში მთავრობა მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეებს საერთო არაფერი ჰქონდათ კიტავალასთან. მას შემდეგ, რაც მოწმეებს ერთად შეკრების გარკვეული თავისუფლება მისცეს, მთავრობის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავდნენ მათი კარგი ქცევისა და კანონმორჩილების შესახებ. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დამოუკიდებლობის მღელვარე დემონსტრაციები იმართებოდა, ხალხმა იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეები მათში არ მონაწილეობდნენ. ბოლოს, 1961 წელს გამოცდილმა ბელგიელმა ძმამ ერნესტ ჰოისე უმცროსმა, როგორც იქნა, შეძლო ბელგიის კონგოში შესვლა. დაუღალავი მცდელობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ ძმებს დახმარებოდნენ, კრების საქმიანობა და თავიანთი ცხოვრება უფრო მეტად შეესაბამებინათ ღვთის სიტყვისთვის. მათ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ესწავლათ და ეს დიდ მოთმინებას მოითხოვდა.
ქვეყნის ზოგიერთი ნაწილიდან კიტავალას მომხრეებმა მოწმეების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მათ თავიანთი ხალხის გრძელი სია გაუგზავნეს, რომელთაც იეჰოვას მოწმედ გახდომის სურვილი ჰქონდათ. ძმა ჰოისე გონივრულად მოიქცა და ამ რაიონებში გამოცდილი მოწმეები გაგზავნა, რათა გაერკვიათ, ვინ იყო ეს ხალხი. ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე მოენათლათ ეს დიდი ჯგუფები, ძმები ყველას ცალ-ცალკე უტარებდნენ ბიბლიის შესწავლას.
დროთა განმავლობაში გამოჩნდა, ვინ იყო ნამდვილი ცხვარი, ვინც იესო ქრისტეს თავის მწყემსად აღიარებდა. ისინი ბევრნი იყვნენ და, თავის მხრივ, სხვებს ასწავლიდნენ. წლების მანძილზე მათთან სხვა ქვეყნებიდან ბევრი მისიონერი ჩადიოდა. ისინი თანამშრომლობდნენ ადგილობრივ ძმებთან, ეხმარებოდნენ მათ ღვთის სიტყვიდან საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში და საჭირო დასწავლებას აძლევდნენ. 1975 წლისთვის ზაირში უკვე 17 477 იეჰოვას მოწმე იყო, რომლებიც 526 კრებაში მსახურობდნენ. ისინი აქტიურად ქადაგებდნენ და სხვებს ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ.
ფეტიშიზმისგან თავის დაღწევა
ნიგერიის დასავლეთით მდებარეობს ქვეყანა ბენინი (ყოფილი დაჰომეა), რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 50 ენასა და დიალექტზე მოლაპარაკე 60 ეთნიკური ჯგუფისგან შედგება. ისევე როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებში, აქაც ტრადიციული რელიგია ანიმიზმია და მასთან ერთად გავრცელებულია წინაპრების თაყვანისცემა. ასეთი რელიგიური გარემო ადამიანთა ცხოვრებას ცრურწმენითა და შიშით ავსებს. ანიმიზმის მიმდევარია ბევრი ეგრეთ წოდებული ქრისტიანიც.
1920-იანი წლების ბოლოდან 1940-იან წლებამდე ნიგერიელმა იეჰოვას მოწმეებმა დროდადრო ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებით დაჰომეაში ჭეშმარიტების უამრავი მარცვალი ჩათესეს. ამ მარცვლებიდან ბევრს ნაყოფის გამოსაღებად მხოლოდ ცოტაოდენი წყალი სჭირდებოდა. ასეთი დახმარება მათ 1948 წელს აღმოუჩინა ნოურუ აკიტოუნდემ, რომელიც ნიგერიიდან სამშობლოში დაბრუნდა, რათა პიონერად ემსახურა. სულ რაღაც ოთხ თვეში ჭეშმარიტების ცნობას 300 ადამიანი გამოეხმაურა და მასთან ერთად დაიწყო ქადაგება. ამ გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოწმეების ასეთმა გააქტიურებამ შეაშფოთა არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება, არამედ ანიმისტებიც. როდესაც პორტო-ნოვოში ფეტიშისტ ქალთა ტაძრის მდივანმა ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინა, მათმა ქურუმმა განაცხადა, რომ მდივანი შვიდ დღეში მოკვდებოდა. მაგრამ ამ ქალმა მტკიცედ თქვა: „თუკი ფეტიშმა შექმნა იეჰოვა, მაშინ მოვკვდები; მაგრამ თუ იეჰოვაა უზენაესი ღმერთი, ის დაამარცხებს ფეტიშს“ (შეადარეთ კანონის 4:35; იოანეს 17:3). თავისი წინასწარმეტყველება რომ გამართლებულიყო, ქურუმმა მეექვსე ღამეს ყველანაირ ჯადოქრობას მიმართა და შემდეგ განაცხადა, რომ ქალთა ტაძრის ყოფილი მდივანი უკვე მკვდარი იყო. თუმცა ფეტიშისტებს მომდევნო დღეს თავზარი დაეცათ, როცა ყოფილი მდივანი კოტონუში საღ-სალამათი ნახეს მაღაზიაში. მოგვიანებით ერთმა ძმამ დაიქირავა მანქანა და ეს ქალი პორტო-ნოვოს ქუჩებში გაატარა, რათა ყველას საკუთარი თვალით ენახა, რომ ის ცოცხალი იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ფეტიშის ბევრი მიმდევარი ჭეშმარიტების მხარეს დადგა (შეადარეთ იერემიას 10:5).
მალე, რელიგიური წინამძღოლების ინტენსიური ზეწოლის შედეგად, დაჰომეაში „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურა აკრძალეს. მაგრამ მოწმეები იეჰოვასადმი მორჩილები დარჩნენ და ხშირად მხოლოდ ბიბლიით ქადაგებდნენ. ზოგჯერ ისინი კარდაკარ დადიოდნენ როგორც ვაჭრები და თან სხვადასხვა სახის გასაყიდი საქონელი დაჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ კარგი საუბარი გაიმართებოდა, ისინი ყურადღებას ბიბლიაზე გადაიტანდნენ და ზოგჯერ მათ ძვირფას ბიბლიურ ლიტერატურასაც სთავაზობდნენ, რომელიც ტანსაცმლის შიდა დიდ ჯიბეში ედოთ.
როდესაც პოლიცია სირთულეებს უქმნიდა მოწმეებს ქალაქში, ისინი საქადაგებლად სოფლებში მიდიოდნენ (შეადარეთ მათეს 10:23). როცა მათ აპატიმრებდნენ, ისინი ციხეებში ქადაგებდნენ. 1955 წელს ქალაქ აბომეიში მოწმეებმა ციხის პერსონალსა და პატიმრებს შორის სულ მცირე 18 ადამიანი დააინტერესეს ბიბლიური ჭეშმარიტებით.
დაჰომეაში პიონერი ძმის ჩასვლიდან სულ რაღაც ათი წლის შემდეგ იქ უკვე 1 426 მოწმე მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აკრძალული იყო!
მკაში სულ უფრო მეტი მონაწილეობს
აშკარა იყო, რომ მთელ აფრიკაში მრავალი ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანი ცხოვრობდა. სამკალი ბევრი იყო, მაგრამ მუშები ცოტანი იყვნენ. ამიტომ ძმებს ახარებდა იმის დანახვა, რომ ამ მკის ბატონი, იეჰოვა ღმერთი პასუხობდა მათ ლოცვებს და სულიერი მოსავლის ასაღებად მეტ მუშას უგზავნიდა (მათ. 9:37, 38).
1930-იანი წლებში მიმომსვლელმა პიონერებმა კენიაში დიდი რაოდენობით ლიტერატურა გაავრცელეს, თუმცა ამის გარდა სხვა არაფერი კეთდებოდა. მაგრამ 1949 წელს დიდი ბრიტანეთიდან ნაირობიში სამ პატარა შვილთან ერთად ჩავიდა მერი უიტინგტონი, რომლის ქმარიც ამ ქალაქში მუშაობდა. და უიტინგტონი პიონერული სულით იყო ანთებული, თუმცა მისი ნათლობიდან ერთი წელიც არ იყო გასული. კენიაში ის არც ერთ მოწმეს არ იცნობდა, მაგრამ მზად იყო, ამ დიდ ტერიტორიაზე სხვებს ჭეშმარიტების გაგებაში დახმარებოდა. დაბრკოლებების მიუხედავად, მას ფარ-ხმალი არ დაუყრია. სხვა მოწმეები ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ზამბიიდან, კანადიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, შეერთებული შტატებიდან და შვედეთიდან თავისი ინიციატივით ჩავიდნენ კენიაში, რათა იქ მცხოვრებთათვის სამეფოს იმედი გაეზიარებინათ.
მკაში დასახმარებლად იქ მისიონერი წყვილებიც გაგზავნეს. თავიდან მამაკაცები ვალდებულები იყვნენ ემუშავათ, რათა ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონოდათ, ამიტომ მსახურებისთვის საკმარისი დრო აღარ რჩებოდათ. მაგრამ მათი ცოლები თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ პიონერებად ემსახურათ. დროთა განმავლობაში კენიაში სკოლა „გალაადის“ ასზე მეტი კურსდამთავრებული მისიონერი ჩავიდა. როდესაც ახლოვდებოდა კენიის დამოუკიდებლობა და მასთან ერთად ბრიტანეთის კოლონიალური მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის თავს მოხვეული სეგრეგაციის აღსასრული, ევროპელმა მოწმეებმა ისწავლეს სუაჰილი და სწრაფად გააფართოვეს თავიანთი მსახურება, რათა აფრიკელი მოსახლეობისთვის ექადაგათ. მსოფლიოს ამ ნაწილში მოწმეების რიცხვი სწრაფად გაიზარდა.
1972 წელს სულიერ მკაში დასახმარებლად ბოტსვანას დიდ ქალაქებშიც ჩავიდნენ მოწმეები დიდი ბრიტანეთიდან, კენიიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. სამი წლის შემდეგ მისიონერებიც ჩავიდნენ ამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოფლებშია მიმოფანტული. მათთან მისასვლელად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასულმა მოწმეებმა კალაჰარის უდაბნო გაიარეს. მივარდნილ სოფლებში მათ უქადაგეს სოფლის თავკაცებსა და სკოლის მასწავლებლებს; ხშირად მათ სიამოვნებით უსმენდა 10-20-კაციანი ჯგუფები. ერთ სოფელში ხანში შესულმა კაცმა უთხრა მათ: „თქვენ ამხელა გზა იმიტომ გამოიარეთ, რომ ეს გეთქვათ ჩვენთვის. ეს კარგია, ძალიან კარგია!“.
1920-იან წლებში ლიბერიაში „ბიბლიის ბრაუნი“ შთამბეჭდავი მოხსენებებით გამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ძლიერი წინააღმდეგობები იყო. მისიონერების ჩასვლამდე იქ სულიერი მკა თითქმის არ მიმდინარეობდა. პირველი მისიონერი, რომელიც იქ 1946 წელს ჩავიდა, იყო ჰარი ბიჰანანი. მომდევნო წლებში ამ საქმეში უფრო მეტმა მისიონერმა მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში მათ შეუერთდნენ ადგილობრივები და 1975 წლისთვის იეჰოვას განმადიდებელთა რიცხვმა ამ ქვეყანაში ათასს გადააჭარბა.
„ბიბლიის ბრაუნმა“ კიდევ უფრო მეტი იქადაგა ნიგერიაში. ეს ქვეყანა დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ, ქალაქ-სახელმწიფოდ და საზოგადოებრივ წყობად. მოსახლეობა იქ 250 ენასა და დიალექტზე საუბრობდა. ისინი რელიგიურადაც იყვნენ დაყოფილნი. პირველი მოწმეები არცთუ ისე ტაქტიანად, თუმცა დამაჯერებელი ბიბლიური არგუმენტებით ამხელდნენ სამღვდელოებასა და მათ ცრუ სწავლებებს. როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მათი ლიტერატურა აკრძალული იყო, ისინი მხოლოდ ბიბლიით ქადაგებდნენ. ჭეშმარიტების მოყვარული ადამიანები მადლიერებით ეხმაურებოდნენ მათ. ისინი წამოვიდნენ ეკლესიებიდან, მიატოვეს პოლიგამია და მოიშორეს ამულეტები, რომელთა ტარებაზეც ეკლესია თვალს ხუჭავდა. 1950 წელს იეჰოვას მოწმეების რიცხვი, რომლებიც ნიგერიაში სამეფოს ცნობას ქადაგებდნენ, 8 370 იყო. 1970 წლისთვის მათმა რიცხვმა 85 300-ს გადააჭარბა.
სამხრეთ როდეზიაში (ახლანდელი ზიმბაბვე) დაინტერესებულებისთვის სულიერი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო იყო დაუსრულებელი იურიდიული დაბრკოლებების გადალახვა. იურიდიული აღიარების მოპოვებას ძმები ჯერ კიდევ 1920-იანი წლების შუა პერიოდიდან ცდილობდნენ. 1932 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პიონერებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. თუმცა მოწმეებმა მაინც გაასაჩივრეს. სასამართლო პროცესებზე მათ ბრალს სდებდნენ, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურა ხალხს ამბოხებისკენ მოუწოდებდა. 1940-იანი წლების დასაწყისში ძმებს ბიბლიური პუბლიკაციების გავრცელებისთვის აპატიმრებდნენ. ზიმბაბვეში იეჰოვას მოწმეები მხოლოდ 1966 წელს აღიარეს რელიგიურ ორგანიზაციად. 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე სულიერი მკა რთულ პირობებში მიმდინარეობდა, მაგრამ ამ პერიოდში უშიშარი მსახურები 11 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ, რომ იეჰოვა ღმერთის მსახურები გამხდარიყვნენ.
ქადაგება მმართველებთან და მეფეებთან
იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები მსახურების დროს წინააღმდეგობას შეხვდებოდნენ. ის ამბობდა, რომ მათ გადასცემდნენ სასამართლოებს და წაიყვანდნენ „გამგებლებთან და მეფეებთან“ და ეს „მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად“ მოხდებოდა (მათ. 10:17, 18). იესოს წინასწარმეტყველება ზუსტად შესრულდა იეჰოვას მოწმეებზე და, მისი სიტყვების თანახმად, ისინი ხელიდან არ უშვებდნენ დამოწმების შესაძლებლობას.
მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი შიშის გამო უარს ამბობდა ქრისტეს მიმდევრების დახმარებაზე (იოან. 12:42, 43). ამაში 1948 წელს დარწმუნდა ლიუელინ ფილიპსი, რომელიც ბელგიის კონგოში პირადად ესაუბრა მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს იმ მიზნით, რომ ამ ქვეყანაში მოწმეების დევნა შეეწყვიტათ. ფილიპსი მათ იეჰოვას მოწმეების მრწამსსა და საქმიანობაზე ესაუბრა. მაგრამ საუბრით შეფიქრიანებულმა გენერალ-გუბერნატორმა ჰკითხა: „თუ დაგეხმარებით, მე რა მელის?“. მან კარგად იცოდა, რომ მის ქვეყანაში რომის კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა.
თუმცა სვაზის ტომის უმაღლეს ხელისუფალს, მეფე სობჰუზა მეორეს დიდად არ აღელვებდა სამღვდელოების აზრი. ის ხშირად ესაუბრებოდა იეჰოვას მოწმეებს, ჰქონდა მათი პუბლიკაციების უმეტესობა და მათდამი კარგად იყო განწყობილი. ყოველ წელს „წითელ პარასკევს“ ის აფრიკის სამღვდელოებას თავის სამეფო დასახლებაში ეპატიჟებოდა. მეფე მათ სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევდა და ერთ-ერთ იეჰოვას მოწმესაც სთხოვდა, სიტყვა წარმოეთქვა. 1956 წელს ერთმა მოწმემ ისაუბრა სულის უკვდავებასა და რელიგიური ლიდერების საპატიო წოდებებზე. როცა მან საუბარი დაამთავრა, მეფე სობჰუზამ მღვდლებს ჰკითხა: „მართალია ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ამბობენ? თუ მათი ნათქვამი მცდარია, დაამტკიცეთ“. მათ ვერ შეძლეს მოწმეების ნათქვამის გაბათილება. ერთხელ მეფემ გადაიხარხარა კიდეც, როცა მოწმის ნათქვამით შეშინებული მღვდლები დაინახა.
ხშირად, პოლიციას ავალებდნენ, გამოეკითხათ იეჰოვას მოწმეებისთვის მათი საქმიანობის შესახებ. მოწმეები ქალაქ ტანჟერის (მაროკო) კრებიდან რეგულარულად დადიოდნენ სეუტაში; მიუხედავად იმისა, რომ ეს საპორტო ქალაქი მაროკოს სანაპიროზე იყო, მას ესპანეთი აკონტროლებდა. ერთხელაც, 1967 წელს, პოლიციამ დააკავა მოწმეები და ორი საათის მანძილზე აწარმოებდა მათ დაკითხვას; მოწმეებმა საფუძვლიანად იქადაგეს. ერთ-ერთი ასეთი დაკითხვის დროს ორმა პოლიციელმა ჰკითხა მათ, სწამდათ თუ არა „ქალწული მარიამის“. როცა მათ უპასუხეს, რომ სახარებების თანახმად, მარიამმა იესო ქალწულმა გააჩინა, მაგრამ შემდეგ სხვა შვილებიც ჰყავდა და ისინი იესოს ნახევარდები და ნახევარძმები იყვნენ, ოფიცრებმა გაოცებისგან პირი დააღეს და თქვეს, რომ შეუძლებელი იყო, ბიბლიაში მსგავსი რამ წერებულიყო. მოწმეებმა მათ იოანეს 7:3—5 მუხლები ამოუკითხეს; ერთი ოფიცერი ამ მუხლებს დიდხანს დასცქეროდა ხმის ამოუღებლად, მეორემ კი თქვა: „მომეცი ბიბლია, მე ავხსნი მაგ მუხლებს!“. პირველმა მიუგო: „ნუ შეწუხდები, ისედაც ყველაფერი ნათელია“. შედარებით მშვიდ გარემოში მოწმეებმა მათ მიერ დასმულ კიდევ ბევრ შეკითხვას უპასუხეს. ამის შემდეგ პოლიცია თითქმის აღარ უშლიდა ხელს მოწმეებს, როცა ისინი იმ ტერიტორიაზე ქადაგებდნენ.
იეჰოვას მოწმეები და მათი მსახურება კარგად გაიცნეს მთავრობის გამოჩენილმა პირებმაც. ზოგი მათგანი მიხვდა, რომ მოწმეების საქმიანობა ადამიანთა კეთილდღეობას ემსახურებოდა. 1959 წლის მიწურულს, როდესაც ნიგერია დამოუკიდებლობისთვის ემზადებოდა, გენერალ-გუბერნატორმა დოქტორმა ნამდი აზიკივემ მოითხოვა, რომ ცერემონიას უილიამ ბრაუნიც დასწრებოდა, როგორც იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი. მან მინისტრთა საბჭოს უთხრა: „თუ ყველა რელიგიური ჯგუფი იეჰოვას მოწმეების მსგავსი იქნება, აღარ გვეყოლება მკვლელები, ქურდები, არასრულწლოვანი დამნაშავეები, პატიმრები და აღარ იარსებებს ატომური ბომბები. ხალხი აღარ ჩარაზავს კარს“.
აფრიკაში მართლაც დიდი სულიერი მკა მიმდინარეობდა. 1975 წლისთვის აფრიკის კონტინენტის 44 ქვეყანაში 312 754 მოწმე ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. აქედან ცხრა ქვეყანაში 50-ზე ნაკლები მოწმე მსახურობდა. მაგრამ მათთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი იყო. ამ ქვეყნებიდან 19-ში მოწმეების რიცხვი, რომლებიც კარდაკარ ქადაგებდნენ, ათასებს ითვლიდა. ზოგ ქვეყანაში საოცარი ზრდა მიმდინარეობდა. მაგალითად, ანგოლაში 1970—1975 წლებში მოწმეების რიცხვი 355-დან 3 055-მდე გაიზარდა. ნიგერიაში 1975 წელს 112 164 მოწმე იყო. ისინი „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურას მხოლოდ გასართობად კი არ კითხულობდნენ და სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებს მხოლოდ დროდადრო კი არ ესწრებოდნენ, არამედ თითოეული ღვთის სამეფოს აქტიური მქადაგებელი იყო.
იეჰოვას განდიდებას აზიაშიც იწყებენ
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფილიპინებზე, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, იეჰოვას მოწმეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 1945 წლის 13 მარტს ციხიდან გათავისუფლებული ჯოზეფ დოს სანტოსი შეძლებისდაგვარად მალევე დაუკავშირდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სამმართველოს ნიუ-იორკში. მას სურდა, მიეღო ბიბლიის შესასწავლი ყველა პუბლიკაცია და ორგანიზაციული მითითება, რომლებსაც ფილიპინელი ძმები ომის დროს ვერ იღებდნენ. შემდეგ ის პირადად ინახულებდა კრებებს, რათა გაეძლიერებინა და გაემხნევებინა ისინი. იმავე წელს ქალაქ ლინგაენში (პანგასინანის პროვინცია) ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა კონგრესი, რომელზეც აიხსნა, როგორ ესწავლებინათ ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანებისთვის ბიბლიის შესწავლის დროს. მომდევნო წლებში ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა უფრო მეტი ლიტერატურის თარგმნა და გამოქვეყნება ადგილობრივ ტაგალურ, ილოკურ და სებუურ ენებზე. ზრდისთვის კარგი საფუძველი იყო ჩაყრილი და შედეგმაც არ დააყოვნა.
ომის დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ მოწმეების რიცხვმა ფილიპინებზე დაახლოებით 2 000-დან 24 000-ს გადააჭარბა; მომდევნო 20 წლის შემდეგ კი იქ 78 000-ზე მეტი მოწმე განადიდებდა იეჰოვას.
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა აზიაში, სადაც სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები გაგზავნეს, იყო ჩინეთი. ჰაროლდ კინგი და სტენლი ჯოუნზი შანხაიში 1947 წელს ჩავიდნენ, ლიუ დი ჰიმი კი — 1949 წელს. იქ მათ დახვდა სამი გერმანელი პიონერი, რომლებიც შანხაიში 1939 წლიდან მსახურობდნენ. ჩინელების უმეტესობა ბუდისტი იყო, ამიტომ მაშინვე არ გამოთქვამდნენ ბიბლიაზე მსჯელობის სურვილს. სახლებში მათ ჰქონდათ თაყვანისცემის კუთხე და საკურთხეველი; შესასვლელი კარის თავზე ბოროტი სულების დასაფრთხობად ეკიდათ სარკე. ჭიშკარი იღბლის მომტანი წითელი ლენტებით და ბუდისტური ღვთაებების შიშის მომგვრელი სურათებით იყო მორთული. მაგრამ იმ პერიოდში ჩინეთში დიდი ცვლილებები ხდებოდა. კომუნისტური რეჟიმის დროს ყველას მოეთხოვებოდა „მაო ძედუნის აზრების“ სწავლა. სამუშაოს შემდეგ ისინი უნდა დასწრებოდნენ ხანგრძლივ სხდომებს, რომლებზეც კომუნიზმის იდეები იხსნებოდა. მაგრამ ასეთ დროსაც კი ჩვენი ძმები აქტიურად ქადაგებდნენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას.
ბევრს, ვისაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყება სურდა, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მეშვეობით გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა ბიბლიაზე. მათ შორის იყო ნენსი იუენი, რომელიც ეკლესიაში მუშაობდა და თან თავის ოჯახს უვლიდა. ის მადლიერი იყო იმისთვის, რაც მოწმეებმა ბიბლიიდან აჩვენეს. მალე ნენსი გულმოდგინედ ქადაგებდა კარდაკარ და ბიბლიის შესწავლებს ატარებდა. სხვები, ვისთანაც მოწმეები ქადაგებდნენ, ჩვეულებრივი ჩინელები და ბუდისტები იყვნენ, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ბიბლიის შესახებ. 1956 წელს ჩინეთში მაუწყებელთა რაოდენობამ უმაღლეს რიცხვს მიაღწია და 57 გახდა. მაგრამ იმავე წელს ნენსი იუენი ქადაგების გამო ექვსჯერ დაკავების შემდეგ ციხეში ჩასვეს. სხვებს ან აპატიმრებდნენ, ან ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ. სტენლი ჯოუნზი და ჰაროლდ კინგი 1958 წლის 14 ოქტომბერს დააპატიმრეს. სასამართლოს წინაშე წარდგომამდე ისინი ორი წელი ციხეში ისხდნენ. ამ ხნის მანძილზე მათ განუწყვეტლივ უწყობდნენ დაკითხვებს. საბოლოოდ, როდესაც ისინი 1960 წელს სასამართლოს წინაშე წარდგნენ, მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ამგვარად, 1958 წლის ოქტომბერში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ჩინეთში ძალის გამოყენებით შეაჩერეს. მაგრამ ქადაგება ბოლომდე არასდროს შეწყვეტილა. ისინი ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებშიც კი ქადაგებდნენ. დრო აჩვენებდა, გამოჩნდებოდა თუ არა ამ უზარმაზარ ქვეყანაში ქადაგების გაფართოების შესაძლებლობა.
რა ხდებოდა იმ დროს იაპონიაში? მეორე მსოფლიო ომამდე იქ სულ რაღაც 100-მდე იეჰოვას მოწმე ქადაგებდა. ომის წლებში სასტიკი რეპრესიების დროს ბევრმა მათგანმა დათმო რწმენა. რამდენიმე ადამიანი ერთგული დარჩა, მაგრამ ორგანიზებული ქადაგება შეჩერდა. იეჰოვას სამეფოს შესახებ ქადაგება მსოფლიოს ამ ნაწილში 1949 წლის იანვარში განახლდა, როცა ტოკიოში სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული დონ ჰასლეტი ჩავიდა. ორი თვის შემდეგ მისმა ცოლმა მეიბელმაც შეძლო იქ ჩასვლა. ამ ქვეყანაში ბევრი ჭეშმარიტებასმოწყურებული ადამიანი ცხოვრობდა. იმპერატორი აღარ მიიჩნევდა საკუთარ თავს ღვთაებად. სინტოიზმმა, ბუდიზმმა, კათოლიციზმმა და კიოდანმა (სხვადასხვა პროტესტანტული ჯგუფებისგან შემდგარი მიმდინარეობა იაპონიაში) ხალხის პატივისცემა დაკარგეს, რადგან მხარს უჭერდნენ იაპონიის საომარ მოქმედებებს, რომელიც მარცხით დასრულდა.
1949 წლის მიწურულს იაპონიაში უკვე 13 მისიონერი ქადაგებდა. მათ უფრო მეტნი შეუერთდნენ და მთლიანობაში მისიონერების რიცხვმა იქ 160-ს გადააჭარბა. მათ გასავრცელებელი ლიტერატურა ძალიან ცოტა ჰქონდათ. ჰავაიზე ზოგი მისიონერი ძველ იაპონურ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ახლა მათ თანამედროვე ენა უნდა ესწავლათ. სხვებმა ენის საწყისები ისწავლეს, თუმცა ხშირად უწევდათ იაპონურ-ინგლისური ლექსიკონების გამოყენება, სანამ კარგად დაეუფლებოდნენ ახალ ენას. მალევე იშისა და მიურას ოჯახები, რომელთაც ომის დროს ჭეშმარიტება არ მიუტოვებიათ, დაუკავშირდნენ ორგანიზაციას და კვლავ ჩაებნენ მსახურებაში.
მისიონერთა სახლები ერთი მეორის მიყოლებით იხსნებოდა კობეში, ნაგოიაში, ოსაკაში, იოკოჰამაში, კიოტოსა და სენდაიში. 1949—1957 წლებში მოწმეები ცდილობდნენ, ძირითადად, იაპონიის მთავარი კუნძულის დიდ ქალაქებში წამოეწყოთ სამეფოს საქმიანობა. შემდეგ მათ სხვა ქალაქებშიც დაიწყეს გადასვლა. ტერიტორია უზარმაზარი იყო და მთელ იაპონიაში საფუძვლიანად ქადაგებისთვის ბევრი პიონერი იქნებოდა საჭირო. ამაზე განსაკუთრებით მახვილდებოდა ყურადღება, მრავალმა სურვილიც გამოთქვა და ამ გულმოდგინე მსახურების გაერთიანებულ ძალისხმევას შესანიშნავი გამოხმაურება მოჰყვა! პირველი ათწლეულის განმავლობაში იეჰოვას იქ 1 390 ადამიანი განადიდებდა. 1970-იანი წლების შუა პერიოდში მთელ იაპონიაში იეჰოვას 33 480 გულმოდგინე მსახური იყო. ზრდა ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა.
1949 წელს, როდესაც დონ ჰასლეტი იაპონიაში ჩავიდა, სამეფოს საქმემ სამხრეთ კორეაშიც სწრაფად დაიწყო გავრცელება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ იყო და მოწმეებს იქ სასტიკად დევნიდნენ. პატარა ჯგუფს, რომელიც ომის შემდეგ შესწავლისთვის იკრიბებოდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სანამ იანგ-ვონ ჩოიმ არ ნახა სტატია იეჰოვას მოწმეებზე ამერიკის სამხედრო გაზეთში (Stars and Stripes). მომდევნო წელს სეულში ჩამოყალიბდა კრება, რომელშიც 12 მაუწყებელი იყო. იმავე წელს, მოგვიანებით, იქ პირველი მისიონერები დონ და ერლინ სტილები ჩავიდნენ. შვიდი თვის შემდეგ მათ კიდევ ექვსი მისიონერი შეუერთდა.
მოწმეებს საოცარი შედეგები ჰქონდათ — თითოეული საშუალოდ 20 ბიბლიის შესწავლას ატარებდა და კრებას 336 ადამიანი ესწრებოდა. შემდეგ კორეაში ომი დაიწყო. მისიონერთა ბოლო ჯგუფის ჩამოსვლიდან სამ თვეზე ცოტა მეტი იყო გასული, რომ მათ იაპონიაში მოუწიათ ევაკუირება. დონ სტილმა სეულში ჩასვლა ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ მოახერხა, ერლინი კი მას ერთ წელიწადში შეუერთდა. კორეელმა ძმებმა შეინარჩუნეს სიმტკიცე და განაგრძობდნენ გულმოდგინედ ქადაგებას, მიუხედავად იმისა, რომ სახლები დაკარგეს და უმეტესობა ლტოლვილი გახდა. საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ყურადღება მიექცა იმას, რომ კორეულ ენაზე უფრო მეტი ლიტერატურა გამოსულიყო. ამ საქმიანობას ხელი შეუწყო კონგრესებმა და მისიონერების ჩასვლამ. 1975 წლისთვის სამხრეთ კორეაში 32 693 იეჰოვას მოწმე იყო (თითქმის ამდენივე იყო იაპონიაშიც) და ზრდის დიდი პოტენციალიც არსებობდა, რადგან 32 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა.
რა მდგომარეობა იყო ევროპაში?
მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ევროპაში იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის გასაგრძელებლად სრული თავისუფლება არ მოუტანია. ზოგან მთავრობის წევრები პატივს სცემდნენ მათ ომის დროს გამოვლენილი სიმტკიცისთვის. მაგრამ სხვა ადგილებში ნაციონალიზმისა და რელიგიური შუღლის გამო დევნის ახალი ტალღა აგორდა.
ბელგიაში მოწმეებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც სასიხარულო ცნობის საქადაგებლად გერმანიიდან ჩავიდნენ. იმის გამო, რომ ნაცისტურ რეჟიმს არ უჭერდნენ მხარს, გესტაპო მათზე ნადირობდა. ახლა კი ბელგიის მთავრობის წარმომადგენლები ამ მოწმეთაგან ზოგიერთს ნაცისტობაში სდებდნენ ბრალს; მათ აპატიმრებდნენ და ქვეყნიდან აძევებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეების რიცხვი ბელგიაში ომის შემდეგ ხუთი წლის მანძილზე სამზე მეტჯერ გაიზარდა.
ძირითადად, ვინ იდგა ამ დევნების უკან? რომის კათოლიკური ეკლესია. სადაც შეეძლო, ის თავის ძალაუფლებას იყენებდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაში.
დასავლეთში ბევრს ეშინოდა კომუნიზმის, ამიტომ 1948 წელს კათოლიკე მღვდლებმა ირლანდიის ქალაქ კორკში ხალხი მოწმეების წინააღმდეგ განაწყვეს იმით, რომ მათ გამუდმებით „კომუნისტ ეშმაკებს“ უწოდებდნენ. შედეგად, ფრედ მეტკაფს ქადაგების დროს ბრბო დაესხა თავს, ისინი მუშტებს და წიხლებს ურტყამდნენ მას და მისი ბიბლიური ლიტერატურა მთელ ქუჩაზე მიმოფანტეს. საბედნიეროდ, ამ დროს იქ პოლიციელი მივიდა და ბრბო გაფანტა. სიძნელეების მიუხედავად, მოწმეები მაინც ქადაგებდნენ. მაგრამ ყველა ირლანდიელი არ იწონებდა ძალადობას. უფრო მეტიც, მოგვიანებით ისინი, ვინც ასეთ ძალადობაში მონაწილეობდნენ, ძალიან ნანობდნენ. ირლანდიელი კათოლიკეების უმეტესობას არასდროს ენახა ბიბლია. თუმცა მოწმეები სიყვარულსა და მოთმინებას ავლენდნენ და ზოგ მათგანს ასწავლიდნენ ჭეშმარიტებას, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს (იოან. 8:32).
1946 წლისთვის იტალიაში სულ რაღაც ასამდე მოწმე მსახურობდა, თუმცა სამი წლის შემდეგ იქ უკვე 64 პატარა, მაგრამ გულმოდგინე კრება ფუნქციონირებდა. სამღვდელოება შეშფოთებული იყო. კათოლიკე მღვდლებს არ შეეძლოთ გაებათილებინათ ის ბიბლიური სწავლებები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ, ამიტომ მათ დაიწყეს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენა, რათა მოწმეების საქმიანობა აეკრძალათ. ამგვარად, 1949 წელს იეჰოვას მოწმე მისიონერებს ქვეყნის დატოვება უბრძანეს.
კათოლიკური სამღვდელოება არაერთხელ შეეცადა, რომ იტალიაში იეჰოვას მოწმეების კონგრესი ჩაეშალა. 1948 წელს მათ სულმონაში კონგრესის ჩასაშლელად წესრიგის დამრღვევები მიაგზავნეს. 1950 წელს მილანში ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ პოლიციის უფროსისგან, რომ გაეუქმებინა „ტეატრო დელ-არტეში“ კონგრესის ჩატარების ნებართვა. 1951 წელსაც მღვდლებმა აიძულეს პოლიცია, გაეუქმებინა ჩერინოლაში კონგრესის ჩატარების უფლება. მაგრამ 1957 წელს მილანში, როდესაც პოლიციამ ბრძანება გასცა, რომ მოწმეებს კონგრესის პროგრამა შეეწყვიტათ, იტალიის პრესამ პროტესტი გამოთქვა და საქმე პარლამენტამდე მივიდა. რომში გამომავალ ყოველკვირეულ გაზეთ „ილ მონდოს“ 1957 წლის 30 ივლისის ნომერში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პოლიციამ ამ მოქმედებით „ასიამოვნა არქიეპისკოპოს“ ჯოვანი ბატისტა მონტინის, რომელიც მოგვიანებით პაპი პავლე VI გახდა. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ კათოლიკური ეკლესია საუკუნეების მანძილზე კრძალავდა უბრალო ხალხის ენაზე ბიბლიის გამოცემას. მაგრამ იეჰოვას მოწმეები კვლავაც განაგრძობდნენ ქადაგებას და გულწრფელ კათოლიკეებს საშუალებას აძლევდნენ, საკუთარი თვალით ენახათ, რა ეწერა ბიბლიაში. ბიბლიის სწავლებებსა და ეკლესიურ დოგმებს შორის სხვაობა აშკარა იყო. კათოლიკური ეკლესიის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ეკლესიას ათასობით ადამიანი ტოვებდა და 1975 წლისთვის იტალიაში 51 248 იეჰოვას მოწმე იყო. თითოეული მათგანი აქტიურად ქადაგებდა და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა.
როდესაც კათოლიკურ ესპანეთში 1946 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეების საქმიანობამ თანდათანობით აღორძინება დაიწყო, გასაკვირი არ იყო, რომ სამღვდელოება მათ შესაჩერებლად ადგილობრივ მთავრობაზე იქაც ახდენდა ზეწოლას. იეჰოვას მოწმეებს ხელს უშლიდნენ კრების შეხვედრების ჩატარებაში. მისიონერებს ქვეყნიდან აძევებდნენ. მოწმეებს აპატიმრებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლია ან ბიბლიური ლიტერატურა ჰქონდათ. ხშირად მათ სამი დღით აკავებდნენ ბინძურ საპატიმროებში, შემდეგ უშვებდნენ, მაგრამ მალევე აპატიმრებდნენ, დაკითხავდნენ და ისევ ციხეში სვამდნენ. ბევრს ერთი ან რამდენიმე თვით უსჯიდნენ თავისუფლების აღკვეთას. მღვდლები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, დაეპატიმრებინათ ყველა, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. 1967 წელს რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონის გამოცემის შემდეგაც კი ცვლილებები მალევე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, 1970 წლისთვის, როდესაც იეჰოვას მოწმეებმა საბოლოოდ მოიპოვეს კანონით აღიარება, ესპანეთში უკვე 11 000-ზე მეტი მოწმე იყო. ხუთი წლის შემდეგ კი აქტიური მქადაგებლების რიცხვი იქ 30 000-ს აჭარბებდა.
როგორი მდგომარეობა იყო პორტუგალიაში? მისიონერები იქიდანაც გააძევეს. კათოლიკე მღვდლების მიერ წაქეზებული პოლიცია ჩხრეკდა იეჰოვას მოწმეების სახლებს, ართმევდა ლიტერატურას და შლიდა შეხვედრებს. 1963 წლის იანვარში კალდაჟ-დე-რაინიას საზოგადოებრივი უშიშროების პოლიციის მეთაურმა წერილობითი ბრძანებაც კი გასცა, რომლის თანახმადაც მოწმეებს ეკრძალებოდათ „ბიბლიური საქმიანობა“. მაგრამ მოწმეებს არ შეუწყვეტიათ ღვთისადმი მსახურება. 1974 წლისთვის, როდესაც მათ პორტუგალიაში კანონით აღიარება მოიპოვეს, მათი რიცხვი იქ 13 000-ზე მეტი იყო.
ევროპის სხვა ქვეყნებში ადგილობრივი მთავრობა აცხადებდა, რომ ბიბლიური ლიტერატურის გავრცელება კომერციული საქმიანობა იყო და ვაჭრობის შესახებ კანონებს ექვემდებარებოდა, რითაც ისინი სასიხარულო ცნობის ქადაგებას სირთულეებს უქმნიდნენ. შვეიცარიის ზოგ კანტონში წვრილმანი საქონლით ვაჭრობად თვლიდნენ, როცა იეჰოვას მოწმეები გავრცელებული ლიტერატურის სანაცვლოდ ნებაყოფლობით შესაწირავებს იღებდნენ. მოწმეებს, რომლებიც მსახურებას არ წყვეტდნენ, ხშირად აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ. მაგრამ ზოგიერთმა სასამართლომ, მათ შორის კანტონ ვოს უმაღლესმა სასამართლომ, 1953 წელს დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო წვრილმანი საქონლით ვაჭრობად. ამავე დროს, დანიაშიც იყო იმის მცდელობა, რომ შეეზღუდათ იმ საათების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდნენ ხალხს; ამის გაკეთება მათ შეეძლოთ მხოლოდ იმ საათებში, რომლებიც კანონით იყო დადგენილი მაღაზიებისთვის. ეს საქმეც სასამართლოში გაასაჩივრეს. მიუხედავად ასეთი დაბრკოლებებისა, იეჰოვას მოწმეები კვლავაც განაგრძობდნენ ღვთის სამეფოს, როგორც კაცობრიობის ერთადერთი იმედის შესახებ ცნობის გაცხადებას.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც იეჰოვას მოწმეებს ისევე შეეხოთ ევროპაში, როგორც დედამიწის ყველა კუთხეში, იყო ქრისტიანული ნეიტრალიტეტი. ვინაიდან ქრისტიანული სინდისი არ რთავდა მოწმეებს იმის ნებას, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ესა თუ ის მხარე დაეკავებინათ, მათ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებდნენ (ეს. 2:2—4). ამის გამო ახალგაზრდა მოწმეებს აღარ შეეძლოთ კარდაკარ რეგულარულად მსახურება. მაგრამ დადებითი მხარე ის იყო, რომ მათ საფუძვლიანად დაუმოწმეს იურისტებს, მოსამართლეებს, სამხედრო პირებსა და ციხის მცველებს. მოწმეები ციხეშიც კი ნახულობდნენ ქადაგების შესაძლებლობას. ზოგ ციხეში მათ სასტიკად ეპყრობოდნენ, თუმცა ესპანეთის ქალაქ კადისის ციხეში „სანტა-კატალინაში“ მოწმეები თავისუფალი დროის რაღაც ნაწილს წერილებით ქადაგებისთვის იყენებდნენ. შვედეთში ფართოდ შუქდებოდა ის სასამართლო პროცესები, რომლებზეც იეჰოვას მოწმეების ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილებოდა. ამგვარად, ადამიანები სხვადასხვა გზით რწმუნდებოდნენ იმაში, რომ იეჰოვას ჰყავს მოწმეები დედამიწაზე, რომლებიც მტკიცედ იცავენ ბიბლიურ პრინციპებს.
საზოგადოების ყურადღებას მოწმეები სხვა მხრივაც იპყრობდნენ, რაც აგრეთვე დიდად უწყობდა ხელს სასიხარულო ცნობის გავრცელებას.
ქადაგება კონგრესების მეშვეობით
1955 წელს, როდესაც იეჰოვას მოწმეებმა პარიზში საერთაშორისო კონგრესი ჩაატარეს, მთელმა საფრანგეთმა ახალ ამბებში ნახა ამ მოვლენის ფრაგმენტები. 1969 წელს კიდევ ერთი კონგრესი ჩატარდა პარიზის მახლობლად, რითაც ცხადი გახდა, რომ მოწმეების საქმიანობა ნაყოფიერი იყო. ამ კონგრესზე 3 619 ადამიანი მოინათლა, რაც დამსწრეთა საშუალო რაოდენობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა. ამის შესახებ პარიზის ცნობილ საღამოს გაზეთ „ფრანს-სუარის“ 1969 წლის 6 აგვისტოს ნომერში აღნიშნული იყო: „სხვა რელიგიების სამღვდელოება შეშფოთებულია არა იმით, თუ რა შთამბეჭდავი რაოდენობის ლიტერატურას ავრცელებენ იეჰოვას მოწმეები, არამედ იმით, თუ როგორ აქცევენ ისინი ხალხს თავიანთ რწმენაზე. თითოეული იეჰოვას მოწმე ვალდებულია, ბიბლიით კარდაკარ დაამოწმოს ან გააცხადოს თავისი რწმენის შესახებ“.
იმავე წლის ზაფხულში სამი კვირის მანძილზე ევროპაში ოთხი დიდი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა ლონდონში, კოპენჰაგენში, ნიურნბერგსა და რომში. ნიურნბერგში კონგრესს 78 ქვეყნიდან ჩასული 150 645 ადამიანი დაესწრო. ამ კონგრესზე დელეგატები არა მხოლოდ თვითმფრინავებითა და გემებით ჩავიდნენ, არამედ დაახლოებით 20 000 მანქანით, 250 ავტობუსით და 40 სპეციალურად დაქირავებული მატარებლით.
კონგრესები არა მარტო აძლიერებდა და მსახურებისთვის ამზადებდა იეჰოვას მოწმეებს, არამედ ფართო საზოგადოებას აძლევდა იმის საშუალებას, რომ საკუთარი თვალით ენახათ, ვინ იყვნენ ისინი. როდესაც 1965 წელს დუბლინში (ირლანდია) საერთაშორისო კონგრესის ჩატარება იგეგმებოდა, სამღვდელოება დიდ ზეწოლას ახდენდა ხელისუფლებაზე, რომ ეს კონგრესი ჩაეშალათ. მაგრამ კონგრესი ჩატარდა და დუბლინის ბევრმა მცხოვრებმა დელეგატები თავისთან დააბინავა. რა მოჰყვა ამას შედეგად? კონგრესის შემდეგ რამდენიმე დიასახლისმა, ვისთანაც დელეგატები ცხოვრობდნენ, აღნიშნა: „თქვენ შესახებ სიმართლეს არ გვეუბნებოდნენ; მღვდლები გვატყუებდნენ, მაგრამ ახლა უკვე გიცნობთ და ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ“.
როდესაც ადამიანები სხვა ენაზე ლაპარაკობენ
ბოლო ათწლეულების მანძილზე ევროპაში იეჰოვას მოწმეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან საუბარი. ბევრი სხვა ქვეყნებიდან ჩავიდა ევროპაში სამუშაოს საშოვნელად. ზოგ ევროპულ ქალაქში გაიხსნა დიდი საერთაშორისო დაწესებულებები, რომელთა პერსონალიდანაც ყველა არ ლაპარაკობდა ადგილობრივ ენაზე.
ზოგ ქვეყანაში უკვე საუკუნეებია მრავალ ენაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, ინდოეთში ძირითადად 14 ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ იქ კიდევ 1 000 სხვა ენა და დიალექტია. პაპუა-ახალ გვინეაში 700-ზე მეტი ენაა. 1960-იან და 1970-იან წლებში ლუქსემბურგში მოწმეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ტერიტორიაზე 30-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, მოგვიანებით კი სულ მცირე 70 ეროვნების ადამიანი ჩავიდა. შვედეთში ადრე მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ახლა იქ 100 სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. როგორ გაუმკლავდნენ იეჰოვას მოწმეები ამ სირთულეს?
თავიდან ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ, რომელ ენაზე საუბრობდა მობინადრე, შემდეგ კი ამ ენაზე შოულობდნენ ლიტერატურას და მასთან მიჰქონდათ. დანიაში თურქებს საკუთარ ენაზე სასიხარულო ცნობის გაგებაში რომ დახმარებოდნენ, მოწმეებმა აუდიოჩანაწერები გამოიყენეს. იტალიიდან და ესპანეთიდან ძალიან ბევრი ჩადიოდა შვეიცარიაში სამუშაოდ. თუ როგორ ეხმარებოდნენ მაშინ ასეთ ადამიანებს, კარგად ჩანს რუდოლფ ვიდერკერის შემთხვევიდან. ის ცდილობდა, ექადაგა იტალიელი მამაკაცისთვის, მაგრამ ერთმანეთის ენა არც ერთმა არ იცოდა. როგორ უნდა მოქცეულიყო ის? მან ამ კაცს დაუტოვა „საგუშაგო კოშკი“ იტალიურ ენაზე. მიუხედავად ენის ბარიერისა, ძმა ვიდერკერმა მას განმეორებით მიაკითხა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო მასთან, მის ცოლთან და მათ 12 წლის ვაჟთან. შესასწავლი წიგნი ძმა ვიდერკერს გერმანულ ენაზე ჰქონდა, ამ ოჯახს კი იტალიურ ენაზე მიუტანა. როცა ის სიტყვებს ვერ პოულობდა, ჟესტებით ხსნიდა. ზოგჯერ თარჯიმნობას უწევდათ მათი პატარა ბიჭი, რომელიც სკოლაში გერმანულს სწავლობდა. შედეგად, მთელმა ოჯახმა მიიღო ჭეშმარიტება და მალევე დაიწყო სხვებთან ქადაგება.
გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში პირდაპირი გაგებით მილიონები ჩადიოდნენ ესპანეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, იუგოსლავიიდან, პორტუგალიიდან და საბერძნეთიდან. მოწმეები მათ უფრო ეფექტურად დაეხმარებოდნენ სულიერად, თუ მათივე ენებზე დაელაპარაკებოდნენ. მალე ადგილობრივი მოწმეებიდან ზოგმა ჩასული მუშების ენების სწავლა დაიწყო. გერმანიის ფილიალმა ორგანიზება გაუწია თურქული ენის კურსებს. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მოწმეებს, რომლებმაც ეს ენები იცოდნენ, ისეთ ადგილებში გადასვლას სთავაზობდნენ, სადაც დახმარება განსაკუთრებით იყო საჭირო.
ზოგი უცხოელი მუშა ადრე არასდროს შეხვედრია იეჰოვას მოწმეებს და დიდ სულიერ წყურვილს განიცდიდა. ისინი მადლიერნი იყვნენ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მოწმეებმა მათ დასახმარებლად გასწიეს. ჩამოყალიბდა ბევრი უცხოენოვანი კრება. დროთა განმავლობაში ამ მუშებიდან ზოგი თავის ქვეყანაში დაბრუნდა, რათა იქ ემსახურათ, სადაც ღვთის სამეფოს შესახებ საფუძვლიანად არ იყო ნაქადაგები.
დაბრკოლებების მიუხედავად უხვი მოსავლის აღება
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგების ერთი და იმავე მეთოდებს იყენებენ. საუკუნეზე მეტია ისინი აქტიურად ქადაგებენ ჩრდილოეთ ამერიკაში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იქ უხვ სულიერ მოსავალს იღებენ. 1975 წლისთვის შეერთებულ შტატებსა და კანადაში 624 097 აქტიური მოწმე იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები მოწმეები წინააღმდეგობას არასდროს შეხვედრიან.
1945 წლისთვის კანადის მთავრობამ გააუქმა იეჰოვას მოწმეების საქმიანობასა და იურიდიული კორპორაციების ფუნქციონირებაზე დადებული აკრძალვა, თუმცა კვებეკის პროვინციაში ეს მაშინვე არ იგრძნობოდა. 1945 წლის სექტემბერში კათოლიკეთა ბრბო თავს დაესხა იეჰოვას მოწმეებს ქალაქ შატოგესა და ლაშინში. მოწმეები დააპატიმრეს და არეულობის მოწყობაში დაადანაშაულეს იმ მიზეზით, რომ მათ მიერ გავრცელებულ ლიტერატურაში გაკრიტიკებული იყო რომის კათოლიკური ეკლესია. სხვა მოწმეები იმიტომ დააპატიმრეს, რომ პოლიციის უფროსის ნებართვის გარეშე ავრცელებდნენ ბიბლიურ ლიტერატურას. 1947 წლისთვის კვებეკის სასამართლოში მოწმეების წინააღმდეგ 1 700 საქმე იყო აღძრული.
იმ დროს, როცა სასამართლოების განაჩენებს ელოდებოდნენ, რომლებიც პრეცედენტები იქნებოდა, მოწმეებს მოუწოდებდნენ, რომ სასიხარულო ცნობა მხოლოდ ბიბლიით ექადაგათ და, სადაც შესაძლებელი იყო, კათოლიკური „დუეს ბიბლია“ გამოეყენებინათ. კანადის სხვადასხვა მხარეში მცხოვრები სრული დროით მსახურები ფრანგულ ენას სწავლობდნენ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გასავრცელებლად კვებეკში გადადიოდნენ.
ბევრი გულწრფელი კათოლიკე სახლში ეპატიჟებოდა მოწმეებს და კითხვებს უსვამდა, თუმცა ამასთანავე ხშირად იმეორებდნენ, რომ კათოლიკეები იყვნენ და არასდროს შეიცვლიდნენ სარწმუნოებას. მაგრამ, როცა საკუთარი თვალით ნახეს, რას ამბობს ბიბლია, ათიათასობით მათგანმა ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარულის გამო შეიცვალა სარწმუნოება.
მოწმეებს სახალხოდ თუ კარდაკარ ქადაგების უფლების მოპოვება შეერთებულ შტატებშიც ხშირად სასამართლოს მეშვეობით უწევდათ. 1937—1953 წლებში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრულმა 59-მა საქმემ ვაშინგტონის უზენაეს სასამართლომდე მიაღწია.
ყურადღება ექცევა დაუმუშავებელ ტერიტორიებს
იეჰოვას მოწმეების მიზანი ის კი არ არის, რომ უბრალოდ რაიმე გააკეთონ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, არამედ ის, რომ სამეფოს ცნობა შეძლებისდაგვარად ყველას უქადაგონ. ამ მიზნის მისაღწევად იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ თითოეულ ფილიალს მსოფლიოს გარკვეული ტერიტორიის ზედამხედველობა დაავალა. როდესაც ამა თუ იმ ფილიალის ტერიტორიაზე ყალიბდება კრება, მას ამ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს აძლევენ საქადაგებლად. თავის მხრივ, ეს კრება ამ ტერიტორიას ყოფს უბნებად, რომლებიც შეიძლება მიეცეს იმავე კრების მაუწყებელთა ჯგუფს ან თითოეულ მაუწყებელს. მაუწყებლები ცდილობენ, რეგულარულად მივიდნენ თითოეულ მობინადრესთან. მაგრამ რის თქმა შეიძლება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ არც ერთ კრებას არ ეკუთვნის?
1951 წელს გაკეთდა შეერთებული შტატების იმ რეგიონების სია, რომლებშიც იეჰოვას მოწმეები ხალხს რეგულარულად ვერ ინახულებდნენ. იმ დროს არ მუშავდებოდა ან მხოლოდ ნაწილობრივ მუშავდებოდა ამ ტერიტორიის დაახლოებით 50 პროცენტი. ორგანიზება გაეწია ამ ტერიტორიებზე ზაფხულის თვეებში ან სხვა პერიოდში ქადაგებას იმ მიზნით, რომ იქ კრებები ჩამოყალიბებულიყო. სადაც არავინ ხვდებოდათ, მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურასთან ერთად კართან შეთავაზების ბარათსაც ტოვებდნენ. ბიბლიის შესწავლებს წერილებით ატარებდნენ. მოგვიანებით ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის ინტერესის გასაღვივებლად სპეციალური პიონერები გაგზავნეს.
ეს საქმიანობა 1950-იანი წლების შემდეგაც გაგრძელდა. ქვეყნებში, რომელთა დიდ ქალაქებშიც აქტიური ქადაგება მიმდინარეობს, მაგრამ ამასთანავე გაუნაწილებელი ტერიტორიებიც არსებობს, მოწმეები გულმოდგინედ ცდილობენ იმ ადამიანებთან დაკავშირებას, რომლებსაც რეგულარულად ვერ აკითხავენ. 1970-იან წლებში ალასკის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი მივარდნილ სოფლებში ცხოვრობდა. ამ ხალხის უმეტესობის ნახვა უფრო ხშირად ზამთარში შეიძლებოდა, როდესაც თევზჭერა თითქმის წყდებოდა. თუმცა ამ პერიოდში ყინვისა და ქარბუქის გამო თვითმფრინავით ფრენა სახიფათო იყო. მიუხედავად ამისა, ესკიმოსებს, ინდიელებსა და ალეუტებს უნდა გაეგოთ მარადიული ცხოვრების იმედის შესახებ. ამ ცნობის გადასაცემად ორი წლის მანძილზე მოწმეების 11-კაციანმა ჯგუფმა პატარა თვითმფრინავით შეძლო დაახლოებით 200 სოფელში ჩასვლა, რომლებიც 844 000 კვადრატულ კილომეტრზე იყო მიმოფანტული. ეს ყველაფერი ადგილობრივი მოწმეების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით გახდა შესაძლებელი.
ასეთი სამქადაგებლო მოგზაურობების გარდა, მოწიფულ მოწმეებს მოუწოდებდნენ, თავიანთ ქვეყანაში ისეთ ტერიტორიებზე გადასულიყვნენ, სადაც სამეფოს მაუწყებლები ცოტანი იყვნენ. ამ მოწოდებას ათასობით მოწმე გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ ეუჟენ და დელიე შუსტერები, რომლებიც 1958 წელს ილინოისიდან ჰოუპში (არკანზასის შტატი) გადავიდნენ. დაინტერესებულების დასახმარებლად ისინი იქ 30 წელზე მეტხანს დარჩნენ, კრება ჩამოაყალიბეს და ადგილობრივებს დაეხმარნენ, მოწიფული ქრისტიანები გამხდარიყვნენ.
სარაიონო ზედამხედველის რჩევით ალექსანდრე გრინი მეუღლესთან ერთად 1957 წელს მსახურებისთვის დეიტონიდან (ოჰაიოს შტატი) მისისიპიში გადავიდა. თავდაპირველად, ისინი ჯექსონში დანიშნეს, მოგვიანებით კი — კლარკსდეილში. დროთა განმავლობაში ძმა გრინი ხუთ სხვადასხვა ადგილას მსახურობდა. თითოეულ ადგილას პატარა კრებები იყო, რომელთაც დახმარება სჭირდებოდა. ის მუშაობდა კარისკაცად, მებაღედ, ავეჯისა და ავტომობილების შემკეთებლად და ასე შემდეგ. მაგრამ მთელ თავის ძალას ის, ძირითადად, სასიხარულო ცნობის ქადაგებას ახმარდა. ის ადგილობრივ მოწმეებს სულიერ წინსვლაში ეხმარებოდა, მათთან ერთად ქადაგებდა და ხშირად სხვა ტერიტორიაზე გადასვლამდე, მათთან ერთად სამეფო დარბაზის მშენებლობაშიც იღებდა მონაწილეობას.
1967 წელს შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ჯერალდ კეინი იეჰოვას მოწმე გახდა. მას და მის ოჯახს ესმოდათ, რამდენად გადაუდებელი იყო სამქადაგებლო საქმე. მათ ჯერ კიდევ ნათლობამდე დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ემსახურათ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო. ოთხი წლის მანძილზე მათ ითანამშრომლეს ნიდლსის (კალიფორნიის შტატი) კრებასთან. ამ კრების სამქადაგებლო ტერიტორია მოიცავდა შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში მდებარე სამი შტატის გარკვეულ რეგიონებს. როდესაც თავს იჩენდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც მათ იქიდან გადასვლა უწევდათ, ისინი ადგილს კვლავაც მქადაგებლებზე მოთხოვნილების მიხედვით არჩევდნენ და თავიანთი სახლის ნაწილს სამეფო დარბაზს უთმობდნენ. შემდეგ კვლავ უწევდათ გადასვლა, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, ისეთი ტერიტორია შეერჩიათ, სადაც სამქადაგებლო საქმიანობაში დიდ წვლილს შეიტანდნენ.
ზოგ ქვეყანაში კრებების რიცხობრივ ზრდასთან ერთად გამოცდილი უხუცესების საჭიროებაც გაიზარდა. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ათასობით უხუცესმა გამოთქვა სურვილი, მოშორებით მდებარე კრებები თავიანთი ხარჯებით მოენახულებინათ. ისინი კვირაში სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ ან მეტჯერ მიდიოდნენ ასეთ ტერიტორიებზე, რომ კრების შეხვედრებში მიეღოთ მონაწილეობა, ემსახურათ და-ძმებთან და დაემწყემსათ ღვთისგან მიბარებული სამწყსო. ასე ხდებოდა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ესპანეთში, იაპონიაში, ნიდერლანდში, სალვადორსა და სხვა ბევრ ქვეყანაში. ზოგჯერ უხუცესები ოჯახებით გადადიოდნენ ასეთ ტერიტორიებზე.
რა შედეგი გამოიღო ამან? მაგალითად ავიღოთ ერთი ქვეყანა. 1951 წლისთვის, როდესაც გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ქადაგების შესახებ გაკეთდა განცხადება, შეერთებულ შტატებში 3 000 კრება იყო, რომელთაგან თითოეულში საშუალოდ 45 მაუწყებელი მსახურობდა. 1975 წელს იქ უკვე 7 117 კრება იყო, აქტიური მოწმეების რიცხვი კი თითოეულ კრებაში საშუალოდ 80-მდე გაიზარდა.
1945—1975 წლებში იეჰოვას სახელისა და სამეფოს შესახებ დამოწმების საქმეში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე მანამდე.
მოწმეების რიცხვი მთელ მსოფლიოში 156 299-დან (1945 წლის მონაცემი) 2 179 256-მდე (1975 წლის მონაცემი) გაიზარდა. თითოეული მათგანი პირადად ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ.
1975 წელს იეჰოვას მოწმეები 212 ქვეყანაში ქადაგებდნენ (1990-იანი წლების მსოფლიო პოლიტიკური რუკის მიხედვით). შეერთებულ შტატებში და კანადაში 624 097 მოწმე მსახურობდა. ევროპაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის გარდა, კიდევ 614 826 მოწმე ქადაგებდა. აფრიკაში ბიბლიურ ჭეშმარიტებას 312 754 ადამიანი აცხადებდა. მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში 311 641 მოწმე იყო, აზიაში — 161 598, ავსტრალიასა და მსოფლიოს სხვა ბევრ კუნძულზე — 131 707.
1975 წლამდე 30 წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეებმა ქადაგებასა და სწავლებას 4 635 265 939 საათი დაუთმეს. მათ გაავრცელეს 3 914 971 158 წიგნი, ბროშურა და ჟურნალი, რათა დაინტერესებულებს დაეფასებინათ ის, თუ როგორ მოემსახურებოდა იეჰოვას განზრახვები ხალხის კეთილდღეობას. ისინი დაემორჩილნენ იესოს მითითებას, მოემზადებინათ მოწაფეები და 1 788 147 329 განმეორებითი მონახულება გააკეთეს; 1975 წლისთვის საშუალოდ ისინი 1 411 256 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ როგორც ცალკეულ ადამიანებთან, ისე ოჯახებთან.
1975 წლისთვის სასიხარულო ცნობას უკვე 225 ქვეყანაში ქადაგებდნენ. 80-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებშიც 1945 წლამდე სასიხარულო ცნობა მოსმენილი ჰქონდათ, თუმცა კრებები ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, 1975 წლისთვის უკვე გულმოდგინე მოწმეების კრებები არსებობდა. მათ შორის იყო სამხრეთი კორეა (470 კრება), ესპანეთი (513 კრება), ზაირი (526 კრება), იაპონია (787 კრება) და იტალია (1 031 კრება).
მათგან უმეტესობა, ვინც 1945—1975 წლებში იეჰოვას მოწმე გახდა, არ აცხადებდა, რომ ზეციერი იმედის მქონე ღვთის სულით ცხებულთა კლასს მიეკუთვნებოდა. 1935 წლის გაზაფხულზე უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები მიიღო სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეთა 93-მა პროცენტმა (იმავე წელს, მოგვიანებით ნათელი მოეფინა იმას, რომ გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“ შედგებოდა მათგან, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონდა). 1945 წლისთვის მოწმეების რიცხვი, რომელთაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი ჰქონდათ, იმდენად გაიზარდა, რომ სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა 86 პროცენტი შეადგინა. 1975 წლისთვის კი მათი რიცხვი, ვინც თავს სულით ცხებულ ქრისტიანად თვლიდა, მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა საერთო რაოდენობის 0,5 პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა. თუმცა იმ დროს ცხებულები მსოფლიოს 115 ქვეყანაში ცხოვრობდნენ, ისინი კვლავაც აგრძელებდნენ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით გაერთიანებულად მსახურებას.
[ჩანართი 463 გვერდზე]
„თქვენი ჩამოსვლის შემდეგ ყველა ბიბლიაზე ალაპარაკდა“
[ჩანართი 466 გვერდზე]
„ახლა თქვენ ზუსტად ის მითხარით, რაც მრავალი წლის წინ ბიბლიაში წავიკითხე“
[ჩანართი 470 გვერდზე]
ათასობით მოწმე გადავიდა თავისი ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო
[ჩანართი 472 გვერდზე]
„შეუფასებელი ჯილდო“
[ჩანართი 475 გვერდზე]
იმ ქვეყნებში, სადაც ცოტა მაუწყებელი იყო, გამოცდილი მოწმეები გაგზავნეს
[ჩანართი 486 გვერდზე]
ნიგერიაში პირველმა მოწმეებმა დამაჯერებელი ბიბლიური არგუმენტებით ამხილეს სამღვდელოება და მათი ცრუ სწავლებები
[ჩანართი 497 გვერდზე]
როცა სიტყვებს ვერ პოულობდა, სათქმელს ჟესტებით ხსნიდა
[ჩანართი 499 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების მიზანია, სამეფოს შესახებ ცნობა შეძლებისდაგვარად ყველას უქადაგონ
[ჩარჩო⁄სურათი 489 გვერდზე]
მოწმეებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს ჩინეთში ხალხისთვის იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გადაცემას
1891—1900 წლებში ჩიფუდან გაიგზავნა ათასობით წერილი, ტრაქტატი და წიგნი
1912 წელს ჩარლზ ტეიზ რასელი მოხსენებით გამოვიდა შანხაიში და მოინახულა 15 ქალაქი და სოფელი
1912—1918 წლებში წიგნების დამტარებლებმა უამრავი პუბლიკაცია გაავრცელეს ჩინეთის მთელ სანაპიროზე და ქვეყნის სიღრმეში
1930—1931 წლებში აქ იაპონელი წიგნების დამტარებლები მსახურობდნენ
1930-იან წლებში შანხაიდან, პეკინიდან და ტიანძინიდან რადიოთი ჩინურ ენაზე გადაიცემოდა მოხსენებები. შედეგად, ჩინეთის მრავალი კუთხიდან ძმები იღებდნენ წერილებს, რომლებშიც ხალხი ლიტერატურას ითხოვდა
1930-იან და 1940-იან წლებში ავსტრალიელმა და ევროპელმა მოწმეებმა იქადაგეს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა შანხაი, პეკინი, ტიანძინი, ცინდაო, ბეიდაიხო, ჩიფუ, ვეიხაი, კანტონი, შანტოუ, ამოი, ფუჯოუ, ხანკოუ და ნანკინი. სხვები ბირმის გზით შევიდნენ ჩინეთში და იქადაგეს ბაო-შანში, ჩუნცინსა და ჩენდუში. ადგილობრივმა მოწმეებმა იმსახურეს შენსისა და ნინბოში.
[სურათი]
სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები სტენლი ჯოუნზი (მარცხნივ) და ჰაროლდ კინგი (მარჯვნივ) 1947—1958 წლებში აქ ადგილობრივ გულმოდგინე მოწმეების ოჯახებთან ერთად მსახურობდნენ
[რუკა]
ჩინეთი
[რუკა⁄სურათები 462 გვერდზე]
„სიბია“ დასავლეთ ინდოეთში მისიონერთა მოტივტივე სახლად იქცა
ს. კარტერი
გ. მაკი
რ. პარკინი
ა. უორსლი
[რუკა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ბაჰამის კუნძულები
ქარზურგა კუნძულები
ვირჯინის კუნძულები (აშშ)
ვირჯინის კუნძულები (ბრიტანეთი)
ქარპირა კუნძულები
[რუკა 477 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ჭეშმარიტების მაცოცხლებელი წყლები აფრიკის ქვეყნების საზღვრებიდან სხვადასხვა მიმართულებით მიედინებოდა
ეგვიპტე
სენეგალი
კენია
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
განა
კენია
მალავი
ნიგერია
სიერა-ლეონე
ზამბია
[სურათი 464 გვერდზე]
ედვარდ მიჰალეკმა (მარცხნივ) და ჰაროლდ მორისმა (მარჯვნივ) ბოლივიაში თავიანთი მისიონერული მსახურება აქ, ლა-პასში დაიწყეს
[სურათი 465 გვერდზე]
კატერი „ელ რეფუხიო“, რომელიც პერუელმა მოწმეებმა ააგეს, რათა სამეფოს ცნობა ამაზონის სათავეებთან მცხოვრებ ხალხთან მიეტანათ
[სურათი 467 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების მიერ მექსიკაში ჩატარებული წერა-კითხვის კურსების წყალობით ათიათასობით ადამიანს შეუძლია ღვთის სიტყვის წაკითხვა
[სურათი 468 გვერდზე]
ძმა ნორი (მარჯვნივ) შეხვდა მოწმეებს, რომლებიც პატარ-პატარა ჯგუფებად ატარებდნენ კონგრესებს არგენტინის მთებსა და ფერმებში, როცა მათ კონგრესების უფრო ღიად ჩატარებაზე უარს ეუბნებოდნენ
[სურათი 469 გვერდზე]
ათასობით მოწმეს შორის, რომლებიც იმ ქვეყნებში გადავიდნენ მსახურებისთვის, სადაც მქადაგებლებზე დიდი საჭიროება იყო, იყვნენ ჰაროლდ და ანა ციმერმანები ოთხ პატარა შვილთან ერთად (კოლუმბია)
[სურათი 471 გვერდზე]
ტომ და როვენა კიტოები გამოეხმაურნენ მოწოდებას და ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად პაპუაში გადავიდნენ
[სურათი 471 გვერდზე]
ჯონ და ელენ ჰიუბლერები, რომლებსაც მოგვიანებით 31 მოწმე შეუერთდა, ახალ კალედონიაში გადავიდნენ. სანამ ეს წყვილი კუნძულს დატოვებდა, იქ უკვე ძლიერი კრება იყო
[სურათი 473 გვერდზე]
როდესაც დასავლეთ სამოელმა ფუაიუპოლუ პელემ ახალგაზრდობაში გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო, მას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ოჯახის წევრები და თანასოფლელები
[სურათი 474 გვერდზე]
როდესაც შემ იროუფაალუ და მისი თანამოაზრეები დარწმუნდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ, მათ სოლომონის კუნძულებზე 28 სოფლის ეკლესიები სამეფო დარბაზებად გადააკეთეს
[სურათები 476 გვერდზე]
1950-იანი წლების დასაწყისში ეთიოპიაში საქადაგებლად მოწმეებს მოეთხოვებოდათ მისიის დაფუძნება და სკოლის გახსნა
[სურათი 478 გვერდზე]
როდესაც გეიბრიელ პატერსონს (ქვემოთ) ქვეყნიდან გაძევება ემუქრებოდა, ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: „ჭეშმარიტებას ვერაფერი შეაჩერებს. ის ძლიერ მდინარეს ჰგავს; გზაზე კაშხალიც რომ გადაეღობოს, ადიდდება და ზემოდან გადმოვა“
[სურათები 479 გვერდზე]
1970 წელს ნიგერიაში ჩატარებულ კონგრესზე მოინათლა 3 775 ადამიანი; ძმები წინასწარ დარწმუნდნენ, რომ თითოეული მათგანი ნათლობისთვის მზად იყო
[სურათები 481 გვერდზე]
აფრიკაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფილმების ჩვენებამ ხალხს იეჰოვას ხილული ორგანიზაციის მასშტაბების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა
[სურათი 482 გვერდზე]
ჟუან მანკოკა (ცოლთან, მერისთან ერთად) ათობით წელი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას ძალიან რთულ პირობებში
[სურათი 483 გვერდზე]
1961 წელს ერნესტ ჰოისე უმცროსმა ოჯახთან ერთად შეძლო ზაირში (მაშინდელი კონგო) ჩასვლა, რათა სულიერად დახმარებოდა მათ, ვისაც ნამდვილად სურდა იეჰოვას მსახურება
[სურათები 485 გვერდზე]
მიუხედავად იმისა, რომ მერი უიტინგტონი მხოლოდ ერთი წლის მონათლული იყო და კენიაში არც ერთ მოწმეს არ იცნობდა, გადაწყვიტა, ჭეშმარიტება სხვებისთვის ესწავლებინა
[სურათი 487 გვერდზე]
მერი ნიზბეტი თავის ვაჟებს, რობერტსა და ჯორჯს შორის, რომლებიც 1930-იან წლებში აღმოსავლეთ აფრიკაში პიონერებად მსახურობდნენ; მისი ვაჟი უილიამი კი ცოლთან, მიურიელთან ერთად (უკან) იქ 1956—1973 წლებში მსახურობდა
[სურათი 488 გვერდზე]
1945 წელს ფილიპინებზე ჩატარებულ კონგრესზე აიხსნა, თუ როგორ შეიძლებოდა ბიბლიის შესწავლების ჩატარება
[სურათები 490 გვერდზე]
დონ და მეიბელ ჰასლეტები, რომლებიც იაპონიაში ომის შემდეგ პირველი მისიონერები იყვნენ, ქუჩაში ქადაგებენ
[სურათი 491 გვერდზე]
ლოიდ ბერი (მარჯვნივ) 25 წელი მსახურობდა იაპონიაში, თავიდან მისიონერად, მოგვიანებით კი ფილიალის ზედამხედველად
[სურათი 491 გვერდზე]
დონ და ერლინ სტილები პირველები იყვნენ იმ მისიონერებს შორის, რომლებიც სამხრეთ კორეაში მსახურობდნენ
[სურათი 492 გვერდზე]
წლების წინ ირლანდიაში ფრედ მეტკაფს ზოგჯერ ბრბო ესხმოდა თავს, როდესაც ის ბიბლიით ქადაგებას ცდილობდა; მაგრამ მოგვიანებით ხალხმა მოსმენა დაიწყო და ათასობით ადამიანი იეჰოვას მოწმე გახდა
[სურათი 493 გვერდზე]
სამღვდელოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მოწმეების კონგრესზე იტალიაში (რომი, 1969 წელი)
[სურათი 494 გვერდზე]
აკრძალვების დროს კრების შეხვედრებს ხშირად პიკნიკის სახით ქალაქგარეთ ატარებდნენ (პორტუგალია)
[სურათები 495 გვერდზე]
კადისის (ესპანეთი) ციხეში მყოფი მოწმეები ქადაგებას წერილებით განაგრძობდნენ
[სურათები 496 გვერდზე]
დიდი კონგრესები ხალხს ეხმარებოდა, საკუთარი თვალით ენახათ და მოესმინათ, ვინ იყვნენ იეჰოვას მოწმეები
პარიზი, საფრანგეთი (1955 წელი)
ნიურნბერგი, გერმანია (1955 წელი)
[სურათები 498 გვერდზე]
ლუქსემბურგში სასიხარულო ცნობის ყველასთვის საქადაგებლად იეჰოვას მოწმეები ას ენაზე გამოცემულ ლიტერატურას იყენებდნენ