ხუთწიგნეული
ეს არის ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის („დაბადება“, „გამოსვლა“, „ლევიანები“, „რიცხვები“, „მეორე კანონი“) საერთო სახელწოდება. აგრეთვე ცნობილია როგორც პენტატევხი.
შინაარსი. ხუთწიგნეული არის ღვთის სიტყვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც მყარ საფუძველს უქმნის მოგვიანებით დაწერილ წიგნებს. მის პირველ წიგნში, „დაბადებაში“, ღვთივშთაგონებით ჩაიწერა შემოქმედებისა და კაცობრიობის შესახებ ისტორია ედემის ბაღში ადამის შექმნიდან პატრიარქების ეპოქაში მცხოვრები იოსების სიკვდილამდე (დასაბამიდან ძვ. წ. 1657 წლამდე). მეორე წიგნი „გამოსვლა“ მოგვითხრობს იოსების სიკვდილის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ (ძვ. წ. 1657—1512 წლამდე), კერძოდ, ეგვიპტის მონობის პერიოდში მოსეს დაბადების, ღვთის ხალხის მონობიდან გათავისუფლებისა და სინას მთაზე კანონის შეთანხმების დადების შესახებ. მასში დაწვრილებით არის მოთხრობილი უდაბნოში თაყვანისმცემლობის მთავარი ნაგებობის, კარვის აგების შესახებ. მესამე წიგნი „ლევიანები“ მოიცავს დაახლოებით ერთთვიან პერიოდს (ძვ. წ. 1512), შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ლევიან მღვდლებზე, მათ დანიშვნასა და მოვალეობებზე, აგრეთვე — კანონებსა და მითითებებს კრებულისთვის, თუ როგორ უნდა დაეჭირათ მხარი იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის. მეოთხე წიგნი „რიცხვები“, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, გვამცნობს უდაბნოში ხეტიალის დასაწყისსა და დასასრულს ჩატარებული აღრიცხვის შესახებ. მასში დაწვრილებით არის მოთხრობილი ისრაელის 40-წლიანი ხეტიალის განმავლობაში (ძვ. წ. 1473 წლამდე) მომხდარი ზოგიერთი მოვლენა და შეიცავს მრავალ კანონს, რომლებიც შეთანხმების ნაწილი იყო. ბოლო წიგნი „მეორე კანონი“ მოიცავს დაახლოებით ორთვიან პერიოდს (ძვ. წ. 1473). მასში ახსნილია კანონის შეთანხმების მონაკვეთები და შესულია მრავალი საჭირო მითითება მოაბის ველზე დაბანაკებული ისრაელის ახალი თაობისთვის, რომელიც მზად იყო აღთქმულ მიწაზე შესასვლელად და მის დასამკვიდრებლად. წიგნის ბოლო თავებში მოთხრობილია ერის წინამძღოლად იესო ნავეს ძის დანიშვნისა და მოსეს სიკვდილის შესახებ.
დამწერი. არსად არის ნახსენები, რომ ხუთწიგნეული თავიდან ბოლომდე მოსემ დაწერა, თუმცა ამაზე არაორაზროვნად მიანიშნებს მრავალი გამოთქმა, რომლებიც ხუთწიგნეულის სხვადასხვა ნაწილში გვხვდება (გმ. 17:14; 24:4; 34:27; რც. 33:2; კნ. 31:9, 19, 22, 24—26). ამასთან, მის ბევრ ნაწილში მოყვანილია თავად მოსეს სიტყვები — მისი პირველი საუბრით დაწყებული (გმ. 2:13, 14) ისრაელის საბოლოო კურთხევით დამთავრებული (კნ. 33:1—29), აგრეთვე მისი წარმოთქმული ზოგიერთი მიმართვა (კნ. 1:1; 5:1; 27:1; 29:2; 31:1) და ცნობილი სიმღერები (გმ. 15:1—19; კნ. 31:30—32:43). ლევიანების 27 თავიდან 20 თავის პირველი სიტყვებიდან ჩანს, რომ მათ მოსდევს იეჰოვას მიერ მოსესთვის ნათქვამი სიტყვები, რომლებიც მოსეს ხალხისთვის უნდა გადაეცა. მსგავსი სიტყვებია მოხსენიებული წიგნ „რიცხვების“ 50-ზე მეტ ადგილას. ამგვარად, მთელი ხუთწიგნეული იმაზე მოწმობს, რომ „კანონის“ ბოლო მუხლების გარდა, ის მოსემ დაწერა.
ხუთწიგნეული რომ მოსემ დაწერა, ამაზე ბიბლიის მრავალი მონაკვეთიც მოწმობს (იეს. 1:7; მსჯ. 3:4; 2მფ. 18:6; მლ. 4:4). მაგალითად, დავითი (1მფ. 2:1—3), დანიელი (9:11), ეზრა (6:18), ნეემია (8:1), იესო (მრ. 12:26; ლკ. 16:29; ინ. 7:19), ლუკა (24:27) და იოანე (1:17) ამ ნაშრომს მოსეს მიაკუთვნებდნენ. უფრო მეტიც, იესომ პირდაპირ თქვა, რომ ხუთწიგნეულის დამწერი მოსე იყო (მრ. 10:3—5; ინ. 5:46, 47) და ამას სადუკეველებიც აღიარებდნენ (მრ. 12:18, 19).