როგორ მივაღწიო იმას, რომ მომისმინონ?
1 ქალაქ ფილიპეში „ერთი დედაკაცი. . . სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს სიტყვების მოსასმენად“ (საქ. 16:14). რას გვასწავლის ეს ცნობა? როცა პიროვნება ისმენს, ეს გზას უხსნის ჭეშმარიტების გაგებისკენ. ჩვენი წარმატება სამეფო ცნობის გაზიარებაში, უმთავრესად, დამოკიდებულია მობინადრის მოსმენის სურვილზე. საკმარისია მოგვისმინონ, შემდეგ შედარებით ადვილია ცნობის გადაცემა. მაგრამ პიროვნებამ რომ მოგისმინოს, ამის მიღწევა შეიძლება ძნელი ამოცანა იყოს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
2 სანამ მსახურებას შევუდგებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს გარეგნობას და იმ ნივთებს, რომლებსაც გამოვიყენებთ. რატომ? ადამიანები უფრო მათ უსმენენ, ვინც ღირსეულად წარდგება. გემოვნებით, მაგრამ მოკრძალებულად ვართ ჩაცმული? თუმცა დაუდევარი ჩაცმა შეიძლება პოპულარულია ქვეყნიერებაში, ჩვენ ვერიდებით ასეთ დაუდევრობას, რადგან ჩვენ ვართ ღვთის მსახურები, მისი სამეფოს წარმომადგენლები. ჩვენი სუფთა და აკურატული შესახედაობა კარგ დამოწმებას ჰმატებს სამეფო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ.
3 იყავი მეგობრული და თავაზიანი: მიუხედავად იმისა, რომ დღეს აზროვნება იცვლება, მრავალ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს პატივისცემა ბიბლიის მიმართ და ისინი დადებითად გამოეხმაურებიან თავაზიანად და მეგობრულად გადაცემულ ბიბლიის შინაარსს. თბილი, გულითადი ღიმილი დაძაბულობას მოუხსნის მობინადრეს და გზას გახსნის სასიამოვნო საუბრისკენ. ჩვენს საუბარსა და ქცევაში უნდა გამოვლინდეს გულწრფელობა და კარგი მანერებიც, რაც მობინადრის თვალსაზრისის პატივისცემით მოსმენასაც შეიცავს.
4 ჩვენი მიზანია ბიბლიური იმედის სხვებისთვის გაზიარება. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვსაუბრობთ მიმზიდველად და არა მტრულად და გამომწვევად. საჭირო არ არის დრო დავხარჯოთ იმ პიროვნებასთან კამათში, რომელიც აშკარად გვეწინააღმდეგება (2 ტიმ. 2:23–25). „ჩვენს სამეფო მსახურებასა“ და ბროშურაში „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ მოცემული მრავალი გამამხნევებელი და დროული შეთავაზებიდან შეგვიძლია ამოვირჩიოთ რამდენიმე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად უნდა მოვამზადოთ ეს შეთავაზებები, რომ ისინი თბილი და დამაჯერებელი ტონით წარმოვთქვათ (1 პეტ. 3:15).
5 ჩვენი პირველი მისვლის შემდეგ მობინადრეებიდან ცოტას თუ ახსოვს ზუსტად, რაზე იყო საუბარი. მაგრამ თითქმის ყველას ახსოვს, როგორ იყო ის წარმოთქმული. ჩვენ არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ უმნიშვნელოდ თავაზიანობა და ყურადღებიანობა. უეჭველად, ჩვენს უბანში მრავალი ცხვრისმაგვარი ადამიანია, რომელიც პირველ საუკუნეში მცხოვრები ლიდიას მსგავსად, ყურს დაუგდებს ჭეშმარიტებას. ჩვენი გარეგნობისა და საუბრის მანერებისადმი სათანადო ყურადღების მიქცევა გულწრფელ ადამიანებს წაახალისებს, მოისმინონ ღმერთის სიტყვა და კეთილგანწყობილად მიიღონ ის (მარ. 4:20).