თავი მეთოთხმეტე
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია
როდის ჩაეყარა საფუძველი იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაციას? (1)
როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა შეხვედრები? (2)
როგორ იფარება ხარჯები? (3)
ვინ ხელმძღვანელობს კრებებს? (4)
რომელი დიდი შეხვედრები ტარდება ყოველწლიურად? (5)
რა საქმიანობა სრულდება იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოსა და ფილიალებში? (6)
1. იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ორგანიზაციას საფუძველი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩაეყარა. თავიდან მათ ბიბლიის მკვლევარები ერქვათ, მაგრამ მოგვიანებით, 1931 წელს მათ ბიბლიური სახელი — იეჰოვას მოწმეები ეწოდათ (ესაია 43:10). თავდაპირველად მცირე ორგანიზაცია იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მას მილიონობით მოწმე შეემატა, რომლებიც გულმოდგინედ ქადაგებენ 230-ზე მეტ ქვეყანაში.
2. იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები ძირითადად კვირაში სამჯერ ტარდება. დაესწარით მათ შეხვედრებს (ებრაელები 10:24, 25). მათი სწავლებები ბიბლიურია. შეხვედრები ლოცვით იწყება და ლოცვითვე მთავრდება. შეხვედრების უმეტესობაზე ისინი სულიერ სიმღერებსაც მღერიან მთელი გულით (ეფესოელები 5:18, 19). დასწრება უფასოა და ფულიც არ იკრიბება (მათე 10:8).
3. კრების შეხვედრები ძირითადად სამეფო დარბაზებში ტარდება. სამეფო დარბაზი უბრალო ნაგებობაა, რომლის აშენებაშიც იეჰოვას მოწმეები ნებაყოფლობით მონაწილეობენ. სამეფო დარბაზში ვერ ნახავთ ვერც გამოსახულებებს, ვერც ჯვრებსა თუ სხვა სიმბოლოებს. ხარჯები ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება. შესაწირავის გაღების მსურველთათვის დარბაზში არის შესაწირავების ყუთი.
4. თითოეულ კრებაში არიან უხუცესები, ანუ ზედამხედველები. ისინი მოძღვრავენ კრებას (1 ტიმოთე 3:1—7; 5:17). მათ მომსახურეები ეხმარებიან (1 ტიმოთე 3:8—10, 12, 13). უხუცესებს კრებაში სხვებზე მაღალი მდგომარეობა არ უკავიათ (2 კორინთელები 1:24). მათ არც ტიტულებით მიმართავენ (მათე 23:8—10). ისინი განსხვავებულად არ იცვამენ. მათ არც ფულს უხდიან მსახურებისთვის. უხუცესები ხალისით ზრუნავენ კრების სულიერ მდგომარეობაზე, გასაჭირში მყოფთ რჩევებს აძლევენ და ანუგეშებენ (იაკობი 5:14—16; 1 პეტრე 5:2, 3).
5. იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად ატარებენ დიდ კონგრესებს, რომელსაც მრავალი კრება ესწრება ბიბლიური პროგრამის მოსასმენად. ყოველი კონგრესის პროგრამის ნაწილია მონათვლა (მათე 3:13—17; 28:19, 20).
6. იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველო ნიუ-იორკშია. იქვეა ხელმძღვანელი საბჭოც, გამოცდილი უხუცესების ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს კრებების საქმიანობას. მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალია, სადაც მოხალისეები ბეჭდავენ ბიბლიურ ლიტერატურას, შემდეგ კი გზავნიან საჭიროების ადგილზე. ფილიალებიდან ეწევა ხელმძღვანელობა ორგანიზებულ სამქადაგებლო საქმიანობასაც. კარგი იქნება, თუ უახლოეს ფილიალს ესტუმრებით.