სიხარულით ვუერთდებით იეჰოვასა და მის ძეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 28 მარტს აღინიშნება
1 2002 წლის 28 მარტს უფლის სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნით დავამტკიცებთ, რომ სიხარულით ვუერთდებით იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს. ამ განსაკუთრებული მოვლენის დროს, ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს, მამასთან და მის ძესთან, „მოზიარეობა“ ექნებათ სამეფოს სხვა მემკვიდრეებთან ერთად (1 იოან. 1:3; ეფეს. 1:11, 12). მილიონობით „სხვა ცხვარი“ იფიქრებს იმ შესანიშნავ შესაძლებლობაზე, რომ შეუძლიათ შეუერთდნენ იეჰოვასა და მის ძეს და მათთან ერთად ერთსულოვნად შეასრულონ ღვთის საქმე! (იოან. 10:16).
2 ახლო ურთიერთთანამშრომლობა. იეჰოვა და იესო ქრისტე ყოველთვის სიხარულით იყვნენ გაერთიანებულნი. ადამიანის შექმნამდე, მათ საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ერთმანეთისადმი ძლიერი სიყვარული განუვითარდათ (მიქ. 5:2). ღვთის პირმშოს, რომელიც სიბრძნის განსახიერება იყო, განკაცებამდე თავისი ცხოვრების შესახებ შეეძლო ეთქვა: „მე გვერდით ვყავდი [იეჰოვას], როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი“ (იგავ. 8:30). სიყვარულის შემოქმედთან ახლო ურთიერთობაში გატარებულმა უთვალავმა წელმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ღვთის ძეზე! (1 იოან. 4:8).
3 კაცობრიობის გამოსყიდვის მიზნით აირჩია იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ადამიანები, რათა გამომსყიდველური მსხვერპლი გაეღო და, ამგვარად, იმედი მოეცა ჩვენთვის (იგავ. 8:31). ისევე როგორც იეჰოვა და მისი ძე იღწვიან გაერთიანებულად ერთი მიზნისთვის, ასევე ჩვენც სიყვარულით ვუერთდებით მათ და სიხარულით ვასრულებთ ღვთის ნებას.
4 გულწრფელი მადლიერების გამოვლენა. გახსენების საღამოზე დასწრებით და პროგრამის გულისყურით მოსმენით შეგვიძლია გულწრფელი მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვას სიყვარულისა და მისი ძის მიერ ჩვენთვის გაღებული მსხვერპლისთვის. ამ საღამოს განსაკუთრებით ხაზი გაესმება იესოს მიერ გამოვლენილ სიყვარულს, კაცობრიობის გამოსასყიდად სიკვდილამდე მის ერთგულებას და მის მეფობას ღვთის სამეფოში; აგრეთვე იმ კურთხევებს, რომლებსაც ეს სამეფო მოუტანს კაცობრიობას. გახსენების საღამოზე იმასაც გაესმება ხაზი, რომ საჭიროა მუდმივად გამოვავლინოთ რწმენა და როგორც „ჭეშმარიტების თანამშრომლებმა“ გულმოდგინედ ვიმსახუროთ იეჰოვას ნების შესაბამისად (3 იოან. 8; იაკ. 2:17).
5 სხვებსაც დავეხმაროთ, რომ ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა. უხუცესთა საბჭომ განსაკუთრებული ძალ-ღონე უნდა მოახმაროს კრების ტერიტორიაზე ყველა არააქტიური მოწმის წახალისებას, რათა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაესწრონ (მათ. 18:12, 13). შეადგინეთ მათი სია, ვისაც უნდა შეუაროთ, რომ არავინ გამოგრჩეთ მხედველობიდან და ყველა პირადად მოიწვიოთ.
6 ეცადეთ, რომ ყველას, ვისი მოწვევაც შეგიძლიათ, მადლიერება აღუძრათ ამ ღონისძიებისადმი. გულითადად მოიწვიეთ ისინი და დაეხმარეთ, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წლის ამ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე მოვიწვიოთ ყველა, ვისაც ბიბლიას ვასწავლით და სხვა დაინტერესებულებიც; აგრეთვე ოჯახის წევრებიცა და ნაცნობებიც. ყველას, ვინც ‘იესო ქრისტეს შეცნობას’ სწავლობს, კვლავაც შეუძლია ისარგებლოს გამომსყიდველური მსხვერპლით (ფილ. 3:8). მათ, ვინც ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ, შეუძლიათ მარადიული სიცოცხლის მტკიცე იმედი ჰქონდეთ (იოან. 3:16).
7 ნუ იფიქრებთ, რომ გახსენების საღამო ბევრს ვერაფერს მოუტანს დაინტერესებულ გულწრფელ ადამიანებს. ამ საღამოზე დასასწრებად ორი წლის წინ პაპუა-ახალ გვინეაში 11 დაინტერესებულმა ნავით 17 საათი იმგზავრა აღელვებულ ზღვაში. რატომ? „გვინდოდა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო გვეზეიმა იეჰოვას თაყვანისმცემლებთან ერთად; ამისათვის მოგზაურობა ნამდვილად ღირდა“, — განაცხადეს მათ. ხედავთ, როგორი გულმოდგინება გამოავლინეს ამ დაინტერესებულებმა? აგრეთვე — მადლიერება იმისათვის, რომ საშუალება ჰქონდათ, სიხარულით შეერთებოდნენ იეჰოვას, მის ძესა და ქრისტიანულ საძმოს!
8 ყველა დაინტერესებულს შესთავაზეთ ბიბლიის შესწავლა და წაახალისეთ, რომ რეგულარულად დაესწრონ კრების შეხვედრებს და სხვებსაც გაუზიარონ ნასწავლი ჭეშმარიტება. დაეხმარეთ, რომ ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში გამოიყენონ, ‘იარონ ნათელში’ და ‘იქცეოდნენ ჭეშმარიტებით’ (1 იოან. 1:6, 7). აგრეთვე დაეხმარეთ, ახლო ურთიერთობა განავითარონ იეჰოვასთან და სულ უფრო და უფრო დააფასონ მისი ნების შესრულების ძვირფასი შესაძლებლობა.
9 რა შესანიშნავი უპირატესობა გვხვდა წილად, რომ შეგვიძლია სიხარულით ვიყოთ გაერთიანებულნი ‘ერთი სულით და ერთსულოვნად ვიღვაწოთ სახარების რწმენისათვის’ (ფილ. 1:27, 28). დაე სიხარულით დაველოდოთ 28 მარტს, როცა ჩვენს ძვირფას საძმოსთან ერთად შეკრებას შევძლებთ და ყოველთვის ვმადლობდეთ იეჰოვასა და მის ძეს! (ლუკ. 22:19).