საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 1/15 გვ. 13-18
  • განაგრძეთ ღმერთთან სიარული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განაგრძეთ ღმერთთან სიარული
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სიცოცხლის უცვლელი კურსი
  • მოერიდე თავდაჯერებულობის მახეს
  • ნუ აგიყოლიებს კაცთმოშიშობა
  • არ შეამციროთ რჩევის მნიშვნელოვნება
  • ცხოვრების საზრუნავებთან წარმატებით გამკლავება
  • იარეთ რწმენით და არა ხილვით!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სარგებლობა, რომელიც მოაქვს ჭეშმარიტი ღვთისადმი შიშს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
  • განაგრძეთ იეჰოვას გზით სიარული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ღმერთთან ერთად სიარული — პირველი ნაბიჯები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 1/15 გვ. 13-18

განაგრძეთ ღმერთთან სიარული

„მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს“ (გალატელთა 5:16).

1. ა) რა გარემოცვაში და რამდენ ხანს დადიოდა ენოქი ღმერთთან? ბ) რამდენ ხანს დადიოდა ნოე ღმერთთან და რა სერიოზული პასუხისმგებლობები ეკისრა მას?

ბიბლია გვამცნობს, რომ ენოქი „დადიოდა ღმერთთან“. მის გარშემო მყოფი ადამიანების სასტიკი სიტყვებისა და უღვთო საქციელის მიუხედავად, ის სიკვდილამდე, 365 წლის განმავლობაში, ღმერთთან დადიოდა (დაბადება 5:23, 24; იუდა 14, 15). ნოეც „დადიოდა ღმერთთან“. ის ასე იქცეოდა, როდესაც ოჯახზე ზრუნავდა, როდესაც ამბოხებული ანგელოზებისა და მათი მოძალადე შთამომავლების გავლენაში მყოფ წუთისოფელს უმკლავდებოდა და, როდესაც ზრუნავდა ისეთი უზარმაზარი კიდობნის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყოველ წვრილმანზე, რომელიც სიდიდით ძველი დროის ნებისმიერ ხომალდს აღემატებოდა. ის ღმერთთან წარღვნის შემდეგაც დადიოდა, თვით იმ დროსაც კი, როდესაც იეჰოვას წინააღმდეგ ამბოხებამ კვლავ იფეთქა, მხოლოდ ამჯერად ბაბილონში. მართლაც, ნოე სიკვდილამდე, 950 წლის განმავლობაში, ღმერთთან დადიოდა (დაბადება 6:9; 9:29).

2. რას ნიშნავს ‘ღმერთთან დადიოდნენ’?

2 როდესაც ბიბლია ამბობს, რომ ეს რწმენის მამაკაცები ღმერთთან ‘დადიოდნენ’, ამ გამოთქმას მეტაფორული მნიშვნელობით იყენებს. ეს ნიშნავს, რომ ენოქისა და ნოეს მოქმედება ღვთისადმი მტკიცე რწმენის მაჩვენებელი იყო. ისინი იეჰოვას მითითებებს ასრულებდნენ და, რადგან იცოდნენ, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ადამიანებს, თვითონაც ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედებდნენ (შეადარე მეორე ნეშტთა 7:17). ისინი მხოლოდ გონებით როდი ეთანხმებოდნენ ღვთის ნათქვამსა თუ ნამოქმედარს, არამედ მოქმედებდნენ ისე, როგორც ღმერთი მოითხოვდა მათგან, და ამას აკეთებდნენ არა რაღაც გარკვეულ საკითხებში, არამედ ყველაფერში, რის გაკეთების საშუალებასაც თავიანთი არასრულყოფილი ბუნება აძლევდა. ასე რომ, მაგალითად, ნოე ზუსტად ისე მოიქცა, „როგორც ღმერთმა დაარიგა“ (დაბადება 6:22). ნოე არც წინ უსწრებდა მისთვის მიცემულ მითითებებს და არც დაუდევრად რჩებოდა უკან. მას ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თავისუფლად მიმართავდა მას ლოცვით და მითითებებს გულით ატარებდა, ესე იგი ღმერთთან დადიოდა. იქცევი შენც ასე?

სიცოცხლის უცვლელი კურსი

3. რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღვთის თითოეული მიძღვნილი და მონათლული მსახურისთვის?

3 გულს ახარებს, როდესაც აკვირდები ადამიანებს, რომლებიც ღმერთთან სიარულს იწყებენ. როდესაც ღვთის ნების შესაბამისად დადებით ნაბიჯებს დგამენ, ისინი ცხადყოფენ, რომ აქვთ რწმენა, რომლის გარეშეც ვერავინ შეძლებს ასიამოვნოს ღმერთს (ებრაელთა 11:6). როგორ გვახარებს ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 320 000-ზე მეტი პიროვნება უძღვნიდა თავს იეჰოვას და წყალში ინათლებოდა. მაგრამ მათთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვისაც მნიშვნელოვანია, განვაგრძოთ ღმერთთან სიარული (მათე 24:13; გამოცხადება 2:10).

4. რატომ ვერ შევიდა ეგვიპტიდან გამოსული ისრაელების უმეტესობა აღთქმულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რწმენა გამოავლინა?

4 მოსეს დღეებში ისრაელთა ოჯახებისთვის რწმენა იყო საჭირო, რათა ეგვიპტეში ეზეიმათ პასექი და სისხლი წაეცხოთ კარის წირთხლებისა და კარისთავისთვის (გამოსვლა 12:1–28). მაგრამ წითელ ზღვასთან ფარაონის ჯარის მოახლოების დანახვამ, ბევრს რწმენა შეურყია (გამოსვლა 14:9–12). ფსალმუნის 105:12-ში ნაჩვენებია, რომ, როდესაც ისინი მშრალი ფსკერის გავლით მშვიდობით გავიდნენ ზღვის მეორე ნაპირზე და დაინახეს, თუ როგორ შთანთქა უზარმაზარმა ტალღებმა ეგვიპტელთა ჯარი, კვლავ „ირწმუნეს სიტყვანი მისნი [იეჰოვასი]“. მაგრამ დიდხანს არ გაუვლია და უდაბნოში ისრაელებმა სასმელ წყალთან, საკვებთან და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით დრტვინვა დაიწყეს. აღთქმული ქვეყნიდან დაბრუნებული 12-დან 10 მზვერავის მიერ მოტანილმა ცუდმა ინფორმაციამ ისინი დააშინა. ფსალმუნის 105:24-ში ნათქვამია, რომ არსებული ვითარების გამო „აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი [ღვთის]“. მათ ეგვიპტეში დაბრუნება მოისურვეს (რიცხვნი 14:1–4). მათ მხოლოდ მაშინ სწამდათ, როდესაც ღვთიური ძალის სასწაულებრივ გამოვლინებებს ხედავდნენ. ისინი ყოველთვის არ დადიოდნენ ღმერთთან. ამის გამო, ის ისრაელები აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდნენ (ფსალმუნი 94:10, 11).

5. როგორ არის მე-2 კორინთელთა 13:5 და იგავნის 3:5, 6 დაკავშირებული ღმერთთან სიარულთან?

5 ბიბლია გვაფრთხილებს: „საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ“ (2 კორინთელთა 13:5). „რწმენაში“ ყოფნა ნიშნავს, მიჰყვე ძირითად ქრისტიანულ სწავლებებს. ის მნიშვნელოვანია, რათა მთელი სიცოცხლის განმავლობაში წარმატებით ვიაროთ ღმერთთან. გარდა ამისა, ღმერთთან სიარულისთვის, საჭიროა მტკიცე რწმენის გამოვლენა, იეჰოვაზე ბოლომდე მინდობა (იგავნი 3:5, 6). არსებობს მრავალი მახე და ხაფანგი, რომლებშიც შეიძლება გაებან ისინი, რომლებიც ამას არ აკეთებენ. რომელია ზოგიერთი მათგანი?

მოერიდე თავდაჯერებულობის მახეს

6. რა იციან ქრისტიანებმა მეძავობისა და მრუშობის შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულება ამ ცოდვების მიმართ?

6 ყველამ, ვინც ბიბლიას სწავლობს, თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა, იცის, რომ ღვთის სიტყვა განსჯის მრუშობასა და მეძავობას (1 თესალონიკელთა 4:1–3; ებრაელთა 13:4). ისინი სცნობენ ამ აზრის სისწორეს. მათ გადაწყვეტილი აქვთ ამ პრინციპის შესაბამისად ცხოვრება. მაგრამ სქესობრივი უზნეობა კვლავაც სატანის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მახეა. რატომ?

7. როგორ იქნენ ჩათრეული ისრაელი მამაკაცები მოაბის ველზე ისეთ საქციელში, რომელზეც იცოდნენ, რომ არასწორი იყო?

7 ჯერ ერთი, ასეთი უზნეობის ჩამდენნი შეიძლება წინასწარგანზრახვით არ აკეთებდნენ ამას. შესაძლოა, სწორედ ასე მოუვიდათ ისრაელებს მოაბის ველზე. ისრაელი მამაკაცები, რომლებიც დაიღალნენ უდაბნოში სიარულით, მოაბელმა და მიდიანელმა ქალებმა თავდაპირველად მოჩვენებითი მეგობრულობითა და სტუმართმოყვარეობით მიიზიდეს. მაგრამ რა მოხდა, როდესაც ისრაელები უარს არ ამბობდნენ მეგობრობაზე იმ ხალხთან, რომელიც ბაალს სცემდა თაყვანს და არა იეჰოვას, ხალხთან, რომელიც საკუთარ ქალიშვილებს (კარგად ცნობილი ოჯახებიც კი) ნებას რთავდა სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ კაცთან, რომელზეც დაქორწინებული არ იყვნენ? როდესაც ისრაელთა ბანაკიდან რომელიმე მამაკაცი ასეთ ურთიერთობას მოისურვებდა, მაშინ ის უკვე ჩათრეული იყო ისეთ საქციელში, რაზეც იცოდა, რომ არასწორი იყო, ეს კი სიცოცხლის ფასად უჯდებოდა (რიცხვნი 22:1; 25:1–15; 31:16; გამოცხადება 2:14).

8. რამ შეიძლება დღეს ქრისტიანი სქესობრივ უზნეობამდე მიიყვანოს?

8 რამ შეიძლება დღეს მსგავს მახეში გაგვაბას? მიუხედავად იმისა, რომ გვესმის სქესობრივი უზნეობის სერიოზულობა, თუ არ შევიგნებთ თავდაჯერებულობის საშიშროებასაც, შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ჩავიგდოთ თავი, სადაც ცოდვის ჩადენის მიმზიდველობა გონიერებას გადასწონის (იგავნი 7:6–9, 21, 22; 14:16).

9. რომელი ბიბლიური გაფრთხილებები დაგვიცავს უზნეობისგან?

9 ღვთის სიტყვა ნათლად გვაფრთხილებს, არ შეგვაცდინოს ისეთმა აზროვნებამ, თითქოს იმდენად ძლიერები ვართ, რომ ცუდი საზოგადოება ვერ გაგვხრწნის. ეს ეხება ისეთი სატელევიზიო გადაცემების ყურებას, სადაც უზნეო ადამიანების ცხოვრებას აჩვენებენ, და ისეთი ჟურნალების დათვალიერებას, რომლებიც უზნეო სურვილებს აღძრავს (1 კორინთელთა 10:11, 12; 15:33). შეუფერებელ სიტუაციებში თანაქრისტიანთან ურთიერთობამაც კი შეიძლება სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ერთმანეთისადმი ძლიერი ლტოლვა აქვთ. ამიტომ იეჰოვას ორგანიზაცია სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე და გვაფრთხილებს, არ დავრჩეთ მარტო, ისე რომ არავინ გვხედავდეს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან, თუ ის ჩვენი მეუღლე ან ოჯახის წევრი არ არის. მუდამ რომ ღმერთთან ვიაროთ, საჭიროა, მოვერიდოთ თავდაჯერებულობის მახეს, და ყურად ვიღოთ რჩევა, რომელსაც ღმერთი გვაძლევს (ფსალმუნი 84:9).

ნუ აგიყოლიებს კაცთმოშიშობა

10. როგორ ხდება ‘კაცთმოშიშობა’ მახეში გაბმის მიზეზი?

10 კიდევ ერთი საშიშროების შესახებ საუბარია იგავნის 29:25-ში: „ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია“. მონადირის ხაფანგს ხშირად აქვს მარყუჟი, რომელიც ცხოველს კისერზე ან ფეხებზე შემოეჭდობა (იობი 18:8–11). კაცთმოშიშობამ მსგავსად შეიძლება შებოჭოს პიროვნება და თავისუფლად ლაპარაკსა და ღვთისმოსაწონ მოქმედებაში ხელი შეუშალოს. სხვებისადმი სიამოვნების მინიჭების სურვილი ნორმალურია და უგულოდ სხვების აზრების უგულებელყოფა — არაქრისტიანული. მაგრამ საჭიროა გაწონასწორებულობა. როდესაც ადამიანი სხვების შესაძლო რეაგირებაზე ფიქრობს და ღვთის მიერ აკრძალულ საქმეებს აკეთებს ან ღვთის სიტყვის მითითების შესრულებისგან თავს იკავებს, მახეშია გაბმული.

11. ა) რა დაგვიცავს, გავუმკლავდეთ კაცთმოშიშობას? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვა თავის მსახურებს, რომლებიც კაცთმოშიშობის წინააღმდეგ იბრძოდნენ?

11 ასეთ მახეში გაბმისგან ბუნებრივი უნარი კი ვერ დაგვიცავს, არამედ ‘უფლის მოიმედეობა’ (იგავნი 29:25ბ). ღმერთზე მინდობილი ბუნებით მორცხვი პიროვნებაც კი შეძლებს გაბედულად და ურყევად იდგეს. ვიდრე ამ სატანური სისტემის გავლენის გარემოცვაში ვიმყოფებით, საჭიროა ფხიზლად ვიყოთ და არ გავებათ კაცთმოშიშობის მახეში. თუმცა წინასწარმეტყველ ელიას გაბედული მსახურების შესახებ შესანიშნავი ცნობები გვაქვს, როდესაც მას იზებელი სიკვდილით დაემუქრა, ის შეშინებული გაიქცა (მესამე მეფეთა 19:2–18). მოციქულ პეტრეზე სხვებმა იმხელა გავლენა იქონიეს, რომ შეეშინდა და თქვა, რომ იესოს არ იცნობდა, ხოლო წლების შემდეგ შიშის გამო ქრისტიანული რწმენის შეუფერებლად მოიქცა (მარკოზი 14:66–71; გალატელთა 2:11, 12). მაგრამ ელიამ და პეტრემ მიიღეს სულიერი დახმარება და იეჰოვაზე დაიმედებულებმა განაგრძეს მისთვის მისაღები სახით მსახურება.

12. რომელი თანამედროვე მაგალითები გვიჩვენებს, თუ რა დახმარება მიიღეს პიროვნებებმა, რომლებმაც შიშის გამო იეჰოვას მოსაწონი საქმეების კეთებისგან უკან არ დაიხიეს?

12 დღეს იეჰოვას მრავალმა მსახურმა ისწავლა, თუ როგორ სძლიოს მახეში გამბმელ შიშს. იეჰოვას გვიანელი მოზარდი მოწმე აღიარებს: „სკოლაში თანატოლების გავლენის გაძლება ძალზე ძნელია. — შემდეგ კი ამატებს: — მაგრამ იეჰოვასადმი ჩემი რწმენაც მტკიცეა“. როდესაც მასწავლებელმა რწმენის გამო მთელი კლასის წინაშე დასცინა, მან გულში იეჰოვას მიმართა ლოცვით. მოგვიანებით კი მასწავლებელს ცალკე ტაქტიანად უქადაგა. ბენინში ერთი ყმაწვილი სტუმრად ჩავიდა მშობლიურ ქალაქში; მან იცოდა იეჰოვას მოთხოვნები და გადაწყვეტილი ჰქონდა, მოეშორებინა კერპი, რომელიც მამამისმა გამოუჭედა. ყმაწვილმა იცოდა, რომ გამოსახულება უსიცოცხლო იყო და მისადმი არავითარ შიშს არ გრძნობდა, მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ განრისხებულ თანასოფლელებს შეიძლება მოეკლათ ამის გამო. მან ლოცვით მიმართა იეჰოვას, ხოლო შემდეგ ღამით ბუჩქებში მოისროლა და ამგვარად გათავისუფლდა მისგან (შეადარე მსაჯულნი 6:27–31). როდესაც დომინიკელთა რესპუბლიკაში ერთმა ქალმა იეჰოვასადმი მსახურება დაიწყო, ქმარმა წაუყენა მოთხოვნა: აერჩია ან ის, ან იეჰოვა. კაცი გაყრით დაემუქრა. უარყო ამ ქალმა რწმენა შიშის გამო? მან უპასუხა: „ღალატისა შემრცხვებოდა, მაგრამ იეჰოვასადმი მსახურებისა არა მრცხვენია“. ქალმა განაგრძო ღმერთთან სიარული და დროთა განმავლობაში ქმარმაც დაიწყო იეჰოვას ნების შესრულება. ჩვენი ზეციერი მამისადმი ბოლომდე მინდობა ჩვენც დაგვეხმარება, კაცთმოშიშობამ თავი არ შეგვაკავებინოს იმისგან, რითაც იეჰოვას ვასიამოვნებთ.

არ შეამციროთ რჩევის მნიშვნელოვნება

13. რომელი მახის შესახებ გვაფრთხილებს 1-ლი ტიმოთეს 6:9?

13 თუმცა მონადირის მიერ დაგებული ზოგი ხაფანგი ნებისმიერი, შემთხვევით გამვლელი, ცხოველის დასაჭერად არის გამიზნული, ზოგი ცხოველებს მიმზიდველი სატყუარათი იჭერს. მრავალი ადამიანისთვის ასეთ სატყუარას სიმდიდრე წარმოადგენს (მათე 13:22). პირველი ტიმოთეს 6:8, 9-ში ბიბლია მოგვიწოდებს, დავკმაყოფილდეთ საზრდოთი და ტანსაცმლით. შემდეგ კი გვაფრთხილებს: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“.

14. ა) რამ შეიძლება პიროვნებას ხელი შეუშალოს ტანსაცმლითა და საზრდოთი დაკმაყოფილების შესახებ ბიბლიური რჩევის გამოყენებაში? ბ) როგორ შეიძლება სიმდიდრის შესახებ არასწორმა გაგებამ გააუბრალოოს 1-ლი ტიმოთეს 6:9-ში მოცემული გაფრთხილება? გ) როგორ შეიძლება დააბრმავოს ‘თვალთა გულისთქმამ’ ზოგიერთი და მისთვის დაგებულ მახეში გააბას?

14 ამ გაფრთხილების მიუხედავად, მრავალი გაება სიმდიდრის მახეში, ვინაიდან არ გამოიყენეს მოცემული რჩევა. რატომ? იქნებ მათ სიამაყემ უბიძგა, რომ არ მიეტოვებინათ ისეთი ცხოვრების წესის მიყოლა, რომელიც ბევრად უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ‘საზრდო და ტანსაცმელია’, რითაც უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ ბიბლიის რჩევის თანახმად? იქნება ეს ხალხი აუბრალოებს ბიბლიის გაფრთხილებას, ვინაიდან მათთვის სიმდიდრე ის არის, რასაც ძალიან მდიდარი ადამიანები ფლობენ? ბიბლია ნათლად უპირისპირებს გამდიდრების სურვილს საზრდოთი და ტანსაცმლით დაკმაყოფილებას (შეადარე ებრაელთა 13:5). გადააქვს თუ არა ‘თვალთა გულისთქმას’ — იმის ფლობის წყურვილს, რასაც თვალი ხედავს, და რასაც ზოგჯერ სულიერი მიზნები ეწირება — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ინტერესები მეორე ადგილზე? (1 იოანე 2:15–17; ანგია 1:2–8). რამდენად უფრო ბედნიერები არიან ისინი, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ბიბლიური რჩევა და ღმერთთან დადიან, რომლებმაც იეჰოვასადმი მსახურება ცხოვრების ძირითად საქმედ გაიხადეს.

ცხოვრების საზრუნავებთან წარმატებით გამკლავება

15. რა მდგომარეობები უქმნის იეჰოვას მრავალ მოწმეს საზრუნავს და რომელი მახის მიმართ უნდა ვიყოთ ფხიზლად, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვართ?

15 დღეს ადამიანები, უმეტესწილად, ისწრაფვიან არა გამდიდრებისკენ, არამედ პირველი საჭიროების საგნების შეძენისკენ. იეჰოვას მრავალი მოწმე მხოლოდ მინიმალურ ქონებას ფლობს. ისინი მძიმედ შრომობენ, რათა ჰქონდეთ აუცილებელი ტანსაცმელი, ოჯახისთვის ღამის გასათევი და, სულ მცირე, გარკვეული საკვები მაინც დღის განმავლობაში. სხვებს ავადმყოფობასთან, საკუთარ ან ოჯახის წევრების ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ სიძნელეებთან უწევთ გამკლავება. რა ადვილია, რომ ასეთმა მდგომარეობებმა ადვილად განდევნოს ჩვენი ცხოვრებიდან სულიერი ინტერესები (მათე 13:22).

16. როგორ გვეხმარება იეჰოვა ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებაში?

16 იეჰოვა სიყვარულით გვეუბნება იმ შვების მომგვრელი პირობების შესახებ, რომელიც მესიანური სამეფოს ხელმძღვანელობით დამყარდება (ფსალმუნი 71:1–4, 16; ესაია 25:7, 8). ბიბლია აგრეთვე გვაძლევს რჩევას, თუ როგორ შევინარჩუნოთ ცხოვრებაში უმთავრესი პირველ ადგილზე, რითაც გვეხმარება, გავუმკლავდეთ დღევანდელი ცხოვრების სირთულეებს (მათე 4:4; 6:25–34). იეჰოვა გვამშვიდებს იმ ინფორმაციის საშუალებით, რომელშიც აღწერს, თუ როგორ დაეხმარა თავის მსახურებს წარსულში (იერემია 37:21; იაკობი 5:11). ის გვამაგრებს იმის ცოდნით, რომ როგორ გასაჭირშიც არ უნდა ჩავცვივდეთ, მისი სიყვარული ერთგულ მსახურთა მიმართ არ ნელდება (რომაელთა 8:35–39). მასზე მინდობილებს იეჰოვა უცხადებს: ‘არ მიგატოვებთ და არ დაგაგდებთ’ (ებრაელთა 13:5).

17. მოიყვანე მაგალითები, თუ როგორ განაგრძო ზოგიერთმა, დიდი გაჭირვების მიუხედავად, ღმერთთან სიარული.

17 ამის ცოდნით განმტკიცებული ჭეშმარიტი ქრისტიანები, წუთისოფლის გზებით სიარულის ნაცვლად, ღმერთთან სიარულს განაგრძობენ. წუთისოფლისთვის ჩვეული, მრავალ ქვეყანაში ღარიბებს შორის გავრცელებული აზრია, რომ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად ისეთი ვინმეს რაიმეს აღება, ვისაც უფრო მეტი ქონება აქვს, სულაც არ არის ქურდობა. მაგრამ ვინც რწმენით დადის, არ იზიარებს ამ თვალსაზრისს. ისინი ყველაფერზე მეტად აფასებენ იმას, რაც ღვთისთვის მოსაწონია და თავიანთი პატიოსანი საქციელისთვის ჯილდოს მისგან მოელიან (იგავნი 30:8, 9; 1 კორინთელთა 10:13; ებრაელთა 13:18). ერთმა ინდოელმა ქვრივმა შენიშნა, რომ მუშაობის სურვილი და საზრიანობა სირთულეების გამკლავებაში დაეხმარა. თავისი მდგომარეობის გამო განაწყენების ნაცვლად, მას ესმოდა, რომ, როდესაც ღვთის სამეფოსა და მის სამართლიანობას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა, იეჰოვა აკურთხებდა მის მცდელობას, და ყოველთვის ჰქონდა აუცილებელი როგორც თავისთვის, ისე თავისი ვაჟისთვის (მათე 6:33, 34). მთელ მსოფლიოში მრავალი ათასები ავლენენ მსგავს სულს და, მიუხედავად გაჭირვებისა, იეჰოვაა მათი მფარველი და სიმაგრე (ფსალმუნი 90:2). შენზეც შეიძლება ამის თქმა?

18. რა არის მნიშვნელოვანი, სატანის წუთისოფლის მახეებს რომ თავი ავარიდოთ?

18 სანამ თანამედროვე სისტემაში ვცხოვრობთ, ყოველთვის იარსებებს მახეები, რომლებსაც უნდა მოვერიდოთ (1 იოანე 5:19). ბიბლია მიგვითითებს მათზე და გვაჩვენებს, თუ როგორ მოვერიდოთ მათ. ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა და ეშინია არ გაანაწყენოს ის, არ გაებმება ასეთ მახეებში. თუ ‘სულიერად მოიქცევიან’, წუთისოფელი ვერ დაიმორჩილებს მათ (გალატელთა 5:16–25). ყველას, ვინც ცხოვრებას ნამდვილად იეჰოვასთან ურთიერთობაზე აგებს, მოელის დიდებული მომავალი: იარონ ღმერთთან და მარადიულად იხარონ მასთან ახლო ურთიერთობით (ფსალმუნი 24:14).

როგორია შენი კომენტარი?

◻ როგორ შეიძლება თავდაჯერებულობამ მახეში გაგვაბას?

◻ რა დაგვიცავს იმისგან, რომ კაცთმოშიშობამ არ აგვიყოლიოს?

◻ რამ შეიძლება გამოიწვიოს, რომ ყურად არ ვიღოთ რჩევა გამდიდრების სურვილის საშიშროებასთან დაკავშირებით?

◻ რამ შეიძლება დაგვიცვას ცხოვრების საზრუნავების მახეში გაბმისგან?

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მრავალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ღმერთთან დადის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება