ნამდვილი მშვიდობის პოვნა ტანჯულ მიწაზე
„საშინელი სექტანტური სისასტიკე ყველანაირ საზღვრებს გასცდა,“ — ნათქვამი იყო ერთ ცნობაში 1969 წელს. ეს იყო მაშინ, როდესაც მღელვარებამ — ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებულმა არეულობამ — გამწვავება იწყო.
სექტანტური ძალადობა და მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ვინაიდან პოლიტიკურ და რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირებულმა პროტესტანტმა და კათოლიკე მკვლელებმა, „ველურმა ადამიანებმა ორივე მხრიდან“, ირლანდიაში ბატონობისთვის ბრძოლა გააძლიერეს. მას შემდეგ „თითქმის ოცდაათწლიანი ძალადობის პერიოდში 3 600-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა და ათასობით დასახიჩრდა,“ — იუწყება ერთი ირლანდიური გაზეთი (The Irish Times).
რა თქმა უნდა, ეს პირველი ბრძოლა არ არის. ასეთი ბრძოლები საუკუნეების მანძილზე სისხლს უშრობდა ირლანდიას. ბოლო წლებში ამის დამღუპველი შედეგები ჩრდილოეთ ირლანდიაში იგრძნობოდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციით გამოწვეულმა სიმწარემ და უთანხმოებამ მთელი ირლანდიის მოსახლეობას აუწეწა ცხოვრება.
ამ ვითარების ფონზე უკვე ას წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ხალხს უთითებენ ამ ტანჯული ქვეყნის გამაწამებელი პრობლემების ნამდვილ გადამჭრელზე. ამ პრობლემებს მოაგვარებს ღვთის სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (მათე 6:9, 10). მღელვარების დაწყებამდე 1969 წელს, ირლანდიაში იეჰოვას 876 მოწმე იყო. ახლა აქ 4 500-ზე მეტი მოწმე და 100-ზე მეტი კრებაა. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგიერთი მათგანის მოგონებებს, რომლებმაც მიატოვეს პოლიტიკური მოღვაწეობა და საომარი მოქმედებები.
„როცა გავიზრდები, ირა-ში ვიმსახურებ“!
მაიკლიa კათოლიკედ გაიზარდა ირლანდიის რესპუბლიკაში. სკოლაში ქვეყნის ისტორიას და მათ შორის, ირლანდია-ბრიტანეთს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კონფლიქტის შესახებ ასწავლიდნენ. ბავშვს ინგლისელების მიმართ სიძულვილი განუვითარდა, მათში „ირლანდიელი ხალხის მჩაგვრელებს“ ხედავდა. ათი წლის მაიკლმა თავის ბებიას უთხრა: „როდესაც გავიზრდები, ირა-ში (ირლანდიის რესპუბლიკური არმია) ვიმსახურებ“! „ისეთი სილა მომხვდა სახეში, რომ დღესაც მახსოვს“, — იხსენებს ის. მოგვიანებით მან გაიგო, რომ პაპამისი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ჯარში მსახურობდა. ერთხელ კი ბებიამისი თავის მეუღლეს გადაჰფარებია, ირა-ს წევრებს რომ არ დაეხვრიტათ.
მაგრამ, როდესაც მაიკლი გაიზარდა, ისევ ჰქონდა სურვილი, როგორმე დახმარებოდა ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებ თანამორწმუნე კათოლიკეებს. „იმ დროს მეგონა, — ამბობს ის, — რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები კათოლიკეების დასახმარებლად მხოლოდ ირლანდიის რესპუბლიკური არმია მოქმედებდა“. ასეთი აზრით შთაგონებული, ამ არმიის წევრი გახდა და იარაღის გამოყენებაც ისწავლა. ერთხელ მისი სამი მეგობარი ჩრდილოეთ ირლანდიელმა პროტესტანტმა ექსტრემისტებმა დახვრიტეს.
მაიკლს ექსტრემისტულმა ბრძოლებმა საბოლოოდ გაუტეხა გული და ძალზე აძრწუნებდა თუნდაც ის გაცხარებული შუღლი, რომელიც ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის არსებობდა. არმიაში ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეში ჯდომისას, ის ევედრებოდა ღმერთს, რომ დახმარებოდა ხანგრძლივი მშვიდობისა და სამართლინობისკენ მიმავალი გზის პოვნაში. რამდენიმე ხნის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს სახლში. მაგრამ წინანდელმა აზროვნებამ დააბრკოლა. მოწმეები ინგლისელები იყვნენ და მათ მიმართ ძვალსა და რბილში გამჯდარი სიძულვილის გამო კეთილი ცნობის მოსმენა გაუძნელდა. „ყოველთვის არ ვიყავი მოხარული მათი ნახვით, — ამბობს ის, — მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მოდიოდნენ და მესაუბრებოდნენ, რის წყალობითაც გავიგე, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ უსამართლობას, რომლის წინააღმდეგაც მე ვიბრძოდი, ღვთის სამეფო მოუღებდა ბოლოს“ (ფსალმუნი 36:10, 11; 71:12—14).
ერთ დღესაც მაიკლი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა. როდესაც თავისი არმიის ოფიცერს შეხვდა, მან უთხრა: „შენთვის საქმე გვაქვს“. «მივხვდი, რომ არჩევანი იქვე და თანაც მაშინვე უნდა გამეკეთებინა, — ამბობს მაიკლი. ღრმად ჩავისუნთქე და ვუთხარი: „ახლა მე იეჰოვას მოწმე ვარ“. თუმცა ჯერ მოუნათლავი ვიყავი, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მსურდა იეჰოვასთვის მემსახურა». „კედელთან ხარ მისაყენებელი და დასახვრეტი“, — მიპასუხა ოფიცერმა. მიუხედავად მოსალოდნელი საშიშროებისა, მაიკლმა დატოვა არმია. მან შეძლო გამბედაობის მოკრება ამის გასაკეთებლად, ვინაიდან მზად იყო, იეჰოვას სიტყვებს ემოქმედა მის გონებასა და გულზე. „დროთა განმავლობაში ჩემმა ცოლმა და რამდენიმე შვილმა თავი მიუძღვნეს იეჰოვას. ახლა ნამდვილი მშვიდობაა ჩვენს გულებში. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით იეჰოვასი, რომ ჭეშმარიტების გაგებისა და მშვიდობის ცნობის გავრცელების საშუალება მოგვცა ტანჯულ მიწაზე (ფსალმუნი 33:15; 118:165).
ნეიტრალიტეტი ნამდვილად დამცველია
„გავიზარდე ლონდონდერის საგრაფოს (ჩრდილოეთ ირლანდია) ერთ-ერთ სოფელში, — ამბობს პატრიკი. — ბავშვობაში წვალების მეტი არაფერი მინახავს. ამან აშკარად იმოქმედა ჩემი შეხედულებისა და აზროვნების ჩამოყალიბებაზე“. პატრიკს უკიდურესად ნაციონალისტურმა და ღრმა ანტიბრიტანულმა აზროვნებამ ექსტრემისტული შეხედულებები განუვითარა. ის ხედავდა პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენელ მორწმუნეებს, რომლებიც არღვევდნენ ძირითად ქრისტიანულ პრინციპებსა და ადამიანურ ნორმებს. ამის გამო მან რელიგიას ზურგი აქცია, საბოლოოდ კი ათეისტი და თავგამოდებული მარქსისტი გახდა (შეადარეთ მათე 15:7—9; 23:27, 28).
„მახსენდება რესპუბლიკელი პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება ჩრდილოეთში, — ამბობს პატრიკი. — ამან დიდად იმოქმედა ჩემზე. მახსოვს, სადაც კი შემეძლო, ყველგან ვფენდი ირლანდიის დროშას და კედლებზე ვწერდი ანტიბრიტანულ ლოზუნგებს. ზუსტად თხუთმეტი წლისა ვიყავი, როდესაც ციხეში გარდაცვლილი ერთ-ერთი მოშიმშილის დაკრძალვისას მეც საპატიო ყარაულში ვიდექი“. იმდროინდელ არეულობასა და შფოთში ჩაბმულთა მსგავსად, პატრიკიც მონაწილეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და საპროტესტო დემონსტრაციებში, რაც, მისი აზრით, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობისკენ სწრაფვის გამოხატულება იყო. ის დაუახლოვდა ზოგ უკიდურესად ნაციონალისტ ადამიანს, რომელთაგანაც ბევრი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა.
„შემდეგ, — ამბობს პატრიკი, — ეკონომიკური მიზეზით ცოტა ხნით ინგლისში მომიწია დარჩენა. ჩემი იქ ყოფნის დროს ბრიტანეთის პოლიციამ დააპატიმრა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ტერორისტული მისიით იყო ჩამოსული“. თუმცა პატრიკი ჯერ კიდევ დიდად თანაუგრძნობდა ეროვნულ მოძრაობას, თავისი პოზიციის შეცვლა დაიწყო; დროთა განმავლობაში დაინახა, რომ ინგლისელების წინააღმდეგ მისი მტრული განწყობილება სრულიად უსაფუძვლო იყო. „აგრეთვე დავიწყე იმის გაცნობიერება, — ამბობს ის, — რომ ექსტრემისტული მოძრაობა ვერასდროს გადაჭრიდა პრობლემებს და ვერ ჩამოგვაცილებდა უსამართლობას, რომელიც ყოველთვის გულს მტკენდა. ექსტრემისტულ დაჯგუფებათა მეთაურებს შორის გამყიდველობა და სხვა ნაკლოვანებები აშკარად შეიმჩნეოდა“ (ეკლესიასტე 4:1; იერემია 10:23).
ბოლოს პატრიკი ჩრდილოეთ ირლანდიაში დაბრუნდა. „მეგობარმა იეჰოვას მოწმეები გამაცნო“. მათთან ბიბლიის შესწავლისას პატრიკმა დაინახა, სინამდვილეში რა იხსნიდა კაცობრიობას კონფლიქტებისა და უთანხმოებებისგან. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ, რადგან ბიბლიურმა პრინციპებმა მის გონებასა და გულზე იმოქმედა (ეფესელთა 4:20—24). „ახლა, — ამბობს ის, — ნაცვლად იმისა, რომ არსებული წესწყობილების შეცვლაზე ვიფიქრო, ბიბლიაში აღთქმული მშვიდობის შესახებ ვქადაგებ ცნობას იქაც კი, სადაც ლოიალისტები (ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთიდან გამოყოფის მოწინააღმდეგენი) ცხოვრობენ და სადაც ადრე ვერასდროს გავბედავდი წასვლას. ფაქტობრივად, იმ დროს, როდესაც ბელფასტში უამრავ ადამიანს ხოცავდნენ სექტანტობის საფუძველზე, მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს შეეძლოთ ლოიალისტებისა და ნაციონალისტების მხარეებში ჯავშნიანი მანქანების გარეშე სიარული“. ამ დროს ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები სხვა მოწმეების მსგავსად მან დაინახა, რომ ნეიტრალიტეტი, რომელსაც პირველი საუკუნის ქრისტიანები იცავდნენ, დამცველი იყო (იოანე 17:16; 18:36). „შვების მომგვრელია იმის ხილვა, რომ იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით მთელ კაცობრიობას გაათავისუფლებს ჩაგვრის უღლისგან და ჭეშმარიტ სამართლიანობასა და მშვიდობას დაამყარებს“, — თქვა ბოლოს მან (ესაია 32:1, 16—18).
„ჩემი ერთადერთი მფარველი მხოლოდ იარაღი იყო“
„მე პოლიტიკური და რელიგიური კონფლიქტის მეორე მოწინააღმდეგე მხარეს გავიზარდე, — ყვება უილიამი. — გაჟღენთილი ვიყავი პროტესტანტული შეხედულებებით და სასტიკად მძულდა ყველაფერი კათოლიკური. თუ შესაძლებელი იყო, არასდროს მივდიოდი კათოლიკის მაღაზიაში, ირლანდიაშიც მხოლოდ ერთხელ ვიყავი. ჩაბმული ვიყავი სხვადასხვა პროტესტანტულ ჯგუფსა და თემში, როგორიც არის ორანჟისტების პარტია — ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პროტესტანტული რელიგიისა და ცხოვრების წესის დაცვას“. 22 წლის უილიამი ოლსტერის დაცვის პოლკში შევიდა, რომელიც ადგილობრივი ახალწვეულებით დაკომპლექტებული ბრიტანეთის არმიის ნაწილი იყო. იქ მომსახურეთა უმეტესობას პროტესტანტები შეადგენდნენ. უილიამი თავისი ტრადიციების დასაცავად მზად იყო, ყველა მოეკლა. „რამდენიმე სასროლი იარაღი მქონდა და მზად ვიყავი, უყოყმანოდ გამომეყენებინა საჭიროების შემთხვევაში. ერთი ღამღამობით ბალიშის ქვეშაც კი მედო“.
მაგრამ ერთხელაც გარდატეხა მოხდა. „მივხვდი, რომ იეჰოვას მოწმეები რაღაცით განსაკუთრებულები იყვნენ, როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ძველი სახლის აღდგენაზე ვმუშაობდი. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მშენებლობაზე ერთად მუშაობისას შესაძლებლობა მქონდა, ჩემთვის საინტერესო უამრავი კითხვა დამესვა ტანჯვის, რელიგიისა და ღმერთის შესახებ. მისმა უბრალო, ნათელმა პასუხებმა დამანახვა, თუ ვინ იყვნენ იეჰოვას მოწმეები — გაერთიანებული, მშვიდობიანი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დამცველი ადამიანები, რომლებსაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულით იცნობენ (იოანე 13:34, 35).
ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ უილიამმა დატოვა ყველა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაცია თუ თემი, რომლებშიც ერთიანდებოდა. „ეს დიდად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემთვის, — იხსენებს ის, — რადგან ბევრი სანუკვარი ძველი ტრადიციის დატოვება მომიხდა“. თუმცა უდიდესი გამოცდა ჯერ კიდევ წინ ელოდა. «ჩრდილოეთ ირლანდიაში გამეფებული მდგომარეობის გამო ვფიქრობდი, რომ ჩემი ერთადერთი მფარველი იარაღი იყო. ირა-ს ექსტრემისტ წევრებს „მიზანში ვყავდი ამოღებული“. ასე რომ, ადვილი არ იყო იარაღის გადაგდება»; თუმცა ბიბლიაში მოცემულმა დარიგებამ, რომელიც ესაიას 2:2—4-შია მოცემული, თანდათანობით შეცვალა მისი თვალსაზრისი. მან დაინახა, რომ ბოლოს და ბოლოს იეჰოვა იყო მისი ნამდვილი მფარველი, ისევე როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანების. ამის შემდეგ იარაღიც გადააგდო.
«ჩემი სიხარულის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, — ამბობს უილიამი, — რომ ახლო და მტკიცე მეგობრობა მაკავშირებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ადრე მოსისხლე მტრებად მივიჩნევდი. ამასთანავე ნამდვილი სიხარულის წყაროა იმედის შესახებ ბიბლიური ცნობის ქადაგება იმ ადგილებში, რომლებიც ადრე „აკრძალულ ზონას“ წარმოადგენდა ჩემთვის. იმაზე დაფიქრება, რაც ჭეშმარიტებამ მოგვიტანა მე და ჩემს ოჯახს, მუდამ მადლიერს მხდის იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი.
„ყველაფერი უაზრობად მიმაჩნდა“
რობერტი და ტერეზა სავსებით განსხვავებული წარმოშობის ადამიანები არიან. „მე თავგამოდებული პროტესტანტების ოჯახიდან ვარ, — ამბობს რობერტი, — ზოგი ჩემი ნათესავი ექსტრემისტულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. ცხრამეტი წლისა ბრიტანეთის არმიაში ოლსტერის დამცველ პოლკს შევუერთდი. იმ დროს ძირითადად იქ ვპატრულირებდით, სადაც ტერეზა ცხოვრობდა. ერთ ღამეს აქედან სხვა დანიშნულებით გამაგზავნეს. იმ ღამეს ოთხთვალა, რითაც მე უნდა მემგზავრა, ააფეთქეს და ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ორიც დაიჭრა“.
რობერტს აინტერესებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი. „ღმერთი ყოველთვის მწამდა, მაგრამ, როდესაც ჩრდილოეთ ირლანდია ვიხილე, ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს თვალში. დავიწყე ღვთისადმი ლოცვა. ვთხოვდი ღმერთს, რომ, თუ ნამდვილად არსებობდა, სწორი გზა ეჩვენებინა ჩემთვის. მახსოვს, ღმერთთან საუბრისას ვამბობდი, რომ სადღაც ჭეშმარიტი რელიგია უნდა ყოფილიყო!“ რამდენიმე დღის შემდეგ იეჰოვას მოწმე მივიდა რობერტთან და ლიტერატურა დაუტოვა. როდესაც ღამის მორიგეობიდან დაბრუნდა, ამ ლიტერატურის კითხვა დაიწყო და გამთენიისას, ხუთ საათზე, დაამთავრა. „მალე ვიცანი ჭეშმარიტების ხმა, — ამბობს ის, — მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ბიბლიაზე იყო დაფუძნებული“ (2 ტიმოთე 3:16). მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ცოტა ხნის შემდეგ ღმერთს მიუძღვნა თავი.
„მოწმეები ყოველთვის ბიბლიით ხელმძღვანელობდნენ“
ტერეზა კი უკიდურესად ნაციონალისტური შეხედულებების მქონე კათოლიკური ოჯახიდან იყო,. „ახალგაზრდა გოგონა შევუერთდი „შინ ფეინს“b (მხოლოდ ჩვენ), — ამბობს ტერეზა. — ამან ექსტრემისტების მხარდამჭერ მოძრაობაში ჩამაბა. ბრძოლისთვის სახსრების შოვნაში ვეხმარებოდი. მე ირა-ს ჩემი რაიონის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი. აგრეთვე ვმონაწილეობდით არეულობებში, პოლიციელებთან და არმიის პატრულთან შეტაკებებში.
როდესაც ტერეზას ოჯახის რამდენიმე წევრმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ისიც დაინტერესდა. ღვთის სიტყვის ძალამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე. „მოწმეები ყოველთვის ბიბლიიდან გვპასუხობდნენ, — ამბობს ის. — დანიელის 2:44-ში მოცემული დაპირება ნამდვილად თვალისამხელი იყო. დავინახე, რომ სწორედ ღვთის სამეფო იყო ის ძალა, რომელიც მოსპობდა ყოველგვარ უსამართლობას, რის წინააღმდეგაც მე ვიბრძოდი“. სულ უფრო და უფრო ეცვლებოდა თვალსაზრისი ექსტრემისტების მიერ ჩადენილ მხეცურ დანაშაულებზე. მაგალითად, ტერეზას არ ესმოდა, შემბრალე და წესიერ ადამიანს რატომ უნდა გახარებოდა ტერორისტული აქტის შესახებ ახალი ამბავი, რომლის დროსაც ჯარისკაცებს ან სხვებს ხოცავდნენ ან ასახიჩრებდნენ, რის გამოც ოჯახები დარდითა და ვარამით იყვნენ განადგურებული. მანაც მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება და ღვთის პრინციპები გაითავისა. თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა და მოინათლა (იგავნი 2:1—5, 10—14).
ტერეზა და რობერტი ჩრდილოეთ ირლანდიაში იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი კრების შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს. „როდესაც პირველად ვნახე რობერტი, მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ასე წყნარად და მშვიდად შემეძლო საუბარი ადამიანთან, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ბრიტანეთის პოლიტიკური და სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენლად მივიჩნევდი. რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვა დამეხმარა ღრმად გამჯდარი ზიზღისა და წინასწარაკვიატებული შეხედულების მოცილებაში“. ის და რობერტი მიხვდნენ, რომ ნაცვლად სიძულვილისა და წინასწარშექმნილი ცუდი აზრისა, რომელიც მათი ტრადიციიდან და კულტურიდან მომდინარეობდა, ახლა მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. აქედან ყველაზე ძლიერი იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარული იყო. ისინი დაქორწინდნენ. ახლა კი ერთად მსახურობენ და ჭეშმარიტი მშვიდობის შესახებ ღვთის ცნობას ყველა წარმოშობისა და რწმენის ადამიანს აცნობენ ამ ტანჯულ მიწაზე.
მსგავსი შემთხვევები ირლანდიაში სხვებსაც ჰქონიათ. ღვთისგან შთაგონებული სიტყვის მოსმენითა და მიღებით ისინი გაექცნენ ადამიანურ ‘ფილოსოფიებსა და ფუჭ ცდუნებებს’ (კოლასელთა 2:8). ახლა კი ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის აღთქმებზე ამყარებენ იმედს. ყველას, ვინც მოუსმენს, სიხარულით უზიარებენ თავიანთ იმედს იმ მშვიდობიანი მომავლის შესახებ, როდესაც სექტანტური თუ სხვაგვარი ძალადობა საერთოდ აღარ იარსებებს (ესაია 11:6—9).
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.
b პოლიტიკური პარტია, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ირლანდიის დროებით რესპუბლიკურ არმიასთან.
[სურათები 10 გვერდზე]
მთელ ჩრდილოეთ ირლანდიაში ნახატებით აჭრელებული კედლები ექსტრემისტული ბრძოლებისკენ მოუწოდებდა.