წინასწარ ვიზრუნოთ საყვარელ ადამიანებზე
ანის შესახებ სევდიანი ამბავი ახლახან გამოჩნდა აფრიკულ გაზეთში. ანის მეუღლე ბიზნესმენი იყო. 1995 წელს ის გარდაიცვალა და 15 მანქანა, რამდენიმე საბანკო ანგარიში, დაახლოებით 4 000 ამერიკული დოლარი, მაღაზია, ბარი და დიდი სახლი დატოვა. ხოლო ანდერძი კი არ დატოვა.
მაზლმა კანონის ძალით ხელში ჩაიგდო ქონება, ფული; ანი და მისი ექვსი შვილი კი სახლიდან გამოყარა. ისინი უსახლკარონი, ახლა ანის ძმასთან ცხოვრობენ. ოთხმა ბავშვმა სკოლა მიატოვა სასკოლო ფორმისა და გადასახადისთვის ფულის არქონის გამო.
ანიმ უმაღლეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ მას უნდა დაბრუნებოდა ქონების ნაწილი, მანქანების ჩათვლით. მაგრამ არაფერი დაბრუნებიათ. მას ხელახლა მოუწევს სასამართლოში წასვლა წერილობითი ბრძანებისთვის, რათა შეასრულებინოს თავის მაზლს, უმაღლესი სასამართლოს დადგენილება.
რატომ ვიფიქროთ სიკვდილის შესახებ?
ანის ამბავი ნათლად გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახის თავი არ ითვალისწინებს სიკვდილს. სიკვდილის შემდეგ ადამიანები „თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ“ (ფსალმუნი 48:11). გარდა ამისა, მკვდარი ვერ გაუწევს კონტროლს რას გაუკეთებენ მის საკუთრებას (ეკლესიასტე 9:5, 10). თუ სურს, რომ სიკვდილის შემდეგ საკუთრებას მისი ნებისამებრ მოექცნენ, ადამიანმა სიკვდილამდე უნდა მოაგვაროს საკუთრებასთან დაკავშირებული საქმეები.
თუმცა, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ შეიძლება მოულოდნელად მოვკვდეთ, ბევრი არ ზრუნავს წინასწარ თავის საყვარელ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განხილვის ყურადღების ცენტრში აფრიკაში გარკვეული კულტურის ჯგუფები იქნება, მსოფლიოს სხვა ადგილებშიც ანალოგიური პრობლემებია.
სიკვდილის გათვალისწინებისას საკუთრების განაწილებასთან დაკავშირებით ზომების მიღება პირადი საკითხია (გალატელთა 6:5). მაგრამ შეიძლება ვინმემ იკითხოს: „თუ სიცოცხლის მანძილზე უყვარდა და ზრუნავდა ცოლ-შვილზე, რატომ არ უნდა ითვალისწინებდეს მათ კეთილდღეობას თავისი სიკვდილის შემთხვევაში“. უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენგან უმეტესობას არ უყვარს ფიქრი სიკვდილის შესახებ და, მით უმეტეს, სიკვდილის შემთხვევასთან დაკავშირებით გეგმების დადგენა. სინამდვილეში, როგორც ამას ბიბლია ამბობს, ჩვენ არ შეგვიძლია სიკვდილის განჭვრეტა: „არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება“ (იაკობი 4:14).
სიკვდილის შესაძლებლობის გათვალისწინება პრაქტიკულია. ის აგრეთვე ოჯახის წევრებისადმი მოსიყვარულე მზრუნველობას გამოხატავს. თუ არ მოვაგვარებთ ჩვენს საქმეებს, სხვა გააკეთებს ამას. შესაძლოა ჩვენთვის უცნობი ადამიანები გაატარებენ ქონებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთ ქვეყანაში მმართველი ორგანოები წყვეტენ ვინ მიიღებს ფულსა თუ ქონებას. სხვა ქვეყნებში ამას ნათესავები წყვეტენ და ამ გადაწყვეტილებებს ხშირად თან ახლავს კამათი, რომელიც ოჯახის წევრებში შუღლს იწვევს. უფრო მეტიც, შეიძლება ჩვენი სურვილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ.
საკუთრების მიტაცება
ყველაზე ძალიან ქალი იტანჯება, როდესაც ქმარი უკვდება. მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებასთან ერთად, ის ხშირად საკუთრების მიტაცების მსხვერპლი ხდება. ეს აღწერილი იყო ანის შემთხვევაში. საკუთრების მიტაცების მიზეზი შეიძლება იყოს ის, თუ როგორ უყურებენ ცოლებს. ზოგიერთ კულტურაში ცოლს ოჯახის წევრად არ მიიჩნევენ. მას ისე უყურებენ, როგორც უცხოს და იმას, ვისაც ყოველთვის შეუძლია სახლში დაბრუნება ან სხვაზე გათხოვება. ამის საპირისპიროდ, როგორც ზოგიერთ კულტურაში მიიჩნევენ, ქმრის დედმამიშვილები და მშობლები არასოდეს მიატოვებენ მას. თუ კაცი კვდება, მისი ახლო ნათესავები თვლიან, რომ, რასაც ის ტოვებს, მათ ეკუთვნის და არა მის ცოლ-შვილს.
ქმრები, რომლებიც არ ენდობიან ცოლებს, ხელს უწყობენ ასეთ ფიქრებს. მაიკლი მხოლოდ თავის ღვიძლ ძმებთან მსჯელობდა თავის საქმეებზე. მათ იცოდნენ რა ქონება ჰქონდა მას, მაგრამ ცოლმა ძალიან მცირე რამ იცოდა. როდესაც ის მოკვდა, მისი ძმები მივიდნენ მის ცოლთან და მოსთხოვეს ის თანხა, რომელიც ქმარმა გაასესხა. მან არც კი იცოდა ამის შესახებ. შემდეგ, მათ მიიტაცეს ქსეროქსის აპარატები და საბეჭდი მანქანები, რომლებიც ქმარმა მას უყიდა. საბოლოოდ მაზლებმა სახლიც წაართვეს და ყველაფერი, რაც სახლში იყო. ეს ქვრივი თავისი პატარა გოგონათი გააგდეს სახლიდან და მხოლოდ თავიანთი ტანსაცმელი გაატანეს.
„ორივენი ერთ ხორცად იქნებიან“
ქრისტიან ქმრებს უყვართ თავიანთი ცოლები და ენდობიან. ასეთ მამაკაცებს გულთან ახლოს მიაქვთ ბიბლიური რჩევა: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“. ისინი აგრეთვე ღვთის ინსპირირებულ მტკიცებას ეთანხმებიან: „მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან“ (ეფესელთა 5:28, 31).
ღვთისმოშიში ქმრები აგრეთვე ეთანხმებიან ქრისტიან მოციქულ პავლეს მიერ დაწერილს: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). ამასთან შეთანხმებულად, თუ ქრისტიანი ქმარი აპირებს ხანგრძლივ მოგზაურობას, მან უნდა იზრუნოს, რომ ოჯახი მოვლილი იქნება მისი არყოფნისას. ასევე განა გონივრული არ იქნებოდა, ეზრუნა ცოლ-შვილისთვის სიკვდილის შემთხვევაში? მოულოდნელი ტრაგედიისთვის მომზადება არა მარტო პრაქტიკულია, არამედ სიყვარულის გამომხატველიც.
დაკრძალვასთან დაკავშირებული ჩვეულებები
ქრისტიანი ქმრისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მხარეც არის გასათვალისწინებელი. ქვრივის მეუღლის საკუთრებისა და შესაძლოა შვილების დაკარგვის შედეგად გამოწვეულ მწუხარებას ისიც ემატება, რომ ზოგი საზოგადოება აიძულებს მას შეასრულოს ტრადიციული სამგლოვიარო რიტუალები. ნიგერიის გაზეთი (The Guardian) კიცხავს ზოგიერთი კუთხის ტრადიციებს, რომელთა მიხედვითაც ქვრივს იმ ბნელ ოთახში უნდა ეძინოს, სადაც ქმრის გვამია. სხვაგან ქვრივებს გლოვის პერიოდში, ექვსი თვის განმავლობაში, არა აქვთ სახლიდან გასვლის უფლება. ამ ხნის განმავლობაში მათ არ უნდა იბანაონ, ჭამამდე და ჭამის შემდეგ ხელების დაბანაც კი აკრძალულია.
ასეთი ჩვეულებები იწვევს პრობლემებს, განსაკუთრებით ქრისტიანი ქვრივებისთვის. იმის დიდი სურვილი, რომ იეჰოვას ასიამოვნონ, ქვრივებს აღძრავს, მოერიდონ იმ ჩვეულებებს, რომლებიც არაბიბლიურია (2 კორინთელთა 6:14, 17). მაგრამ ჩვეულების შეუსრულებლობის გამო ქვრივს შეიძლება დევნიან. ის შეიძლება სახლიდანაც გაიქცეს თავის გადასარჩენად.
კანონიერი ზომების მიღება
ბიბლია ბრძნულად ამბობს: „მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს“ (იგავნი 21:5). რა გეგმები უნდა შეიმუშაოს ოჯახის თავმა? საზოგადოებათა უმეტესობაში შესაძლებელია ანდერძის დაწერა ან საბუთის მომზადება, რომელიც აღნიშნავს, თუ როგორ უნდა განაწილდეს პიროვნების საკუთრება მისი სიკვდილის შემთხვევაში. ამაში შეიძლება შედიოდეს დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს საბუთი აგრეთვე შეიძლება აზუსტებდეს, ცხოვრების თანამგზავრმა რა უნდა გააკეთოს ან (რა არა) დაკრძალვასა და გლოვასთან დაკავშირებული ჩვეულებებიდან.
ლეას ქმარი 1992 წელს გარდაეცვალა. ის ამბობს: „ხუთი შვილი მყავს, ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. ჩემი ქმარი სიკვდილის წინ ავადმყოფობდა. მაგრამ, სანამ ავად გახდებოდა, ანდერძი დაწერა, რომ მისი სურვილი იყო მთელი მისი საკუთრება მე და ჩემს შვილებს დაგვრჩენოდა. ეს დაზღვევის ფულს, საქონლის ფერმასა და სახლს შეიცავდა. ხელი მოაწერა ანდერძს და მომცა. . . მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავებს სურდათ, მისი ქონება გაენაწილებინათ. მე ვუთხარი, რომ მეუღლემ ფერმა თავისი ფულით იყიდა, და რომ მათ არა ჰქონდათ რაიმეს მოთხოვნის უფლება. როდესაც იხილეს ანდერძი, დაეთანხმნენ მას“.
ოჯახთან საკითხების განხილვა
თუ პიროვნება არ საუბრობს ოჯახში თავისი რწმენისა და სურვილების შესახებ, შეიძლება პრობლემები წამოიჭრას. დაფიქრდი ერთი მამაკაცის მაგალითზე, რომლის ნათესავებიც დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მისი დაკრძალვა მომხდარიყო სოფელში ადგილობრივი ჩვეულებების მიხედვით. როდესაც ქვრივისა და ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში იყო, ისინი იძულებული იყვნენ დაეტოვათ მისი გვამი ნათესავებთან. ის მოთქვამდა: „ჩემს ქმარს ერთი ბიძისთვის ან ბიძაშვილისთვის მაინც რომ ეთქვა, როგორ ისურვებდა საკუთარი დაკრძალვის ჩატარებას, აღარ მოითხოვდნენ თავიანთი ტრადიციების მიყოლას“.
ზოგ საზოგადოებაში სიტყვიერ შეთანხმებას იგივე ძალა აქვს, რაც დაწერილ საბუთს. ასეთნაირადვეა მდგომარეობა სვაზილენდის ზოგიერთ კუთხეში, სადაც დაკრძალვასა და გლოვას ბევრი ტრადიციულად ასრულებს. რადგანაც ეს იცოდა ქრისტიანმა ისაკმა, შეკრიბა თავისი არა იეჰოვას მოწმე ნათესავები და განიხილა მათთან, თუ რა სურდა გაეკეთებინათ მისი სიკვდილის შემდეგ. უთხრა, თუ ვის უნდა მიეღო მისი საკუთრება, და ნათლად ახსნა, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მისი დაკრძალვა. სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მისი სურვილისამებრ შესრულდა. ისაკი ქრისტიანულად დაკრძალეს და მის ცოლზე იზრუნეს.
მფარველობა გაუწიე
თუ რას გააკეთებ შენი ოჯახისთვის მფარველობის გასაწევად სიკვდილის შემთხვევის გათვალისწინებისას, პირადი გადასაწყვეტია. ქრისტიანი ედუარდი ამბობს: „მე მაქვს დაზღვევა ოჯახის რვა წევრისთვის. ანგარიში გაფორმებულია როგორც ჩემზე, ასევე ჩემს ცოლზე. ასე რომ, თუ მოვკვდი, მას შეუძლია გამოიტანოს ფული. . . მაქვს ანდერძი, რის მეშვეობითაც ყველაფერს ჩემს ცოლ-შვილს დავუტოვებ. ანდერძი ხუთი წლის წინ დავწერე. ის მომზადდა ნოტარიუსის მიერ და ჩემს ცოლს და ვაჟსაც აქვს ეგზემპლარები. ანდერძში დავაკონკრეტე, რომ ჩემი ნათესავებიდან არავინ არ მიიღებდა მონაწილეობას ჩემი დაკრძალვის ორგანიზებაში. მე იეჰოვას ორგანიზაციას ვეკუთვნი. ასე რომ, თუ მხოლოდ ერთ ან ორ მოწმეს შეუძლია ჩემს დაკრძალვას უხელმძღვანელოს, ეს საკმარისი იქნება. ამის შესახებ ჩემს ნათესავებთან ვიმსჯელე“.
გარკვეული გაგებით, ასეთი ორგანიზების გაწევა შენი ოჯახისთვის საჩუქარია. რა თქმა უნდა, სიკვდილის შემთხვევის გათვალისწინება არ არის შოკოლადისა და თაიგულის მსგავსი საჩუქარი. მაგრამ ის სიყვარულს გამოხატავს. ეს ამტკიცებს, რომ შენ გსურს, ‘შენი ოჯახის წევრები უზრუნველყო’ მაშინაც კი, როცა მათ შორის აღარ იქნები.
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
იესომ დედაზე იზრუნა
«„იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა. უთხრა დედას: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!“ შემდეგ მოწაფეს უთხრა: „აჰა, დედაშენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი“» (იოანე 19:25–27).
[სურათი 22 გვერდზე]
მრავალი ქრისტიანი გააზრებულად კანონიერ ოფიციალურ ზომებს იღებს ოჯახისთვის მფარველობის გასაწევად.