მოამზადეთ შვილები იეჰოვას მსახურებად
1. რისკენ მოუწოდებს ფსალმუნის 148:12, 13 ქრისტიან მშობლებს?
1 იეჰოვა იწვევს ახალგაზრდებს, რომ განადიდონ ის (ფსალმ. 148:12, 13). ამიტომ ქრისტიანი მშობლები შვილებს ბიბლიურ ჭეშმარიტებასა და ღვთის ზნეობრივ კანონებზე მეტს ასწავლიან. ისინი მათ სასიხარულო ცნობის კარგ მსახურებადაც ამზადებენ. როგორ შეუძლიათ მათ ამის მიღწევა?
2. როგორ შეიძლება მშობლის კარგმა მაგალითმა გავლენა მოახდინოს შვილებზე?
2 მიეცით კარგი მაგალითი: მსაჯულმა გედეონმა თავის 300 მეომარს უთხრა: „მიყურეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ“ (მსაჯ. 7:17). ჩვეულებრივ, ბავშვები აკვირდებიან და ჰბაძავენ თავიანთ მშობლებს. ერთი ძმა ღამის ცვლაში მუშაობს, მაგრამ შაბათ დილით სახლში დაბრუნებულს დაძინების ნაცვლად, შვილები მსახურებაში მიჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილია. ის უსიტყვოდ ანახვებს შვილებს, რომ მსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა (მათ. 6:33). ხედავენ თქვენი შვილები, რომ სიხარულით მონაწილეობთ თაყვანისცემის ისეთ ფორმებში, როგორიცაა ლოცვა, ბიბლიის კითხვა, კომენტარების გაკეთება და ქადაგება? რა თქმა უნდა, თქვენ სრულყოფილი მაგალითი ვერ იქნებით. მაგრამ თუ თქვენი შვილები დაინახავენ, რამდენად ერთგულები ხართ იეჰოვასადმი მსახურებაში, უფრო მეტად დააფასებენ მათთვის გაწეულ ძალისხმევას და სიხარულით ისწავლიან იეჰოვას თაყვანისცემას (კან. 6:6, 7; რომ. 2:21, 22).
3. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს სულიერი მიზნების დასახვასა და მიღწევაში?
3 დაუსახეთ მიზნები: მშობლები დაუღალავად ასწავლიან შვილებს სიარულს, ლაპარაკს, ჩაცმას და სხვ. ასაკის მატებასთან ერთად შვილებს ახალი მიზნების დასახვა უწევთ. თუ მათი მშობლები ქრისტიანები არიან, ისინი შვილებს ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით სულიერი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში ეხმარებიან (1 კორ. 9:26). ასწავლით შვილებს საკუთარი სიტყვებით კომენტარების გაკეთებას და თეოკრატიული მსახურების სკოლისთვის დავალების მომზადებას? (ფსალმ. 35:18). ამზადებთ მათ, რომ მსახურების სხვადასხვა ფორმაში მიიღონ მონაწილეობა? უსახავთ მიზნად მონათვლასა და სრული დროით მსახურებას? ხელს უწყობთ, რომ ენთუზიაზმით აღსავსე მქადაგებლებთან ითანამშრომლონ, რომლებიც მათ გაამხნევებენ? (იგავ. 13:20).
4. როგორ დაეხმარება ბავშვებს ის, რომ მშობლები ადრეული ასაკიდანვე ამზადებენ მათ იეჰოვას მსახურებად?
4 ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ“ (ფსალმ. 71:17). ადრეული ასაკიდანვე დაიწყე შენი შვილების იეჰოვას მსახურებად მომზადება. დარწმუნებული იყავი, რომ ის სულიერი საძირკველი, რომლის ჩაყრაშიც შენ ეხმარები, მომავალშიც კურთხევების მომტანი იქნება მათთვის (იგავ. 22:6).