მიჰბაძე დიდებულ მასწავლებელს, როდესაც იყენებ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“
1. როგორ ასწავლიდა იესო?
1 იესო, დიდებული მასწავლებელი, ყოველთვის მარტივი და გასაგები ენით საუბრობდა. მსმენელები ფიქრისკენ რომ აღეძრა, დროდადრო ის კითხვებს უსვამდა მათ, რათა ჯერ მათი თვალსაზრისი გაეგო (მათ. 17:24—27). იესო ყურადღებას ღვთის სიტყვაზე ამახვილებდა (მათ. 26:31; მარ. 7:6). ის ფრთხილობდა, რომ მოწაფეები ძალიან ბევრი ინფორმაციით არ გადაეტვირთა, რადგან იცოდა, რომ ისინი შემდგომშიც განაგრძობდნენ სწავლას (იოან. 16:12). იესო იმითაც ინტერესდებოდა, სწამდათ თუ არა მის მოწაფეებს ის, რასაც მათ ეუბნებოდა, და იგებდნენ თუ არა მის ნათქვამს (მათ. 13:51). წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ განკუთვნილია იმისთვის, რომ დაგვეხმაროს, იესოს მსგავსად ვასწავლოთ.
2. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თითოეული თავის შესავალში დასმული კითხვები?
2 შესავალი კითხვები: ვიდრე შემსწავლელთან თავის განხილვას დაიწყებ, კარგი იქნება, თუ მის ყურადღებას სათაურის ქვემოთ მოცემულ კითხვებზე გაამახვილებ. შემსწავლელის ინტერესის აღსაძვრელად ეს კითხვები შეგიძლია ან რიტორიკული ფორმით დასვა, ან სთხოვო მას, რომ დასმულ კითხვებს მოკლედ უპასუხოს. საჭირო არ არის, დეტალურად იმსჯელო მის პასუხებზე ან მაშინვე შეუსწორო ყველა მცდარი შეხედულება. შეგიძლია, უბრალოდ, მადლობა გადაუხადო გამოთქმული აზრებისთვის და მასალის განხილვაზე გადახვიდე. შესავალ კითხვებზე გაცემული მისი პასუხები იმის განსაზღვრაში დაგეხმარება, საჭიროა თუ არა უფრო მეტი ყურადღების გამახვილება გაკვეთილში მოცემულ ამა თუ იმ საკითხზე.
3. როგორ შეგვიძლია შესწავლის მარტივად ჩატარება?
3 ბიბლიური მუხლები: შესწავლის პროცესში ძირითადი აქცენტი ბიბლიურ მუხლებზე უნდა გააკეთო (ებრ. 4:12). მაგრამ საჭირო არ არის ყველა მოყვანილი მუხლის წაკითხვა. ყურადღება იმ მუხლებზე გაამახვილე, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს მრწამსს. რაც შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება ძირითად თემას, მათი წაკითხვა შეიძლება საჭირო არ იყოს. წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ჭეშმარიტებას მარტივი ენით გადმოგვცემს, ამიტომ შესწავლაც მარტივად ჩაატარე. ყურადღება მთავარ აზრებზე გაამახვილე. მოერიდე დეტალებზე ბევრ ლაპარაკს და მასალის დამატებითი ინფორმაციით უადგილოდ გადატვირთვას.
4. რა განსაზღვრავს იმას, შესწავლის დროს საჭიროა თუ არა, შემსწავლელთან ერთად განვიხილოთ დანართში მოცემული თემა?
4 დანართი: დანართში მოცემულია 14 თემა, რომლებიც მთავარ თემას განავრცობს. შესწავლის დროს მათი განხილვა სავალდებულო არ არის. შენ შეგიძლია შემსწავლელი აღძრა, რომ პირადად წაიკითხოს დანართში მოცემული თემები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ესმის და სწამს ძირითად ტექსტში მოცემული საკითხები. მაგალითად, თუ შემსწავლელს სწამს, რომ იესო მესიაა, შეიძლება საჭირო არ იყოს, რომ მეოთხე თავის განხილვისას „ვინ არის იესო ქრისტე?“ მასთან ერთად განიხილოთ დანართი „იესო ქრისტე — აღთქმული მესია“. მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება უკეთესი იყოს, შესწავლის პერიოდში გამოყო დრო, რომ შემსწავლელთან ერთად განიხილო დანართში მოცემული თემა ან თემის ესა თუ ის საკითხი.
5. თუ გადავწყვეტთ, რომ შემსწავლელთან ერთად გავიაროთ დანართი, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
5 თუ გადაწყვეტ, რომ დანართი შემსწავლელთან ერთად გაიარო, საჭიროა კითხვები წინასწარ მოამზადო და აბზაცები ისე განიხილო, როგორც ამას ჩვეულებრივ თავის განხილვისას აკეთებ. იმ შემთხვევაში, თუ შემსწავლელმა პირადად წაიკითხა დანართი, შეგიძლია შესწავლისას რამდენიმე წუთი გამოყო და მასთან ერთად გადაიმეორო მასალა. ეს შესაძლებლობას მოგცემს, გაიგო, როგორ ესმის შემსწავლელს დანართში მოცემული საკითხები.
6. როგორ შეგვიძლია შესწავლის ბოლოს გასამეორებელი ჩარჩოს გამოყენება?
6 გასამეორებელი ჩარჩო: თითოეული თავის ბოლოს, ჩარჩოში, მოცემულია პასუხები შესავალში დასმულ კითხვებზე. ეს პასუხები შეგიძლია მთავარი აზრების გასამეორებლად გამოიყენო. ზოგმა მაუწყებელმა დაინახა, რომ შემსწავლელისთვის დამხმარეა ჩარჩოში მოცემული თითოეული აზრის წაკითხვა და, თუ შესაძლებელია, მუხლების ამოკითხვა. შემდეგ ისინი შემსწავლელს ეუბნებიან, მოკლედ აღნიშნოს, თუ როგორ ადასტურებს წაკითხული ბიბლიური მუხლი ჩარჩოში მოცემულ აზრს. შემსწავლელის კომენტარები მაუწყებელს ეხმარება გაიგოს, ზუსტად ესმის თუ არა მას მთავარი აზრები და როგორ უკავშირდება ბიბლიური მუხლები ძირითად აზრებს. ეს იმის საშუალებასაც აძლევს მაუწყებელს, დაინახოს, ეთანხმება თუ არა ბიბლიის შემსწავლელი ამა თუ იმ საკითხს. ამავე დროს შემსწავლელი სწავლობს ბიბლიის გამოყენებას, რაც სხვებისთვის ჭეშმარიტების ახსნაში დაეხმარება.
7. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ იმისთვის, რომ ჩვენზე დაკისრებული დავალება შევასრულოთ?
7 იესოს სწავლების მეთოდების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი დავალება — ვასწავლოთ ხალხს ჭეშმარიტება და მოწაფეებად მოვამზადოთ ისინი (მათ. 28:19, 20). სწორედ ამაში გვეხმარება წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. საუკეთესოდ გამოიყენე ეს სახელმძღვანელო — ხალხს ჭეშმარიტება მარტივად და გასაგებად ასწავლე და შესწავლა მათთვის საინტერესო გახადე.