მიბაძეთ ჩვენს „ბედნიერ ღმერთ“ იეჰოვას
1 იეჰოვას სურს, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ. მისი სიტყვა გვაცნობს იმ დიდებულ კურთხევებს, რომლებიც ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას (ეს. 65:21—25). სხვებისთვის აშკარა უნდა იყოს, რომ სიხარულით ვუზიარებთ „ბედნიერი ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას“ (1 ტიმ. 1:11). სამეფოს შესახებ ჩვენი საუბარი უნდა ირეკლავდეს ჭეშმარიტების სიყვარულსა და მოსაუბრეებისადმი გულწრფელ ინტერესს (რომ. 1:14—16).
2 ცხადია, ზოგჯერ არ არის ადვილი დადებითი განწყობის შენარჩუნება; ზოგან ადამიანები იშვიათად ეხმაურებიან სამეფოს ცნობას. ზოგჯერ ჩვენც გვიწევს სირთულეებთან გამკლავება. თუ დავფიქრდებით, რამდენად სჭირდება ხალხს სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა და გაგება, ეს სიხარულს შეგვანარჩუნებინებს (რომ. 10:13, 14, 17). ამ ყოველივეზე ფიქრი დაგვეხმარება სიხარულით ვაუწყოთ სხვებს ხსნის შესახებ, რომელიც იეჰოვასგანაა.
3 ყურადღება დადებითზე შეაჩერე. უნდა დავუკვირდეთ ჩვენს სიტყვებს. შეიძლება საუბარი პრობლემის ან ახალი ამბის მოხსენიებით დავიწყოთ, მაგრამ თავი უნდა ავარიდოთ უარყოფითზე ზედმეტი ყურადღების გამახვილებას; ჩვენ გვევალება, „სიკეთის მახარობლები“ ვიყოთ (ეს. 52:7; რომ. 10:15). ეს სასიხარულო ცნობა დაფუძნებულია საუკეთესო მომავლის შესახებ ღვთის დანაპირებზე (2 პეტ. 3:13). ასე რომ, ბიბლიური მუხლები უნდა გამოვიყენოთ „გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად“ (ეს. 61:1, 2, აქ). თუ ასე ვიქცევით, დადებით განწყობას შევინარჩუნებთ.
4 ქადაგებისას ხალხი აუცილებლად შეამჩნევს ჩვენს დადებით განწყობას. ამიტომ ყოველთვის მივბაძოთ ჩვენს „ბედნიერ ღმერთ“ იეჰოვას, როცა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ.