სამოთხე თუ ნაგავსაყრელი — შენ რას აირჩევდი?
საეჭვოა, ვინმეს არ მიეღო იგი იმად, ვინც იყო: ევროპელი ტურისტი, რომელიც საჭიროებს დასვენებას და სწყურია მზით დატკბობა სამოთხის კუნძულზე. ის გულმოდგინედ მიიკვლევს გზას ზღვის მოარშიებული სანაპიროს გასწვრივ, ვრცელი ქვიშის ბორცვების, გადაგდებული ბოთლების, კონსერვის ქილების, პოლიეთილენის პაკეტების, კამფეტის ქაღალდების, საღეჭი რეზინებისა და ჟურნალ-გაზეთების ირგვლივ. ალბათ, გულდაწყვეტილი ეკითხება თავის თავს: ნუთუ ეს არის ის სამოთხე, რომლის გულისთვისაც მოდიოდა აქ.
შენც თუ შეხვედრიხარ რაიმე ამის მსგავსს? რატომ ოცნებობენ ადამიანები დასვენებაზე ამა თუ იმ სამოთხეში, ხოლო როდესაც აღმოჩნდებიან იქ, სინდისის ქენჯნის გარეშე მას ნამდვილ სანაგვედ აქცევენ?
არა მხოლოდ „სამოთხეში“
სილამაზისადმი, აკურატულობისა და სისუფთავისადმი ასეთი აშკარა უპატივცემულობა არა მხოლოდ „სამოთხის ადგილებს“ ახასიათებს, სადაც თავს იყრის უამრავი ტურისტი, არამედ თანამედროვე საზოგადოებაც სერიოზულად არის მოწამლული თითქმის ყველანაირი დაბინძურებით. საწარმოები წარმოქმნიან ტონობით ნარჩენს და იწვევენ უჩვეულო დაბინძურებას. ტოქსიკური ნარჩენებისადმი არასწორი დამოკიდებულება და ნავთობის შემთხვევითი დაქცევა ჩვენი დედამიწის უკიდურეს ფართობებს განადგურებით ემუქრება და მათ გადააქცევს სიცოცხლისათვის გამოუდეგარ ადგილად. გარემო ბინძურდება ომის შედეგადაც. მსოფლიო შიშით უყურებდა, თუ როგორი არნახული დანაკარგი მოიტანა 1991 წელს სპარსეთის ყურეში მომხდარმა ომმა. ერაყის საომარმა ძალებმა განზრახ გახსნეს ცეცხლი ნავთობის 600 ჭაბურღილის მიმართ, და ამით ქუვეითი „ჯოჯოხეთის აპოკალიფსურ ხილვად“, გადააქციეს როგორც ეს აღწერა ევროპის ერთ-ერთმა გაზეთმა. გერმანულმა ჟურნალმა „გეომ“ ამ ჯოჯოხეთს უწოდა „ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ჩადენილი იყო ადამიანის ხელით“.
ომის დამთავრებიდან დიდი დრო არ გასულა და მაშინვე ჩამოაყალიბეს მისია დალაგება — სისუფთავესთან დაკავშირებით. მხოლოდ იმისათვის, რომ ჩაექროთ ცეცხლმოკიდებული ნავთობის ჭაბურღილები, საჭირო იყო რამოდენიმე თვის მძიმე შრომა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქუვეითში გარემოს დიდ დაბინძურებას შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილიანობის ზრდა 10 პროცენტით.
ნაკლებად საშიშნი, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელნი
ზემოთ მოყვანილი შემაშფოთებელი ფაქტების გარდა, არსებობს კიდევ სხვა არანაკლებ მტკივნეული საკითხი. საზოგადოებრივი ადგილების დამნაგვიანებელი ადამიანები და კედლების უხეიროდ „მომხატველები“ შეიძლება მოგვეჩვენონ ნაკლებად საშიშ მავნებლებად. თუმცა, მათაც შეაქვთ თავიანთი წვლილი იმაში, რომ დედამიწა არ წარმოადგენდეს სამოთხეს.
ზოგიერთ ადგილას კედლების შეთითხნა იმდენად ჩვეულებრივი საქმეა, რომ მცხოვრებლები ბრმები გახდნენ ასეთი „მხატვრობის“ მიმართ და ახლა საეჭვოა, რომ ამჩნევდნენ კიდეც მას. მსგავსი რამე შეიძლება იხილო მეტროს ვაგონებზე, შენობების კედლებსა და სატელეფონო ჯიხურებზე. ეს წარწერები მეტად აღარ წარმოადგენს საზოგადოებრივი ტუალეტების კედლების განსაკუთრებულ კუთვნილებას.
ზოგიერთი ქალაქი სავსეა უსარგებლო და მიტოვებული სახლებით. საცხოვრებელი რაიონები დამახინჯებულია მოუვლელი სახლებითა და ეზოებით. დამსხვრეული მანქანები, ჩამოწერილი მოწყობილობა და ძველი ნარჩენები — ყველაფერი ეს ფერმერულ ეზოებშია, რომლებიც შეიძლებოდა მიმზიდველი ყოფილიყო.
ადამიანთა ზოგიერთ წრეში, როგორც ჩანს, არ უთმობენ ყურადღებას პირად ჰიგიენას. არასასურველი ტანსაცმლითა და დაუვარცხნელი თმით სიარული შეიძლება არა მხოლოდ მისაღები, არამედ მოდურიც კი იყოს. ხოლო ისინი, რომლებიც აფასებენ აკურატულობასა და სისუფთავეს, ძველმოდურ ადამიანებად არიან მიჩნეულნი.
როგორი არაჩვეულებრივი სამუშაოა!
როგორი არაჩვეულებრივი ღონისძიება დასჭირდებოდა, რომ დაესუფთავებინათ ტყეები, მთები, სანაპიროები, ქალაქები, ფერმები, რომ დაემსგავსებინათ ისინი ტურისტულ ჟურნალებზე გამოსახული სამოთხის მსგავსი ადგილებისათვის.
დასაწყისში მოხსენიებული ტურისტი მოხარული იყო ეხილა დამლაგებელთა ბრიგადა, რომელმაც მოგვიანებით ჩაიარა ამ მხარეში. ისინი ალაგებდნენ, მაგრამ მაინც ტოვებდნენ დამტვრეულ მინებს, ბოთლებისა და ქილების საცობებს, დიდი რაოდენობით (სიგარეტის) ნამწვავებს. ასე რომ, დალაგების შემდეგაც კი ჩანდა, რომ არე-მარე სანაგვეს უფრო წააგავდა, ვიდრე სამოთხეს.
მსოფლიო მოძრაობა, სანაგვედ გადაქცეული დედამიწის გადასარჩენად, მოითხოვს ამ სნეულებათა ყოველგვარი კვალის მოსპობას. არის კი რაიმე იმედი, რომ მოეწყობა ასეთი გაწმენდა? თუ დიახ, მაშინ როგორ? ვინ მოაწყობს მას და როდის?