დახმარება სთხოვე იეჰოვას
1 თავის მოწაფეებს იესომ შთააგონა, რომ მსახურებაში იეჰოვასგან კურთხევის მიღებას საჭიროებდნენ (მათ. 9:37, 38). მთელი გულით წარმოთქმული სადიდებელი და სამადლობელი ლოცვები გულწრფელ თხოვნასა და ვედრებასთან ერთად ცხადყოფს, რომ დახმარებისთვის იეჰოვაზე ვართ მინდობილი (ფილ. 4:6, 7). საღვთო წერილი მოგვიწოდებს, ვილოცოთ „ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით“, ეს კი ღვთისმსახურების შესახებ ლოცვასაც ეხება (ეფეს. 6:18).
2 ლოცვაში ჩვენ ვადიდებთ იეჰოვას მისი შეუდარებელი თვისებებისა და საქმეებისთვის. მას იმისთვისაც ვაქებთ, რომ მოგვცა კეთილი ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ. ის იმსახურებს განდიდებას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით ვაღწევთ მსახურებაში წარმატებას (ფსალმ. 126:1).
3 სამადლობელ ლოცვაში მადლიერებას გამოვხატავთ იმისთვის, რომ იეჰოვამ თავისი ნება და განზრახვა გაგვიმჟღავნა. ნუთუ უპირატესობა არ არის, ვამცნოთ სხვებს სამეფოსთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები? იეჰოვას მსახურებაში ყოველივე მიღწეულისთვის ვმადლობთ (ფსალმ. 106:8; ეფეს. 5:20).
4 მართებულია, როცა ვთხოვთ იეჰოვას, დაგვეხმაროს ისეთი ადამიანების პოვნაში, რომლებიც დაგვთანხმდებიან ბიბლიის შესწავლაზე, და ვლოცულობთ, რომ ჭეშმარიტება მათ გულებს შეეხოს. ასეთი ვედრება იმის აღიარებაა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი მსახურება ნაყოფიერი გახადოს (1 კორ. 3:5–7).
5 ერთ დას ეგონა, რომ ქალი, რომლისთვისაც ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მიჰქონდა, არ კითხულობდა მათ. მას არ სურდა ძვირფასი ჟურნალების ამაოდ გავრცელება, ამიტომ შეევედრა იეჰოვას, რომ, თუ ის ქალი არ კითხულობდა ჟურნალებს, უარი ეთქვა მათ აღებაზე. შემდეგ, როცა დამ კვლავ მიაკითხა, ქალის მეუღლემ უთხრა: „მადლიერი ვარ, რომ ჟურნალები რეგულარულად მოგაქვთ. ვკითხულობ და ძალიან მომწონს“.
6 შეგვიძლია თავმდაბლურად და მხურვალედ ვევედროთ იეჰოვას და ვთხოვოთ დახმარება, რომ არ დაგვაძაბუნოს ხალხის გულგრილობამა და დაცინვამ, აგრეთვე არ გვქონდეს კაცთმოშიშობა, რათა გაბედულად ვუქადაგოთ სხვებს (საქ. 4:31). თუ წმინდა მსახურების მორჩილად შესრულებისას არ შევწყვეტთ „ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებას“, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იეჰოვას დახმარებაში (1 იოან. 3:22).