ვინ იყვნენ პავლეს თანამშრომლები?
ბიბლიის წიგნში „საქმეები“ და პავლეს წერილებში მოხსენიებულია დაახლოებით ასი პიროვნება, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები, რომლებსაც „წარმართთა მოციქულთან“ ჰქონდათ ურთიერთობა (რომაელთა 11:13). ზოგიერთი მათგანის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი. შესაძლოა თქვენთვის ცნობილია აპოლოსის, ბარნაბასა და სილას მოღვაწეობა. მეორე მხრივ, ალბათ აღმოაჩენდით, რომ გაცილებით რთულია ბევრი რამის თქმა არქიპოსის, კლავდიას, დამარისის, ლინოსის, პერსისის, პუდენსისა და სოპატრეს შესახებ.
დროის სხვადასხვა მონაკვეთსა და განსხვავებულ სიტუაციებში ბევრმა აქტიურად დაუჭირა პავლეს მხარი მსახურებაში. მაგალითად, არისტარქოსი, ლუკა და ტიმოთე, წლების მანძილზე მოციქულის მხარდამხარ მსახურობდნენ. ზოგი გვერდში ედგა პავლეს ციხეში ყოფნისას ან მოგზაურობისას; ისინი მეგზურობას უწევდნენ ან მასპინძლობდნენ მას. სამწუხაროდ, სხვებმა — ალექსანდრემ, დემასმა, ჰერმოგენესმა და ფიგელოსმა — ვერ შეინარჩუნეს ქრისტიანული რწმენა.
პავლეს სხვა რამდენიმე მეგობრის, მაგალითად, ასვინკრიტესის, ჰერმასის, იულიასა ან ფილოლოგოსის, შესახებ ინფორმაცია თითქმის მათი სახელებით შემოიფარგლება, ხოლო ნირეასის დის ან რუფუსის დედის, ანდა ქლოეს სახლეულის შესახებ ამდენიც არ არის ცნობილი (რომაელთა 16:13-15; 1 კორინთელთა 1:11). მიუხედავად ამისა, ამ ასიოდე ადამიანის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ეს უმნიშვნელო ინფორმაციაც კი ნათელს ჰფენს მოციქულ პავლეს მოღვაწეობას. ამ ინფორმაციის საშუალებით აგრეთვე შეგვიძლია დავინახოთ, როგორი სარგებლობა მოაქვს უამრავი თანამორწმუნის გარემოცვაში ყოფნას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას.
თანამგზავრები და მასპინძლები
მოციქული პავლე მსახურებისას ბევრს მოგზაურობდა. ერთმა მწერალმა გამოითვალა, რომ მხოლოდ „საქმეებში“ მოცემული ცნობების მიხედვით, მანძილი, რომელიც პავლემ ხმელეთითა და ზღვით მგზავრობისას გაიარა, დაახლოებით 16 000 კილომეტრს უდრიდა. იმ პერიოდში მგზავრობა არა მარტო დამქანცველი, არამედ საშიშიც იყო. ის სხვადასხვაგვარ სახიფათო სიტუაციებში ვარდებოდა; მან განიცადა გემის მსხვრევა, განსაცდელში იმყოფებოდა მდინარეებზე, საფრთხე ემუქრებოდა ყაჩაღებისგან, განსაცდელში იმყოფებოდა უდაბნოში და ზღვაზე (2 კორინთელთა 11:25, 26). ამიტომ, ადგილმდებარეობის შეცვლისას, პავლე იშვიათად იყო მარტო.
პავლეს თანამგზავრები ურთიერთობის, გამხნევებისა და პრაქტიკული დახმარების წყაროს წარმოადგენდნენ მის მსახურებაში. ერთხელ მან დატოვა ისინი განსაზღვრულ ადგილას, რათა რწმენაში ახალმოქცეულების სულიერ საჭიროებებზე ეზრუნათ (საქმეები 17:14; ტიტე 1:5). მაგრამ, როგორც ჩანს, თანამგზავრების გვერდით ყოფნა უსაფრთხოებისთვისაც იყო საჭირო და მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მგზავრობის დროს არსებული სირთულეების გამკლავებას. ასე რომ, სოპატრემ, სეკუნდოსმა, გაიოზმა და ტროფიმემ, რომლებიც ცნობილი იყვნენ, როგორც პავლეს თანამგზავრები, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი მის წარმატებებს მსახურებაში (საქმეები 20:4).
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მასპინძლების მიერ შემოთავაზებული დახმარებაც. როდესაც პავლე განსაზღვრულ ქალაქში საქადაგებლად ან, უბრალოდ, ღამის გასათევად ჩადიოდა, პირველ რიგში აუცილებელი იყო გასათევი ადგილის პოვნა. ყველას, ვინც პავლეს მსგავსად ბევრს მოგზაურობდა, უამრავ სხვადასხვა ადგილას მოუწევდა ღამის გათენება. პავლეს ყოველთვის შეეძლო სასტუმროში დაბინავება, მაგრამ, როგორც ისტორიკოსები იტყობინებიან, „ასეთი ადგილები მეტად საშიში და შესაზარი იყო“. ამიტომ, თუ შესაძლებელი იყო, პავლე, როგორც ჩანს, თანამორწმუნეებთან რჩებოდა.
ჩვენთვის ცნობილია ზოგიერთი იმ პირის სახელი, ვინც სიხარულით უწევდა პავლეს მასპინძლობას: აკვილა და პრისკილა, გაიოზი, იასონი, ლიდია, მნასონი, ფილიმონი და ფილიპე (საქმეები 16:14, 15; 17:7; 18:2, 3; 21:8, 16; რომაელთა 16:23; ფილიმონი 1, 22). ფილიპეში, თესალონიკესა და კორინთში სწორედ ასეთი საიმედო საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფა პავლეს საშუალებას აძლევდა, ორგანიზება გაეწია თავისი მისიონერული მოღვაწეობისთვის. კორინთში იუსტოსმა თავის სახლში გამოუყო პავლეს საცხოვრებელი ადგილი, რომ მას სამქადაგებლო საქმიანობა გაეგრძელებინა (საქმეები 18:7).
უამრავი მეგობარი
პავლესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირები, როგორც მოსალოდნელია კიდეც, სხვადასხვაგვარად არიან მოხსენიებული, რადგან პავლეს მათთან სხვადასხვა ვითარებებში უხდებოდა შეხვედრა. მარიამი, პერსისი, ფიბე, ტრიფენა და ტრიფოსასი თანამორწმუნე ქალები იყვნენ, რომლებიც გულმოდგინე შრომისთვის შექებას იმსახურებდნენ (რომაელთა 16:1, 2, 6, 12). პავლემ თავად მონათლა კრისპოსი, გაიოზი და სტეფანეს სახლეული. დიონისიოსმა და დამარისმა ათენში ყოფნის დროს ჭეშმარიტება პავლესგან გაიგეს (საქმეები 17:34; 1 კორინთელთა 1:14, 16). ანდრონიკე და იუნია, ‘განთქმულნი მოციქულებს შორის’, უფრო დიდი ხნის მორწმუნეები იყვნენ, ვიდრე პავლე, მაგრამ მის ‘თანატყვეებად’ იწოდებოდნენ. შესაძლოა ისინი მასთან ერთად იმყოფებოდნენ ციხეში სხვადასხვა დროს. პავლემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს პირები იროდიონის, იასონის, ლუკიოსისა და სოსიპატროს მსგავსად, მისი ‘ნათესავები’ იყვნენ (რომაელთა 16:7, 11, 21). თუმცა ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს „თანამემამულეს“, ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა „ერთი თაობის სისხლით ნათესავები“.
პავლეს ბევრი მეგობარი სახარების გულისთვის მოგზაურობდა. მისი კარგად ცნობილი თანამგზავრების გარდა, აგრეთვე ცნობილი არიან აქაიკესი, ფორტუნატესი და სტეფანა, რომლებიც კორინთიდან ეფესოში იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ პავლესთან თავიანთი კრების სულიერ მდგომარეობაზე ემსჯელათ. არტემასი და ტვიქიკოსი მზად იყვნენ გრძელი გზა გაევლოთ, რათა ტიტესთან დარჩენილიყვნენ, რომელიც კრეტას კუნძულზე მსახურობდა. ასევე ზენასიც მზად იყო გამგზავრებულიყო აპოლოსთან ერთად (1 კორინთელთა 16:17; ტიტე 3:12, 13).
განსაზღვრული პირების შესახებაც პავლე მცირე, მაგრამ საინტერესო ცნობებს გვაწვდის. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეპენეტოსი ‘აზიაში პირველი ნაყოფი’ იყო, ერასტოსი — ‘ქალაქის ხაზინადარი’ კორინთში, ლუკა — ექიმი, ლიდია — ძოწეულით მოვაჭრე და რომ ტერტოსის ხელით პავლემ რომაელებს წერილი მისწერა (რომაელთა 16:5, 22, 23; საქმეები 16:14; კოლასელთა 4:14). ეს უმნიშვნელო და მოკლედ გადმოცემული ინფორმაციაც კი მეტად საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, უფრო მეტი იცოდეს ამ პირების შესახებ.
პავლეს სხვა თანამგზავრებმა პირადად მიიღეს მისგან ცნობები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. მაგალითად, კოლასელების მიმართ მიწერილ წერილში პავლე მოუწოდებდა არქიპოსს: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფლისგან მიიღე“ (კოლასელთა 4:17). როგორც ჩანს, ევოდიას და სვინტიქეს უთანხმოება ჰქონდათ ურთიერთ შორის, რასაც მოგვარება ესაჭიროებოდა; ამიტომ პავლე ფილიპეში მისი უცნობი ‘თანამშრომლის’ პირით შეაგონებდა მათ, რომ ‘თანამოაზრენი ყოფილიყვნენ უფალში’ (ფილიპელთა 4:2, 3). ეს მართლაც კარგი რჩევაა თითოეული ჩვენგანისთვის.
ერთგული მხარდაჭერა საპყრობილეში ყოფნისას
პავლე რამდენიმეჯერ იყო საპყრობილეში (2 კორინთელთა 11:23). ასეთ ვითარებებში ადგილობრივი ქრისტიანები, ალბათ ყველაფერს აკეთებდნენ, რაც კი შეეძლოთ მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. როცა პავლე პირველად დააპატიმრეს რომში, მას უფლება მიეცა, დაექირავებინა საკუთარი სახლი, სადაც მის მეგობრებს ორი წლის მანძილზე შეეძლოთ მისი მონახულება (საქმეები 28:30). მთელი ამ ხნის განმავლობაში მან ეფესოში, ფილიპესა და კოლასეში არსებულ კრებებს გაუგზავნა წერილები, აგრეთვე პირადად მისწერა ფილიმონსაც. ამ ცნობების საშუალებით ჩვენ ბევრ რამეს ვგებულობთ იმ პირების შესახებ, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ პავლესთან მისი პატიმრობის პერიოდში.
მაგალითად, ჩვენ ვგებულობთ, რომ ონისიმე, ფილიმონისგან გაქცეული მონა, პავლესთან იყო რომში, ისევე, როგორც ტვიქიკოსი, რომელიც თან ახლდა ონისიმეს, როდესაც ის ბრუნდებოდა თავის ბატონთან (კოლასელთა 4:7-9). აგრეთვე ვგებულობთ, რომ ფილიპედან წამოსულმა ეპაფროდიტესმა დიდი გზა გაიარა, რათა პავლესთან თავისი კრების წევრების მიერ გამოტანებული ძღვენი ჩაეტანა და, რომ მოგვიანებით ავად გახდა (ფილიპელთა 2:25; 4:18). რომში პავლესთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ არისტარქოსი, მარკოზი და იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახდნენ; მათ შესახებ პავლე ამბობდა: “მხოლოდ ესენი იყვნენ ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი, მე რომ მანუგეშებდნენ“ (კოლასელთა 4:10, 11). ყველა ამ ერთგულ პირთან ერთად პავლეს გვერდში ედგნენ კარგად ცნობილი ტიმოთე და ლუკა, ასევე დემასი, რომელმაც მოგვიანებით შეიყვარა წუთისოფელი და პავლე მიატოვა (კოლასელთა 1:1; 4:14; 2 ტიმოთე 4:10; ფილიმონი 24).
როგორც ჩანს, არცერთი მათგანი არ იყო წარმოშობით რომიდან, მაგრამ ისინი მხარში ედგნენ პავლეს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი სპეციალურად ჩავიდა იქ, რათა დახმარება აღმოეჩინა მისთვის პატიმრობის პერიოდში. უეჭველად, ისინი მისი დავალებით სხავადასხვაგვარ სამუშაოებს ასრულებდნენ; ზოგიერთი შესაძლოა შორს იგზავნებოდა, ზოგს პავლე წერილებს აწერინებდა. აშკარად გამოჩნდა, რამხელა სიყვარული და ერთგულება გამოვლინდა მათი მხრიდან პავლესა და ღვთის სამსახურისთვის!
როგორც პავლეს ზოგიერთი წერილის დასკვნითი სიტყვებიდან ჩანს, ის უფრო მეტი ქრისტიანი ძმისა და დის გარემოცვაში იმყოფებოდა, ვიდრე ჩვენთვის არის ცნობილი. მაგალითად, სხვადასხვა სიტუაციაში, პავლე წერდა: „მოგიკითხავთ ყველა წმიდა“ და „ყველა ჩემთან მყოფი მოგიკითხავს შენ“ (2 კორინთელთა 13:12; ტიტე 3:15; ფილიპელთა 4:22).
რომში მეორედ დაპატიმრებისას, როდესაც წამებით სიკვდილი ემუქრებოდა, პავლე ბევრს ფიქრობდა თავისი თანამსახურების შესახებ. ის ზოგიერთის საქმიანობას ჯერაც აქტიურად ზედამხედველობდა. მის მიერ ტიტე და ტვიქიკოსი გარკვეული დავალებების შესასრულებლად გაიგზავნენ, კრესკესი გალატიაში წავიდა, ერასტოსი კორინთში გაჩერდა, ტროფიმოსი ავადმყოფობის გამო მელიტონში დარჩა, ხოლო მარკოზი და ტიმოთე მასთან უნდა ჩასულიყვნენ. მართალია, ლუკა მხარში ედგა პავლეს და, როდესაც მოციქულმა ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა, მრავალი სხვა მორწმუნის, მათ შორის ევბულოსის, პუდენსის, ლინოსისა და კლავდიას მოკითხვა შეუთვალა ტიმოთეს. უეჭველია, ეს პირები ყველანაირად ცდილობდნენ, პავლესთვის დახმარება აღმოეჩინათ. ამავე დროს, პავლემ თავად შეუთვალა მოკითხვა პრისკილას, აკვილას და ონისიფორესის სახლეულს. სამწუხაროდ, ამ გაჭირვების დროს დემასმა მიატოვა პავლე, ალექსანდრემ კი ბევრი ტკივილი მიაყენა მას (2 ტიმოთე 4:9-21).
„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“
სამქადაგებლო მსახურებისას პავლე იშვიათად იყო მარტო. „იკვეთება მისიონერის სურათი, — აღნიშნავს კომენტატორი ი. ერლ ელისი, — რომელსაც უამრავი თანამშრომელი ჰყავს. მართლაც, პავლეს იშვიათად თუ იპოვიდით თანამშრომლების გარეშე“. ღვთის სულიწმიდის დახმარებით პავლემ უამრავი ხალხის მობილიზება და წარმატებული მისიონერული კამპანიების ჩამოყალიბება შეძლო. ის ახლო თანამშრომლების, დროებითი დამხმარეების, ზოგიერთი ძლიერი პიროვნებისა და უამრავი თავმდაბალი მსახურის გარემოცვაში იმყოფებოდა. მაგრამ ეს პირები მხოლოდ მისი თანამშრომლები არ იყვნენ. თანამშრომლობის ხანგრძლივობისა და სიხშირის მიუხედავად, აშკარად შესამჩნევი იყო მათ შორის არსებული ქრისტიანული სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა.
მოციქულ პავლეს თამამად შეიძლება ეწოდოს „მეგობრობის უნარით დაჯილდოებული“. მან ბევრი რამ გააკეთა, რომ კეთილი ცნობა სხვადასხვა ერში გავრცელებულიყო, მაგრამ არასდროს ცდილობდა მარტოს ემოქმედა. ის ორგანიზებულ ქრისტიანულ კრებასთან თანამშრომლობდა და სრულ სარგებლობას იღებდა მისგან. პავლე არასდროს თვლიდა, რომ საკუთარი ძალებით მიაღწია გარკვეულ შედეგებს. ის თავმდაბლურად აღიარებდა, რომ მონა იყო და განდიდებას მხოლოდ ნაყოფის გამზრდელი ღმერთი იმსახურებდა (1 კორინთელთა 3:5-7; 9:16; ფილიპელთა 1:1).
ის დრო, რომელშიც პავლე ცხოვრობდა, განსხვავდება დღევანდელისგან. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ დღეს არსებულ ქრისტიანულ კრებაში ვინმეს შეუძლია ან საჭიროებს იყოს დამოუკიდებელი. პირიქით, ყოველთვის უნდა ვითანამშრომლოთ ღვთის ორგანიზაციასთან, ადგილობრივ კრებასთან და თანამორწმუნეებთან. ჩვენ ვსაჭიროებთ მათ დახმარებას, მხარდაჭერასა და თანაგრძნობას როგორც ლხინის, ისე გასაჭირის პერიოდში. ჩვენ შესანიშნავი უპირატესობა გვაქვს, ვიყოთ მსოფლიო საძმოს ნაწილი (1 პეტრე 5:9). თუ ერთგულად და სიყვარულით ვმუშაობთ ერთამანეთის მხარდამხარ და ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვეძლება იმის თქმა, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელთა 3:9).
[სურათები 31 გვერდზე]
აპოლოსი
არისტარქოსი
ბარნაბა
ლიდია
ონისიფორე
ტერტოსი
ტვიქიკოსი